ვისი მოთხოვნითა და ხელდასხმით შეიცვალა ძირითადი ქურდული კანონები
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს მოსკოვსა და ლენინგრადში რამდენიმე მკვლელობა მოხდა, რომლებმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია იმ ეპოქის კრიმინალურ სამყაროში და რადიკალურად შეცვალა ეს სფერო. დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ იმ მოვლენებს ეხება. მასალა ექსკლუზიურია და პრესაში პირველად ქვეყნდება. პუბლიკაციაში მოყვანილი პიროვნებების ვინაობები შეცვლილია, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ზუსტი გასროლა
1977 წლის 19 მაისს, მოსკოვში, თურქული აბანოებიდან გამოსულ 45 წლის პეტრე კოვზირიძეს შუბლში ტყვია მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. პეტრე კოვზირიძე ცნობილი კანონიერი ქურდი იყო და კრიმინალური სამყარო მას „ჯიუტის“ მეტსახელით იცნობდა. ის, ქართველი ქურდების საშუალო თაობის წარმომადგენელი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა შავ სამყაროში. ჯიუტი, „ნეპმანელი“ ქურდების ტიპური წარმომადგენელი იყო და მკაცრად იცავდა ქურდულ ტრადიციებს. მას არც ცოლ-შვილი ჰყავდა, არც ქონება გააჩნდა და არც პარაზიტივით ცხოვრობდა სხვის ხარჯზე, როგორც ამას მის ახალგაზრდა კოლეგათა უმრავლესობა აკეთებდა. კოვზირიძე, პროფესიონალი ბინის ქურდი, ექვსჯერ იყო ნასამართლევი და მეექვსე პატიმრობიდან ის წინა დღეს გათავისუფლდა მოსკოვის ბუტირკის ციხიდან.
ჯიუტის მკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხმა ვრცელდებოდა: ერთნი ამ ამბავს შურისძიებას აბრალებდნენ, მეორენი – მილიციას. იყო სხვა ვერსიებიც. ყველაზე გავრცელებული და დამაჯერებელი ვერსიით კი, ჯიუტი თავად ქურდების დაკვეთით იქნა მოკლული. საქმე ის იყო, რომ ციხიდან ჯიუტის გათავისუფლებამდე სამი თვით ადრე, ბუტირკის ციხეში ქურდული შეკრება შედგა. იმ შეხვედრაზე ლაპარაკი იყო ქურდული კანონების რამდენიმე ძირითადი პრინციპის ცვლილებაზე. ანუ, ქურდების ერთი ჯგუფი მოითხოვდა, რომ კანონიერ ქურდებს დაოჯახებისა და პირადი ქონების შეძენის უფლება მისცემოდათ. მაგრამ, ნოვატორ ქურდებს ჯიუტმა შეუშალა ხელი. „სხოდკაზე“ პეტრე კოვზირიძე საბოლოო სიტყვით გამოსულა და უთქვამს:
– ქურდის დანიშნულება მოპარვაა და არა ქონების დაგროვება. ქურდის დანიშნულებაა ქურდული სამართლის განხორციელება და არა ოჯახსა და შვილებზე ზრუნვა. ოჯახი რომ გაქვს, შეიძლება, უსამართლობაც ჩაიდინო და არაქურდულად მოიქცე. ჩვენი ერთადერთი ოჯახი ჩვენი საძმოა და აქ ჩვენ ერთმანეთისა და ჩვენი ქურდული სინდისის წინაშე ვაგებთ პასუხს. ჩვენი ქონება ჩვენი კაცობაა. ჩვენი სახლი ციხეა. მიწა, სხვა სახლი და ქონება, სხვა ოჯახი არ გვჭირდება და, ვინც ამას არ ეთანხმება, ჩემი აზრით, არც ქურდობის ღირსია...
პეტრე კოვზირიძის სიტყვას ვერავინ ვერაფერი დაუპირისპირა და „სხოდკამ“ გადაწყვიტა, რომ ქურდული კანონები არ შეიცვლებოდა. მისმა მონაწილეებმა კი, ყველა საპყრობილეში დააგზავნეს „ქსივები“ და თავის კოლეგებს ამის შესახებ შეატყობინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ, სანამ ჯიუტი და მისი თანამოაზრეები ცოცხლები იყვნენ, ქურდულ სამყაროში ყველაფერი ძველებურად დარჩებოდა...
19 მაისს მოსკოვის საქალაქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოქალაქე პეტრე კოვზირიძის განზრახ მკვლელობის გამო. საქმეს ცნობილი გამომძიებელი ალექსეი ამოსოვი იძიებდა. ექსპერტ-კრიმინალისტების დახმარებით გამოძიებამ დაადგინა: „ერთადერთი ზუსტი გასროლა „ესვედეს“ სნაიპერული შაშხანიდან განხორციელდა. ათსართულიანი სახლის სახურავიდან. სახლის სახურავის დათვალიერებისას საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. მოკლული ჯიუტის ახლოს კი 7,62 კალიბრის კარაბინის დეფორმირებული ტყვია იპოვეს, რომლითაც კოვზირიძე იქნა ლიკვიდირებული“.
– მდაა... სუფთა ნამუშევარია, ვერაფერს იტყვი. ერთადერთი ზუსტი გასროლა და – ჯიუტი „დაიტრუპა“, – უთხრა ამოსოვმა ექსპერტ-ბალისტიკოსს, როდესაც მან გამომძიებელს ექსპერტიზის დასკვნა გადასცა.
მკვლელობების სერია
27 მაისს მოსკოვში და 2 ივლისს ლენინგრადში, შესაბამისად, ტიტე ვაწაძე, მეტსახელად „კომეტა“ და რაფაელ ვარდანიანი, მეტსახელად „ერევანსკი“ მოკლეს. კომეტა და ერევანსკი კანონიერი ქურდები იყვნენ და ბუტირკის ციხეში ჩატარებულ იმ ცნობილ „სხოდკაში“ მონაწილეობდნენ, რომელზეც ჯიუტმა ქურდული კანონმდებლობის ცვლილების მცდელობა ჩაშალა.
როგორც კომეტას, ისე ერევანსკის, მკვლელობებისას, „ესვედეს“ სისტემის სნაიპერული შაშხანა იყო გამოყენებული და, იქაც მხოლოდ 7,62 კალიბრის დეფორმირებული ტყვიები აღმოაჩინეს.
– სამივე საქმე სუფთადაა გაკეთებული, მაგრამ, ხელჩასაჭიდი მაინც გვაქვს, – უთხრა ექსპერტ-ბალისტიკოსმა ანდრეი პროხოროვმა გამომძიებელ ამოსოვს.
– რა ხელჩასაჭიდი?
– ის, რომ სამივე ტყვია ერთი იარაღიდანაა გასროლილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვლელი სნაიპერი ამ შაშხანით მოგზაურობს.
– დიდი ვერაფერი ხელჩასაჭიდია, – მიუგო ამოსოვმა, – ეძიე ნემსი თივის ზვინში!
– ჩვენი საქმეც ესაა და უნდა მოვძებნოთ.
– შენ რა გენაღვლება, – ჩაეცინა ამოსოვს, – ძიება ჩემი საქმეა და მთელი პასუხისმგებლობაც მე მეკისრება.
13 ივლისს, მოსკოვში კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, ერემეი როიზმანი, მეტსახელად „ჟიდი“, ზუსტად ისევე მოკლეს, როგორც მისი წინა სამი კოლეგა. დადგინდა, რომ ჟიდიც ბუტირკაში ჩატარებული „სხოდკის“ მონაწილე იყო.
– ნეტავ, როდემდე გაგრძელდება ქურდებზე ნადირობა? – უთხრა ამოსოვს „მურის“ უფროსმა, გენერალმა პავლოვმა, რომელსაც ზემდგომები ქალაქში მომხდარი მკვლელობების გამო საყვედურობდნენ.
ანონიმური ზარი
1977 წლის 25 ივლისს, ანუ ჟიდის მკვლელობიდან თორმეტი დღის შემდეგ, პროკურატურის გამომძიებელ ალექსეი ამოსოვის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ბოხმა ხმამ იკითხა:
– თუ შეიძლება, გამომძიებელ ალექსეი ამოსოვს სთხოვეთ.
– მე ვარ ამოსოვი... ვინ კითხულობს?
– თქვენ მე არ მიცნობთ.
– მერე, გამეცანით.
– არ არის საჭირო. გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ და არ შემაწყვეტინოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს და თუ შემაწყვეტინებთ, ყურმილს დავკიდებ.
– არ შეგაწყვეტინებთ, გისმენთ.
– ჯიუტი, კომეტა, ერევანსკი და ჟიდი ვინმე არკადი ნოსიკმა დახოცა. ის საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი და სანიმუშო სნაიპერი იყო, ამჟამად კი შავი სამყაროს შემსრულებელია და, თუ დროზე არ შეიპყრობთ, კიდევ ბევრი ქურდი მოკვდება. რა თქმა უნდა, ნოსიკის დაჭერით ხოცვა-ჟლეტას ვერ აღკვეთთ, მაგრამ, დროებით მაინც შეაჩერებთ და დროს მოიგებთ. ეს კი, როგორც თქვენ, ასევე, განწირულ ქურდებსაც წაადგებათ. ნახვამდის.
– მოიცა, მოიცა... – თქვა ამოსოვმა, მაგრამ უცნობმა ყურმილი დაკიდა.
ამოსოვმა იმავე წუთში შეატყობინა ქალაქის პროკურორ მალცევს ანონიმური ზარის შესახებ და პარალელურად არკადი ნოსიკის ძებნას შეუდგა. მისი მისამართი მალევე დაადგინა და ოპერჯგუფთან ერთად მის საცხოვრებელ ბინას ეწვია. მაგრამ, როდესაც ძალოვნები ნოსიკის ბინაში შევიდნენ, ის მოკლული აღმოაჩინეს. ნოსიკს სამი ტყვია სხეულში ჰქონდა მოხვედრილი, ერთი კი – მარცხენა თვალში. იქვე ეყარა „მაკაროვის“ სისტემის გასროლილი ჰილზები. როდესაც ამოსოვმა შემთხვევის ადგილი დატოვა, გაიფიქრა: „ეს ინფორმაცია ანონიმისგან სულ რაღაც ოთხი საათის წინ მივიღე და მკვლელმა მაინც დამასწრო. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს რიგებში მკვლელობის შემკვეთებს ინფორმატორი, შეიძლება, მფარველიც კი ჰყავს, თანაც, საკმაოდ მაღალი რანგის. რაც იმას ნიშნავს, რომ არავის არ უნდა ენდო“.
ნოსიკის მკვლელობის საქმესაც ამოსოვი იძიებდა და მან ის ქურდების მკვლელობის საქმეებთან გააერთიანა...
ანონიმის ნაამბობი
ანონიმი, რომელმაც ამოსოვს მკვლელი სნაიპერის ვინაობა შეატყობინა, ვინმე ევგენი კოტოვი, მეტსახელად კოტიკი აღმოჩნდა. კოტიკი ძველი ქურდი, ეგრეთ წოდებული „პრაშლიაკი“ იყო და ქურდულ სამყაროს ხუთი თითივით იცნობდა. ამოსოვმა მისი მიგნება მალე მოახერხა, რაშიც მას უახლოესი მეგობარი და ერთადერთი სანდო ადამიანი, „მურის“ პოდპოლკოვნიკი ანდრეი სუხოვი დაეხმარა:
– ანონიმი, ვინც შენ დაგირეკა, – სუხოვმა ჩაიცინა, გააბოლა და განაგრძო: – კოტიკი იქნება. ისაა ყველაზე ინფორმირებული პრაშლიაკი მოსკოვში და მას ახასიათებს ასეთი შტუკები.
– ის რომ არ იყოს? – დაეჭვდა ამოსოვი.
– ხმაზე იცნობ?
– ვიცნობ.
– სახლში დავურეკავ და, რომ მიპასუხებს, ყური დაუგდე, კარგად დააკვირდი და, თუ ის აღმოჩნდა, ვიმოქმედოთ.
სუხოვის ხრიკმა გაამართლა – ამოსოვმა ხმით ამოიცნო ანონიმი და, ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მეგობრები მარტო მცხოვრებ კოტიკს სახლში მიადგნენ. ბინაში რომ შევიდნენ, სუხოვმა მას უთხრა:
– ალბათ, ხვდები, რომ გაგშიფრეთ. ახლა კი ყველაფერი მოყევი, რაც იცი.
– რა გაეწყობა, – ჩაეცინა კოტიკს, – მოგიყვებით.
– აბა, გისმენთ.
– მოკლედ, შენ კარგად იცი, რომ ეს ახალი ფორმაციის ქურდები გულზე არ მეხატებიან. მართალია, ჩემი პრაშლიაკობა „ნეპმანელების“ კისერზეა და მათზე „ზუბი“ უნდა მქონდეს, მაგრამ, დამსახურებისამებრ დამსაჯეს, თუმცა, სულით მაინც „ნეპმანელი“ ვარ. ჯიუტი, კომეტა, ერევანსკი და ჟიდი კი პრობკასა და რიჟას შეკვეთით დაბრიდა ნოსიკმა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მათი მიღებული არ უნდა იყოს – ისინი ასეთ რამეს ასე ადვილად ვერ გაბედავდნენ, რომ არა ბობოლა მხარდამჭერი, მაგრამ, ვინ უჭერს მათ მხარს, არ ვიცი და მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ.
პრობკა და რიჟა, შესაბამისად, მერაბ კაშია და ივანე სვეტლოვი, იყვნენ კანონიერი ქურდები, რომლებსაც კოტიკი „ახალი ფორმაციის ქურდებს“ უწოდებდა. ორივე თბილისელი იყო და ქურდებიც ერთად გახდნენ ისინი, ასევე, ბუტირკის ციხეში ჩატარებული „სხოდკის“ მონაწილეები იყვნენ და იმ ეგრეთ წოდებულ ნოვატორთა ჯგუფში შედიოდნენ.
– ესე იგი, მსხვილი ქურდული ომი იწყება? – თქვა ამოსოვმა.
– თუკი ვერ მოილაპარაკეს ან „ნეპმანელთა“ ბირთვის ამოხოცვა ვერ მოახდინეს, მაშინ – კი, – თქვა კოტიკმა.
– ვფიქრობ, რომ შავ სამყაროში სტრუქტურული ცვლილებები, ასე ვთქვათ, რეფორმები იგეგმება. „შავი“ და „წითელი“ სამყაროების იატაკქვეშეთში ერთიანდებიან და „ნეპმანებს“ თავიდან იშორებენ, – მიუგო კოტიკმა, – ამის შეჩერება კი არავის ძალუძს, და მე მგონი, შევცდი, რომ ჩავერიე, დაგიკავშირდით, თავი გავიშიფრე და დარტყმის ქვეშ დავდექი. უბრალოდ, განწირულ ქურდებში ბევრი ჩემი ძველი ძმაკაცია და მეცოდებიან.
– ნუ გეშინია, კოტიკ, შენს სახელს არსად ამოვატივტივებთ, – დააიმედა პრაშლიაკი სუხოვმა.
– დარწმუნებული ვარ, რომ გითვალთვალებენ, მეც გაშიფრული ვიქნები და ალბათ, უკვე „მეტკაც“ მადევს. თქვენ კი გაგაფრთხილებენ, რომ ცხვირი არ ჩაყოთ ამ საქმეში და გირჩევთ, დაემორჩილოთ, – უთხრა კოტიკმა სტუმრებს და ასანთი აანთო, რომ სიგარეტისთვის მოეკიდებინა, მაგრამ, მოულოდნელად შუბლში ტყვია მოხვდა და, სანამ სულს დალევდა, აღმოხდა: „აი, „მეტკაც“ და გაფრთხილებაც“...
– სწრაფად მოახდინეს რეაგირება, – თქვა გაფითრებულმა ამოსოვმა და მილიცია გამოიძახა...
საკავშირო „სხოდკა“
1977 წლის 20 ნოემბერს მოსკოვის რესტორან „არაგვის“ ეგრეთ წოდებულ ცეკას კაბინეტში, სადაც ტრადიციულად საბჭოთა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ქეიფობდნენ ხოლმე, გრანდიოზული „სხოდკა“ გაიმართა. ქურდულ შეკრებას 69 კანონიერი ქურდი ესწრებოდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ, განსაკუთრებით კი ეგრეთ წოდებული „კავკასიური დაჯგუფების“ წევრები იყვნენ მრავლად, რომელთა შორის ქართველები დომინირებდნენ. „სხოდკა“ წუთიერი დუმილით დაიწყო, შემდეგ ქურდებმა ჯიუტის, კომეტას, ერევანსკის და ჟიდის სულები მოიხსენიეს და დაიფიცეს, რომ მათი მკვლელობის გამო შურს იძიებდნენ. „სხოდკას“, პრობკა და რიჟა უძღვებოდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ დაღუპული ქურდები მათი შეკვეთით იყვნენ მოკლულები, ყველაზე თბილი სიტყვები სწორედ მათ თქვეს.
ქურდული შეკრება „არაგვში“ საღამოს 9 საათზე დაიწყო და 21 ნოემბრის დღის 1 საათზე დასრულდა. „სხოდკაზე“ ბუტირკის ციხეში ჩაშლილი საკითხები იხილებოდა და 69 ქურდმა ერთხმად დაამტკიცა, რომ ქურდებს დაოჯახებისა და კერძო ქონების შეძენის უფლება მისცემოდათ, შემდეგ „ქსივები“ ყველა საპყრობილეში დააგზავნეს და დაიშალნენ...
1977 წლის დეკემბრიდან საბჭოთა ქურდული სამყარო მაფიოზურ რელსებზე გადავიდა და ქურდებმა თავიანთი გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში გაავრცელეს. სწორედ იმ პერიოდში ყვაოდა იატაკქვეშა ბიზნესი, რაც მთავარია, საბჭოთა კავშირში ნარკოტიკებით ვაჭრობამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო და მასში ქურდული სამყაროც ჩაერთო. სხვების დასანახავად ქურდები ყოველმხრივ გმობდნენ „ნარკობარიგებს“, თუმცა მათ მფარველობდნენ და მსუყე წილს იღებდნენ ამ ბიზნესიდან. სწორედ ამის გამო, რამდენიმე მსხვილი ქურდული გარჩევა გაიმართა და „ნეპმანელმა“ ქურდებმა „ბარიგებთან“ ურთიერთობისთვის ახალი ფორმაციის ოცამდე ქურდს აჰყარეს რეგალიები. მიუხედავად ამისა, ურჩი „ნეპმანელი“ ქურდები თანდათან გაანადგურეს და ოთხმოციანი წლების დასაწყისში მთელი შავი სამყარო ახალ ქურდულ ფორმაციაზე გადავიდა...
P. S. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ქურდული რევოლუცია კავკასიის რესპუბლიკების მაღალჩინოსანთა მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის შავი ფულისა და იატაკქვეშა გავლენის მოპოვებას ისახავდა მიზნად, რაც წარმატებით განხორციელდა...