ცოლის ბებიისგან ნაცემი სასიძო, მოულოდნელი კროსი და დამსახურებული „ჰეფი ენდი“
ეს სასაცილო ისტორია თვითონ იმ კაცმა მიამბო, ვისაც თავს გადახდა. ამიტომ, უცვლელად გადმოგცემთ მის მონათხრობს:
„ერთწლიანი შეხვედრების შემდეგ მე და ჩემმა შეყვარებულმა გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა. ქეთიმ მითხრა, ჩემი ოჯახის წევრები უნდა გაგაცნოო და მეორე საღამოს სახლში ვახშამზე დამპატიჟა. 8 საათზე უნდა მივსულიყავი. ცოტა ადრე მომივიდა მისვლა და სადარბაზოსთან წინ და უკან დავიწყე სიარული. ზამთარი იყო და უკვე კარგა მაგრად ბნელოდა. ცოტა დრო რომ გავიდა, ასვლა დავაპირე, მაგრამ ხურდა არ აღმომაჩნდა. მაღაზიაში წასვლა დამეზარა და ვიფიქრე, ვინმე შევა ლიფტში და მეც ავყვები-მეთქი. კარგა ხნის შემდეგ სიცივისგან აბუზული და შეფუთნილი ორი ქალი ისე სწრაფად შევიდა ლიფტში, რომ დაძახება ვერ მოვასწარი და მათკენ გავიქეცი, რომ მიმესწრო, მაგრამ, ამასობაში კარი ჩაიკეტა. დავეჯაჯგურე კარს, გავწიე აქეთ-იქით და, ის იყო, გაღიმებულმა შევყავი თავი და უნდა მეთქვა, მეც ზევით მოვდივარ-მეთქი, რომ უცებ შუქი ჩაქრა და დავრჩი ასე ლიფტში თავგარჭობილი. გულგახეთქილმა ქალებმა ჯერ კივილი ატეხეს, მერე კი თავისი ხელჩანთები დამიშინეს ცხვირ-პირში. მოულოდნელობისგან ისე გავოგნდი (თანაც, ლიფტში მხოლოდ თავი მქონდა შეყოფილი, ხელები და მთელი ტანი კი სადარბაზოში ხვანცალებდა უმწეოდ), რომ, თავის დაცვა კი არა, ხმის ამოღებაც ვეღარ მოვახერხე. უცებ შუქი მოვიდა, ლიფტის კარი გაიღო და, მოულოდნელი თავისუფლებით გახარებულმა ისეთი მოვუსვი იქიდან, ვიღას ახსოვდა საცოლე. სახლში რომ მივედი და დასიებულ ცხვირ-პირზე კომპრესები დამადო დედაჩემმა (ვუთხარი, ორმოში ჩავვარდი-მეთქი), ქეთის დავურეკე, მოვუბოდიშე და შევპირდი, ამ შაბათს მოვალ-მეთქი. ამჯერად, 5 საათზე უნდა მივსულიყავი. ჯერ კიდევ დღის შუქი იყო. შევედი ეზოში, ჩემდაუნებურად სართულებს ავაყოლე თვალი და დავინახე, რომ მოხუცი ქალი ჩემკენ თითს იშვერდა, ახალგაზრდა კაცმა კი ზემოდან გადმომძახა, ფეხი არ მოიცვალო, მანდ დამხვდი, დედა უნდა გიტიროო (იმან უარესი სიტყვა იხმარა). გული გამისკდა და მეტეორივით გავვარდი ეზოდან. ცოტა ხანში უკან რომ მოვიხედე, დავინახე, ენაგადმოგდებული მომდევდა და თან მაგინებდა. ერთი სამი კილომეტრი რომ ვირბინეთ, ვიფიქრე, რომც მომკლას, სირბილის თავი აღარ მაქვს-მეთქი და გავჩერდი. ჩამავლო იმ ტიპმა ხელი საკინძეში, მანჯღრევს და მიყვირის, რას დაეთრევი ჩვენს ეზოში, ვის გაქურდვას აპირებო. რამდენჯერაც დავაპირე, ამეხსნა, ვინ ვიყავი, იმდენჯერ მუშტი მომხვდა ყბაში. ბოლოს, როგორც იქნა, ვუთხარი, საცოლესთან მოვედი-მეთქი. აბა, რატომ გარბოდიო, – გაუკვირდა, იმიტომ, რომ შენ მომდევდი-მეთქი. გაეცინა და მითხრა, ახლა ჩემთან წამოხვალ, თან შევრიგდეთ, თან თითო ჭიქა დავლიოთო. ძალით წამიყვანა. შევედით თუ არა ბინაში, გამოქანდა ჩემკენ ვიღაც ხნიერი ქალი და დამიწყო ყვირილი – შე გათახსირებულო, აქაც მოეთრიეო? ის იყო, თავის მართლება უნდა დამეწყო, რომ ოთახიდან ჩემი ქეთი არ გამოვიდა?! რომ დამინახა, ჯერ შეჰკივლა, მერე იმ ქალს უთხრა ჩხუბით: რა გაკივლებს, ბებია, ეს არის ზურა, ჩემი საქმროო. ამ სიტყვებზე ბებო უარესად აკივლდა და სულ თავ-პირში წაიშინა ხელები – ეს რა დაგემართაო, იმდენი ირტყა ხელები ცხვირ-პირში, თვითონაც ჩაილურჯა სახე ერთი-ორგან. ახლა ქეთის ბიძა (მე რომ მომდევდა) გადაირია და მითხრა (აშკარად ცოტა ნასვამი იყო), თუ გინდა, რომ საკუთარ თავს ვაპატიო, თანაც, ბარი-ბარში ვიყოთ, ერთხელ შენც დამარტყი მუშტიო. ისე გადამეკიდა და ისე წამიღო ტვინი, ავდექი და მეც ვლეწე. მერე ქეთი დარბოდა და ცივ საფენებს გვადებდა სამივეს. ცოტა ხანში ქეთის დედ-მამა მოვიდა და სამივე ასე დალილავებული რომ გვნახეს, ჯერ შეეშინდათ, მერე კი, როცა ყველაფერი გაიგეს, სიცილი აუტყდათ.
მართალია, ცოტა ძვირად კი დამიჯდა მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა ჩემი ცოლის ოჯახის უსაყვარლესი სიძე ვარ (ქეთის ორი უფროსი დაც გათხოვილია).