ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მოქალაქე მიიღეს საჯარო სამსახურში და დაუნიშნეს ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადა. ამ პერიოდში იგი მოჰყვა ავარიაში და როგორც ექიმები ვარაუდობენ, მას შრომისუნარიანობა დაკარგული ექნება, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში. ჩაითვლება თუ არა შრომისუნარიანობის დაკარგვა გამოსაცდელ ვადაში?
პასუხი: დიახ, ვინაიდან გამოსაცდელი დრო ითვლება შრომით სტაჟად.
კითხვა: მამკვიდრებელმა თავისი ქონების ნახევარი უანდერძა შვილს, მეორე ნახევარი კი კრედიტორს. ჩაითვლება თუ არა კრედიტორის მიერ სამკვიდროს მიღება მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის უფლების გაქვითვად?
პასუხი: არა, რადგან თუ მამკვიდრებელმა ქონება თავის კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის მოთხოვნის უფლების გაქვითვად.
კითხვა: რა ქონება არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება?
პასუხი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.
* საერთო ქონების მეწილეთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად. მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან.
* ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს:
ა) მიწის ნაკვეთი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა;
გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ასე შემდეგ;
დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ასე შემდეგ. რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში;
ე) სატრანზიტო გაყვანილობა.
* ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შეიძლება შედიოდეს შეძენილი მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და არამატერიალური სიკეთეები.
* ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განსაზღვრავს მის წილს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების საერთო ხარჯებში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კითხვა: მოქალაქე სასამართლომ ცნო უღირს მემკვიდრედ მამის სამკვიდრო ქონებაზე. თუ მას გარდაეცვალა დედა, შეუძლია თუ არა მას მიიღოს დედის ქონება?
პასუხი: მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა ხელს არ უშლის ამ უფლებაჩამორთმეულ პირს, იყოს სხვა მამკვიდრებლის ქონების მემკვიდრე.
კითხვა: შეუძლია თუ არა ქალს შრომისუუნარო მეუღლის რჩენის მოვალეობისგან გათავისუფლება, თუ სასამართლოს მყარად დაუსაბუთა, რომ შრომისუუნარობა გამოწვეულია განზრახ დანაშაულის ჩადენით?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, გაათავისუფლოს მეუღლე რჩენის მოვალეობისგან, თუ დამტკიცდა, რომ შრომისუუნარობა გამოწვეულია განზრახ დანაშაულის ჩადენით.
კითხვა: რას ნიშნავს ტერმინი „სასამართლოს მეგობარი”?
პასუხი: ტერმინი „სასამართლოს მეგობარი” გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და გულისხმობს, რომ, დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს, არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ, ის უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით, ის მას არ განიხილავს. დაინტერესებული პირის წერილობითი მოსაზრებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს და ის შედგენილი უნდა იყოს 3 ეგზემპლარად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ან მხარის ინიციატივითა და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით, საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად. საბოლოოდ, სასამართლოს მეგობრის დანიშნულებაა, ჩართოს საზოგადოება და სისხლის სამართლის სპეციალისტები სასამართლო პროცესში, რათა მათი დამატებითი ძალისხმევით, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სასამართლოს მიერ უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება.
კითხვა: რას ნიშნავს ტერმინები „ამნისტია“ და „შეწყალება“, რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და ვისზე შეიძლება მათი გავრცელება?
პასუხი: ამნისტია და შეწყალება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და ორივე შეიძლება გავრცელდეს იმ პირებზე, რომელთა მიმართ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ამნისტია შეიძლება შეეხოს, ასევე, იმ ბრალდებულებს, რომელთა მიმართ სასამართლოს განაჩენი გამოტანილი არ არის. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ და ის, შეიძლება გამოცხადდეს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე. ამნისტიის აქტით, დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო დანიშნული სასჯელი შეიძლება, გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე, სასჯელმოხდილ პირს, ამნისტიის აქტით, შეიძლება, მოეხსნას ნასამართლეობა. რაც შეეხება შეწყალებას, ეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაა, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალურად განსაზღვრული პირების მიმართ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, პრეზიდენტის შეწყალების აქტით. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას, ასევე, ნასამართლეობა. პრეზიდენტმა შესაძლოა, შეიწყალოს მხოლოდ ის პირები, რომელთა მიმართ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ანუ, შეწყალება შეიძლება შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან, მაშინ, როდესაც ამნისტია ბრალდებულებზეც ვრცელდება.