რა მიზეზით დაკარგეს ერთმანეთი საუკეთესო მეგობრებმა და ვის ეძებენ დონეცკიდან საქართველოში
46 წლის ნატალია ბორისის ასული კისელიოვა ეძებს 47 წლის მამუკა კვარაცხელიას.
ისტორია: ვეძებ 47 წლის მამუკა კვარაცხელიას. მე და მამუკამ ერთმანეთი იამალაში, ქალაქ ლაბიტნანგში გავიცანით, დაახლოებით 1988-1990 წლებში. ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ძალიან ვაფასებდი მამუკას ყოველთვის, რადგან ის არაფრით არ ჰგავდა სხვა ბიჭებს, მაგრამ მეგობრობის გარდა, ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. ძალიან მინდა მისი პოვნა და გარკვევა, თუ როგორ აეწყო ჩემს მეგობარს ცხოვრება. ტერიტორიული სიშორის გამო, ჩემი ყველანაირი ცდა მისი პოვნისა კრახით მთავრდება. სამწუხაროდ, მისი ფოტო არ გამაჩნია, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით. ჩემი აზრით, მამუკა ამჟამად ბათუმში ან თბილისში უნდა ცხოვრობდეს.
– როგორ გაიცანით თქვენ და თქვენმა მეგობარმა ერთმანეთი, რა მიზეზით დაიკარგა თქვენ შორის კონტაქტი და რა იცით მის შესახებ?
– ეს ამბავი დაახლოებით 1988-1990 წლებში მოხდა. მაშინ მე და ჩემი მშობლები ვცხოვრობდით იამალაში, ქალაქ ლაბიტნანგში. ჩემი მშობლები მაშინ, იქ სამუშაოდ იყვნენ ჩასულები, რადგან მაშინ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახალგაზრდული მშენებლობა, სადაც ჩადიოდა უამრავი ხალხი, თითქმის ყველა ქვეყნიდან. ათი კლასის დამთავრების შემდეგ მე ჩავაბარე გამოცდები და ჩავირიცხე დაუსწრებელ ფაკულტეტზე მოსკოვის ტექნიკუმში. სკოლის დასრულების შემდეგ, გავიცანი რამდენიმე ქართველი ბიჭი. ყველანი ერთად ვცხოვრობდით და ვმეგობრობდით. ერთ-ერთი მათგანი იყო მამუკა, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა. ის შეძლებული ოჯახიდან იყო და მისი იქ ჩამოსვლის მიზეზი ფულის კეთება არ ყოფილა, მას უნდოდა, დამოუკიდებლად ეცხოვრა და თვითონ მიეღწია ყველაფრისთვის, რასაც ძალიან კარგად ახერხებდა კიდეც. მახსოვს, მის სახლში ყოველთვის სისუფთავე იყო. მან საკუთარი ხელით გააკეთა უამრავი ავეჯი, რომლითაც მოაწყო თავისი სახლი. ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურებოდა თვითონაც და, სხვებისგან განსხვავებით, შეუდარებელი იუმორიც ჰქონდა. მე და მამუკამ მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით. მაშინ ბევრს არ ესმოდა, როგორ უნდა იმეგობრო სხვა ეროვნების წარმომადგენელთან, მაგრამ ჩემთვის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე და მამუკამ ერთად ჩავაბარეთ ინსტიტუტში და ერთ მერხზე ვისხედით, ერთად ვმეცადინეობდით გაკვეთილებს. მაგრამ, შემდეგ მამაჩემი დააწინაურეს, მაღალ თანამდებობაზე გადაიყვანეს, მისცეს ბინა და ჩვენ გადავედით იმ დასახლებიდან, მაგრამ მამუკასთან ურთიერთობა ამით არ შეწყვეტილა – ჩვენ ერთმანეთს წერილებსაც ვწერდით და ისეც ვეკონტაქტებოდით.
– რატომ დაკარგეთ ერთმანეთი?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, არასდროს მიფიქრია მასზე სხვანაირად. გადიოდა დრო და, ერთ მშვენიერ დღეს, მამუკა მოვიდა ჩემს სამსახურში და მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი მე გათხოვებაზე, რაზეც დაუფიქრებლად და მიამიტურად ვუპასუხე, რომ შესაბამის კანდიდატურას ვერ ვხედავ-მეთქი. როგორც ჩანს, ეს სიტყვები ეწყინა და წავიდა. იმ დროს 19 წლის ვიყავი და გათხოვებაზე ჯერ არ ვფიქრობდი. ჩვენ მართლაც მეგობრები ვიყავით, ის მე პატივს მცემდა და ცუდი ჩემთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია. მე მაშინ ვერც ვხვდებოდი, რომ, შეიძლებოდა, სხვანაირი თვალით შემეხედა მისთვის – ჩემს გაგებას ეს ეწინააღმდეგებოდა: ის ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის როგორც მეგობარი, მისი დაკარგვა არანაირად არ მინდოდა და არ მიღირდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, მაინც ასე მოხდა.
– და ამ ამბის შემდეგ თქვენ ერთმანეთს აღარ შეხვედრიხართ? კიდევ თუ იცით რამე მის შესახებ? ვთქვათ, შექმნა თუ არა თქვენმა მეგობარმა ოჯახი, ან ტერიტორიულად სად შეიძლება, ცხოვრობდეს?
– იმ ამბის შემდეგ, რაც მე ჩემი მოუფიქრებელი სიტყვების გამო ვაწყენინე მამუკას, ჩემი მშობლები მალევე გადავიდნენ საცხოვრებლად დონეცკში და, ბუნებრივია, მეც მათ გავყევი. მე დავამთავრე ინსტიტუტი, მამუკამ თავი დაანება სწავლას. ერთხელაც, მე ის შემხვდა, ქალთან ერთად იყო. გავიგე, რომ დაქორწინდა, იმ დროისთვის მას უკვე ჰყავდა ბავშვი, რომელიც იმ ქალის შვილი იყო პირველი ქორწინებიდან. როგორ აეწყო მამუკას ცხოვრება, აღარ ვიცი. შემდგომ მამუკას სამშობლოში იყო ომი და ის საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა. მას შემდეგ, ბევრი დრო გავიდა. რამდენიმე ხნის წინ კი დამესიზმრა მამუკა და მისი მოძებნა გადავწყვიტე. არანაირად არ ვაპირებ, მის ცხოვრებაში ჩავერიო, უბრალოდ, ძალიან მინდა მისი პოვნა და ამბის გაგება. ეს ყველაფერი ხომ უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ჩემთვის ის ყოველთვის ტკბილ მოგონებად დარჩება და მე ვერასდროს ვერ ვაპატიებ თავს, რომ გული ვატკინე. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება, ერთმანეთს დავეხმაროთ, გვახსოვდეს ერთმანეთი ეროვნებისა და ტერიტორიული სიშორის მიუხედავად. გიგზავნით, ჩემი ახალგაზრდობის სურათს რადგან ამჟამინდელის მიხედვით მამუკამ, შეიძლება, ვერ მიცნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მასაც ჩემსავით, კარგად აეწყო ცხოვრება და ის ბედნიერია. ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ ვეძებ, რადგან კეთილი ზრახვის გარდა არაფერი მამოძრავებს.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.