ატომურ ენერგიაზე
უარის თქმა გერმანიას 55 მილიარდი დაუჯდება
იაპონიის ატომურ სადგურ „ფუკუსიმა 1-ზე” მომხდარი ავარიის შემდეგ გერმანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, დროებით გაეთიშა გერმანიაში მოქმედი 7 მოძველებული ატომური ელექტროსადგური. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აუცილებელია, გადაისინჯოს ატომური ენერგეტიკის მიმართ დამოკიდებულება. იმ შემთხვევაში, თუ გერმანია ერთბაშად უარს იტყვის ქვეყანაში არსებული 17-ვე ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირებაზე, ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნება, რომლის საკომპენსაციოდ 55 მილიარდი ევრო იქნება საჭირო. ამასთან, ექსპერტების აზრით, დროებით გამორთული 7 ატომური ელექტროსადგურის დახურვას გერმანია განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გადაიტანს. დანარჩენი 10 ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერება ელექტროენერგიის სერიოზულ დეფიციტს შექმნის. ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმის შემთხვევაში, 2015 წლიდან ამ სფეროში აუცილებელი გახდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება გაზზე ან ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ასაგებად. გერმანია ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე 85 ახალი ელექტროსადგურის აშენებას აპირებს, საიდანაც 21-ის აშენება ახლო მომავალში უნდა დაიწყოს ან უკვე დაწყებულია.