განვითარებული ქვეყნები სახელმწიფო ვალს ინფლაციით ებრძვიან
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო დავალიანების საერთო დონე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წელს პირველად გადააჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 100 პროცენტს. დავალიანების მოცულობისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდა ვალის მომსახურების ფასს ძალიან გააძვირებს. რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ინფლაციას აღარ შეზღუდავენ. განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო დავალიანება მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან იზრდება, რაც მათი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებით, მოსახლეობის დაბერებით, საპენსიო და ჯანდაცვის ხარჯების ზრდით აიხსნება. 2000 წლიდან სახელმწიფოს დავალიანების ზრდის ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც დაბალი საბანკო საპროცენტო განაკვეთებით აიხსნება. სახელმწიფო ვალის მოცულობის ბოლო სწრაფი ზრდა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის ღონისძიებებთან არის დაკავშირებული, რაც 2007-2009 წლებში გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო დავალიანება საშუალოდ 25 პროცენტით გაიზარდა კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, მისი მომსახურების ფასი ბოლო 3 წლის განმავლობაში სტაბილური იყო.