უფრთხილდი ცოლს
კაელ გილფორდი
მკვლელობა დღისით, მზისით მოხდა. თუმცა, ეს რომ მკვლელობა იყო, მხოლოდ მკვლელმა – კლოდ კრისპენმა იცოდა. სხვებმა კი დაინახეს, როგორ გამოაქანა მან თავისი ნავი შუა ტბიდან და გამწარებული რაღაცას ყვიროდა. მერე გაირკვა, რომ კრისპენის ცოლი წყალში ჩავარდნილა და ვერაფრით პოულობდა. ყველა ნავი საძებნელად გავიდა, მაგრამ წყალში მხოლოდ ძაღლი იპოვეს – პეკინესი მომო, რომელიც მისის კრისპენს ეკუთვნოდა. ძაღლი წყალში ჩავარდნილა, ქალი კი საშველად გადამხტარა. და აი, მათ წინაშე იყო ძაღლი, მაგრამ კრისპენის ცოლის კვალს ვერსად მიაგნეს. ოცი წუთის შემდეგ კი უთხრეს, რომ ძებნას აზრი აღარ ჰქონდა, კაცი აკანკალდა.
შემდეგ საქმემ ოფიციალური სახე მიიღო. შერიფი გამოიძახეს. მკვლელობაზე შერიფს ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. ეტყობა ეს აზრი თავში არც მოსვლია.
მართალია, კლოდ კრისპენმა ცოლი მოიშორა, მაგრამ მისგან ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დარჩა მომოს სახით.
– უნდა აღვნიშნო, რომ შენი როლი კარგად შეასრულე, – უთხრა ძაღლს სახლში დაბრუნებისთანავე, – მაგრამ იცოდე, ეს არ გიშველის. შენი დღეები დათვლილია!
კლოდი საწოლზე წამოწვა და თვალები დახუჭა. რთული დღე ჰქონდა და ძილი ეძალებოდა. სწორედ ამ დროს ძაღლმა წკმუტუნი ატეხა. კლოდი გამოფხიზლდა, წამოჯდა და დაინახა, ორ ფეზე შემდგარი ძაღლი კუდს აქიცინებდა.
– სალამი, კლოდ!
ხმა ნაცნობი იყო. თავიდან ეგონა, რომ ისევ ეძინა, მაგრამ იქით რომ გაიხედა, საითაც ძაღლი იყურებოდა, ალვინა დაინახა.
– კლოდ, მე მოგესალმე, შენ კი არც მიპასუხე! – ქალმა გაიღიმა, თითქოს რაღაც გაახსენდა, – ა, შენ, რა თქმა უნდა, გაოცებული ხარ! არ ელოდი, რომ როდისმე კიდევ მნახავდი...
– ცოცხალი ხარ!
– ო, არა, კლოდ, მე მოჩვენება ვარ.
კლოდი შეეცადა აზრებისთვის თავი მოეყარა:
– შენ მართლა მოჩვენება ხარ?
– რა თქმა უნდა, ნამდვილი მოჩვენება. მე კიდევაც უნდა ვიყო მოჩვენება, შენ ხომ მომკალი. გახსოვს, კლოდ?
– ეს უბედური შემთხვევა იყო...
– კარგი, რა, – გააწყვეტინა ქალმა, – ამას ვის ეუბნები? ეს მკვლელობა იყო. შენ ხელი მკარი, ძვირფასო, და შემდეგ ჩემი თავი წყლის ქვეშ გეჭირა. მოჩვენებად მხოლოდ ის იქცევა, ვინც მოკლეს. თუ ეს არ იცოდი?
– არა, – აღიარა კლოდმა. გადაწყვიტა გულახდილი ყოფილიყო. სხვა გამოსავალი მაინც არ ჰქონდა, – მეშინია შენი!
ქალმა ოთახი გადმოჭრა და მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა, მაგრამ არ შეხებია.
– საწყალი კლოდი, – თქვა ქალმა, – შენ შეშინებას სულაც არ ვაპირებ. მე იმიტომ დავბრუნდი, რომ სალაპარაკო ბევრი გვაქვს, თუნდაც მომოს მომავალზე. შენ გქონდა მიზეზი, რომ არ გყვარებოდი, მაგრამ იმედი მაქვს, შენი სიძულვილი მასზე არ გავრცელდება. დამპირდი, რომ მას დაუმეგობრდები და კარგად მოეპყრობი. ის ხომ ახლა ობოლია, სხვათა შორის, შენს გამო. მპირდები?
კლოდს შანსი მიეცა, მოჩვენება თავიდან იოლად მოეშორებინა და დარწმუნებით წარმოთქვა:
– გპირდები.
– გმადლობ! – უპასუხა ქალმა გულწრფელად.
რადგან ქალი ასეთი გულწრფელი იყო, მასაც მოუნდა წესიერად მოქცეულიყო.
– მისმინე, ალვინა, მაპატიე...
– ო, არა, ასე ნუ ლაპარაკობ. შენ საბოდიშო არაფერი გაქვს. მე საკადრისი მივიღე. აუტანელი ცოლი ვიყავი.
– არა, რას ამბობ!
– კი. ეს ზუსტად ასეა! სულ გეჩხუბებოდი, ნამდვილი ძუკნა გავხდი. როცა ცოცხალი ვიყავი, ამას ვერ ვხვდებოდი. შენ სამართლიანად მომექეცი, კლოდ!
– ალვინა!
– მე დავიმსახურე სიკვდილი. ამის თქმა მინდოდა შენთვის, ძვირფასო, და ამიტომაც გპატიობ, მთელი გულით.
– მისმინე, ალვინა... – დაიწყო, მაგრამ ქალი გაქრა.
***
– ძაღლს სახლში არ შემოვუშვებ! – განაცხადა ელისმა.
– მაგრამ, ჩემო ანგელოზო, – თქვა კლოდმა, – ეს ჩემი ცოლის ძაღლია.
– ვიცი, – უხეშად წარმოთქვა ქალმა, – მე არ მიყვარს ძაღლები, შენი განსვენებული ცოლი კი, უფრო ნაკლებად მიყვარდა.
– ანგელოზო, მე ძაღლს მარტო ვერ დავტოვებ, მასზე უნდა ვიზრუნო. გამიგე, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ახლა ხელს არავინ გვიშლის...
ქალმა ზიზღნარევი მზერით ახედა, შემდეგ შებრუნდა და სახლში შეუშვა. კლოდი ელისს მიჰყვა და დივანზე ჩამოჯდა.
– სამი თვეა არ გამოჩენილხარ. ბევრი ხომ არ მოგივიდა? – უთხრა ქალმა.
– შეიძლება ზედმეტად ფრთხილი ვარ, მაგრამ მე ხომ ცოლი ახლახან მომიკვდა... მაპატიე, ანგელოზო, – სცადა ქალს მოხვეოდა, მაგრამ მან მოიშორა, – ნუთუ არ მაპატიებ? მოდი, დაკარგული დრო ავინაზღაუროთ?
– ვშიშობ, სამაგისო განწყობა არ მაქვს. კლოდ კრისპენ, სამი თვით არ უნდა მიგეტოვებინე!
ქალს საყვედურები ძაღლის ყეფამ შეაწყვეტინა და კლოდმა დაინახა, რომ ძაღლი უკანა ფეხებზე იჯდა, მის წინ კი ალვინა მოკალათებულიყო.
– აჰა, ეს არის ის ქალი, ვის გამოც მომკალი? – იკითხა მან.
– ალვინა! – აღმოხდა კლოდს.
– შენ მე ალვინა დამიძახე? – აღშფოთდა ელისი.
– ძვირფასო, – აუხსნა ალვინამ, – მას ჩემი დანახვა არ შეუძლია. თუ დამელაპარაკები, იფიქრებს, რომ „გაუბერე“. ყურადღებას ნუ მომაქცევ. ეგ ქალი მშვენიერია. ბევრად მჯობია.
– მისმინე, ელის, – თქვა კლოდმა და საჩქაროდ წამოდგა, – ჯობია სახლში წავიდე, რაღაც კარგად ვერ ვარ.
– სახლში? ახლა არ მოხვედი? ჩვენ სამი თვეა ერთმანეთი არ გვინახავს!
ალვინამ ხმამაღლა ამოიოხრა:
– ეს ქალი მტკიცე ხასიათის ყოფილა, კლოდ, ეტყობა ქალებს ეს უფრო სასურველს ხდის. სამწუხაროა, რომ მე ასეთი არ ვიყავი.
– ელის, – ამოღერღა კლოდმა. – იქნებ სხვა დროს იყოს...
– სამი თვე არ ჩანხარ, მერე მოდიხარ, წესიერად არც კი მიხსნი არაფერს და თან რაღაცეებს ბოდავ!
– გინდა რამეს გაჩუქებ? შენ მხოლოდ თქვი! მინდა ყველაფერი ძველებურად იყოს. მე იმდენი გადავიტანე. თავადაც ხომ იცი.
– არაფრის ცოდნა არ მინდა. ამ საქმეში ჩემს გარევას ნუ ეცდები.
– შენ არ მთხოვდი ამის გაკეთებას? შენ გინდოდა ეს.
– იმისთვის, თუ მოხვედი, რომ ნერვები მომიშალო, შეგიძლია წახვიდე, – თქვა ელისმა და პასუხს არც დაელოდა ისე გავიდა საძინებელში.
– საცოდავი გოგო, – თქვა ალვინამ, თავის დანაშაულს გრძნობს და ძალიან აღელვებულია. ეჭვი არ მეპარება, სინამდვილეში სრულიად სხვანაირია. უთხარი, რომ მარტო შენ კი არა, მასაც ვაპატიე.
კლოდი დივანზე დავარდა.
– მადლობა, ალვინა, შენგან ეს კეთილშობილური საქციელია.
– დარწმუნებული ვარ, დღეს მასზე არასწორი შთაბეჭდილება შემექმნა.
– არა მგონია. ის თავისნათქვამა, ჯუჯღუნა და საშინელი ეგოისტია, – არ დაეთანხმა კაცი.
– ძვირფასო, შენ იმდენი გადაიტანე. თუ ელისი შენთვის სასურველია, ცოლად უნდა მოიყვანო. თუ შენთვის ეს კარგი იქნება, მეც გამიხარდება. თუმცა, იცი, ზოგჯერ ვფიქრობ: რამენაირად რომ შემეძლოს, სხვა სხეულში ჩასახლება, შენთან დავბრუნდებოდი და ბედნიერი ჩემთან იქნებოდი.
კლოდმა თავი უხერხულად იგრძნო. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ რა, არ იცოდა. ქალი მას სიყვარულით მისჩერებოდა.
– ძვირფასო, ახლა ავტირდები! ნახვამდის, ბედნიერი იყავი! – თქვა და ისევე როგორც პირველად, ახლაც მოულოდნელად გაქრა.
ორ კვირაზე მეტი გავიდა. მოჩვენებამ იმდენი მოახერხა, კლოდი სერიოზულად ჩააგდო საგონებელში.
ერთხელ კლოდი, ელისთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, სახლში დაბრუნდა და იქ ალვინა დახვდა. მისი დანახვა ქმარყოფილს თითქმის გაუხარდა.
– როგორ არის ელისი?
– ისევ ისე, ძაღლს ვერ იტანს. მე მასთან ყოველდღე დავდივარ, მაგრამ იმ სამი თვის გამო, ჯერ ისევ ვერ მაპატია.
– იმედი მაქვს, ვინმეს, შენს შესაფერისს კიდევ შეხვდები. სამწუხაროა, რომ მისი მოკვლა არ შეგიძლია.
კლოდი ალვინას გვერდით მიუჯდა.
– იცი, ალვინა, მკვლელობა, რომ ქალების გამოსწორების საუკეთესო გზა იყოს, მაშინ ელისი რად მჭირდება? ჩემი ოცნების ქალი ხომ შენ ხარ!
– ბრავო, კლოდ! – ქალის სახე ღიმილმა გაანათა, – სამწუხაროა, რომ ურთიერთგაგება ასე გვიან მოდის. რაიმე გამოსავალი რომ იყოს! ვიკითხე, შემეძლო, თუ არა, დროებით სხვისი სხეულით სარგებლობა, მაგრამ მითხრეს, არაო.
– მისმინე, – კლოდს გონება გაუნათდა, – მშვენიერი იდეა მაქვს! თუ შენ არ შეგიძლია ჩემთან დაბრუნება, მე მოვალ შენთან.
– კლოდ! შენ ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება წინა გაქვს.
– რა, რა? შენი დაკარგვით ყველაფერი დავკარგე! ვფიქრობ, აფთიაქში ასეთი შემთხვევისთვის რამე მოგვეპოვება.
– კლოდ, საყვარელო!
კლოდი წამოხტა და გასვლა დააპირა, მაგრამ ცოლის ხმამ შეაჩერა.
– რაიმე მომოსთვისაც წამოიღე!
„იმ ქვეყნად” მომო კლოდს ხელიდან გაუსხლტა და ალვინას ხელებში ისკუპა. რამდენიმე წუთი ალვინა და მომო თავდავიწყებით ეალერსებოდნენ ერთმანეთს. კლოდი აქეთ-იქით იყურებოდა და თავის რიგს ელოდა. ამ დროს ვიღაც მიუახლოვდა.
– გამომყევით, მისტერ კრისპენ!
– ეს ჩემი ცოლია – გააპროტესტა კლოდმა, – მე მასთან დარჩენა მინდა.
სიტუაციას ნათელი ალვინამ მოჰფინა:
– კლოდ, ძვირფასო, მე და მომო ძალიან ვწუხვართ, მაგრამ აქ ისევ ძველი წესები არსებობს: შენ მკვლელი ხარ და ამიტომ შენი ადგილი სხვაგანაა. სულ დამავიწყდა, ეს ცოტა ადრე მეთქვა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ