ევროპაში გენმოდიფიცირებულ ხორცს მომავალშიც მიირთმევენ
ბრიუსელში უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა, რომლის მიზანიც ხორცისა და რძის გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე სავაჭრო მარკირების დაწესება იყო. სამწუხაროდ, ევროპელები ვერც მომავალში გაიგებენ, ნატურალური ხორცის საკვებს შეექცევიან თუ კლონისას. ევროკავშირის ქვეყნების სუპერმარკეტებში ხორცი, ძეხვი, რძე და ყველი კვლავ იმ ეტიკეტის გარეშე გაიყიდება, რომელმაც უნდა მიანიშნოს, გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი. ყოველივე ამის მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირმა მის წევრებს შორის არსებული უთახმოებების გამო ვერ მიაღწია შეთანხმებას გენმოდიფიცირებული ხორცის აკრძალვის, ანდა, მკაცრი მარკირების დაწესების შესახებ. მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი 20 საათს გაგრძელდა, მაგრამ, მაინც კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ევროკავშირის ქვეყნებში არაფერი შეიცვლება – კლონირებული ხორცისა და რძის პროდუქტების გაყიდვა სპეციალური მარკირების გარეშე კვლავ ნებადართული იქნება. გერმანიაშიც კი, სადაც ამ თემას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან, მომხმარებელი ჯერჯერობით ვერ გაიგებს, მიირთმევს თუ არა გენმოდიფიცირებულ პროდუქციას.