კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი იარაღით თამაშობდა სტალინი ბავშვობაში მეგობრებთან ერთად და რატომ ვერ გაამართლა მან მშობლების იმედები

ყარაჩოხელებმა განსაკუთრებული ეშხი შეიტანეს ქორწილში: ბაღდადებით მორთულ ფაეტონებში დამკვრელები ისხდნენ და ირგვლივ ზურნა-დუდუკის ჰანგები ისმოდა. გელაძეების მაყრებში ძირითადად, ბესოს ძმაკაცები იყვნენ — ერთმანეთზე საუკეთესო ვაჟკაცები, მომლხენი, ხელგაშლილი და დარდიმანდი ბიჭები. ახალგაზრდა წყვილის ოჯახური ბედნიერება უსაზღვრო იყო. ბესომ საქმე იმდენად გააუმჯობესა, რომ ოსეფა ბარამოვს გამოეყო და საკუთარი სახელოსნო გახსნა. ეს რომ ყარაჩოხელებმა გაიგეს, დატრიალდნენ და ყველამ, ვისაც რითი შეეძლო, ხელი შეუწყო მეგობარს: ზოგმა დაზგა შეუკეთა; ზოგმა ფული აჩუქა; ბავშვობის მეგობარმა, გიგა ხოდელმა, დუქანიც კი დაუთმო და მუშტრებიც გაუჩინა. ცოლ-ქმრის ბედნიერება ვაჟის – მიხეილის გაჩენით დაგვირგვინდა. ფრთაშესხმულმა ბესომ დიდი ნათლობა გადაიხადა, მაგრამ, სამწუხაროდ, მიხეილი 2 თვის ასაკში გარდაიცვალა. მეორე შვილს – გიორგისაც იგივე ბედი ეწია. ბესარიონს ოცნების კოშკი დაენგრა, ვაჟკაცი, რომელსაც გაზრდიდა და საქმეს ჩააბარებდა, არ ჩანდა. ბესოს გერის ხატის სწამდა ძალიან და საგვარეულო მფარველად და საფიცრად გერის წმიდა გიორგის ხატი მიაჩნდა. ამიტომ, ყველაფერი მას მიაწერა და რელიგიური რიტუალიც ჩაატარა: წმიდა გიორგის ახალი ხატი შეიძინა, უამრავი სანთელი დაანთო, გორიჯვარშიც მოუხშირა სიარულს და ჰოი, საოცრებავ – ღმერთმა შეისმინა და მესამეც ვაჟი ეყოლა!

ბავშვი სუსტი აგებულების იყო, რამდენჯერმე მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ეკატერინე გელაძე-ჯუღაშვილისა, იხსენებს, რომ სოსოს თითქმის ყველა ავადმყოფობა ერეოდა, ფათერაკიანიც იყო („ჩემი მოგონებანი“ – 1935 წლის 27 აგვისტო), რა არ გადახდენია თავს: მცირეწლოვანმა მეტყველება დაკარგა, მიზეზი კი ვერავინ გაიგო. სასოწარკვეთილმა კატომ არ იცოდა, ვისთვის მიემართა, მაგრამ, რამდენიმე საათში ბავშვს მეტყველება დაუბრუნდა; ერთხანს დიდი სიცხეები დასჩემდა და საათობით ბოდავდა; მეგობრის შესახვედრად გადარბოდა ქუჩაზე, ეტლი დაეჯახა და თვეობით დასჭირდა მკურნალობა. მაგრამ, ბოლოს ბავშვი წამოიზარდა და ფიზიკური სისუსტეც დაძლია. თუმცა, შვილის მომავლის თემა ცოლ-ქმარს შორის სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზარდა. მათ განსხვავებული ოცნებები ჰქონდათ. „მე და დედაჩემი მორწმუნეები ვიყავით და თვალს გვტაცებდა, როცა თბილისიდან ეპისკოპოსი ჩამოვიდოდა და მას ზარების რეკვით ეგებებოდნენ. ჩვენი ნატვრა იყო, სოსო ეპისკოპოსი გამოსულიყო“, – იხსენებს კატო. სხვა იმედები ჰქონდა ბესოს: ის ფიქრობდა, რომ მის ვაჟს ამქრობა დაამშვენებდა. რა არ სცადა, მეორეკლასელი ბავშვი ძალითაც კი წაიყვანა სახელოსნოში, წაღებიც კი მისცა ხელში, მაგრამ არაფერმა გაჭრა – კატომ თავისი გაიტანა, შვილს ხელი მოჰკიდა და თავის სახლში გადავიდა. კაპიკებს აგროვებდა, რომ, ბავშვს სწავლაში ხელი არ შეშლოდა. ბესომ სმა დაიწყო, სახელოსნო შეგირდს მიუგდო და თბილისში ძმაბიჭებთან წავიდა. სოსომ ვერც ერთი მშობლის იმედი ვერ გაამართლა, – მას აბსოლუტურად სხვა გეგმები ჰქონდა, რაზეც მეგობრებთან ერთად, გორიჯვრის შეკრებების დროს საუბრობდნენ.

სოსოს მეგობრები – გორიჯვარი

ბავშვობაში სოსოს ბევრი მეგობარი არ ჰყოლია, მაგრამ, ვინც ჰყავდა, ყველა გამოირჩეოდა ნიჭიერებით, რაც შემდგომში მათი ბიოგრაფიებითაც დასტურდება. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე, უახლოეს მეგობარს მოვიგონებთ. ესენი იყვნენ: პეტრე კაპანაძე, იოსებ ირემაშვილი და ლადო კეცხოველის სამი წლით უმცროსი ძმა – ვანო. ბიჭები სხვა მეგობრებთან ერთად ხშირად ადიოდნენ გორიჯვარზე, სადაც ძველი ციხესიმაგრე იდგა და პატარა ეკლესიას მაღალი გალავანი ერტყა. როგორც იოსებ ირემაშვილი იხსენებს, მათ კლდეებზე ფორთხვაც იზიდავდათ, რადგან ეს რისკთან იყო დაკავშირებული.

მეორე სოსო დაუმარცხებელ ფალავნად ითვლებოდა სემინარიაში. ბავშვები დაეჭიდნენ ერთმანეთს და ორთაბრძოლის შემდეგ ყაიმიც გამოცხადდა, მაგრამ ჯუღაშვილმა სპორტული წესები დაარღვია და ისე მიაღწია გამარჯვებას, თუმცა, ბავშვები ერთმანეთს გადაეხვივნენ და გადაკოცნეს. ვანო კეცხოველი განსაკუთრებული ფიზიკური სიძლიერით გამოირჩეოდა, თუმცა, ჭიდაობა არ უყვარდა, „სემინარისტი“ (მაშინ სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს „სემინარისტებს“ ეძახდნენ, სამოქალაქოსას – „გოროდისტებს“) ვანო კეცხოველი არა მხოლოდ მეგობრობდა, არამედ მფარველობდა კიდეც სოსო ჯუღაშვილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა „სემინარისტებსა“ და „გოროდისტებს“ შორის ჩხუბი იმართებოდა. ბავშვებს იარაღითაც უყვარდათ თამაში. ერთხელ ვანომ საიდანღაც ძველებური, დაჟანგული ჩახმახიანი თოფი მოიტანა, გაწმინდა, გაპოხა, ტყვია-წამალი იშოვა და თანაჯგუფელ ბიჭებს ეს საიდუმლოდ უთხრა. მეგობრებმა გადაწყვიტეს, იარაღი უკაცრიელ ადგილას გამოეცადათ და ლიახვის ჭალა შეარჩიეს. რის ვაი-ვაგლახით, ბევრი ჩხაკუნისა და წვალების შემდეგ, თოფმა გაისროლა. ბიჭებიც გამხიარულდნენ და ყვირილითა და სიცილით აიკლეს ჭალის ტყე. ვანოს ქებას საზღვარი არ ჰქონდა, თოფი დაშალეს, ტომრის ნაგლეჯში შეახვიეს და წამოვიდნენ. ვანო პირველი კაცი გახდა. ერთადერთი, ვისაც მოწყენილი სახე ჰქონდა, სოსო ჯუღაშვილი იყო, – იხსენებს პეტრე კაპანაძე. მერე სოსოს ბიჭებისთვის უთქვამს მაცადეთ და ცოტა ხანში უფრო მაგარ იარაღს ვიშოვიო. ბიჭებს გაეცინათ, მაგრამ სოსო ჯიუტად იმეორებდა. ერთ დღეს ის მეგობრებთან მივიდა, ლიახვის ჭალებში თევზაობა შესთავაზა და თან ძველი და მძიმე, ციხის დამცველის ძველებური თოფი წაიღო, გაისროლეს და ისეთი ჭექა გაისმა, იქაურობა გააყრუა. სოსოს ნაშოვნი თოფი ნამდვილად ჯობდა ვანოს თოფს, თუმცა, საიდან მოიტანა ის მათმა მეგობარმა, ბიჭებმა ვერ გაარკვიეს. „გორიჯვრის საძმოს“ აშკარა ლიდერიც გამოიკვეთა, ვანო კეცხოველს ბიჭებისთვის უთქვამს, ეს ისეთი ჯიუტი და ჯიბრიანი კაცია, რომ საქმისთვის, შეიძლება, საკუთარი შვილიც კი არ დაინდოსო. პატარა ვანოს წინასწარმეტყველება ახდა.

მრავალი წლის შემდეგ

საქართველოში, გასაბჭოების შემდეგ, სამღვდელოებას რისხვა დაატყდა თავს. იგივე ხდებოდა ხაშურშიც, სადაც პეტრე კაპანაძე ცხოვრობდა – იმ დროისთვის უკვე ყოფილი მღვდელი. იყო შემთხვევები, როცა სასულიერო პირებს გაუსამართლებლადაც ხვრეტდნენ. პეტრესაც დევნიდნენ, მაგრამ, თავისი პრობლემებით სტალინი არასდროს შეუწუხებია, არადა, დევნასა და ლიკვიდაციას შორის პატარა მანძილი იყო. 1936 წელს კაპანაძეების ოჯახს, საღამო ხანს ორი ჩეკისტი მიადგა. პეტრეს უბრძანეს, სასწრაფოდ მათ გაჰყოლოდა. თვალცრემლიანმა მეუღლემ თავშალში პური და ყველი შეუხვია და გაატანა. წინა კვირაში სამი მღვდელი გააციმბირეს და პეტაც დარწმუნებული იყო, რომ მასაც იგივე ბედი ელოდა. მაგრამ, რაც მოხდა, მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ვაგზალზე რომ გავიდნენ, ორ მატარებელს შუა გაუყვნენ გზას. უცებ წინ გამოჩნდა ერთვაგონიანი სპეცშემადგენლობა. პეტამ ვაგონის ღია კიბიდან, ნაცნობი სახე, ულვაში და ქოჩორი დაინახა და გაოცებისგან თავი ძლივს შეიკავა, რომ არ დაცემულიყო – მატარებლიდან სოსო უღიმოდა. თავშალში გამოკრული პური და ყველი პეტამ, თავისდაუნებურად, ვაგონის ქვეშ შეაგდო. დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეხვედრა გულთბილი იყო, დასხდნენ და მოილხინეს. მოულოდნელად სოსომ ჰკითხა, ვაგონის ქვეშ რა შეაგდე, უნდა ამაფეთქოო? პეტამ უამბო, თუ როგორ ემზადებოდა საციმბიროდ და ამაზე ბევრი იცინეს, შემდეგ სოსომ მეგობარი ერთი თვით ლიკანში წაიყვანა, სადაც თვითონაც ისვენებდა. მოსკოვში სამსახურსაც შეჰპირდა, მაგრამ, უარი მიიღო – მრავალშვილიანი ოჯახი მაქვს და მათ გარეშე შორს ცხოვრება გამიჭირდებაო. დამშვიდობებისას სოსო გაეხუმრა – მეორედ რომ შეგხვდები, თავშალში გახვეული პური და ყველი არ დაგავიწყდესო.

მეორე მეგობარს, სოსო ირემაშვილს, ნაკლებად „გაუმართლა“: გორის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, ორივე სოსო თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხნენ, სადაც ახალ პოლიტიკურ იდეებს ეზიარნენ და ერთხანს ერთადაც ებრძოდნენ მეფის ხელისუფლებას. პოლიტიკური პერიპეტიების დროს სოსო ირემაშვილს სტალინი ყაზბეგის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თივის ზვინშიც კი დაუმალავს და ასე გადაურჩენია. თუმცა, ბოლოს მეგობრები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ: იოსებ ირემაშვილმა ზოგადსაკაცობრიო იდეებზე წინ, რომელიც როგორც დრომ აჩვენა, უტოპიური აღმოჩნდა, სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეა დააყენა. მან ჯერ სემინარიაში განაგრძო საქმიანობა, როგორც პედაგოგმა, შემდეგ, იაკობ გოგებაშვილის დახმარებით, როგორც განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდა, კიევში წავიდა სასწავლებლად და იქ დაუახლოვდა აკაკი წერეთელს, რომელმაც მერე ვაჟიც კი მოუნათლა, საქართველოში დაბრუნებისთანავე კი აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს იყო დუშეთის კომისარი, მთავრობის წევრი, დემოკრატიული საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, იარაღით ხელში იცავდა ქვეყნის თავისუფლებას... ამას მოჰყვა გერმანია და ემიგრაციის წლები. მას არაერთხელ შესთავაზეს დაბრუნება, მაგრამ, საკუთარ პრინციპებსა და ღირსებაზე უარი ვერ თქვა.


скачать dle 11.3