კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიხდინა ბავშვობის ნატვრა ნოდიკო ტატიშვილმა და როგორ გადაურჩა ყველაფრის დაკარგვას სალომე გოგიაშვილი

კოლეგა სალომე გოგიაშვილის რეჟიმით ნოდიკო ტატიშვილი ისეთი გაკვირვებულია, რომ ამაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს. მუშაობას მოწყურებულ სალომეს კი, ახალგაზრდობის წლების სრულფასოვნად გამოყენება და ყოველი წუთის ისე გახარჯვა უნდა, რომ მერე, ასაკში ამაზე აღარ იდარდოს.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე გოგიაშვილი

– ყველამ კარგად იცის, რომ ხუთ ნოემბერს გაქვს დაბადების დღე. გავიგე, რომ გრანდიოზულად აპირებ ამ დღის აღნიშვნას. რამ განაპირობა ეს ყოველივე?

– გამომდინარე იქიდან, რომ გავიგე, თურმე ორში სალომე გოგიაშვილს ჰქონია დაბადების დღე, გადავწყვიტეთ, სამში, გამთენიისას ერთად გადავიხადოთ (იცინიან). სამის ღამიდან უნდა დავიწყოთ, გადავაბათ და ხუთამდე იყოს აღნიშვნა. მოკლედ, გადაწყდა, წელს გრანდიოზულ ამბავში ვიქნებით.

– ახალი სიმღერის პრეზენტაცია როდის იქნება?

– ახალი სიმღერების პრეზენტაცია იქნება მთელი წელი. ვაპირებ ახალი ვიდეორგოლის გადაღებას სიმღერაზე, რომელიც მინდა, იყოს ზაფხულის ჰიტი. გადაწყვეტის პროცესში ვარ, თუ რომელ სიმღერაზე გავაკეთო ეს. გარდა იმისა, რაც რადიოში ტრიალებს, რაც ხალხმა იცის, კიდევ ძალიან ბევრი, ჯერჯერობით უცნობი სიმღერა შევა ამ ალბომში.

– სულ ცოტა ხანში, იგეგმება მაიკო კაჭკაჭიშვილის შემოქმედებითი საღამო ფილარმონიაში და ვიცი, რომ შენ არა მხოლოდ მღერი, არამედ ერთ-ერთი ორგანიზატორიც ხარ მთელი ამ ღონისძიების. რას ჰპირდებით მაყურებელს?

– ძალიან დახვეწილი, ულამაზესი საღამო გამოდის. ყველა ჰიტი შესრულდება, რომელიც კი მაიკოს დაუწერია ჩვენთვის – მომღერლებისთვის. ბევრი ცნობილი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას და ყოველი მათგანი ჰიტს იმღერებს. მე ორ სიმღერას ვმღერი.

– ნოდიკო, გარდა იმისა, რომ საზოგადოება როგორც ნიჭიერ მომღერალს ისე გიცნობს, ჩვენ არ ვიცით, როგორი ხარ შეყვარებული.

– საოცარი იყო შეყვარებული ნოდიკო, ოღონდ როცა იყო. შვიდი წლის განმავლობაში ერთ გოგოზე ვიყავი შეყვარებული სიგიჟემდე. ძალიან კარგი გოგო იყო, ჩემი პარალელური კლასელი. ანა ერქვა. მეექვსე კლასში ვიყავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დავინახე და მომენტალურად, ისეთი რაღაცეები დამემართა, რისი გადმოცემაც ძალიან რთულია. რაღაც მორიდების, მოფრთხილების მომენტები გამოჩნდა.

– როგორი უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი ხელახლა დაგემართოს?

– უნდა იყოს ქალური, ნაზი...

– რას ნიშნავს ქალური? მე არ ვარ ქალური?

– როგორ არა, შენ ძალიან ქალური ხარ.

– ნაზი საერთოდ არ ვარ.

– ვაიმე, ყველაფრის მეშინია და ხელი არ დამაკარო – ეგეთებს არ ვგულისხმობ. უნდა ჰქონდეს შინაგანი სინაზე. უნდა იყოს ლამაზი. შეიძლება, ლამაზზე მეტად ეშხიანმა, შარმიანმა ქალმა მოგხიბლოს. მთავარია, იყოს ვიზუალურად მიმზიდველი.

– კიდევ რა უნდა ჰქონდეს, რაღაც „იზიუმინკა”, კოზირი, რომლითაც შეუძლია გადაგრიოს?

– არ მიყვარს ვულგარული ქალები. არც ზედმეტი აქტიურობა მომწონს მათი მხრიდან. უმჯობესია, ჩვენ, კაცებს გვაცადონ აქტიურობა. მირჩევნია, ქალს მე ავუხსნა სიყვარული, ვიდრე პირიქით. შეიძლება, ეს სადავო საკითხია და ყველას თავის მოსაზრება აქვს, მაგრამ პირადად, მე ინიციატივის საკუთარ თავზე აღება მირჩევნია. არასდროს ვარ ასეთ ურთიერთობებში სულსწრაფი. ყოველთვის ვცდილობ, ბევრი ვიფიქრო და მერე მივიღო გადაწყვეტილება. ხშირ შემთხვევაში, სპონტანურობა არ ამართლებს, არ არის კარგი. როცა საქმე სერიოზულ გრძნობას ეხება, მით უმეტეს, სპონტანურობას კარგი არაფერი მოაქვს. თუ გული ბოლომდე – ასი პროცენტით არ მიკარნახებს, რომ დრო მოვიდა, რაღაც ვთქვა, მანამდე არაფერს ვიტყვი.

– რა ვერ აპატიე?

– ასე, კონკრეტულად, რამე საპატიებელი მისი ან ჩემი მხრიდან, არ ყოფილა. უბრალოდ, რაღაცეები ვერ აეწყო ისე, როგორც საჭირო იყო. ამ შემთხვევაში ორივე დამნაშავეები ვართ. მაგრამ, ახლა, რომ გითხრა, ის პერიოდი ცუდად მახსენდება, ძალიან ვნანობ ან ვდარდობ იმაზე, რაც მოხდა-მეთქი, მოგატყუებ. კარგად მახსენდება ყველაფერი. ისეთი კარგი რაღაცეები ხდებოდა, ისეთი ანთებული ვიყავი, შემეძლო, გამთენიისას მის სახლთან მივსულიყავი და მეორე დილამდე ვმჯდარიყავი. ძალიან მაგრად მიყვარდა.

– და არ გწყდება გული?

– როგორ არა, მაგრამ არ მივტირი იმ პერიოდს, იმ წლებს. ამ ისტორიის შემდეგ, შეყვარებული აღარ ვყოფილვარ. მქონია გატაცებები და სიმპათიები, მაგრამ ასევე დარჩენილა სიმპათიის დონეზე. ალალი, წრფელი გრძნობა იყო, ძალიან სუფთა. სულ მეკითხებიან, რატომ არ გყავს შეყვარებული? ვერ ვხვდები ეს რატომ არის დოგმა? აუცილებელია, ვინმე გიყვარდეს? მგონი, ეს ისაა, რაც არ უნდა ეძებო, თავისით უნდა დაგატყდეს თავს.

– საქმეში ხელს გიშლის, შეყვარებული როცა ხარ?

– როცა ვიყავი, არ მიშლიდა. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და თან, კარგად. ჩემი შეყვარებულიც ძალიან კარგად სწავლობდა და არ მინდოდა, რაღაც ნაკლი ეპოვა ჩემში.

– მითხარი, რა არის შენი ოცნება?

– ერთი ოცნება არ მაქვს – უფრო რამდენიმე ნატვრა მაქვს. არ მინდა, პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ ბოლო პერიოდში ვხვდები, ჯანმრთელობაზე მთავარი არაფერია. თუ ყველა ჩემი ახლობელი ჯანმრთელად იქნება, ჩათვალე, ძალიან დიდი ტვირთი მექნება მოხსნილი. მაგრამ, ეს ის ნატვრაა, რომლის ასრულებაც ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემი ბავშვობის ნატვრა იყო ხალხისთვის საყვარელი მომღერალი გავმხდარიყავი და ეს ოცნება ბევრი წვალებისა და შრომის ფასად, ვფიქრობ, განხორციელდა ჩემს ცხოვრებაში. ექვსი წლის ვიყავი, სცენაზე რომ დავდექი და ნელ-ნელა მივხვდი, არ შემიძლია, ვიცხოვრო სცენის, მიკროფონისა და ხალხის გარეშე. ყველაზე უბედური ადამიანი ვიქნები დედამიწის ზურგზე.

– ბოლოს მითხარი, ცხოვრებაში ყველაზე მეტად როდის გტკენია გული?

– ბევრჯერ, მაგრამ რამდენჯერმე ძალიან მაგრად. რაღაც პერიოდის წინ დამეწყო ასეთი რაღაც – ვეღარ ვხდები, ვის ვენდო. ესეც, ალბათ, ერთგვარი კომპლექსია. აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი ორპირი, ფარისეველი ადამიანია ქვეყნად, ვიდრე ეს ბავშვობაში მეგონა. პატარა ყველაფერს ვარდისფრად ვხედავდი, ლაღი და ბედნიერი ვიყავი. როგორც კი გარკვეულ წარმატებას მივაღწიე, უფრო კარგად დავინახე ადამიანების სახის მიღმა რაღაცა დამალული – იგივე შური და ბოღმა. ვერ ხვდები, ეს რატომ ხდება. არავისთვის არაფერი წამირთმევია, არც ლანგარზე მოურთმევიათ ჩემთვის რამე. ბოღმას და შურს კი ნუ დამიპირისპირებ, უფრო მეტი შრომით მაჯობე.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნოდიკო ტატიშვილი

– შენთან ყოფნის პირველი წამი სიხარულისა და დადებითი ემოციებით დატვირთვის პერიოდია. როგორ ახერხებ ამას, როგორ ხარ ეგეთი?

– არ ვიცი, ჩვეულებრივი ვარ, ისეთივე, როგორიც შენ ხარ, ზუსტად. შენგან იგივე ემოცია მოდის, რასაც ჩემგან გრძნობ. კარგი ადამიანი ხარ, კარგი ენერგეტიკა მოდის და შენთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თან, ისე ვგრძნობ აურას და განწყობას, ვერ წარმოიდგენ. ვინმესთან სახლში თუ მივედი და იქ სიმძიმეა, მეორედ ვეღარ მივალ. იგივე მჭირს ადამიანებზე. თუ ვინმესგან შური, ქილიკი, ფარისევლობა ვიგრძენი, მორჩა, იქვე ვამთავრებ ურთიერთობას. მიყვარს დადებითი ენერგიის გაცემა. არსებობენ ენერგოვამპირები, რომლებიც ხშირად, თავისდაუნებურად, მთლიანად გცლიან და სხვები, პირიქით, რომ გასცემენ, იმას რა ჰქვია, არ ვიცი. ეს მეორე გაქვს შენ ძალიან ბევრი – სუფთა, ნამდვილი.

– ამდენ რამეს აკეთებ – რადიოშიც ხარ, დილის ეთერშიც, შუადღის ეთერშიც და თუ არ ვცდები, „ბასტი-ბუბუშიც” შენ უნდა იყო...

– არა, იქ, უბრალოდ, მონაწილეობას ვიღებ. ვარ დილის ეთერში, „ყოფილი ცოლების კლუბში”, რადიო „აფხაზეთის ხმაზე”, კლუბ „ქალაქურში” და ასევე, – ბერა ივანიშვილის პრეს-ატაშე.

– ბრავო, ბრავო... ყოჩაღ და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს?

– იყო ჩემს ცხოვრებაში „სტერეოს”, „დუბლიორის” პერიოდები, მერე უცებ – საერთოდ არაფერი არ ხდებოდა, არანაირი სამსახური და ყოველი დღე ჩემთვის ერთნაირი იყო. ძალიან მიყვარს დატვირთული დღის გრაფიკი, ოღონდ ჩემი საყვარელი საქმით უნდა იყოს სავსე. მთელ დღეს საბანკო საქმიანობას რომ ვანდომებდე, ნამდვილად ვერ გავუძლებდი ამდენ მუშაობას. ამისგან მარცხნივ ვარ. მაგრამ, ეს ყველაფერი არის ის, რაც უზომოდ მიყვარს და მომწონს. მართლა ძალიან ვიღლები, მაგრამ არ დავმალავ და ვამბობ – ფინანსური უზრუნველყოფაც ხელს მიწყობს და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ის სურვილი, რაღაცეები ჩემით გავაკეთო. ელემენტარულად, გადასახადებს რომ ჩემი ხელფასით ვიხდი, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. არ ვარ ვიღაცაზე დამოკიდებული. ეს სტიმულს მაძლევს იმისთვის, ბოლომდე დავიხარჯო და ისე დავიღალო, შეიძლება, დაღლილობისგან ვერც კი დავიძინო. მაგრამ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ შეუძლია, იმდენი მუშაობა, რამდენსაც მე ვმუშაობ. არიან ზარმაცები და პირიქით, შრომისმოყვარეები.

– მთავარი მაინც იმ საქმის სიყვარულია, რასაც აკეთებ.

– რა თქმა უნდა. ამიტომ, მინდა, როცა იმ ასაკის გავხდები, ფეხს-ფეხზე გადავიდებ და გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, ვთქვა, ბოლომდე დავიხარჯე-მეთქი. არ მინდა, არც ერთ წუთზე სინანული და იმის თქმა, რატომ არ გავაკეთე რაღაც-მეთქი. ამიტომ სიმღერა, რომელიც არაფერ შუაში არ არის ჩემთან, მინდა, ჩავწერო და თუკი ამის შესაძლებლობა ახლა მაქვს, თუნდაც იმისთვის, რომ საკუთარი თავი გავახალისო, უნდა ჩავწერო. გავა წლები და შესაძლოა, ასეთი მომენტი აღარც დადგეს ცხოვრებაში, ამიტომ ახლა ვიზამ იმას, რაც ძალიან მინდა.

– მაგარია. თავიდან ბოლომდე ოპტიმისტი ხარ. ასეც უნდა იყოს. ყველაზე ახლოს რომელია შენთან – დილის ეთერში ყოფნა უფრო გსიამოვნებს თუ საღამოს, ყოფილ ცოლებთან ურთიერთობა?

– ყველაფერი, რაც კამერასთან, ხალხთან ურთიერთობასთან არის დაკავშირებული, მსიამოვნებს. მე და შენ ხომ რადიოშიც ვმუშაობთ. იქ ხომ ჩვენი ვიზუალი არ ჩანს და მხოლოდ ხმა ისმის – ესეც კი ძალიან მსიამოვნებს, რადგან ვიცი, უზომოდ ბევრი ადამიანი გვისმენს. ეს იმდენად ზის ჩემში და იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, დროს მნიშვნელობა არ აქვს. დილის ხუთ საათზე ვდგები. იქიდან გამომდინარე, რომ კვირას კლუბში ვმუშაობ და ორშაბათს დილით ეთერი მაქვს, ძილს ვერ ვასწრებ, პირდაპირ მივდივარ სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობ შუა ეთერში აბსოლუტურად გათიშული ვარ...

– კვდები სიცილით.

– (იცინიან) კი, ასეა. შეიძლება, მხოლოდ ახლო მეგობართან წავიწუწუნო ცოტა, რომ დღეს დავიღალე-მეთქი, მაგრამ იმედია, ეს ეთერში არ მემჩნევა.

– საერთოდ არა. ყოჩაღი ხარ და სიცოცხლით სავსე. ამ ყველაფერთან ერთად, ორი უსაყვარლესი ადამიანის დედა ხარ. გრჩება მათთვის დრო? თუნდაც, სადმე წაიყვან-წამოიყვანო, ასეირნო?

– არ მგონია, ყურადღებას ვაკლებდე. მიუხედავად ასეთი გრაფიკისა, მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველი თავისუფალი წუთი მათთან გავატარო. ისე არა, კარგი დედობის იმიჯს რომ იქმნიან და ბავშვი ქუჩაში დაჰყავთ სხვების დასანახად. ძალიან დიდი სითბო მაქვს მიღებული ჩემი ოჯახისგან და ეს ჩემში გენეტიკურად, ბუნებრივად დევს. მინდა, იგივე სითბოში ვაცხოვრო ჩემი შვილები. იმდენს ვიღებ უკან, რომ ვხვდები, ისინიც ბევრს იღებენ ჩემგან. უდიდეს სითბოს მაძლევენ ჩემი შვილები და მგონია, რომ კარგი დედა ვარ. ისინი არიან ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სტიმული. არ მიყვარს შეუმდგარი დედები. ქალი, რომელიც შვილს გააჩენს და ვერც ერთ ასაკში ვერ იგრძნობს დედობას – შეუძლია, ის გასაზრდელად ბებიას მისცეს და თვითონ კვირაში ერთხელ ნახოს, ასეთ ქალს პატივს არ ვცემ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთებს ბევრს ვიცნობ.

– ორჯერ გახდი დედა და ეს, ალბათ, ყველაზე ბედნიერი წუთები იყო, მაგრამ კიდევ რას გაიხსენებდი შენი ცხოვრებიდან, როცა თქვი, „ყველაზე ბედნიერი ვარ“?

– თავიდან დავიბადე, სახლი რომ დავიბრუნე მაშინ. როცა ყველაფერი გაქვს, ნორმების ფარგლებში, რა თქმა უნდა – გყავს ჯანმრთელი შვილები, გაქვს სახლი, ნორმალური შემოსავალი და მაინც უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ, ამ დროს ვერ ხვდები, რომ გვერდით შეიძლება, ისეთი გაჭირვებული გყავდეს, შენი ნახევრის-ნახევარიც არ ჰქონდეს. შენ კი ამას ყურადღებას არ აქცევ და მაინც წუწუნებ. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მივხვდი, უცებ, ერთ წამში, შეიძლება, აღარ მქონოდა საერთოდ არაფერი. როცა ამ ყველაფერმა ჩაიარა, თან კარგად, მაშინ მივხვდი, რომ ხელახლა დავიბადე. მივხვდი, რომ არაფერზე არ უნდა იწუწუნო. კმაყოფილი უნდა იყო იმით, რაც გაქვს და ღმერთს ყოველდღე მადლობა უხადო, რომ ჯანმრთელი შვილები და ოჯახის წევრები გყავს, გაქვს პურის ფული და შეგიძლია შენ შვილებს უყიდო რაღაც ელემენტარული. ადამიანი ხარბია. უნდა იცხოვრო სულიერებით. თუ ძლიერი სული გაქვს და კარგი ადამიანი ხარ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც კი მატერიალურ განზომილებებში გადავარდები, ეგრევე ცუდად იქნება შენი საქმე.




скачать dle 11.3