რა აკავშირებს შოთა არველაძესთან და გიორგი ქინქლაძესთან ფინური ფეხბურთის მეფეს, იარი ლიტმანენს და ვის გამო გადაწყვიტა მან საფეხბურთო კარიერის გაგრძელება
იარი ლიტმანენი ფინური ფეხბურთის სახეა, იმიტომ კი არა, რომ 137 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში და 40 წლის ასაკშიც რეგულარულად იღებს მოწვევებს, არამედ, იმიტომ, რომ სწორედ მან მოახდინა რევოლუცია ფინურ ფეხბურთში და ამ სკანდინავიურ სახელმწიფოს მსოფლიოს ფეხბურთის რუკაზე საპატიო ადგილი მიუჩინა. ფინეთი იარიმდე არასაფეხბურთო ქვეყნად ითვლებოდა, თუმცა, ამჟამად მისი ხელშეწყობით ფინელი ფეხბურთელები წამყვან ევროპულ კლუბებში ირიცხებიან, ყოველ ახალგაზრდა ტალანტს კი, ახალ იარი ლიტმანენად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ იარი ლიტმანენი ფინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და მშობლიურ ქალაქ ლაჰტიში მას სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი.
იარი ლიტმანენი, აგერ უკვე 25 წელია, პროფესიონალურ ფეხბურთშია და დღემდე განაგრძობს თამაშს უკან დაწეული ფორვარდის ადგილზე. სიჩქარითა და ფილიგრანული ტექნიკით ის არასდროს გამოირჩეოდა, სამაგიეროდ ჰქონდა ფანტასტიკური საგოლე ალღო და იდეალური პასის მიცემის კულტურა. გარდა ამისა, იარის „ეშმაკური” დარტყმები ეხერხება, არა ძლიერი, არამედ იდეალურად სწორი, რომელიც ნებისმიერი გოლკიპერისთვის რთული მოსაგერიებელია. საინტერესოა, რომ კარიერის განმავლობაში ლიტმანენს უფრო მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული პარტნიორებისთვის, ვიდრე თავად გატანილი. იგი დღემდე ეკონომიურად იხარჯება მოედანზე, არ აკეთებს ზედმეტ მოძრაობებს და, საფეხბურთო ექსპერტების აზრით, სწორედ ამაშია დამალული მისი მუდმივი ახალგაზრდობის ფორმულა.
2011 წლის 20 თებერვალს იარის 40 წელი შეუსრულდა. მის ასაკში ფეხბურთელებს დიდი ხნის ჩამოკიდული აქვთ ბუცები ლურსმანზე, თუმცა იარი ჯერჯერობით გაჩერებას არ გეგმავს და კვლავაც მოქმედი ფეხბურთელია, რომელსაც „თავისუფალი აგენტის“ სტატუსის მიუხედავად, დღემდე მისდის შემოთავაზებები სხვადასხვა ევროპული კლუბიდან.
„ფინური ფეხბურთის მეფე” – როგორც მას სამშობლოში უწოდებენ, ქალაქ ლაჰტიში დაიბადა 1971 წელს. მისი მშობლები – ოლავი და ლისა – ფეხბურთელები იყვნენ და ლაჰტის „რეიპას” კაცთა და ქალთა გუნდებში თამაშობდნენ. იარი 2 წლის ასაკიდან მუდამ ესწრებოდა მშობლების ვარჯიშებს და, როდესაც 6 წელი შეუსრულდა, მშობლებმა ის „რეიპას” საბავშვო სექციაზე შეიყვანეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთის გარდა, იარის მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა ჰოკეიშიც, რომელსაც იგი ფეხბურთის პარალელურად თამაშობდა და ერთი ხანობა მას ლაჰტის ჰოკეის კლუბში სათამაშოდაც კი იწვევდნენ, თუმცა მან მაინც ფეხბურთი ამჯობინა და 16 წლის ასაკში მისი პროფესიული დებიუტი შედგა „რეიპას” მთავარ გუნდში. ორი წლის შემდეგ იარი პირველად მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში, რასაც მოჰყვა მოწვევა ფინური ფეხბურთის გრანდიდან – ჰელსინკის „ჰიკიდან”. თუმცა, წამყვან ფინურ კლუბში გადასვლა იარიმ თავიდან ვერ გაბედა და, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებში მოიკიდა ფეხი და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახდა, გადავიდა ჰელსინკურ კლუბში. „ჰიკში” იარიმ პირველივე სეზონში ფანტასტიკური თამაში აჩვენა და მისით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. იმ პერიოდში ყველაზე მეტად ბუქარესტის „დინამო” აქტიურობდა და თითქმის გადაწყვეტილი იყო მისი გადასვლა რუმინულ კლუბში, რომ არა მოწვევა ამსტერდამის „აიაქსიდან” – კლუბიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იარი ლიტმანენის კარიერაში.
ჰოლანდიურ კლუბში ადაპტაცია მძიმე გამოდგა. კლუბის მწვრთნელი, ლუის ვან გაალი, იარის ფინეთში დაბრუნებაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ, მოულოდნელად, ტრავმა მიიღო დენის ბერხკამპმა – „აიაქსის” ლიდერმა და მის ადგილზე იარის დაყენებამ ვან გაალს დაანახვა, რომ ლიტმანენი სულაც არ არის ჩამოსაწერი ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ დენისი და იარი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები იყვნენ, ფინელმა მოახერხა მისი სრულფასოვანი შეცვლა და, მას შემდეგ რაც 1992 წელს ბერხკამპი „ინტერში” გადავიდა, იარი ლიტმანენი ვან გაალის ლეგენდარული „აიაქსის” ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გახდა. ლიდერის ამპლუაში მყოფმა ლიტმანენმა „აიაქსთან” ერთად, პირველივე სეზონში მოიპოვა ჰოლანდიის ჩემპიონობა, გახდა საუკეთესო ბომბარდირი და „წლის ფეხბურთელის“ ტიტულს დაეუფლა. „აიაქსის” 10 ნომერი სასწაულებს სჩადიოდა ჰოლანდიურ სტადიონებზე და ამის გამო ვან გაალმა მას თიკუნი – „პროფესორი” უწოდა, რადგან, მისი აზრით, არ არსებობდა საფეხბურთო კითხვა, რომელზეც ლიტმანენს პასუხი არ ჰქონდა მზად. „აიაქსის” გულშემატკივრებმა კი ლიტმანენს სრულიად სხვა მეტსახელი – „გრძნეული მერლინი” დაარქვეს და კლუბის ისტორიაში სიდიდით მესამე ფეხბურთელად აღიარეს ლეგენდარული იოჰან კრუიფისა და მარკო ვან ბასტენის შემდეგ.
იარი ლიტმანენი „აიაქსის” ქომაგებს შვიდი წლის განმავლობაში ახარებდა თავისი თამაშით. იგი შოთა არველაძესთან ერთად 1997-1998 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სწორედ გუნდში მისი ყოფნა გახდა იმის მიზეზი, რომ გიორგი ქინქლაძემ ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის სრული გამოვლენა „აიაქსში”, სადაც ის ლიტმანენის შემცვლელად მიიწვიეს, თუმცა, იმ წელს იარიმ კლუბი არ დატოვა და მხოლოდ 1999 წელს, ლუის ვან გაალის თხოვნით, გადავიდა „ბარსელონაში“, სადაც თავისი პოტენციალის სრული გამოვლენა ვერ მოახერხა. ტრავმები და ვან გაალის გუნდიდან გაშვება იარის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვად დაუჯდა და, საბოლოოდ მან ინგლისურ პრემიერ-ლიგას მიაშურა, სადაც მას ჟერარ ულიეს დარიგებული „ლივერპული” იწვევდა. „ლივერპულში” იარი თავდაპირველად გუნდის ძირითად მოთამაშედ მოიაზრებოდა, მაგრამ, რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ, იგი სათადარიგო სკამზე გადაჯდა, შემდგომ კი საბოლოოდ დაკარგა ადგილი კლუბის ძირითად შემადგენლობაში. ამბობენ, რომ იმ პერიოდში იარი ლიტმანენი კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა და, რომ არა „აიაქსი”, შესაძლოა, ასეც მომხდარიყო. ამსტერდამელებმა იარის ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და მართალია, მას იმ დონის ფეხბურთი აღარ უჩვენებია, რასაც 90-იან წლებში თამაშობდა, მაგრამ, მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა და, თან, ნაკრებშიც განაგრძობდა გამოსვლას, სადაც კაპიტნის სამკლაურით უკვე ასზე მეტი მატჩი ჰქონდა დაგროვილი. „აიაქსიდან” წამოსვლის შემდეგ იარი კიდევ ერთხელ დაფიქრდა კარიერის დასრულებაზე, თუმცა, მისმა ესტონელმა საცოლემ, ლიუ იურგენსენმა, მისი საფეხბურთო მოედანზე ნახვის სურვილი გამოთქვა და იარიც დათანხმდა. გერმანული „ჰანზა”, შვედური „მალმე” და მშობლიური „ლაჰტი” – ამ კლუბებში გაატარა იარიმ თავისი კარიერის ბოლო წლები და, ერთი ხანობა პრემიერ-ლიგაში დაბრუნებასაც ფიქრობდა, სადაც მას როი ჰოჯსონის გაწვრთნილი „ფულჰემი” იწვევდა. იარიმ ერთ საკონტროლო მატჩშიც კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ, კონტრაქტი არ შედგა, რის შემდეგაც იგი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც დღემდე განაგრძობს გამოსვლას.
„მე უდიდეს სიამოვნებას ფეხბურთის თამაშით ვიღებ და, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიამოვნება არავინ იცის, მათ შორის მეც“, - აცხადებს იარი ლიტმანენი, რომელიც, მრავალი საფეხბურთო ექსპერტის აზრით, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ უკანასკნელ „დიდ ათიანად” ითვლება.