რა სიამოვნებას იღებს გაუკვალავ თოვლში სრიალის დროს ეკა ჩაგელიშვილი და რას გაუძლო მის გამო ნიაზ დიასამიძემ
თხილამურებით სრიალი ექსტრემალურ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე რისკიანია. თუმცა, კიდევ უფრო დიდი რისკია გაუკვალავ თოვლში სრიალი. ანუ, იქ, სადაც არასოდეს არავის უსრიალია. ამას, მოთხილამურეების ენაზე, ჰელისკი ჰქვია. რას განიცდიან გაუკვალავ თოვლში მოსრიალე ექსტრემალები და სად არის საქართველოში „ეიჩდი“ ხარისხის ადგილი, ამ თემაზე ექსტრემალი ეკა ჩაგელიშვილი გვესაუბრება.
– თავიდან რატომ დაინტერესდი ამ სპორტით, რით მოგხიბლა მან ასე ძალიან?
– ჩემი მეგობრები ბავშვობიდან დადიოდნენ სპორტსკოლაში. ყველა ძალიან კარგად სრიალებდა და მეც მეც მინდოდა, მათსავით მცოდნოდა თხილამურებით სრიალი. მაგრამ, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ არ ვიყავი სპორტული ბავშვი, ჩემთვის სწავლა უფრო მნიშვნელოვანი იყო და სპორტზე არ შემიყვანეს. წლების შემდეგ, როცა უკვე სრულწლოვანი გავხდი და მივხვდი, რომ ჩემი თავი მევე მეკუთვნოდა, გადავწყვიტე, თხილამურებზე დავმდგარიყავი. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ნიაზ დიასამიძე. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. მან არ დაიშურა ენერგია და დაახლოებით, ხუთი დღის განმავლობაში გაუძლო ჩემს ფორთხვას, ტირილს. შემდეგ მითხრა, რამდენჯერაც წაიქცევი, მეც იმდენჯერ წავიქცევიო. თვითონ კი ისე ცუდად ეცემოდა, რომ ძალიან მეცოდებოდა (იცინის). მეც იმის ხათრით აღარ ვეცემოდი ხოლმე.
– ნიაზი კარგად სრიალებს?
– კი. ნიაზი ძალიან კარგად სრიალებს. ის ისეთი ნიჭიერია, რომ რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს ხარისხიანად აკეთებს. ცოტა ხნის წინ, მის შვილებთან ერთად მომიწია სრიალი და ვუთხარი, რომ მე მათმა მამამ დამაყენა თხილამურებზე. ოცი წლის ვიყავი, როცა სრიალი დავიწყე და მას შემდეგ, სულ ამ სპორტით ვარ დაკავებული.
– რა განცდა გეუფლება, როცა ძალიან მაღალი მთიდან ეშვები?
– ამ შეგრძნების აღწერა ძალიან ძნელია. როდესაც მზესთან ძალიან ახლოს ხარ, ანუ როდესაც ღრუბლებს ზევით აღმოჩნდები, მაშინ გესმის, რას განიცდიან ალპინისტები. როგორ იღლებიან, წვალობენ იმისთვის, რომ ზემოდან გადმოიხედონ. ამ დროს იმხელა სიამოვნებას განიცდი, რომ წვალებად ღირს (იცინის). ძალიან დიდი ექსტრემი განვიცადე მაშინ, როცა საძელეს მთაზე ავედით და „კუდებზე” ვისრიალეთ. წარმოიდგინეთ დგახარ მზეში და ქვევით სულ ღრუბლებია. ეს მართლა განსაკუთრებული განცდაა. ამ დროს გინდება, ჩაიდინო ნებისმიერი სიგიჟე. ძალიან დიდ თავისუფლებას გრძნობ.
– როგორც ვიცი, შენ სრიალებ გაუკვალავ თოვლში, რომელსაც მოთხილამურეების ენაზე ჰელისკი ჰქვია.
– კი, ჰელისკი ცალკე განზომილებაა. წარმოიდგინეთ, სრიალებ გაუკვალავ თოვლში, ანუ იქ, სადაც არავის უსრიალია. მახსოვს, წავედით სვანეთში. რამდენიმე გოგო ვიყავით ჯგუფში, დანარჩენი ბიჭები იყვნენ. როდესაც თქვეს, რომ უნდა გაფრენილიყვნენ, ბიჭებმა გადაწყვიტეს მხოლოდ ისინი წასულიყვნენ, გოგოები კი სასტუმროში დავუცდიდით. ეს რომ გავიგე, გადავირიე, ტირილით შევვარდი ვერტმფრენში და ვუთხარი ბიჭებს, რომ მე აუცილებლად უნდა წავსულიყავი მათთან ერთად. თავიდან უარი მითხრეს, მაგრამ ბოლოს ჩემი გავიტანე. ძალიან კარგად ჩაიარა ჩემმა პირველმა სრიალმა გაუკვალავ თოვლში. მხოლოდ ერთხელ წავიქეცი, ისიც ისე სასაცილოდ, რომ ყველა სურათებს მიღებდა და იცინოდნენ. მას შემდეგ, არც ერთ ჰელისკს არ ვტოვებ და სულ სასრიალოდ დავდივარ. მოგეხსენებათ, თითოეულ მოსრიალეს თავისი ინდივიდუალური სტილი აქვს. თუ კარგ მოთხილამურეებთან ერთად ისრიალებ, გაცილებით კარგად ისწავლი სრიალს.
– გარდა იმისა, რომ სრიალისგან დიდ სიამოვნებას იღებ, ალბათ, თავგადასავლებშიც ხშირად ეხვევით ხოლმე.
– რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ისე დაბრუნდე, რომ რაღაც არ შეგემთხვეს, მათ შორის სასაცილოც (იცინის). ხშირად ჩავრჩენილვართ მთებში. დავრჩენილვართ მშივრები, მწყურვალნი, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. მახსოვს ერთხელ, გუდაურიდან გადავსრიალდით კობის ხეობაში. იქ კი აღმოჩნდა, რომ მანქანა ვერ მოგვაკითხავდა, რადგან ზვავსაშიშროების გამო სამანქანო გზები ჩაკეტილი იყო. დავურეკეთ ჩვენს უფროს მეგობარს, მაგრამ მან გვითხრა, რომ 6 საათამდე ვერ გვიშველიდა. სხვა რა გზა გვქონდა, ფეხით წავედით ყაზბეგში. საღამოს ექვს საათამდე დავბოდიალობდით, სანამ არ ჩამოგვაკითხეს და არ წაგვიყვანეს. ასეთი სიტუაციები ხშირად ხდება. სულ ვამბობ, რომ სვანეთში ჰელისკის დროს ისეთი სენსორები ვიგრძენი, რაც აქამდე არასოდეს არ მიგრძნია-მეთქი. ყველაფერი სხვანაირად გიხარია, სხვანაირად მოგწონს. ხშირად მითქვამს რომ „ეიჩდი“ ხარისხის ადგილია.
– როდესაც უმაღლესი მწვერვალიდან ეშვები, შიშის გრძნობა არ გეუფლება?
– ფეხბურთში, რაგბში, ჩოგბურთსა და სხვა სპორტში მიწაზე ხარ დამოკიდებული და ბურთით ახერხებ ლავირებას, თხილამურების შემთხვევაში კი, სულ სხვანაირად ხდება. თხილამურებით სრიალის დროს, ხდება შენი პიროვნებისა და მთის ჰარმონიულობა. მთაში ადამიანი მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობს. ის ზრუნავს მთელ ჯგუფზე. მხოლოდ წინ არ იხედები, აუცილებლად შებრუნდები უკან და იგებ, რას შვრებიან შენი მეგობრები. მთა გეხმარება, ამოიცნო ნამდვილი მეგობრები. სწორედ ამიტომ, არაფრის შიში არ გაქვს – როცა იცი, რომ გვერდზე ნამდვილი მეგობრები გყავს, ყველანაირი შიში გიქრება. მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარს ზამთარი, თოვლი, თხილამურები. თუმცა, ზაფხულშიც ვახერხებთ ხოლმე სრიალს. როცა კლიმატური პირობები ხელს არ მიწყობს სრიალში, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ველოდები ზამთარს. თოვლში სრიალი ჩემი ცხოვრების ნაწილია.
– ალბათ, ხშირად გიწევს გარისკვა, რაც გარკვეულ საფრთხეს უკავშირდება.
– რა თქმა უნდა, თხილამურებით სრიალი ძალიან რისკიანი სპორტია. ერთი შეცდომაც და შეიძლება, ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. ასაკის მატებასთან ერთად, შიშის გრძნობაც მიძლიერდება, რაც ჩემ სრიალზე აისახება. დაძაბული რომ ვარ, მაშინ უფრო მეტ შეცდომას ვუშვებ. როცა ვხვდები, რომ საფრთხე მემუქრება, ფეხების კანკალი მეწყება (იცინის).
– როგორც ვიცი, 3 000 მეტრზე ზემოთ, უკვე ჰაერის გაუხშოება ხდება. როდესაც ამ სიმაღლეზე სრიალებ, ჰაერის უკმარისობას არ განიცდი?
– დიახ, 3 000 მეტრზე ზემოთ, უკვე ჰაერის გაუხშოება ხდება და იწყება ჰიპოქსიური სუნთქვა. როცა დიდი სიჩქარით სრიალებ, ჰაერის უკმარისობა მაინცდამაინც არ გაწუხებს, თუმცა აშკარად იგრძნობა. მთავარია, ერთ ადგილზე დიდხანს არ გაჩერდე.
– საშიში სპორტიაო, აღვნიშნე, ტრავმები თუ მიგიღია სრიალის დროს?
– მახსოვს, ერთხელ ხელი მქონდა ნაღრძობი და ერთხელ მხარი ვიტკინე, მაგრამ არც ერთი არ იყო სერიოზული ტრავმა. მოულოდნელად ავხტი ტრამპლინზე და ძალიან „დავინჯღერი” (იცინის). არსებობს სწორად დაცემის ვარჯიშები. ამიტომ, აუცილებელია, ეს ყველამ ისწავლოს. თუმცა ყველა მოთხილამურე დამეთანხმება, რომ სრიალი იმდენად მაგარი გრძნობაა, აღარც მოტეხილობები გახსოვს და საერთოდ, ყველაფერი გავიწყდება. ამ დროს რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი ხარ.
– რას შეადარებდი ამ გრძნობას?
– არ ვიცი, რას შეიძლება, შევადარო, ალბათ, შეუდარებელი გრძნობაა. ამ დროს გრძნობ უდიდეს სიამოვნებას, ასე გგონია, მთებთან სრულიად მარტო ხარ. გიჩნდება სურვილი, აკეთო სიგიჟეები. ამ გრძნობაზე მაგარი, მგონი, არაფერია.
– ხშირად მსმენია, ექსტრემის განცდამ ისეთივე შეჩვევა იცის, როგორიც ნარკოტიკმაო.
– კი, გეთანხმები. ერთმა მეცნიერმა დისერტაციაც კი დაიცვა ამ თემასთან დაკავშირებით. მან მთა და ნარკოტიკი, პარალელურ სისტემაში განიხილა. ის ამბობდა, რომ რასაც ადამიანი ნარკოტიკის მიღების შემდეგ განიცდის, ის ნივთიერებები გამოიყოფა მთაში. მას მთისკენ სწრაფვა შედარებული ჰქონდა ნარკოტიკთან. ჩემი აზრით, ეს სიმართლეს შეესაბამება, ოღონდ მე, მთისკენ სწრაფვას ვუწოდებდი ჯანმრთელ ნარკოტიკს.