მარიო ბალოტელის მორიგი სამიზნე
ინგლისური „მანჩესტერ სიტის” და იტალიის ნაკრების შავკანიანი ფორვარდი მარიო ბალოტელი, როგორც ჩანს, წარმატებით ამართლებს „ფლეიბოის” სტატუსს. იგი განაგრძობს ქალბატონების გულების მოგებას: სოფი რიდის, ფეი ივისა და მოდელ სარა ტომაზის შემდეგ, მისი ახალი სამიზნე „მის იტალიის” გამარჯვებული მარია ელენა მონეგოა. 2008 წელს მონეგო 17 წლის ასაკში იტალიის ყველაზე ლამაზი გოგონა გახდა. ამჟამად ის უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა, მომავალში მანჩესტერში, მარიოსთან გადაბარგებას აპირებს. თვითონ მარიომ კი, სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სკანდალური ფაქტით დაამახსოვრა თავი: ჯერ იყო და, „სიტის” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებს „დართსის” სასროლ წვეტიან პატარა შუბებს ესროდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თურმე, ბალოტელი, ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს სპორტული მოსაცმლის წინა და უკანა მხარეს და, სპეციალურად მისთვის დამზადდა მოსაცმელების პარტია, რომლებსაც წინ და უკან სპეციალური ნიშნები აწერია.