კადიროვი „ბარსელონაზე” ოცნებობს
ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში 9 მაისს ახალი, 30-ათასიანი სტადიონი გაიხსნება და ამ მოვლენასთან დაკავშირებით ჩეჩნეთის მთავრობა გეგმავს, რომელიმე ევროპული ტოპ-კლასის კლუბი ჩამოიყვანოს, რომელიც ადგილობრივ „ტერეკთან” მატჩში საზეიმოდ გახსნის ახალ არენას. „ტერეკის” ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „იუვენტუსთან”, „მანჩესტერ სიტისთან” და „ბარსელონასთან”, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ფავორიტ გუნდად არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ევროპელები სერიოზულად არ განიხილავენ „ტერეკის” შემოთავაზებას, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახან კადიროვის საფეხბურთო ბენეფისში ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა, არ არის გამორიცხული, რომ ჩეჩნეთს რომელიმე ევროპული გრანდი ესტუმროს. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სტადიონის გახსნას დაესწრებიან „ფიფასა” და „უეფას” პრეზიდენტები: ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი, ხოლო სპეციალური სტუმრის სტატუსით გროზნოს, შესაძლოა, ზინედინ ზიდანი ესტუმროს.