კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ღორების ქურდობის გამომძიებელს



ყოფილმა პოლიციელმა შინაგან საქმეთა უწყებიდან ციხის უწყებაში გადაინაცვლა ოღონდ, პატიმრის სტატუსით. საქმე ეხება პოლიციის გამომძიებელს, რომელიც შესაშური თაღლითური ნიჭის წყალობით, ციხეში რვა წელს გაატარებს. „თბილისელები” მის შესახებ მოგითხრობთ და აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული პოლიციელის სისხლის სამართლის საქმე კლასიკური მაგალითია იმ სქემისა, თუ როგორ მდიდრდებიან უღირსი პოლიციელები უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე.

როგორ გაება გამომძიებელი მახეში

კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში ზაზა დ. 2005 წლიდან მუშაობდა. რამდენმა საქმემ გაიარა მის ხელში ადვილი წარმოსადგენია, მაგრამ ერთ ზაფხულს მის ხელთ აღმოჩნდა მისი თანასოფლელის საქმე. უფრო სწორად, თანასოფლელმა განცხადებით ოფიციალურად მიმართა პოლიციას, რომ 4 ჯიშიანი ღორი მოპარეს. საქმე ქურდობის ფაქტზე აღიძრა და გამოსაძიებლად ზაზა დ-ს დაეწერა. როგორც კანონი მოითხოვს, გამოძიებამ ღორების პატრონი დაზარალებულად ცნო და ცხადია იმავე სტატუსით დაიკითხა.

დრო გადიოდა. პოლიცია დაზარალებულს ვერაფრით დაეხმარა – ვერც ღორები იპოვეს და ვერც ქურდი, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, დაზარალებულმა პოლიციას ხელახლა მიმართა, რომ დამატებით დაეკითხათ, რადგან მან ღორების პოვნა, დაბრუნებაც და ქურდის დადგენაც საკუთარი ძალებით შეძლო. მართლაც, განცხადების საფუძველზე დაზარალებული მეორედ დაიკითხა და მისი მითითებით ქურდი, რომელიც თანასოფლელი აღმოჩნდა, პასუხისგებაში მისცეს.

ერთი სიტყვით, დაზარალებულმა საკუთარ გაჭირვებას თავად უშველა, მაგრამ ამ საქმის გამომძიებელმა „თაღლითურად, მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით” დაზარალებულის „მოწველა” დაგეგმა და ორიგინალური გეგმაც შეიმუშავა. რამდენიმე დღეში საკუთარი მობილურით დაურეკა და მეორე დღისთვის სამსახურში დაიბარა. მართლაც, დათქმულ დროს დაზარალებული გამომძიებელს კაბინეტში ესტუმრა და მისგან გამაოგნებელი ამბავი შეიტყო – გამომძიებელმა უთხრა, რომ ეჭვმიტანილი იყო ცრუ ჩვენების მიცემაში, თითქოს მისი ინფორმაცია მოპარულ ღორებზე ყალბი იყო და დაუკონკრეტა: „რომ გეთქვა ღორები დავიბრუნე და არა – ვიპოვეო, პრობლემა არ გექნებოდა”. მოკლედ, სიტყვებით თამაშით დაზარალებული მოატყუა, რომ ცრუ ჩვენებისთვის ციხე ელოდა, მაგრამ იქვე დაამშვიდა, დაგეხმარები, ოღონდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სანაცვლოდაც, 3 000 ლარია საჭიროო.

დაზარალებული ისე დაიბნა, ისე შეშინდა, რომ ადვოკატი აიყვანა, რომელმაც რამდენიმე დღეში გამომძიებელს დაურეკა და ჰკითხა, რა ხდებაო. როგორც ჩანს, გამომძიებელი არ ელოდა, რომ დაზარალებული დამცველს აიყვანდა და ამიტომ სიმართლე უთხრა – შენი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია და მას არანაირი პრობლემა არა აქვსო. ამის მიუხედავად, გამომძიებელი დაზარალებულს მაინც არ მოეშვა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, ისევ დაურეკა და შეხვედრა უკვე თბილისში მეტრო „ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაუთქვა.

ნოემბრის პირველ რიცხვებში ისინი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ დაზარალებული „პაემანზეც” ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. გამომძიებელი უკვე აღარ დაიბნა, პირდაპირ უთხრა, დახმარების სანაცვლოდ 2 000 ლარია საჭიროო და ამის შემდეგ, დაზარალებულთან სატელეფონო ზარებს მოუხშირა.

მოკლედ, დაზარალებულს თანხა არ ჰქონდა და თანხის გადახდის თარიღად დეკემბრის ბოლო რიცხვები განუსაზღვრა და ეს იმიტომ რომ, მას შემდეგ რაც გამომძიებელმა მოსვენება არ მისცა, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ჩააყენა საქმის კურსში, სადაც „ხელი გაუმართეს”, ანუ ფული უშოვეს. ამის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც დაზარებულმა თანხის პრობლემა მოაგვარა, გამომძიებელს უკვე თავად დაურეკა და ფულის შაბათ-კვირას გადაცემას დაჰპირდა. მეორე დღეს გამომძიებელმა თავად გადაურეკა – იქნებ თბილისიდან სოფელში თანხა რომელიმე „მარშუტკას“ გამოატანოო, მაგრამ ცხადია, დაზარალებულმა უარი უთხრა. ასე რომ მომხდარიყო, გამომძიებელი შესაძლოა, წყლიდან მშრალი ამოსულიყო, პოლიცია მას ვეღარაფერს უზამდა.

ბოლოს და ბოლოს, თანხის გადაცემა შედგა, მაგრამ 2 000 ლარის ნაცვლად, დაზარალებულმა გამომძიებელს 800 ლარი მისცა და საქმეც გაიხსნა – დაზარალებულმა გამომძიებელს ქიმიური ნივთიერებით წინასწარ დამუშავებული 800 ლარი ქრთამი გადასცა, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ გამომძიებელს ადგილზე უპოვა...

დაკავებულმა გამომძიებელმა არა მხოლოდ სრულად ცნო თავი დამნაშავედ, სასამართლოს განუცხადა, რომ ჩადენილს გულწრფელად ინანიებს.

დაზარალებულის ჩვენებიდან: „მართალია, პოლიციას ღორების დაკარგვაზე ვაცნობე, მაგრამ თავად ვცდილობდი პოვნას. ბოლოს თბილისში, სართიჭალის დასახლებაში მივაგენი და წამოვიყვანე. როდესაც გამომძიებელმა გამომიძახა, კაბინეტში შემიყვანა და მისაყვედურა, ჩემს გარეშე რატომ დაიბრუნე ღორებიო, თან განმიმარტა, რომ ჩადენილი მქონდა დანაშაული, რასაც 3 000 ლარად მომიგვარებდა. თანხა 1-2 კვირაში უნდა მიმეტანა. ვინაიდან კანონებში ვერ ვერკვევი, ადვოკატი ავიყვანე და გამომძიებელს ესაუბრა. თუმცა, უთხრა, რომ ეს საქმე ჯერ განხილული არ არის და ნუ მოხვალთო. ამის შემდეგ გამომძიებელმა კიდევ დამირეკა და ავლაბარში შეხვედრა მთხოვა. სწორედ ამ შეხვედრისას 2 000 ლარი მომთხოვა. დამატებით 40 ლარი ბენზინის ფულიც მოითხოვა, რაც ჩემმა ადვოკატმა მაშინვე მისცა. თანხა მან ჩემს თვალწინ გადასცა. ნოემბერში გამომძიებელმა კვლავ დამირეკა და ისევ ავლაბარში შევხვდით. მთხოვა 1 100 ლარი მიმეცა, დანარჩენი 900 მერე იყოსო, მაგრამ არ მქონდა და უარით წავიდა. რამდენიმე დღეში, კვლავ დამირეკა და მომთხოვა რომ 1 000 ლარი თვის ბოლომდე მიმეტანა. მივხვდი, რომ გამომძიებელს თანხის გამორთმევა უკანონოდ უნდოდა და ამიტომ მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას”.

ასე რომ, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა გენინსპექციასთან საქმე მოაგვარა, გამომძიებელს უკვე თავად გადაურეკა – თანხა მაქვს შეგროვილი და მოგცემო. ისინი ორ დღეში შეხვდნენ ერთმანეთს. მართალია, 800 ლარი მისცა, მაგრამ გამომძიებელი გულმოწყალე გახდა – შენი პრობლემა მოგვარებულია და დანარჩენი არ მინდა, დანარჩენი შენს ადვოკატს მიეციო...

სასამართლომ მოწმედ გამომძიებლის თანამშრომელიც დაკითხა, რადგან სწორედ მან ჩამოიყვანა ის თბილისში: „სამსახურში ვიყავი. დამირეკეს, რომ ჩემი დისშვილი იყო ძალიან ავად და მთხოვეს თბილისში ჩამოვსულიყავი. სამსახურიდან გავეთავისუფლე და ჯერ სახლში წავედი. ამ დროს ჩემთან ჩემი თანამშრომელი მოვიდა. ავუხსენი, ჩემი მდგომარეობა და ვთხოვე, გაჩერებამდე თავის მანქანით მივეყვანე, რომ თბილისამდე რამეს გავყოლოდი. მან კი შემომთავაზა ბენზინი ჩამისხი და მე წაგიყვანო. თბილისს რომ მივუახლოვდით, ტელეფონი მთხოვა, ვალი აქვთ ჩემი და უნდა დავრეკოო. მანქანა ავლაბართან გააჩერა, გადავიდა და დამიბარა – თუ მანქანასთან ვინმე მოვა დამირეკეო. დაახლოებით, ერთი საათი მომიწია ლოდინი. ამ დროს მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა და ტელეფონით რეკავდა. მივხდი, ჩემს თანამშრომელს ეძებდა, ამიტომ, გადავურეკე და ვაცნობე. მან კი, მიპასუხა, ვისაც უნდა შევხვედროდი, უკვე შევხვდიო. მანქანიდან გადავედი და დავინახე, რომ ჩემი თანამშრომელი ვიღაცას ელაპარაკებოდა. ჩემი გადასვლისთანავე ისინი ერთმანეთს დაცილდნენ. უკვე მანქანისკენ მოდიოდა, რომ დააკავეს”.

სასამართლომ საქმეში ჩართული ადვოკატიც დაკითხა, რომელმაც დეტალურად მოყვა რა ხდებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში. მისი თქმით, დაზარალებული რომ დაუკავშირდა უთხრა, გამომძიებელმა დამიბარა მორიგ შეხვედრაზეო და თავადაც გაჰყვა: „გამომძიებელი შეეცადა საქმეში გავერკვიე. საქმე მაჩვენა და ამიხსნა, რომ დაზარალებულმა სწორად არ თქვა, თუ როგორ იპოვა ღორები. საქმე გადავიკითხე და გამომძიებელს ვკითხე, როდის აპირებდა ამ საქმეების სასამართლოსთვის გადაცემას. მიპასუხა, სულ მალეო, მაგრამ მაშინვე დაამატა, სხვა გამოსავალიც არსებობსო – ჩვენების მის სასარგებლოდ შეცვლა. ჩემს კითხვაზე, ამას როგორ მოახერხებდა, მიპასუხა, საქმიდან ფურცელს ამოვხევ და სხვას ჩავდებო. შემოთავაზებაზე დავთანხმდით და პირად საქმეზე წავედი. გამომძიებელი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთად დარჩნენ. რომ დავბრუნდი, ჩვენება უკვე შეცვლილი იყო. გამომძიებელმა მითხრა, ალბათ გირაოს თანხა დასჭირდება და პასუხისგებაშიც მიეცემაო. ამაზე რომ აღარ დავთანხმდი, გამომძიებელმა გადააკეთა, ჩვენება უკვე შეცვლილია და მისი პასუხისმგებლობა არ დადგება, შესაბამისად, გირაოც საჭირო არ გახდება, სანაცვლოდ კი 1 000 ლარი გადაიხადეთო. იქვე გვითხრა, რომ საწვავის ფული არ ჰქონდა და 40 ლარი მივეცით. რომ დავცილდით გვითხრა, ფულზე თვითონ შეგეხმიანებითო”.

ასე იქცა გამომძიებელი თაღლითობაში ბრალდებულად, რის გამოც ციხეში 8 წელს გაატარებს...

ეკა ბარაბაძე


скачать dle 11.3