რატომ შეიძლება იყოს სექსუალური გადახრები დაკავშირებული შიზოფრენიასთან და არის თუ არა ლიბიდოს აქტივობა მემკვიდრული ფაქტორით გამოწვეული
სექსუალური გადახრები რიგით ადამიანთა და სპეციალისტთა ინტერესს ყოველთვის იწვევდა. რაც ანტიკურ საზოგადოებაში ნორმად ითვლებოდა, დღეს ამორალურად მიიჩნევენ, ან, შეიძლება, პირიქითაც არის. დროის განმავლობაში, ტექნიკური პროგრესის კვალდაკვალ, სულ ახალ-ახალი სექსუალური გადახრები ჩნდება, მაგალითად, ფროტაჟი, უროლაგნია და სხვა. ამ თემაზე სექსოლოგი გია ბეროშვილი გვესაუბრება.
– ბატონო გია, განგვიმარტეთ, უწინარესად, რა არის სექსუალური დევიაცია?
– „დევიაცია“ ლათინური სიტყვაა და გადახრას ნიშნავს. შესაბამისად, სექსუალური დევიაცია აღნიშნავს სექსუალურ გადახრას ნორმიდან. დღეს მისი ყველაზე მისაღები ტერმინი მედიცინაში არის პარაფილია. „პარაფილია“ ბერძნული სიტყვაა და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „სიყვარულთან ახლოს”. სამედიცინო ტერმინოლოგიაში კი იხმარება როგორც აღმნიშვნელი მდგომარეობისა, როდესაც სექსუალური ლტოლვა და სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა არა საყოველთაოდ მიღებული, ეგრეთ წოდებული სექსუალური ქცევებისგან, არამედ ადამიანის ფანტაზიებში აღმოცენებული არასტანდარტული განცდებისა და მისწრაფებებისგან, რომლებიც შემდგომ დომინირებენ მის სექსუალურ ქცევაშიც. პარაფილიების დროს სექსუალური ლტოლვის ობიექტი შეიძლება გახდეს ტანსაცმელი, თეთრეული, მცირეწლოვანი არსება, ცხოველი და ასე შემდეგ. აგრეთვე, სადომაზოხისტური ქცევები, უხამსი სატელეფონო საუბრები. აღსანიშნავია, რომ პარაფილიები უფრო მეტად გამოხატულია მამაკაცებში. ეს ტერმინი იხმარება სექსუალური დევიაციის სინონიმად.
– რასთან არის დაკავშირებული კონკრეტულ ადამიანში სექსუალური გადახრის აღმოცენება?
– უკვე აღვნიშნე, რომ ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს ფსიქიკურ დაავადებებთან: ოლიგოფრენიასთან, შიზოფრენიასთან, ჰორმონალურ სომატურ პრობლემებთან, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებებთან, რომელთა მიზეზი შეიძლება იყოს სისხლის მიმოქცევის მოშლა, ტრავმული დაზიანება, ასაკობრივი ჭკუასუსტობა და სხვა – მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია კულტურული ფაქტორებიც, თუ რა ინფორმაციას იღებს და რა გარემოში იზრდება ბავშვი და სად უწევს მას შემდეგ ცხოვრება.
– მემკვიდრეობითი ფაქტორი თუ თამაშობს რაიმე როლს ამ საკითხში?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ცოტა არ იყოს, ძნელია, იმდენად, რამდენადაც მემკვიდრეობითობა, გენეტიკური ფაქტორი ჯერ კიდევ არ არის მედიცინის მიერ ბოლომდე შესწავლილი. ასე რომ, გადაწყვეტით თქმა, რომ სადისტის შვილი აუცილებლად სადისტი იქნება ან მაზოხისტის შვილი – მაზოხისტი, არ შეიძლება.
– რომელი სექსუალური გადახრებია ყველაზე მეტად გავრცელებული?
– სექსუალური დევიაციების კლასიფიკაცია, მკითხველისთვის რომ იყოს გასაგები, პირობითად, შეიძლება, ასე ჩამოვაყალიბოთ: სექსუალური ლტოლვა ობიექტისადმი, მაგალითად: ფეტიშიზმი, ზოოფილია, პედოფილია და სხვა (ამათ ქვემოთ ავხსნი); სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევის მცდელობები: სადომაზოხიზმი, ექსჰიბიციონიზმი. განიხილავენ, ასევე, სქესობრივი აუტიოდენტიფიკაციის დარღვევას – ტრანსსექსუალიზმს. ინცესტი და პროსტიტუციაც კი განიხილებოდა არატიპური სექსუალური გადახრების რიგში. დევიაციების სია ძალიან გრძელია, ამიტომ, რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი:
ფეტიშიზმი – ანუ სექსუალური ლტოლვა ობიექტის სხეულის რომელიმე ნაწილისადმი, მისი ტანსაცმლისადმი ან ნებისმიერი ნივთისადმი, რომელიც აღძრავს ამ ობიექტის ასოციაციას (უცნაური სახესხვაობაა აივ ფეტიშიზმი – შიდსით დაავადებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მანია).
ექსკრემენტოფილია – ადამიანის ფეკალიებთან შეხების, დაყნოსვის, სხეულზე წასმის გზით სექსუალური სიამოვნების მიღება.
უროლაგნია (უროფილია) – ყნოსვითი ფეტიში ამ დროს შარდის სუნია.
პოლუციონიზმი – სპერმის სხეულზე წასმისკენ სწრაფვა.
ექსჰიბიციონიზმი – სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევა საკუთარი სხეულის და კერძოდ, გენიტალიების გაშიშვლება სხვა ადამიანების თვალწინ.
ვუაიერიზმი – სხვა ადამიანების სექსუალური აქტის თვალთვალისადმი ლტოლვა, რომელსაც, შეიძლება, ახლდეს მასტურბაციაც.
სადომაზოხიზმი – ანუ სხვისი და საკუთარი სხეულისადმი ტკივილის მიყენებისადმი, დამცირებისადმი ლტოლვა, რომლის დროსაც პიროვნება იღებს სექსუალურ კმაყოფილებას.
ფროტაჟი – სექსუალური სიამოვნების მიღება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, სასურველი ობიექტის სხეულზე სასქესო ორგანოებით შეხება, ხახუნი, მჭიდრო კონტაქტი.
– რატომ არ ითვლება გადახრად ჰომოსექსუალიზმი, თუ, ადამიანი ამ ორიენტაციით თავიდანვე იბადება?
– დღეისათვის ჰომოსექსუალიზმი, როგორც მამაკაცთა ისე ქალთა – ამოღებულია სამედიცინო დაავადებების სიიდან, შესაბამისად, ის დაავადებად არ ითვლება. სამედიცინო თვალსაზრისით, დღეს მიღებულია, რომ გარკვეული ნაწილი მოსახლეობისა იბადება ამ ორიენტაციით და ეს ნაწილი ძალიან მცირერიცხოვანია.
– ჰომოსექსუალი ადამიანი ფსიქიკურად და ფიზიკურად ისეთივე ჯანმრთელია, როგორც ნორმალური ჰეტეროსექსუალი?
– ჰომოსექსუალი ადამიანი ისეთივე ადამიანია, როგორც ჰეტეროსექსუალი. უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, მათი ორიენტაციის ობიექტია განსხვავებული: მამაკაცისთვის – მამაკაცი და ქალისთვის – ქალი. რაც შეეხება მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ორივე ორიენტაციის პიროვნება ერთნაირი „წარმატებით” შეიძლება იყოს ფსიქიკურად დაავადებული, არანაირი განსხვავება მათ შორის ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის.
– რატომ არ არის სექსუალური დევიაციის მკურნალობა უშუალოდ სექსოლოგის კომპეტენცია?
– სექსუალური დევიაციები, როგორც უკვე მოგახსენეთ, უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია ფსიქიკურ აშლილობებთან, ენდოკრინულ დარღვევებთან, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებებთან. ამიტომ, შესაბამისად, ეს კონტინგენტი სამკურნალოდ სექსოლოგთან არ ხვდება და მათი მიმართვიანობა შესაბამისი კატეგორიის კლინიკებისადმია. თუმცა, მე არ ვიტყოდი, რომ სექსოლოგს არ შეუძლია, უმკურნალოს ასეთი ტიპის პრობლემებს თუ მას ამ მხრივ შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია გააჩნია, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკეთესია კომპლექსური მიდგომა, ანუ მკურნალობაში ჩართული უნდა იყვნენ სექსოლოგებიც, ფსიქიატრებიც, ენდოკრინოლოგებიც და ნევროლოგებიც, რადგან პათოლოგია, შეიძლება, არ იყოს მხოლოდ ერთი გენეზით გამოწვეული.
– საერთოდ, თუ ექვემდებარება დევიაცია მკურნალობას?
– გააჩნია დევიაციის ფორმას. ასეთი ტიპის დარღვევების მკურნალობა არ არის ადვილი, თუმცა, მკურნალობას ექვემდებარება და, როგორც უკვე გითხარით, ყველაზე უკეთესია კომპლექსური მიდგომა მისადმი. ამიტომ, ამ კონტინგენტის მკურნალობა-რეაბილიტაცია, როგორც წესი, მიმდინარეობს ამისთვის სპეციალურად მოწყობილ დაწესებულებებში, რომლებიც ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არსებობს.
– ითვლება თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით პათოლოგიად ორალური და ანალური სექსი? რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოჰყვეს თითოეულ მათგანს?
– მოკლედ გეტყვით, სამედიცინო თვალსაზრისით არა: თუ ეს მისაღებია ორივე სექსუალური პარტნიორისთვის, ამაში ამორალურიც არაფერია, უბრალოდ, ასეთი სახის კონტაქტები არ უნდა შეიცავდეს იძულების ან ძალადობის ელემენტებს. თუმცა, ბუნებრივად არსებული სასქესო ორგანოები მამაკაცის პენისი და ქალის საშოა, ამიტომ, ორალური და ანალური კონტაქტები, შეიძლება, ხასიათდებოდეს მეტი ტრავმატიზმით, მაგალითად ანალური კონტაქტისას, არსებობს რისკი ანალური სფინქტერის დაზიანების, ნახეთქების, შემდგომში მათი დანაწიბურების, ასევე, სწორი ნაწლავის დაზიანების, რაც, შეიძლება, გახდეს პროქტიტებისა და პარაპროქტიტების, ბუასილის და ასე შემდეგ მიზეზი. მამაკაცს, შეიძლება, დაემართოს ურეთრიტი, ცისტიტი, რადგან უკანა ტანის მიკროფლორა მაინც არასპეციფიკურია მისთვის. ასე რომ, ასეთი კონტაქტებისადმი ხშირი მიმართვა მაინცდამაინც არ არის რეკომენდებული.
– ვხვდებით თუ არა გარდატეხის ასაკში ონანიზმით მეტისმეტ გატაცებას და არის თუ არა ეს გადახრა?
– ონანი – ეს იყო მითოლოგიური პიროვნება, რომელიც მშობლებმა აიძულეს, რომ ცოლად შეერთო თავისი გარდაცვლილი ძმის მეუღლე. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საკუთარ რძალთან სექსუალური კონტაქტები და ის ამას თავს არიდებდა იმით, რომ ეწეოდა მასტურბაციას და ასე იკმაყოფილებდა თავის სექსუალურ სურვილს. აქედან წარმოიშვა ტერმინი „ონანიზმი“. მასტურბაცია სექსუალურ გადახრად არ ითვლება და მას განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ სქესობრივი მომწიფების ასაკში, სხვათა შორის, არა მარტო მამაკაცები. ასევე, ეს ქმედება შეიძლება, ტარდებოდეს იმის გამოც, რომ არ არსებობს სექსუალური პარტნიორი, ასევე, ხანგრძლივი იძულებითი ან არაიძულებითი სქესობრივი თავშეკავების პერიოდშიც. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფსიქიკური აშლილობის დროს ხშირია ეს ფენომენი, მაგრამ ეს არის ფსიქიკური პათოლოგიით გამოწვეული, და არა პირველადი.
– მაინტერესებს, ლიბიდოს აქტივობა გენეტიკაზე თუ არის დამოკიდებული?
– თქვენ, ალბათ, გულისხმობთ, რომ, თუ პიროვნების წინაპარი ხასიათდებოდა ძლიერი სექსუალური ლტოლვით მისი შთამომავლებიც ასეთივე მონაცემებით იქნებიან „დაჯილდოებულნი“? არა, აქ გენეტიკა არაფერ შუაშია.
– პორნოგრაფია თუ თამაშობს როლს სექსუალური გადახრების აღმოცენებაში?
– პორნოგრაფიის ყურება, შეიძლება, ამ შემთხვევაში განვიხილოთ, როგორც გარკვეული ტიპის რისკ-ფაქტორი და, შესაბამისად, არასასურველია, არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მოზარდი ამას უყურებდეს. პორნოჟურნალებიც და პორნოვიდეორგოლებიც ჯერჯერობით ძველ, „ტრადიციულ” გამოცდილებებზეა აგებული. თუმცა, ტექნიკურმა პროგრესმა სტიმული მისცა მათ მოდიფიცირებას, მიმაჩნია, რომ ეს მასობრივი საშუალებების მეშვეობით განსახილველი თემა არ არის. დასასრულ კი გეტყვით, რომ, უმჯობესია, სექსუალური განათლება მოზარდმა მიიღოს კომპეტენტური ადამიანებისგან, სპეციალისტებისგან, ვიდრე თვითონ, ფარულად მოიპოვოს მდარე ხარისხის არაკვალიფიციური პორნო თუ ეროტიკული მასალა, სადაც მრავალი რამ დამახინჯებულადაა გადმოცემული და მცდარ ინფორმაციას აწვდის მოზარდს საკუთარი სექსუალობის შესახებ.