კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს „პასქა“ და როგორ უნდა შეხვდეს ქრისტიანი აღდგომის დღესასწაულს

სულ მალე მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს, რომელსაც წინ ვნების შვიდეული უძღვის. თუ რა მოვლენები უძღოდა აღდგომას, როგორ გაიარა მაცხოვარმა გოლგოთისკენ მიმავალი გზა და როგორ უნდა გაატარონ ქრისტიანებმა ვნების კვირეული, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

– დიდმარხვა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი – ორმეოცი, რომელიც მთავრდება ბზობას და მეორე – ვნების შვიდი დღე, რომელსაც განსაკუთრებით იხსენიებს ეკლესია და მას ეწოდება მარხვის აღმატებული ნაწილი. ვნების შვიდეულის დღეებს, როგორც ცნობილია, თითოეულს ჰქვია „დიდი“, ანუ, ამ დღეების მნიშვნელობა არის დიდი და უნდა გულისხმაჰყოთ, თუ რა დღეები გაიარა განკაცებულმა იესო ქრისტემ ჩვენი ცხონებისთვის. სხვაგვარად აღდგომის სიხარულს ვერ ვიზეიმებთ. იერუსალიმში დიდებით შესვლის შემდეგ, მაცხოვარი გამოდის იერუსალიმიდან და მოწაფეებთან ერთად ბეთანიაში ბრუნდება. მას გზაზე ხვდება უნაყოფო ლეღვის ხე, რომელზეც მაცხოვარი ვერ იპოვის ლეღვის ნაყოფს და შერისხავს, დასწყევლის: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე“ და მეყსეულად გახმა ლეღვის ხე.

– ეს რას ნიშნავდა?

– აქ ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ცხოვრებაში კეთილი ნაყოფი არ გამოუღიათ, ანუ უნაყოფო ლეღვის ხე იყო ჰურიათა (იუდეველთა) სახე როგორც ლეღვის ხეს ჰქონდა ფოთოლი და გარეგნობა ნაყოფიერი ხისა, ასევე ებრაელებს ჰქონდათ გარეგნულად დაცული სჯული და კანონი მოსესი, მაგრამ, როგორც ხეს არ ესხა ნაყოფი, ასევე უნაყოფო და ღვთის არასათნომყოფელნი იყვნენ ისინიც. ლეღვი არის სიმბოლო იმისა, რომ უნაყოფო ადამიანს ღმერთი გზავნის საუკუნო სატანჯველში, ის ცოდვილია, მას არც აღდგომა უხარია და არც შობა. ლეღვის ხის გახმობით უფალი დაემუქრა ებრაელებს, რომ, თუ არ შეინანებდნენ, ისინიც ისე დაისჯებოდნენ ღმერთისგან. ეს იყო მკაცრი გაფრთხილება ყოველი კაცისთვის, ვისაც არ აქვს სწორი სარწმუნოება და სიყვარული უფლისა.

დიდ სამშაბათს მაცხოვარი ფარისევლებსა და მწიგნობრებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, უქადაგებს ჭეშმარიტებას, თუ რატომ მოვიდა მესია. ის ცდილობდა, მათში გაეღვიძებინა სინდისი და მოეხმო სინანულისკენ, რისთვისაც იგავებით ესაუბრებოდა. ერთ იგავში იესო ამხელდა ფარისევლებს, რომლებიც ღვთისმოსაობას იჩემებდნენ და საქმით კი არც სინანულს ამჟღავნებდნენ და არც უფლის ნებას აღასრულებდნენ. სხვა იგავში ლაპარაკი იყო უფლისადმი ებრაელთა სულიერი წინამძღოლობის შეგნებულ დაპირპისპირებაზე, რომელთაც ბოროტი მევენახეების სახით წარმოადგენდა, რომლებსაც პატრონისადმი, ანუ უფლისადმი მადლიერების ნაცვლად, ბოროტება ჩაედოთ გულში. ფარისევლები გამოსაცდელად აჩვენებენ მაცხოვარს დრაჰკანს და ეკითხებიან, გადაუხადონ თუ არა კეისარს გადასახადი. მაცხოვარი მათ ეკითხება, თუ ვინ არის მასზე გამოსახული და, როდესაც პასუხობენ – კეისარიო, ის ამბობს: „მიეცით კეისრისა კეისარს, უფლისა – უფალს“. ამ პასუხმა განაიარაღა ფარისევლები, ამის შემდეგ მაცხოვარმა ამხილა სადუკეველნიც, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას ეწინააღმდეგებოდნენ და ისევ საგონებელში ჩააგდო ფარისევლები. მათ უკვე აღარაფერი დარჩათ საპასუხო და იესომ მთელი ხალხისა და მოწაფეების წინაშე მკაცრი სიტყვა წარმოთქვა, სადაც ამხილა ისინი რჯულის ღალატსა და თვალთმაქცობაში. ფარისევლებმა, მიხვდნენ რა, რომ მაცხოვარმა ისინი კიდევ ერთხელ ამხილა, საბოლოოდ განიზრახეს, რომ ის შეეპყროთ და სიცოცხლისთვის გამოესალმებინათ. ისინი პასექამდე ორი დღით ადრე შეიკრიბნენ უხუცესებთან და მწიგნობრებთან ერთად მღვდელმთავარ კაიაფასთან და მოითათბირეს, რომ მზაკვრულად შეეპყრათ მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. მღვდელმთავარმა კაიაფამ კი თქვა, ჯობია, ერთი ადამიანი წარწყმდეს, ვიდრე მრავალი ცდუნდესო. ეს სიტყვები მას სულიწმიდის მადლმა ათქმევინა და ეს იყო უფლის ნება.

იუდა ისკარიოტელი ოთხშაბათს, ანუ შემდეგში უკვე დიდ ოთხშაბათს წავიდა მღვდელმთავრებთან და ჰკითხა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ მოუწოდეს 30 ვერცხლი და მას აქეთ ის ეძებდა მომენტს, რათა გაეცა უფალი. ოცდაათი ვერცხლი მაშინ იყო მწყემსის წლიური ჯამაგირი ან უბრალო მონის სიცოცხლის საგზური. იუდა ისკარიოტელის გამცემლობის ნიშნად, ოთხშაბათს, პარასკევთან ერთად, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, დაწესდა მარხვა, რომელიც ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანმა უნდა შეინახოს.

– რა მოვლენები აღესრულა დიდ ხუთშაბათს?

– დიდი ხუთშაბათი არის საიდუმლო სერობის დაწესების, დიდი სულიერების ისტორიული დღე, როდესაც იესო ქრისტემ ინება, პასექი მოემზადებინათ მისთვის. „პასექი“, ებრაულად „ფესახ“ – ნიშნავს გამოსვლას, გადარჩენას. როდესაც მოსემ ებრაელები გამოიყვანა ეგვიპტის მონობისგან, იმ დღეს დაწესდა პასექი, რაც ჩვენთვის არის „პასქა“, იესო ქრისტეს აღდგომა და ჩვენი გამოყვანა ცოდვის მონებისგან. ხუთშაბათ დღეს, როდესაც მაცხოვარი მოციქულებთან ერთად ინახად იჯდა, აიღო პური, განტეხა და უთხრა: „ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მოსატევებლად ცოდვათა“. შემდეგ აიღო სასმისი, მოციქულებსა და ამჟამინდელ ეკლესიას მოგვცა კურთხევა: „ხუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლის აღთქმისაი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული, მისატევებლად ცოდვათა“. სწორედ იმ დღეს დაწესდა ევქარისტია, ანუ სამადლობელო, უსისხლო მსხვერპლი ზიარების სახით და დღესამომდე და მეორედ მოსვლის ჟამამდე, ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას და მორწმუნეები ეზიარებიან. ამის შემდეგ მაცხოვარმა კიდევ ერთხელ უთხრა მოციქულებს, ერთ-ერთი თქვენთაგანი გამცემსო. იუდას გარდა ყველა მოციქულმა ჰკითხა: „მე ხომ არ გავაკეთებ ამას, უფალო?“ მაცხოვარმა უპასუხა, ვისაც მივაწვდი ზიარებას, ის გამცემსო და, როდესაც იუდას ჯერი დადგა, მას უთხრა რაც გეგმაში გაქვს, ის აასრულეო. ეს ძალიან საკამათო ადგილია. ბევრი იფიქრებს, ქრისტემ რატომ არ მისცა იუდას მონანიების საშუალება, რატომ არ უთხრა, შენ გამცემო. რა თქმა უნდა, უთხრა და მისცა შესაძლებლობა, რომ მოენანიებინა თავისი დანაშაული და ღმერთი მას მიუტევებდა. მაგრამ, როგორც წერია, მასში შევიდა სატანა, ანუ იუდა უღირსად, არასწორად ეზიარა და შესცოდა. ამ დღეს დაბანა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ფეხები, რითაც მათში თავმდაბლობისა და მოყვასის სიყვარულის გრძნობას ნერგავდა. საღამოს მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად გეთსამანიის ბაღში მიდის და ლოცულობს. მაცხოვარი ტირის, გოდებს, მას ტირილის დროს მოსდის ოფლი, რომელიც სისხლად იქცევა. ეს ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი მომენტია. ამ დროს ეკლესიაში ყოველთვის იკითხება 12 სახარება და მორწმუნეები სანთლებით ხელში ისმენენ წმიდა სახარებას, რაც შეგვახსენებს მაცხოვრის ლოცვას გეთსამანიის ბაღში. დიდი პარასკევი – ეს არის მაცხოვრის ჯვარცმის დღე. ჯვარი, გოლგოთაზე სიარული, ტირილი, გოდება, შეხსენება იმისა, როგორ ზრუნავს უფალი ჩვენზე, რომელმაც დაამარცხა ეშმაკი, ყოველივე ამას დაემორჩილა, იტვირთა ჯვარი, დაიმდაბლა თავი, ავიდა გოლგოთაზე და ჩვენი ცხონებისთვის ავიდა ჯვარზე, ორ ავაზაკს შორის. ეს არის სიმბოლო კაცობრიობისა: ერთნი, რომელნიც ნანობენ საკუთარ დანაშაულს, უფალს მოიხსენიებენ და ცოდვათა შენდობას ითხოვენ; მეორენი – თუ შენ ღმერთი ხარ, გადაგვარჩინე, გვიჭირს, გვშია, გვწყურიაო და მარცხნივ დგებიან. ვნების კვირას უნდა დავიკავოთ ადგილი, მაცხოვრის მარჯვნივ გვინდა დგომა თუ მარცხნივ. მარჯვნივ დგომა – ეს არის უფალთან ყოფნა, გადარჩენა, ხოლო მარცხნივ – ეშმაკთან ყოფნა, წარწყმედა და საუკუნო სატანჯველი.

დიდ შაბათს კი მაცხოვარი ჩადის საპყრობილეში, ჯოჯოხეთში და მართალთა სულებს უქადაგებს. როგორც ვიცით, ქრისტემდე ყველა ადამიანი, მართალიც და ცრუც მიდიოდა ჯოჯოხეთში, სადაც იყო აბრაამის წიაღი. იქ არ იყო წყვდიადი, მართლები მიდიოდნენ იქ, ხოლო დანარჩენები ჯოჯოხეთში ტანჯვაში იმყოფებოდნენ. მაცხოვარი, როდესაც ის დიდ შაბათს ჩადის დილეგში, უქადაგებს ოდესღაც ურჩებს და ისინი ამოჰყავს სასუფეველში. ამიტომ, ძირითადად შაბათ დღეს ვიხსენებთ მიცვალებულებს. აი, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ უნდა შეხვდეს ადამიანი აღდგომას, რომელიც არის დღესასწაულთა დღესასწაული. ჯერ არის აღდგომა, მზე, დისკო და შემდეგ სხივების სახით მისგან გამოდის ყველა დღესასწაული. ძალიან ბევრი ქრისტიანი აღდგომის სიხარულს წითელ კვერცხს, პასქასა და ხორცს უკავშირებს. წირვის შემდეგ ეკლესია აკურთხებს კვერცხსა და ხორცს, გვთავაზობს მის ზომიერად და სიხარულით მიღებას. რადგან აღდგომა სულიერი დღესასწაულია, ადამიანმა, რომელიც ორი სამყაროსგან შედგება, ის ჯერ სულიერი სამყაროთი უნდა იზეიმოს და შემდეგ – ხორციელით.


скачать dle 11.3