სიბრძნე მინიატურებში
გურუ და მარგალიტები
ერთხელ, გურუ მდინარის ნაპირას მედიტაციას მისცემოდა. ამ დროს მივიდა მისი მოწაფე და მასწავლებლის ფეხებთან სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ორი არნახული სილამაზის მარგალიტი მოწიწებით დადო. გურუმ თვალები გაახილა, ერთ მარგალიტს წვდა და აიღო, მაგრამ მოულოდნელად მარგალიტი გასხლტა, ნაპირზე დაგორდა და მდინარეში ჩავარდა. გაოგნებული მოწაფე წყალში გადაეშვა, ყვინთავდა, მარგალიტს ეძებდა. საღამომდე ეტანჯა, მაგრამ ვერ იპოვა დანაკარგი. ქანცგაწყვეტილი, ძალაგამოცლილი და ღონემიხდილი გურუს ეახლა. მედიტაცია შეაწყვეტინა და შესთხოვა: – ხომ დაინახე, სად ჩავარდა მარგალიტი. მიმითითე ის ადგილი და შენთვის მას მდინარიდან ამოვიღებ. გურუ სწვდა მეორე მარგალიტს, მდინარეში ისროლა და უპასუხა: – აი, იქ!
სულელი ბრძენი
ერთ ბრძენკაცს ისეთი ადამიანის სახელი გაუვარდა, რომელსაც საღი აზროვნების, ფაქტების მწყობრად გადმოცემისა და საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი დაჰკარგვოდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გამოეცადა იგი და დაადგინა, რამდენად შეესაბამებოდა ამ კაცის საქციელი საზოგადოებივ წესრიგს და საშიში იყო თუ არა. გამოცდის დღეს ბრძენკაცმა, ვირზე უკუღმა შემომჯდარმა, ყველას დასანახად ჩაიარა სასამართლო დარბაზის წინ. სიტყვა რომ მისცეს, მან მოსამართლეებს მიმართა: თქვენ რომ დამინახეთ, რომელ მხარეს ვიყურებოდი?
– ვირი წინ მიდიოდა, შენ კი გზის საპირისპიროდ, უკან იმზირებოდი, მაშასადამე, არასწორი მიმართულებით იყურებოდი.
– აი, ჩემი პასუხი თქვენს ყველა კითხვაზე, – გაეღიმა ბრძენკაცს, – ჩემი შეხედულებისამებრ, მე ვიყურებოდი სწორი მიმართულებით, შესაბამისად, არასწორად ეს ვირი მოძრაობდა.
სამოთხესა და ჯოჯოხეთში
მოკვდა ერთი კაცი და ხუთი წუთის შემდეგ გაცოცხლდა. გაკვირვებულმა ექიმებმა ჰკითხეს, რა ნახა იმქვეყნად, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა, რომ უფალმა მისთვის გამონაკლისი დაუშვა, სამოთხეც აჩვენა და ჯოჯოხეთიც. – და რა ხდება იქ, ჯოჯოხეთში? – სულმოუთქმელად ელოდებიან პასუხს ცნობისმოყვარე ექიმები... – ჯოჯოხეთში უზარმაზარი და უსასრულო მაგიდა დგას, უგემრიელესი კერძებით სავსე. მაგიდასთან საშინლად მშიერი ცოდვილები სხედან და ნერწყვს ყლაპავენ – ერთ ლუკმასაც ვერ სინჯავენ. – ნუთუ არაფრის აღების ნებას არ აძლევენ? – როგორ არა, ყველაფერი შეუძლიათ მიირთვან, მაგრამ იცით, რატომ ვერ ჭამენ? იდაყვში ხელების მოხრა არ ძალუძთ, აი, ასე იტანჯებიან სამარადისოდ. – და სამოთხეში რაღა ხდება? – კვლავ კითხულობენ გაკვირვებული ექიმები, – სამოთხეშიც ისეთივე უზარმაზარი, ძვირფასი საჭმლით სავსე მაგიდა დგას, რომლის ირგვლივაც მართალნი სხედან, მაგრამ ვერც ისინი ხრიან ხელებს იდაყვში. ნუთუ ისინიც მშივრები არიან? – საზღვარი აღარ აქვს ექიმების გაოცებას. – არა, ისინი ერთმანეთს კვებავენ.