როგორ მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან „შუა ქალაქში“ კახა ჯოხაძე
სერიალ „შუა ქალაქში“ დროდადრო ახალი პერსონაჟები იმკვიდრებენ ადგილს. მათ შორის არის თამარ ღლონტზე შეყვარებული ვახოც, რომელიც ყველანაირად ცდილობს თამარის გულის მონადირებას. ვახო, იგივე კახა ჯოხაძე, პროფესიით მსახიობია, მაგრამ ბოლო პერიოდში „რუსთავი 2-ში“ დილის პროგრამის მონტაჟზე მუშაობს. კახა 27 წლის არის, ჰყავს ასევე პროფესიით მსახიობი მეუღლე ნინო შერმადინი და ქალ-ვაჟი.
კახა ჯოხაძე: სტუდენტობის პერიოდში, მეორე კურსზე რომ ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაუწყებლო თეატრში ვმუშაობდი. თეატრალური ინსტიტუტი 2004 წელს დავამთავრე. იმავე წელს მე და ჩემმა რამდენიმე ჯგუფელმა ქასთინგი გავიარეთ და „ვაკის თეატრალურ სარდაფში“ აგვიყვანეს, მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც. იქ თითქმის ორი წელი ვიმუშავეთ, მერე კი წამოვედი. ამის მერე ჩემი, როგორც მსახიობის კარიერა გაჩერდა. არც არანაირი პერსპექტივა იყო, რომელიმე თეატრში რომ მივსულიყავი. ამიტომ გადავწყვიტე, სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი. რამდენიმე თვე სპორტულ რადიოში საინფორმაციო წამყვანად ვმუშაობდი (რადიო „ჯაკო“), მას მერე კიდევ უამრავი რამ მოვსინჯე. დეიდაშვილს ბარი-გალერეა ჰქონდა და იქაც კი ვიმუშავე ცოტა ხანი ადმინისტრატორად.
– „შუა ქალაქში“ როგორ მოხვდი?
– „შუა ქალაქის“ პირველ ქასთინგში მივიღე მონაწილეობა. მახსოვს, სამსახურის შემდეგ მივედი და ძალიან დაღლილი ვიყავი. მე ბოლოს გავედი. დღის ბოლო იყო და ისინიც ძალიან გადაღლილები იყვნენ. თუ შეიძლება ითქვას, ერთმანეთს გავეცანით. მას მერე აღარ შემომხმიანებიან. ისიც არ ვიცოდი, რომ მსახიობებს მას მერე რამდენიმე ეტაპი კიდევ გაუვლიათ. გავიდა დრო და, ჩემდა მოულოდნელად, დამირეკეს, შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება და მეც დავთანხმდი. ვახო ერთჯერადი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ჩემდა სასიხარულოდ, დარჩა და ჯერჯერობით „შუა ქალაქშია.“ დადებითი პერსონაჟია და ხალხს ახალისებს. როგორც ამბობენ, ვახომ გაამართლა და, მოთხოვნადი პერსონაჟია, რაც ძალიან მსიამოვნებს. სიმართლე გითხრათ, ამ როლზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან შეყვარებული ბიჭი არასდროს მითამაშია. გარეგნობიდან გამომდინარე ასეთი გმირის განსახიერება ჩემში არ „ჯდებოდა“, თანხვედრა არ იყო. ამიტომ რეჟისორები სულ ანტიგმირებს მათამაშებდნენ, რომელსაც მინუსი უფრო მეტი აქვს ვიდრე პლუსი. ვახოს განსახიერება ძალიან გამიჭირდა, ძალიან დაძაბული ვიყავი და სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი, თითქოს მეჩოთირებოდა, რადგან არასდროს არავისთვის მითქვამს.
– რა მსგავსებას ხედავ შენსა და ვახუშტის შორის?
– ჩემსა და ვახოს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ის ადამიანი თავისებურად რომანტიკული, ცოტა მორიდებული, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, გაბედული და ძალიან მიზანმიმართულია. მე არც რომანტიკოსი ვარ და არც მიზანმიმართული. თუ წინ რამე დაბრკოლება დამხვდა, შეიძლება, ერთი-ორჯერ მოვსინჯო, მაგრამ მერე ვნებდები. მორიდებული არ ვარ. იმედია, ჩემი ცოლი არ მიწყენს, მაგრამ იმდენად არ ვარ რომანტიკოსი ადამიანი, რომ ყვავილიც კი არ მიჩუქებია მისთვის.
– რატომ, ეს ერთგვარი კომპლექსი ხომ არ არის?
– ალბათ, კომპლექსია.
– დაბნეული თუ ხარ ვახოსავით?
– არა, დაბნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარ თუ გამოუძინებელი ვარ.
– მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული მამაკაცის როლი ადრე არასდროს გითამაშია, რეალურ ცხოვრებაში მაინც ხომ ყოფილხარ შეყვარებული – გყავს მეუღლე და ორი შვილი. მაშინ როგორი იყავი, როცა მომავალი მეუღლე შეგიყვარდა?
– ალბათ, ისეთივე, როგორც ყოველთვის. არასდროს „დავფრინავდი“, სიტუაციას რეალურად ვუყურებდი. ოჯახი შევქმენი, მაგრამ ქორწილის გადახდაც არ მინდოდა. ტრადიციების მიმდევარი კი ვარ, მაგრამ თავშეყრის ადგილებს ყოველთვის ვერიდები. ნიშნობის მერე მეუღლესთან ერთად ორი წელი ვცხოვრობდი ისე, რომ ქორწილი არც გვქონია, მხოლოდ ჯვარი დავიწერეთ, როგორც იქნა, დავიყოლიე ჩემი ცოლი, რომ ქორწილი არ გადაგვეხადა, რადგან ჩემგან განსხვავებით, მას უნდოდა. ორი შვილი მყავს, რომელთათვისაც ყველაფერს გავაკეთებ, იმასაც კი, რაც არასდროს გამიკეთებია.
– სახლში როგორი ხარ?
– სახლში ძალიან წყნარი და დამჯერი ვარ. მაგრამ ცუდი ხასიათი მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სულ დაღლილი ვარ. ფაქტობრივად, სულ მოშლილი ვარ და მეძინება. სხვათა შორის, ოჯახის წევრებს გაფუფუნებული ვყავარ.
– მეუღლე რომ არ გყავდეს, წარმოიდგენ, რომ თამარ ღლონტისნაირი გოგო მოგეწონოს და მზად იყო იმისთვის, რომ ის შენი მეორე ნახევარი გახდეს?
– თამარისნაირი გოგო ცოლად რომ მომეყვანა, რა თქმა უნდა, მის გაძლებას შევძლებდი. ცუდი ადამიანი არ არის, არაფერს ცუდს არ აკეთებს, არავის არაფერს უშავებს, უბრალოდ, რაღაც თვისებები სხვაზე მეტი აქვს. მართალია, მძიმე ადამიანია, მაგრამ კარგად გაგება და მორგება უნდა.
– შენს ცოლსა და თამარს შორის თუ არის რამე მსგავსება?
– არანაირი, ნინო სრულიად განსხვავებულია თამარისგან, ძალიან ჩუმი და ყველა ასპექტში უპრეტენზიოა. თამარს რაღაცეების კომპლექსი აქვს, რომელსაც აგრესიით ჩრდილავს, ჩემს ცოლს კი არაფრის კომპლექსი არ აქვს, ზუსტად იცის, რა და როგორ არის, რა შეუძლია, გააკეთოს და რა – არა. თათული (თამარი) ცხოვრებაში თავისი პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებული, ძალიან მხიარული და „ლაითი“ ადამიანია.
– გადაღების დროს არასდროს გაგცინებია?
– მე არასდროს მქონია „გაჩერება“ გადაღების დროს. ასეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს მსახიობების რიგგარეშე რეპლიკები იწვევს. თითქმის ორი წელია, ერთად მუშაობენ და იმდენად არიან შეთამაშებული, რომ თავს უფლებას აძლევენ, გადაღების დროს რაღაც დაამატონ, რაც ხშირად იმდენად მოულოდნელია, რომ მსახიობებში სიცილს იწვევს. მე კი ჯერ ასეთ რამეს არ მიკეთებენ, რადგან მაინც ახალი პერსონაჟი ვარ და არ მძაბავენ.
– ცხოვრებაში კურიოზული ადამიანი ხარ?
– ცხოვრებაში ყოველთვის ვერიდები ისეთი რაღაცის გაკეთებას, რაც არ ვიცი, რადგან მეშინია და იმით ვკომპლექსდები, ვინმემ არ თქვას, ეს ვინ ყოფილაო. თუ მაინც მომიწია ასეთი რამის გაკეთება, მაშინ ძალიან ბევრი კურიოზი შეიძლება გადამხდეს.
– რომელ კურიოზს გაიხსენებ?
– 11 წლის ვიყავი, როცა ორ ბავშვთან ერთად მარტო წავედი გერმანიაში. იყო ოჯახი, რომელიც სტუმრად პატიჟებდა უცხოელ ბავშვებს, აცხოვრებდნენ თავიანთ სახლში და აცნობდნენ იქაურ ცხოვრებას, ერთი წლის შემდეგ კი უკან აბრუნებდნენ. ჩემი ნათესავი ცხოვრობს გერმანიაში, რომელმაც დედაჩემს შესთავაზა, მეც მიმეღო ამ პროგრამაში მონაწილეობა. მოკლედ, ორი ბიჭი და ერთი გოგო სრულიად მარტო გავემგზავრეთ გერმანიაში. ვიცოდით, რომ ფრანკფურტის აეროპორტში ჩემი ნათესავი უნდა დაგვხვედროდა. ჩავედით, მაგრამ არავინ დაგვხვდა. თან ძალიან დიდი აეროპორტია, ათასი გასასვლელი ჰქონდა და ყველაფერი გერმანულ ენაზე ეწერა. ენა ჩვენ არ ვიცოდით. რა უნდა გვექნა? ვიფიქრე, მორჩა დავიღუპეთ და უკან ვერასდროს დავბრუნდებით, დედაჩემს ვეღარასოდეს ვნახავ, ვერც მამაჩემს და სულ აეროპორტში უნდა ვიცხოვრო-მეთქი. დაბნეულები სკამზე ჩამოვსხედით და აქეთ-იქით დაბნეულები ვიყურებოდით. ისეთი შიში ვჭამე, რამდენიმე წუთში მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა. ამ დროს ვიღაც ბიჭი მოგვიახლოვდა და, ქართველები ხართო? გვკითხა. ქართული ლაპარაკი რომ გავიგეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, აქედან გაგიყვანთო, – ჩაგვკიდა ხელი სამივეს შვილებივით და წავედით. ჩვენთან შედარებით დიდი იყო, დაახლოებით 27 წლის თუ იქნებოდა.
– ვინ იყო ის ბიჭი?
– მოჭიდავე იყო, მაგრამ რომელი, არ ვიცი, მის სახესაც კი ვერ ვიხსენებ. ერთი მახსოვს, რომ თმა ძალიან მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და ძალიან კუნთიანი, მთასავით კაცი იყო.
– იპოვეთ შენი ნათესავი?
– გარეთ რომ გაგვიყვანა ამ ბიჭმა, იქ გველოდებოდა. იქაურ ყაიდაზე გადასულს, ვერ წარმოედგინა, აეროპორტში როგორ უნდა დავბნეულიყავი და გასასვლელი ვერ მეპოვა. ჩემი ნათესავი რომ დავინახე, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი.
– გამოდის, რომ მუშაობ „რუსთავი 2-ში,“ თამაშობ „იმედში.“
– მართალია, ძალიან ვიღლები, მაგრამ სასიამოვნოა.
– ქუჩაში თუ გცნობენ?
– როცა სათვალე მიკეთია, მაშინ უფრო მცნობენ, რაც ძალიან მსიამოვნებს. სათვალეს რეალურ ცხოვრებაშიც ვხმარობ, მაგრამ, იშვიათად, რადგან ხშირად ხელს მიშლის. მაგალითად, საჭესთან ვერ ვჯდები სათვალით. რადგან საჭესთან ხშირად ვზივარ, სათვალეს სახლში ვტოვებ. ბევრჯერ გამტეხია სათვალე. რატომღაც სულ უკანა ჯიბეში ვიდებ, მერე მავიწყდება და რომ ვჯდები, ტყდება იმდენი ფული წამივიდა უკვე ამ სათვალის გაკეთებაზე, რომ, მირჩევნია, სახლში მქონდეს და მხოლოდ „შუა ქალაქის“ აქსესუარი იყოს.
მარიკა ხიდურელი