რის ოპერაცია გაუკეთეს ბავშვობაში „ვიქტორია სიქრეტის“ „ანგელოზს“, ალესანდრა ამბროზიოს და რომელ პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა მან 15 წლის ასაკში
მას უყვარს პლაჟი და ბრაზილიური მუსიკის მოსმენა. მისი საყვარელი ადგილი დედამიწაზე ოკეანის სანაპიროზე მდებარე საკუთარი პატარა სახლია, სრული ბედნიერებისთვის კი მისთვის საკმარისია, საყვარელი ადამიანისა და მცირეწლოვანი შვილის გვერდით ყოფნა. ის ყველაზე გრძელფეხება მოდელად ითვლება სამხრეთ ამერიკაში და მის სრულყოფილებაში დასარწმუნებლად საკმარისია „ვიქტორია სიქრეტის” უკანასკნელი ათი წლის ყველა შოუს ხილვა, სადაც მას ერთ-ერთი წამყვანი მოდელის ამპლუა აქვს მორგებული. საუბარია ბრაზილიელ ალესანდრა ამბროზიოზე – „ვიქტორია სიქრეტის” „ანგელოზსა“ და მოდელზე, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად არის მიჩნეული მრავალი გავლენიანი ჟურნალ-გაზეთის მიერ, მთელი პლანეტის მასშტაბით.
ალესანდრა ამბროზიო 1981 წელს ბრაზილიის სამხრეთში, ქალაქ ერეშინში დაიბადა. მის მშობლებს პოლონური და იტალიური წარმომავლობა აქვთ.
როდესაც ალესანდრას 8 წელი შეუსრულდა, მტკიცედ გადაწყვიტა, მოდელი გამხდარიყო. მან ერთ-ერთი პრიალა ჟურნალის გარეკანზე ჰოლანდიელი მოდელის – კარენ მულდერის ფოტოები ნახა და მშობლებს განუცხადა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მისი სურათიც დაამშვენებდა მსგავსი ჟურნალების ყდებს. თუმცა, მანამდე მისმა მშობლებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და ალესანდრა ქირურგთან მიიყვანეს, რომელმაც მომავალ მოდელს მცირე ნაკლი გამოუსწორა. საქმე ისაა, რომ დაბადებიდან ალესანდრას დიდი ზომის ყურები ჰქონდა, რაც აშკარად შეუშლიდა ხელს წარმატებული მოდელის კარიერის დაწყებაში. ალესანდრას ყურების ოპერაცია 11 წლის ასაკში გაუკეთდა, 12 წლის ასაკში კი იგი უკვე ბრაზილიის სამოდელო სკოლის მოსწავლე გახდა, რასაც მოჰყვა პირველი ფოტოსესიები და ჰონორარები. 1996 წელს ალესანდრა ამბროზიომ მონაწილეობა მიიღო „ელიტ მოდელ ლუქის” ბრაზილიურ კონკურსში, სადაც გაიმარჯვა და კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტო „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან”.
„ელიში” მუშაობა გაგრძელდა ამერიკული კონტრაქტით ჯინსის მწარმოებელ კომპანია „გუესთან”, რასაც მოჰყვა ამბროზიოს მნიშვნელოვანი წინსვლა სამოდელო სფეროში. მისით დაინტერესდნენ და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს მსოფლიოში აღიარებულმა ბრენდ-კომპანიებმა: „რევლონმა”, „ჯორჯო არმანიმ”, „რალფ ლორანმა”, „კელვინ ქლაინმა”, „როლექსმა”. გარდა ამისა, ალესანდრა მონაწილეობას იღებდა მსოფლიოში ცნობილი სამოდელო სახლების ჩვენებებში: „კრისტიან ლაკრუა”, „ლაურა ბიაჯოტი”, „ფენდი” და მრავალი სხვა. ხოლო, რასაც ჰქვია მსოფლიო აღიარება, ამას ალესანდრა ამბროზიომ საქვეყნოდ ცნობილ ბრენდ „ვიქტორია სიქრეტთან” თანამშრომლობით მიაღწია. 2001 წლიდან იგი მონაწილეობას იღებს ქალის თეთრეულის ჩვენებაში, რომელსაც „ვიქტორია სიქრეტი” აწყობს და შოუ-წარმოდგენების დროს ამბროზიოს წამყვანი „ანგელოზის” როლი აქვს. სხვათა შორის, „ვიქტორია სიქრეტის” მოქმედი და ექსმოდელები – მირანდა კერი, ჟიზელი, ადრიანა ლიმა, კაროლინა და ანა ბეატრის ბაროში, მისი საუკეთესო მეგობრები არიან, რომელთაგან ბეატრის ბაროშს ალესანდრა თავის საუკეთესო და ყველაზე ახლობელ ადამიანად მიიჩნევს. საინტერესოა, რომ, როდესაც ალესანდრა პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში, ორი კვირის განმავლობაში ჟიზელ ბუნდჰენთან ცხოვრობდა, რომელიც ახალი გაცნობილი ჰყავდა და რომელიც მოდის სფეროს ყველა ნიუანსს უხსნიდა მას, ინგლისური ენის შესწავლა კი ალესანდრამ ადრიანა ლიმას დახმარებით დაიწყო.
ალესანდრა ამბროზიოს პირადი ცხოვრებიდან აღსანიშნავია მისი რომანების რაოდენობა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგი ხვდებოდა ამერიკელ მსახიობ ჯეისონ ლის, შემდეგ მისი სასიყვარულო ლტოლვის ობიექტი სამოდელო სფეროში ცნობილი ბიზნესმენი მარსელო ბოლდრინი იყო, რომელიც კალიფორნიელმა ბიზნესმენმა ჯეიმს მაზურმა ჩაანაცვლა და სწორედ მისგან ეყოლა ალესანდრა ამბროზიოს 2008 წელს ქალიშვილი. სხვადასხვა წლებში ალესანდრა ამბროზიო, რომელიც, ცნობისთვის, ცაციაა, მრავალი ჟურნალის მიერ არის შეყვანილი პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში, „ფიფლის”, „FHM-ის“, „მაქსიმისა” და სხვა რეიტინგული გამოცემების ვერსიით იგი უკანასკნელი ათწლეულის 50 ყველაზე ლამაზ ქალს შორის ფიგურირებს და, ასევე, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ-მოდელად მსოფლიოში. 2008 წელს, როდესაც ფეხმძიმობის გამო ალესანდრა გარკვეული დროის განმავლობაში უქმად იყო, მისმა შემოსავალმა მაინც შეადგინა სოლიდური თანხა – წელიწადში 6 მილიონი დოლარი.