იცვლებიან თუ არა ერთხელ სახლიდან გაგდებული ქმრები ცოლებთან დაბრუნების შემდეგ
ოჯახი იმაზე გაცილებით რთული ფენომენია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ქალისა და მამაკაცის ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება, მით უფრო, ჰარმონიული, ხელოვნებაა, რომელსაც სჭირდება ცოდნა, გამოცდილება და იმის გაგების უნარი, რომ ვეღარასოდეს იქნება ისე, როგორც ქორწინებამდე. ქალები ძალიან ხშირად რჩებიან საკუთარი ფანტაზიების ტყვეობაში. ისინი არარეალურად წარმოიდგენენ ოჯახურ ცხოვრებას და მწარედ იმედგაცრუებულები რჩებიან. ძალიან ხშირად ოჯახს ანგრევს არა ღალატი, არამედ გაუგებრობა. მცდარია მოსაზრება, თითქოს, მთავარი მეუღლეების ერთგულება და სიყვარულია, დანარჩენი კი თავისთავად მოგვარდება. სწორედ იმ ადამიანს „ვეომებით” გააფთრებით და იმ ადამიანის მიმართ გვაქვს პრეტენზიები, რომელიც გვიყვარს. ღალატმა, შეიძლება, უფრო არ დაანგრიოს ოჯახი, ვიდრე გაუგებრობამ ცოლ-ქმარს შორის. ის, რაც ზოგჯერ სასაცილო წვრილმანი გვგონია და გვეღიმება, საბოლოოდ, გლობალურ კატასტროფად გადაიქცევა ხოლმე, ზვავად, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს.
ლეილა (27 წლის): ძალიან მინდოდა, მოვსულიყავი და მომეყოლა თქვენთვის იმ შემთხვევითი გამოცდილების შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მივიღე. რატომღაც, მგონია, რომ ამით ბევრ ქალს დავეხმარები. ხშირად ჩვენვე ვართ საკუთარი თავის მტრები, შეუცნობლად და გაუაზრებლად ვინგრევთ ცხოვრებას, მერე კი ვცდილობთ, ვიღაც სხვას გადავაბრალოთ, იმ „სხვას”, რომელიც, შეიძლება, არც კი არსებობდეს. როცა პრობლემა ჩნდება, როცა რაღაც ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდოდა ან წარმოგვედგინა, მიზეზის ძებნას კი არ ვიწყებთ, ბრაზს ვანთხევთ ადამიანზე, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. თქვენ გინახავთ ცოლ-ქმარი, ურთიერთობაში პრობლემები რომ არ ჰქონდეთ? მე – არა. ოჯახს ერთ-ერთის მუდმივად დათმობის ხარჯზე ინარჩუნებენ. ანუ, ერთ-ერთი სულ ითმენს და ეგუება, მეორე კი საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს. ჩვენში, საკუთარი სიამოვნებისთვის, როგორც წესი, კაცები ცხოვრობენ ხოლმე.
– ქალები არა? ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩაგრულ-ნასიამოვნებთა რაოდენობრივი შეფარდება თანაბარია.
– ცდებით. ქალები უფრო ბევრს ითმენენ, ისინი უფრო არ არიან ეგოისტები – შვილები ჰყავთ, მეტი ვალდებულებები აქვთ. რა ქნან?
– მამაკაცებს არა აქვთ ვალდებულებები?
– აქვთ, მაგრამ, გაცილებით ნაკლები. შედარებაც არ არის. მათი მთავარი – მეომრისა და დამცველის ფუნქცია – დღეს დაკარგულია. რომელია მეომარი, ნუ მაცინებთ! ოთხმოცდაათი პროცენტი, დივანზე, ტელევიზორის წინ რომ დაეგდება, ერთი ადგილის წამოწევა უჭირს. ოჯახი რომ ჰყავთ სარჩენი, ამაზეც წუწუნებენ და ცოლთან მამაკაცური მოვალეობის შესრულების თავიც აღარ აქვთ.
– და, საყვარელს ამიტომ იჩენენ?
– საყვარელს ისეთი იჩენს, ვისაც ზედმეტი ფული უჩნდება და ეს თავისი ვაჟკაცობის, „მაგარი ბიჭობის“ დამტკიცება ჰგონია. არც იმ საყვარლებთან ბრწყინავენ, თუ სიმართლე გინდათ. გამონაკლისებს არ ვგულისხმობ. კაცების ლანძღვა რომ არ გამომივიდეს, ვიტყვი, რომ ცოლებიც ძალიან ვცოდავთ. ჭკუას არავის ვარიგებ, მაგრამ, რაღაც გამოცდილება მივიღე და მგონია, რომ ბევრს აქვს ისეთი პრობლემა, როგორიც მე მქონდა. ოჯახი სიყვარულს კლავსო, რომ ამბობენ, მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. კაცს მაშინ უჩნდება სხვა ქალთან წასვლის სურვილი, როცა ჭუჭყიან წინდებზე, წვრილმან საყოფაცხოვრებო პრობლემებზე და ხარჯებზე ლაპარაკი და წუწუნი ყელში ამოსდის. საყვარლები და „ნაშები” კი ამაზე არ ლაპარაკობენ. ამიტომ, წაგებულები ვრჩებით ცოლები და ქმრებიც, სხვათა შორის. ერთხელ მაინც, ყველა ცოლმა უნდა დაინახოს საკუთარი თავი „სხვა თვალით”. მე ეს გამომივიდა. მართალია, შემთხვევით, მაგრამ, მაინც და, მინდა გითხრათ, ძალიან გამომადგა. სათქმელად არის ადვილი, არ ილაპარაკო უწესრიგოდ დაყრილ წინდაზე, პერანგებზე, ქმრის ნივთებზე, კარაქით მოთხუპნულ სამზარეულოს მაგიდაზე, მუდმივად არეულ კარადასა თუ გასატან ნაგავზე, მით უფრო მაშინ, როცა ეს ყველაფერი მუდმივად შენს კისერზე გადადის. ამას დაუმატეთ გასარეცხი ჭურჭელიც, საყიდლები, გადასახადები და, მორჩა – ვერც მიხვდები, ისე გადაიქცევი ავ, მოწუწუნე და მოჩხუბარ დედაკაცად. პირადად მე ვერ მივხვდი, გეფიცებით.
– ქმართან ხშირად ჩხუბობდით?
– ძალიან. დილით მივცემდი საკუთარ თავს პირობას, რომ დღეს, აღარ ვიჯაჯღანებ, ყველა წვრილმანზე არ ავვარდები-მეთქი, მაგრამ, ვერაფრით ვახერხებდი პირობის შესრულებას და ამას ჩემს ქმარს ვაბრალებდი. არც ერთი კაცი არ არის იდეალური. ტალახში ჩაწვებიან და იღრუტუნებენ, ოღონდ აჭამე და მყუდროება არ დაურღვიო. ერთმანეთს ყველაზე მტკივნეულად მაშინ შევასკდით, როცა ჩემი ქმრის ერთ-ერთი მეგობარი ცოლმა სახლიდან გააგდო და ბინა იქირავა.
– გაგდების მიზეზი რა იყო?
– მათ შემთხვევაში – ღალატი. მართალია, ქმარმა ბოლომდე არ აღიარა დანაშაული, მაგრამ, ცოლს ისეთი ფაქტები ჰქონდა, ჩაულაგა ბარგი და მიაბრძანა სახლიდან.
– თქვენ ფიქრობთ, სწორად მოიქცა?
– არ ვიცი. ყველამ თვითონ იცის თავისი საქმის. ფაქტია, რომ მე კინაღამ დამღუპა. სერიოზულად ვამბობ.
– რატომ, თქვენც ამის მერე ხომ არ დაიწყეთ ქმარზე ეჭვიანობა?
– არა, ეჭვიანობა არაფერ შუაშია. სახლიდან იმის გამო არ გამიგდია, რომ მის ერთგულებაში არ ვიყავი დარწმუნებული. მისი ძმაკაცი ცალკე რომ გადავიდა, ჩემს ქმარს ჯერ ძალიან ეცოდებოდა, მერე კი, ერთ საღამოს მითხრა, რომ შურდა მისი. ისე წყნარად და მშვიდად არის, მგონი, ის ჩემზე იღბლიანია. გაუმართლა, რომ გამოაგდეს. თავისით ხომ არასოდეს წამოვიდოდაო. გავცოფდი და ძალიან მაგრად ვეჩხუბე: უმადური და უსინდისო ვეძახე. არაფრის ღირსი არ ხარ, იმ შენი ძმაკაცივით ბოზების დევნაში უნდა ამოგხდეს სული, ისე, რომ წყლის მომწოდებელიც არავინ გყავდეს-მეთქი. რად გინდა გვერდით ჩემნაირი მზრუნველი ქალი, რომელიც თვალებში შემოგციცინებს და სულ შენს სიამოვნებაზე ზრუნავს. უამრავ საქმეს ვაკეთებ, შენ ტელევიზორის წინ, დივანზე კოტრიალობ და სახლში პურის მოტანაც გეზარება-მეთქი. იცით, რა სახით მისმენდა? – შეწუხებული და დაღლილი. მერე მითხრა, არაფერში მჭირდება შენი მზრუნველობა, ყელში ამომივიდა უკვე და სუნთქვას მიშლისო. ეს კულმინაცია იყო. ლამის ჭკუიდან გადავედი. აშკარად მითხრა, არ მჭირდებიო. გამოდის, რომ ჩემი ძალისხმევა, დაღლა და წვალება არაფერი იყო მისთვის. იცით, როგორი შეურაცხყოფილი ვიყავი? ღრიალი დავიწყე, ტირილი კი არა. მთელი ხმით ვბღაოდი. ბოლოს ისტერიკამდე მივედი. სხვათა შორის, არ გავუჩერებივარ. იდგა და მიყურებდა. კიდევ უფრო გავმწარდი და საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე. მისი ნივთები, რაც კი ხელში მომხვდა, ყველაფერი თავში ვესროლე. მთელი ხმით ვუკიოდი, ახლავე წაეთრიე აქედან-მეთქი. იმან კი რა გააკეთა? – მოხვეტა ყველაფერი და წავიდა.
– აბა, რომ აგდებდით, რისი იმედი გქონდათ?
– იმის, რომ არ წავიდოდა. მის ადგილას მე ხომ არ წავიდოდი! მე გაბრაზებული ვიყავი და ვყვიროდი – ეს ჩემი ბუნებრივი რეაქცია იყო, რა არის გაუგებარი? მაგრამ, მამაკაცებს ხომ ყველაფერი ისე ესმით, როგორც თვითონ უნდათ. წავიდა. გასაღებიც კი მომიგდო. საშინელი ღამე მქონდა. მინდოდა, გავკიდებოდი და მომებრუნებინა, მაგრამ, ვერ შევძელი. თავმოყვარეობას ვერ გადავაბიჯე: სამაგიეროდ, ლამის გული შემიწუხდა ტირილით. მეორე დღესაც არ გამოჩნდა, არც დაურეკავს. ვისაც ლოდინის სიმწარე გამოუცდია, იმან იცის, როგორ მდგომარეობაშიც ვიქნებოდი. იმ დღეებში წონაში საგრძნობლად დავიკელი, საერთოდ ვერაფერს ვჭამდი და სულ გული მერეოდა. ვტიროდი და ვტიროდი, მივხვდი, შეცდომა რომ დავუშვი. ერთი დღეც ვერ „გავქაჩე“ ჩემი ქმრის გარეშე. თურმე, რა უბრალო გაუგებრობამ და მიზეზმა შეიძლება მიგიყვანოს ოჯახურ განხეთქილებამდე!
– ანუ, მიგაჩნიათ, რომ წვრილმანი მიზეზი ანგრევს ურთიერთობებს?
– ხშირ შემთხვევაში კი. იმიტომ, რომ მე ვიცი შემთხვევა, როცა ცოლმა ქმარს ღალატი აპატია, საერთოდ დაივიწყა (ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავში მოკლა) და დღეს ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ ერთად. მიზეზი არის ის, რომ ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები, ოღონდ, მართლა. იცით, რას ვგულისხმობ? თანამოაზრეობას. ისე, რომ დავფიქრდეთ, ჭუჭყიან წინდებს როგორ უნდა დაანგრევინო ოჯახი? თუმცა, დამეთანხმეთ, რომ ძალიან ძნელი ასატანია, როცა თავად უწესრიგობას ვერ იტან.
– გეთანხმებით. თუმცა, არავინ ვართ იდეალური.
– საქმეც ეგაა. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ შევცვლით ზრდასრულ ადამიანს. ისევ საკუთარი თავი უნდა შეცვალო.
– ეგ ადვილია?
– რა თქმა უნდა, ადვილი არ არის და ვერც იქნება – ეს ფაქტია, მაგრამ, თუ მიხვდი, რომ მის გარეშე კიდევ უფრო ძნელი იქნება შენი ცხოვრება, მაშინ, საკუთარ თავთან ბრძოლა ჯობია. მე კიდევ გამიმართლა იმაში, რომ ჩემ გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა და მალევე დავიბრუნე, თორემ, ჩასაფრებულები არიან კაცებზე მონადირე ქალები, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, ისე აგაცლიან ცხვირწინ. კაცს რომ სახლიდან აგდებ, უნდა იცოდე, რომ, შეიძლება სხვამ გაუღოს გულის კარი და სამუდამოდ დაკარგო. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ქმარი შენს ფასს გაიგებს.
– ანუ, ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გააგდო ქმარი სახლიდან?
– ვაიმე, საშიშია ქმარზე ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენ გარდა არავინ ჰყავს და, მაშინ კიდევ შეიძლება, გარისკო. მაგრამ, სად არის გარანტიები? გეუბნებით, მე გამიმართლა-მეთქი. ისეთი გაბრაზებული წავიდა, ვიღაც რომ ჰყოლოდა, წასული იყო ჩემი საქმე. ერთ კვირაზე მეტი გაუძლო და საერთოდ არ შემეხმიანა. კაცები საშინელი არსებები არიან. ნეტა შეგვეძლოს მათ გარეშე ცხოვრება, მაგრამ... არც დაურეკავს და, საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ აღარ იყო მომბრუნებელი. მერე პირდაპირ მოვიდა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, ნაგლად და უტიფრად. ვაღიარებ, ძალიან გამიხარდა, რომ დავინახე, მეგონა, ცა გამეხსნა, მაგრამ, ეგრევე ცივი წყალი გადაასხა ჩემს აღფრთოვანებას. იცით, რა მითხრა? შენი გაკეთებული კატლეტი და ჩემი ბალიში მომენატრაო. ხომ იყო ისევ გასაგდები? რა გამოდის, კატლეტმა და ბალიშმა დააბრუნა ჩემთან? ესე იგი, მე არაფერი ვყოფილვარ, საერთოდ არაფერი.
– ისევ ეჩხუბეთ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. თუმცა, ვაპირებდი. ძალიან მიკვირს, თავი როგორ შევიკავე და არ დავამხე ჭერი თავზე. ჩემში რაღაც ჩაირთო. რაღაც, რამაც სკანდალის ატეხის საშუალება არ მომცა. დავმუნჯდი. არც მიტირია, უბრალოდ, ვიჯექი და ვუყურებდი, თან ვფიქრობდი, რა ვუყო ამას-მეთქი.
– სურვილი გქონდათ, გაგეგდოთ?
– მქონდა. ქალს რომ გეტყვიან, შენი გაკეთებული კატლეტი მომენატრა და იმიტომ დავბრუნდი შენთანო, ხომ უნდა გაგისკდეს გული? იმის მაგივრად, ეთქვა, შენ მომენატრე, ვერ გავძელი უშენოდ და მოვედიო, კატლეტზე და ბალიშზე დაიწყო ლაპარაკი. ვიცი, ბევრი მეტყვის, მე შენს ადგილას ცხვირს არ შემოვაყოფინებდი სახლშიო, მაგრამ, საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დავდექი: არჩევანი უნდა გამეკეთებინა ცუდსა და უარესს შორის. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? შეიძლება, ქმრის დაბრუნების მერე ცუდად ვყოფილიყავი, მაგრამ, გაცილებით უარესად ვიქნებოდი მის გარეშე, მარტო.
– თქვენ ფიქრობთ, რომ, ზოგადად, ქმრებს სახლში ცოლების მიერ მომზადებული კერძები და „შინაური გარემო” აბრუნებს?
– დიახ, ყველაფერი ხომ ნათელია! კაცები მაწანწალა ძაღლებივით არიან: თუ მიიღებ და უპატრონებ, ხელს აგილოკავენ და შენს ფეხებთან მოიკეცებიან, მაგრამ, ზნეს არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლიან. თუ ამისი იმედი გაქვს, ესე იგი, სულელი ხარ, თანაც, სერიოზული სულელი. არც მაწანწალა ძაღლი გადაეჩვევა წანწალს და ვერც კაცს მოიყვან შენს ჭკუაზე, გამორიცხულია.
– თქვენი ქმარი შეიცვალა, რაც დააბრუნეთ?
– პრობლემაც ისაა, რომ ჯერ მთლად არ დამიბრუნებია. გამოსაცდელი ვადა მივეცი. სახლში კი დაბრუნდა, მაგრამ, ჯერ მხოლოდ „მდგმურის” უფლებებით. ვუთხარი, რომ ძალიან მაწყენინა და მატკინა. ვერ მიხვდა – შენ არ გამაგდეო? ის არაფრად ჩათვალა, რაც დაბრუნებასთან დაკავშირებით მითხრა. გადაწყვეტილება, პრინციპში, მიღებული მაქვს, მაგრამ, ვიცი, რომ დიდ სირთულეებთან მომიწევს შებმა.
– ისევ გასაგდებად გაუხდება საქმე?
– გასაგდებად საქმე ყველა კაცს აქვს, რადგან ერთმანეთზე უარესები არიან. ჩემი ქმარი, როცა ვუთხარი, ბალიშზე და კატლეტზე უკეთესი არაფრით ვყოფილვარ-მეთქი, სიცილით მოკვდა – რა სულელი ხარო. უნდა გიხაროდეს, კი არ უნდა გწყინდეს. არ იცი, რომ კაცს სახლში გარემო და მზრუნველობა აბრუნებსო? მე მაინტერესებს, მაშინაც ასე გადაირეოდა მზრუნველობაზე, ნაშა რომ ჰყოლოდა?! დარწმუნებული ვარ, რომ – არა.
– საყვარლებსაც ტოვებენ კაცები და ისევ ცოლებთან გარბიან ხოლმე, გეთანხმებით.
– ასეა და, ამ შემთხვევაშიც, მათ ცოლის ქალური ხიბლი ან მათი სიყვარული კი არ აბრუნებთ, არამედ, ის გარემო, რომელსაც ოჯახში უქმნიდნენ. ძალიან მტკივნეული ფაქტია, მაგრამ, რეალობა ეს არის.