კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი დაქალი ჩემი

ქმრის საყვარელი გახდა

ზუკა რომ გავიცანი და მასთან პაემნებზე დავიწყე სიარული, ჩემი დაქალი დამცინოდა – ამისთანა რა გაგიჭირდა, რომ ეგეთ ბიჭს ხვდებიო. მე ძალიან მწყინდა, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი, რადგან არ მინდოდა, ბავშვობის მეგობრის დაკარგვა. ბოლოს, გული რომ გამიწყალა, ვუთხარი, შეიძლება, გარეგნობით ვარსკვლავებს არ ეთამაშება, მაგრამ, იმდენად დადებითი პიროვნებაა, მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ-მეთქი. ამ სიტყვებზე იმდენი იცინა, კინაღამ გული წაუვიდა – კაცი მხოლოდ მაშინ არის დადებითი პიროვნება, როცა ბევრი ფული აქვს, შენს ჯიბეგაფხეკილ შეყვარებულს კი რა გააჩნიაო. ესეც გადავყლაპე, რადგან უსიამოვნებას მოვერიდე. რამდენიმე თვეში მე და ზუკა დავქორწინდით. გამოგიტყდებით და, არ მინდოდა, მეჯვარედ ნეკა წამეყვანა, მაგრამ, სხვანაირად არ გამოვიდა და ნეკა ჩემი მეჯვარე გახდა. თუმცა, ჩვენთან იშვიათად მოდიოდა, რადგან ჩემი ქმარი მაინცდამაინც არ ეხატებოდა გულზე. მერე ისე მოხდა, რომ ზუკა სამსახურში დააწინაურეს და საკმაოდ სოლიდურ და მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნეს. ეს რომ ჩემმა დაქალმა გაიგო, ჩვენთან სიარულსა და ზუკას ქებას მოუხშირა. ჩემს ქმარს ეს ძალიან უკვირდა. ერთხელ მითხრა კიდეც, რა ბზიკმა უკბინა შენს მეჯვარეს, ასე რომ შევუყვარდიო. მე კი ვიცოდი მიზეზი, მაგრამ მაინც დავინდე ჩემი დაქალი და ქმართან მასზე ცუდი არაფერი ვთქვი. ამდენ სიარულში ნეკა ისე შემოგვეჩვია და ისეთი შინაური გახდა, როცა არ მოდიოდა, ზუკა მოიკითხავდა ხოლმე – სად არის, რატომ აღარ ჩანსო. მეც მიხაროდა ნეკას მოსვლა, რადგან ზუკას სულ აქებდა, ორივეს თვალებში შემოგვციცინებდა და ჩვენს ოჯახში ხალისი შემოჰქონდა.

მერე ისე მოხდა, რომ საოპერაციო გავხდი და თითქმის ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი. ნეკა ყოველდღე მაკითხავდა. მე ვნერვიულობდი, ზუკას ვინ მიხედავს-მეთქი და სულ ამაზე ვწუწუნებდი. ბოლოს ნეკამ ხუმრობით მითხრა, თუ არ იეჭვიანებ, მე მივხედავო. მადლობის მეტი რა მეთქმის-მეთქი, ვუთხარი. იმ დღიდან ნეკა ყოველდღე მიდიოდა ზუკასთან, სადილს უკეთებდა, ურეცხავდა, უუთოებდა, მერე კი ანგარიშს მაბარებდა.

სახლში რომ დავბრუნდი, მართლაც ისე დაწკრიალებული დამხვდა ყველაფერი, გამიკვირდა კიდეც. ნეკა ისევ განაგრძობდა ჩვენთან ყოველდღე სიარულს. მე ძალიან დასუსტებული ვიყავი და სახლის საქმეებში მეხმარებოდა. თავიდან ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ, ერთ დღეს, ჩემს ქმარს შემთხვევით თავზე წავადექი, მობილურით ვიღაცას ელაპარაკებოდა, დღეს არა, ხვალო, – უთხრა. ისე, სხვათა შორის ვკითხე, ვინ არის-მეთქი. არავინ, ჩემი თანამშრომელია და რაღაც საქმეზე დამირეკაო – მითხრა დაბნეულმა. სასწრაფოდ გათიშა მობილური და რაღაცნაირად, ძალიან ნაძალადევად და ხელოვნურად დაიწყო ხუმრობა და მლიქვნელობა. ამან დამაეჭვა. ოთახიდან რომ გავიდა, ჩუმად ავიღე მისი მობილური, „გავქექე” და, ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ნეკას ტელეფონის ნომერი იყო არაერთხელ დაფიქსირებული. ქალურმა ალღომ მაშინვე მიკარნახა, რაშიც იყო საქმე. მაგრამ, გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა და თვალთვალი დამეწყო. სულ სამი დღე დამჭიდა სიმართლის დასადგენად. ჩემთვის ეს მომაკვდინებელი იყო, მაგრამ თავს დღემდე იმით ვიმშვიდებ, რომ ზუკა ეუბნებოდა, გვეყოფა, რაც მივქარეთ, მე ჩემი ცოლი მიყვარს, ვერავის გამო ოჯახს ვერ დავანგრევ და შენ ჩემი ცხოვრებიდანაც და ჩემი ოჯახიდანაც უნდა წახვიდეო. ნეკა ათასნაირად აცოდებდა თავს, ემუქრებოდა კიდეც, მაგრამ ზუკას ვერ ითანხმებდა, ურთიერთობა გაეგრძელებინათ.

მე დღემდე არაფერი მითქვამს ჩემი ქმრისთვის და მხოლოდ ღმერთმა იცის, ეს რა ძალისხმევად დამიჯდა. ნეკა კი მართლა წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. მე ისევ ისე მიყვარს ჩემი ქმარი და მეშინია, მისი დაკარგვის, მაგრამ, როგორც კი გამახსენდება, როგორ მიღალატა ჩემსავე დაქალთან, გაორება მეწყება და აღარ ვიცი, ღირს კი ასეთ კაცთან მთელი ცხოვრების გატარება?

მზია, 32 წლის.



ოჯახი ჩემი გათხოვების

წინააღმდეგია

შემიყვარდა სხვა ეროვნების ბიჭი. მასაც ძალიან ვუყვარვარ. მართალია, ქართველი არ არის, მაგრამ, სუფთად იცის ქართული, რადგან თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. მის ოჯახშიც ყველა კარგად ლაპარაკობს ქართულად და, საერთოდაც, ჩვენს ტრადიციებს იცავენ. ოჯახში ყველას ქართული სკოლა აქვს დამთავრებული და უმაღლესშიც ქართულ ფაკულტეტებზე სწავლობდნენ. ერთი სიტყვით, არაფერი ქართული მათთვის უცხო არ არის. ჩემი შეყვარებული გარეგნობითაც არ დაიწუნება – საკმაოდ სიმპათიური ბიჭია, მაგრამ ჩემი მშობლები კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ მას გავყვე ცოლად, მით უფრო, რომ მთელ ჩემს სანათესაოს გვარიშვილობით მოაქვს თავი. ბებიაჩემი თვითონ ვაჩნაძის ქალია, დედა ჩოლოყაშვილი ჰყავდა, რძლებსაც და სიძეებსაც სულ თავადური გვარები აქვთ და ბავშვობიდან იმას ჩაგვჩიჩინებდნენ მე და ჩემს ძმას, კეთილშობილი გვარის თუ არ იქნება, არც ცოლად გაგაყოლებთ და არც რძალს შემოვუშვებთ სახლშიო და, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემი ამბავი რომ გაიგეს, რა ამბავს დამაწევდნენ. მოკლედ, შავ დღეში ვარ. კი ბატონო, კარგია კარგი გვარი, მაგრამ, მარტო გვარითაც ხომ არ შეიძლება ადამიანის შეფასება? აბა, იმ მშობლებმა რაღა უნდა თქვან, დედისერთა გოგოები აფრიკელ ზანგებსა და არაბებს რომ გაჰყვნენ ცოლად? მე, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ვარ რასისტი, მაგრამ, ალბათ, ჩვენთვის მაინც უცხოა ასეთი ქორწინებები და გარკვეულწილად მესმის იმ გოგოების მშობლების, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ხომ სულ სხვა სიტუაციაა? შვილი რომ მეყოლება, ნამდვილად არ გადავეღობები მის გრძნობებს ჩემი ამბიციებით, თუკი მეცოდინება, რომ მათი სიყვარული წრფელი და ძლიერი იქნება. მე მართლა ასე ვფიქრობ და ძალიან მინდა, რომ ჩემი მშობლებიც ასე ფიქრობდნენ.

ლიკა, 19 წლის.



ქმრებსაც გვაქვს სათქმელი

თქვენს რუბრიკას რომ ვკითხულობ, ძალიან ხშირად არის ხოლმე წერილები, რომლებსაც ქმრებით უკმაყოფილო ქალები წერენ. მათი უმრავლესობა ქმარს უჩივის იმის გამო, რომ მისი მეორე ნახევარი არ მუშაობს, არ (ან ვერ) არჩენს ოჯახს, სვამს ან ნარკომანია, უხასიათო, უჟმური და უყურადღებო ქმარია, ეჭვიანია და, შეუძლია, ყველაფერზე შარი მოსდოს ცოლ-შვილს, დესპოტი ან სადისტია და ცოლს სცემს... ერთი სიტყვით, მიზეზი უამრავია. რა თქმა უნდა, მე არ ვიცი, ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი, მაგრამ, ასეა თუ ისე, მომჩივნები, ძირითადად, ქალები არიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ღმერთმა იცის, მართლები არიან თუ არა თვითონ ის ქალბატონები თავიანთ ქმრებთან, მაგრამ, ჩემი აზრით, არც მთლად ასეა საქმე (ანუ, მარტო ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევრები) და ქალები, შეიძლება, ჩვენზე (კაცებზე) მეტადაც კი სცოდავენ. შეიძლება კი არა, დარწმუნებული ვარ ამაში და ეს დარწმუნება ციდან კი არ ჩამოფრენილა, საკუთარი გამოცდილებით ჩამომიყალიბდა.

მე მესმის, რომ არც მთლად კაცური საქციელია, რომ საკუთარ ცოლზე ასე საქვეყნოდ ილაპარაკოს მამაკაცმა, მაგრამ, ჯერ ერთი, ჩემი თანამოძმეების მიმართ სოლიდარობამ, შემდეგ კი ცოლის ჩემდამი ირონიულმა დამოკიდებულებამ ამაღებინა კალამი ხელში და დამაწერინა ეს წერილი.

მე არ მესმის, რატომ ქმნიან ქალები ტრაგედიას ისეთი წვრილმანებისგან, როგორიც, ვთქვათ, ცოლის დაბადების დღის დავიწყებაა, ან, რა მოხდა, თუ კაცი არ არის ხელმარჯვე ან არ სცალია და ხელოსანი ცოლმა გამოიძახა? ჩემი ცოლი სცენებს იმის გამო მიწყობს, ბაზრიდან ან მაღაზიიდან დაზურგული რომ მოვდივარ, კარებში მაინც შემხვდი და ტვირთი ჩამომართვიო. კი მაგრამ, კარამდე თუ მოიტანა, იქიდან სამზარეულომდე მიტანას რაღა უნდა? მით უმეტეს, რომ მე ძალიან გამხდარი კაცი ვარ, ის კი კაი ჯანიანი ქალია. სანამ უფრო ახალგაზრდები ვიყავით, სულ იმას მსაყვედურობდა, ერთხელ არაფერი გიყიდია და გიჩუქებია ჩემთვისო. რა ვქნა, არა ვარ ის ტიპი, ქუჩაში თაიგულებით ვიარო ან მაღაზიებში ვირბინო და ცოლისთვის საჩუქრები ვარჩიო. ეს ოხერი, მისი დაბადების დღეც სულ მავიწყდება და არც ლაქუცი და მოფერება მეხერხება. გამოგიტყდებით და, ბაზარში წანწალსაც ვერ ვიტან, მაგრამ, რა, ამის გამო უნდა გამეყაროს? იქნებ, მეც მაქვს, ბატონო, მის მიმართ პრეტენზიები?! მაგალითად, ჩემზე საშინლად მოქმედებს, როცა მისი მშობლები და მეგობრები მოდიან და ცოლს ჩემს მოსახედად აღარ სცალია; ან, როცა დაღლილი მოდის სამსახურიდან და ჩემთან მოსულ ბიჭებს სათანადოდ ვერ უმასპინძლდება, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. სულ დაღლილი როგორ უნდა იყოს ქალი? არ უნდა ესმოდეს, რომ ქმრები ვერ იტანენ ცოლების მოწყენილ და მოღუშულ ფიზიონომიებს? ან, შეიძლება, იმ კერძს ამზადებდეს ყველაზე ხშირად, რომელიც არ მიყვარს. ამას წინათ რომ ვუსაყვედურე, კატლეტს ან ტოლმას რატომ არ მიკეთებ-მეთქი, მომახალა, მოიტანე ხორცი და გაგიკეთებო. მე თუ მოვიტანე, რაღა გამოვიდა?! ქმარი თუ უყვარს, კიდეც უნდა მოიტანოს და კიდეც უნდა გააკეთოს. ამას წინათ ისიც კი მაკადრა, მაინც ტყუილა ზიხარ სახლში და ნაგავი გადაყარე, ჩვენს სამეზობლოშიც და, საერთოდ, მთელ ქალაქშიც, სულ კაცებს გააქვთ ნაგავიო. საშინლად გავბრაზდი. მე ის კაცი ვარ, ნაგვით გატენილი ცელოფნის პარკებით გავიდე გარეთ? თვითონ რას მიკეთებს? ამას წინათ კიდევ ახალი დავალება მომცა – მე ძალიან ადრე მივდივარ სამსახურში, ვერ ვასწრებ და ბავშვი შენ წაიყვანე სკოლაშიო. კინაღამ გავგიჟდი, ვიჩხუბე კიდეც, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სხვა რა გზა მქონდა, ძლივს ავდექი რვა საათზე, ბავშვს სასწრაფოდ ჩავაცვი ტანსაცმელი, მოვკიდე ზურგზე თავისი ჩანთა და ისე თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით, საუზმის ჭმევა ვერ მოვასწარი. გავაჩერე „მარშრუტკა“ და საბურთალოზე ჩამოვედით სკოლასთან. ბავშვი გაჭირვეულდა – ამ სკოლაში არ ვსწავლობო. ერთი კი წამოვარტყი თავში – ნუ მასწავლი-მეთქი და სულ ძალით შევათრიე სკოლის შენობაში. მერე აღმოჩნდა, რომ ამ სკოლაში ჩემი შვილი შარშან სწავლობდა, წელს კი დედამისს ჩვენს სახლთან რომ სკოლაა, იქ გადმოუყვანია. მოკლედ, სანამ ეს დავადგინ-გავარკვიე, ამასობაში გაკვეთილებიც დამთავრდა და მოვედით სახლში დაღლილ-დაქანცულები. ისე ვიყავი, მთელი დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი. მოკლედ, რომელი ერთი გითხრათ, ცდილობს, ყველა საქმე აიცილოს თავიდან და მე გადმომაბაროს, მერე კი მაინც უკმაყოფილოა.

დარწმუნებული ვარ, მარტო ჩემი ცოლი არ არის ასეთი პრეტენზიული და მომთხოვნი, მაგრამ, ჩვენ, ქმრები, ზოგადად, დიდსულოვანი ადამიანები ვართ და ამიტომ ყველაფერს მორჩილად ვითმენთ და ვიტანთ, მაგრამ, ვინ არის დამნახავი?!

დევი, 38 წლის.



ღმერთის მადლობელი ვარ

სტუდენტობისას ერთი გოგო შემიყვარდა, ჩემი თანაკურსელი. მე რაიონიდან ვიყავი ჩამოსული, თან, სიმართლე რომ გითხრათ, არც აპოლონს ვგავდი და არც მდიდარი ოჯახის შვილი არ ვყოფილვარ, რომ ჩემს შეხედვაზე ვინმეს გული წასვლოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, გულს ვერ უბრძანებ და, კურსზე კი არა, მთელ ფაკულტეტზე და ლამის მთელ ინსტიტუტში ყველაზე მაგარი და ყველაზე პოპულარული გოგო ჩამივარდა გულში. თავიდან ვმალავდი, ძმაკაცებსაც კი არ ვეუბნებოდი, მაგრამ სიყვარულმა თავი არ დამალა, მალე ყველამ გაიგო ჩემი გამიჯნურების ამბავი და გოგონებმა „რომეო“ შემარქვეს. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი გრძნობა შაყირისა და მასხრობის თემად იქცა. გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ მართლაც ცა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან: ის ისეთი იყო, ვარსკვლავებს ეთამაშებოდა, მამამისის მძღოლს დაჰყავდა მანქანით, ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა, მთელი ინსტიტუტის (და არა მარტო ინსტიტუტის) ყველაზე მაგარი ბიჭები ფეხქვეშ ეგებოდნენ და ფინიებივით დასდევდნენ კუდში. ნუკის გამო ყოველდღე ჩხუბობდნენ, რამდენჯერმე დაჭრეს კიდეც ბიჭებმა ერთმანეთი. ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე რისი იმედი უნდა მქონოდა მე, სოფლიდან ჩამოსულ უფულო ბიჭს, რომელსაც ბინაც კი ქალაქგარეთ მქონდა ნაქირავები (ცენტრში ძალიან ძვირი ღირდა). გარდა ამისა, საკმაოდ ფუმფულა ვიყავი და ნუკისნაირი კი არა, ყველაზე ჩვეულებრივი გოგოებიც კი მხოლოდ მეგობრად აღმიქვამდნენ, თან, უმცროს მეგობრად, პატარა ბავშვივით მჩქმეტდნენ ლოყებზე და ლამის ენას მიჩლექდნენ. აი, ასეთ ვითარებაში გავატარე სტუდენტობის ოთხი წელი. კურსის გოგოებიდან განსაკუთრებით ერთთან ვმეგობრობდი – ეკასთან, რომელიც ჩემი გულის მესაიდუმლე იყო. მხოლოდ მას ესმოდა ჩემი ბოლომდე, ის მამხნევებდა, მანუგეშებდა და მიქარვებდა დარდებს. ერთი-ორჯერ ისიც კი მითხრა, იმ სულელმა შენი ფასი არ იცის, თორემ, წესით, აქეთ უნდა დაგდევდეს და გეხვეწებოდესო. ამ სიტყვებზე ეკას ვუთხარი, შენი მეგობარი რომ ვარ, იმიტომ მაფასებ ასე გადაჭარბებულად, თორემ, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ-მეთქი. ეკამ შემომხედა და დიდი ქალივით მითხრა: ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე, დადგება დღე, როცა ის თვითონ მოვა და შეგეხვეწება, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იქნებაო.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ორი თვეც არ იყო გასული, რუსეთში წავედი სამუშაოდ, ნუკის გამო თბილისში გაჩერება არ შემეძლო, სოფელში – მით უმეტეს. იქიდან ეკასთან სულ მქონდა კონტაქტი: ხან ვურეკავდით ერთმანეთს, ხან წერილებს ვწერდით და ყველას ამბებს ვიგებდი (მაშინ მობილურები არ იყო). ეკასგან ვიცოდი, რომ ნუკი არ გათხოვილა, მაგრამ ვიღაც ცნობილ ბიჭთან დადიოდა.

ერთ დღეს კი უბედურება შემემთხვა – საწარმოო ტრავმა მივიღე და კარგა ხნით მივეჯაჭვე ლოგინს. ჯერ ჩემი მგზავრობა არ შეიძლებოდა და ამიტომ იმ ქალაქის საავადმყოფოში დამაწვინეს, სადაც ვმუშაობდი (რუსეთში). დარეკეს ოჯახში, რომ ვინმე ჩამოსულიყო და თავზე დამდგომოდა, მაგრამ დედაჩემს თვითონ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, თან, უკვე ასაკში იყო და ჩამოსვლა ვერ შეძლო, მის მაგივრად კი, ისე, რომ მე თვითონაც არ ვიცოდი, ეკა ჩამოვიდა და მთელი ხუთი თვე მართლა დედასავით მივლიდა. სხვათა შორის, ჩემ გამო თბილისში სამსახურიც მიატოვა და თავის ოჯახთანაც უსიამოვნება მოუვიდა. ამ ხუთი თვის განმავლობაში კი უფრო ახლოს გავიცანი ჩემი ერთგული მეგობარი და მივხვდი, რომ ვუყვარდი, თანაც – სტუდენტობიდან. ეკაში იმდენი ახალი დადებითი თვისება და ღირსებები აღმოვაჩინე, თან, ისე შევეჩვიე, რომ დავრწმუნდი, მის გარეშე ცხოვრება გამიჭირდებოდა და, ფეხზე დავდექი თუ არა, მეორე დღესვე ვუთხარი, მიყვარხარ და ცოლად გამომყევი-მეთქი. რა თქმა უნდა, დამთანხმდა. ჩვენი წარმოების დირექციამ, ოღონდ აქედან არ წახვიდეო (ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ, ძალიან კარგი სპეციალისტი ვიყავი, დირექტორი ლამის ნაბიჯს არ დგამდა უჩემოდ და, ოღონდ საქართველოში დაბრუნებაზე არ მეფიქრა, ყოველ მეორე-მესამე თვეს მაწინაურებდა) და მე და ეკას ბინა გამოგვიყო, ქორწილიც გაგვიმართა და ცოტა ხანში თავის მოადგილედაც დამნიშნა. ცხადია, ასეთ პირობებზე უარს ვერ ვიტყოდი და დავრჩით. ვფიქრობდი, რამდენიმე წელი აქ ვიქნებით და მერე წავალთ-მეთქი. ორი წლის შემდეგ, ჩვენი დირექტორი სიმსივნით გარდაიცვალა და დირექტორად მე დამნიშნეს. ჩვენ კიდევ რვა წელი დავრჩით იქ, მერე კი სამშობლოში დავბრუნდით, რადგან მეტის გაძლება უცხო მხარეში აღარ შემეძლო. ამ წლების განმავლობაში გვეყოლა სამი შვილი, დავიცავი ჯერ საკანდიდატო, შემდეგ კი სადოქტორო დისერტაცია, ვიყავი რამდენიმე სერიოზული გამოგონების ავტორი. კომუნისტების დროს გამომგონებლებსა და დისერტაციადაცულებს კარგი ხელფასები და ჰონორარები ჰქონდათ და მეც საკმაოდ სოლიდური თანხით ჩამოვედი საქართველოში. მშობლებსაც კარგად მივხედე და ჩვენთვისაც თბილისის პრესტიჟულ უბანში ვიყიდე ძალიან კარგი ორსართულიანი სახლი, თავისი ეზოთი და ავტოფარეხით. რომ ჩამოვედი, აქაც კარგი თანამდებობა მომცეს და, ერთი სიტყვით, ელიტაში „ჩავეწერე“. თან, რა თქმა უნდა, გარეგნობითაც შევიცვალე, როგორც ამბობენ, სიმპათიური კაცი ვარ.

ისეთი ბედნიერი ვიყავი ჩემს ოჯახში, გულწრფელად გეუბნებით, ნუკი თითქმის აღარც გამხსენებია, მხოლოდ ერთი-ორჯერ გავიფიქრე, ნეტავი თუ გათხოვდა-მეთქი. არა, გატყუებთ, რამდენჯერმე ისიც ვიფიქრე, ნეტავ ახლა მხედავდეს, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ-მეთქი, მაგრამ, ესეც სტუდენტობის დროინდელი წყენის გამოძახილი იყო, თორემ, გრძნობა მის მიმართ ნამდვილად აღარ მქონდა.

თბილისში რომ დავბრუნდით და ცოტა გონს მოვედით, ეკამ გადაურეკ-გადმოურეკა ყველა თანაკურსელს, ვისი ტელეფონიც გაიგო და გადავწყვიტეთ, რომელიმე რესტორანში შევკრებილიყავით. რადგან ინიციატივა ჩვენგან მოდიოდა, ყველას ვუთხარი, რომ მე ვიქნებოდი მასპინძელი და ყველა ცოლებითა და ქმრებით დავპატიჟეთ.

რესტორანში უკლებლივ ყველა მოვიდა, მათ შორის – ნუკიც. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ მე და ეკამ მართლაც ფურორი მოვახდინეთ ჩვენი (განსაკუთრებით – ჩემი) მეტამორფოზით. ნუკი სულ ცდილობდა, ჩემ გვერდით დამჯდარიყო, ჩემთან ეცეკვა. ბოლოს მითხრა კიდეც, რომ მცოდნოდა, იმ მსუქანი სოფლელი ბიჭისგან ამისთანა კაცი დადგებოდა, ხელიდან როგორ გაგიშვებდი, თუმცა, არც ახლაა გვიანო. ეკამ გაიგონა და ძალიან მშვიდად გასცა პასუხი: ვისაც გენერლის ცოლობა უნდა, ჯარისკაცზე უნდა გათხოვდეს. ახლა კი ისე ძალიან დააგვიანე, ტყუილად თავს ნუ დაიღლი, შენისთანა ქალებთან ჩემი ქმარი გვერდით დაჯდომასაც არ იკადრებს. აქაც იმიტომ გიყადრებს თავს, რომ სხვა გზა არ აქვს, თორემ, შენნაირ ქალთან ნაცნობობაც კი სამარცხვინოაო. მე არც კი ვიცოდი, მერე გავიგე, რომ ნუკი რამდენჯერმე გათხოვილ-გამოთხოვილა, საყვარლებიც ჰყოლია, მაგრამ, როგორც თვითონ უთქვამს, თავისი შესაფერისი, თურმე, ჯერაც ვერ უპოვია.

ეკას ამ სიტყვების შემდეგ ნუკიმ ძალიან მალე დატოვა რესტორანი. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა. არ მეგონა, ასე მარტო თუ დარჩებოდა ცხოვრებაში – უქმროდ და უშვილოდ. მართლა გულით ვუსურვებ ბედნიერებას, მაგრამ, ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა და ჩემ გვერდით მართლაც ჩემი უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი – ჩემი ეკა მყავს.

ნუგო, 38 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3