კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დამარხვაზე თქვა უარი ნათია მიქიაშვილმა და როგორ დახურა მან საკუთარი წიგნის ფურცლები

ნათია მიქიაშვილი სატელევიზიო ეთერში ახალი პროექტით წარდგა – მისი საავტორო გადაცემა „ანატომია” ცნობილი ქართველების ძველი და ახალი ისტორიების ანატომიას „სწავლობს”. გადაცემის განსხვავებული ფორმატი ნათიას საკმაოდ ბევრ თავსატეხს უჩენს. თუმცა, „იმედის” პერიპეტიებში გამობრძმედილი ჟურნალისტისთვის, ეს უკვე ნაცნობი ბელეტრისტიკაა, რომელიც წლების წინ აითვისა. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ნათიას პირადი ცხოვრების ყველაზე მთავარი თემა, რომელიც უკვე დამთავრდა, მაგრამ მთავარი პერსონაჟის, არაჩვეულებრივი ალექსანდრეს გვერდით, ბედნიერი დედის როლში გრძელდება.

ნათია მიქიაშვილი: ჩემი ახალი გადაცემა – „ანატომია” აბსოლუტური სიახლეა ქართულ ტელესივრცეში, ეს არ არის ჟურნალისტური გამოძიება, ესაა ინფორმაციული ანატომია ნებისმიერი პიროვნების, უპირველესად კი, ცნობილი საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების შესახებ, რომლებიც დღეს საქართველოს ისტორიას ქმნიან. ჩემი ფილმების პერსონაჟები იქნებიან ისინი, ვინც არენაზე ჩანან და ისინიც, ვინც კულისებს მიღმა არიან, მაგრამ ბევრ რამეს წყვეტენ.

– საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტი ხარ, მაგრამ ამ ადამიანთა ანატომიის კვლევა იოლი არ უნდა იყოს.

– საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დიდი გამოცდილება მაქვს, სულ რვა წელია, რაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ, აქედან წელიწად-ნახევარი, როცა ალექსანდრეზე ვიყავი ფეხმძიმედ და გავაჩინე, მთლიანად მოწყვეტილი ვიყავი სამყაროს. როცა ეს გადაცემა კეთდებოდა, მე ზუსტად ვიცოდი, რაც მელოდა. ვიცოდი, რომ ჩემთვის დაკეტილი იქნებოდა, ფაქტობრივად, ყველა საჯარო უწყება, რაც ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია. რადგან ბევრი ერიდება ცნობილ ადამიანებზე სატელევიზიო კომენტარს, შესაბამისად, გადაცემაში გამოყენებული მაქვს ზეპირი წყაროები. ჩემს გადაცემაში არასდროს გავა ჭორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია. შესაძლოა, თავად გადაცემის გმირს ჰქონდეს ისეთი კონტრარგუმენტი, რომელიც აბსოლუტურად აბათილებს მასზე გავრცელებულ ხმებს, ასე რომ, მე ამ ადამიანებს შანსსაც კი ვაძლევ, თქვან ის, რისი თქმაც სურთ და არ მესმის, რატომ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ჩემგან, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმეს ბოლომდე გაწირავს. ასეთი ვარ საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. არის რაღაცეები, რაც შეიძლება, საერთოდ არ ჩავდო ფილმში, რადგან ვიცი, რომ ის ადამიანი ამით შეიძლება დაიმარხოს და ამას არასდროს არ გავაკეთებ. ვერ ვიტან, როცა ამბობენ, მე ჯერ ჟურნალისტი ვარო. მე ვფიქრობ, რომ ვერასდროს გახდები კარგი ჟურნალისტი, თუ კარგი ადამიანი არ ხარ. მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი გადაცემები გავაკეთო, ვითვალისწინებ საკუთარ შეცდომებს, ვიღებ ყველას რჩევას დამლაგებლიდან დაწყებული ოჯახის წევრებით დამთავრებული. კვირის შვიდი დღიდან შვიდივე დღე ვმუშაობ. უკვე ერთი თვეა, სახლში დილის ხუთ საათზე ვბრუნდები, ისეთ რეჟიმში ვარ, რაც დიდი ხანია არ მქონია. იმედი მაქვს, რომ სექტემბრიდან, როცა გადაცემა უკვე აწყობილი იქნება, კვირაში ერთ დღეს ალექსანდრესთვის გამოვყოფ (იცინის).

– წელიწადნახევრიანმა პაუზამ შენს ჟურნალისტურ კარიერაზე როგორ იმოქმედა?

– რაღაც პერიოდში საინფორმაციო სამსახურს ვხელმძღვანელობდი, მერე საკუთარ პროექტზე ვმუშაობდი, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო კარგა ხანს შეჩერდა. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რადგან ვერ ვიტან პასიურ რეჟიმს. ტელევიზია ისეთი დაავადებაა, ერთხელ თუ ეზიარე, მერე ვეღარ ძლებ ფირის, კამერის, სამონტაჟოს გარეშე. ამას გარდა, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ, ვერ ვძლებ ხალხის გარეშე და ძალიან მიხარია, როცა ადამიანები სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, ამას ყველგან ვგრძნობ, ქუჩაშიც, ბაზარშიც. თან, უნდა იცოდე, როგორ ვგიჟდები ბაზარში სიარულზე, სულ გლდანის ბაზარში დავდივარ. ეს პროცესი ისე მიყვარს, მგონი, უკვე აკვიატებად მექცა (იცინის). იმ ტაიმაუტში, რაც „იმედიდან” „მაესტრომდე” მქონდა კარგ მეოჯახედ ჩამოვყალიბდი. ადრე ამის საშუალებას ბებია არ მაძლევდა, ახლა რასაც ვაკეთებ კარგად გამომდის. აგათა კრისტის არ იყოს, პროფესიული იდეები ჭურჭლის რეცხვის დროსაც კი მომდის (იცინის). „იმედში” პროფესიულად „გავიზარდე”, მაგრამ, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ტელევიზიის დახურვის შემდგომი პერიოდი. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. თუმცა, ის იყო შანსი, რომელიც ყველას არ ეძლევა ცხოვრებაში.

– თუმცა, იმ შანსს შეეწირა შენი პირადი ცხოვრება და დღეს მარტოს გიწევს შვილის გაზრდა.

– ეს იყო წიგნი, რომელიც დაიხურა. მე ამას შეჩვეული ვარ. ჩემი ცხოვრების განმავლობაში სულ ხდება რაღაც ისეთი, რაც მტკივნეულია, მაგრამ ჩემია. 10 წლის ვიყავი, როცა მამა დამეღუპა, მერე კიდევ იყო რაღაც უსიამოვნებები. ასე რომ, მივეჩვიე წიგნში თავების დახურვას. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის იოლი გადასატანი იყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. როცა გოგას პირად ცხოვრებაზე რაღაც გავიგე, დავურეკე, ის ბოლო წუთამდე ცდილობდა, დაემალა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა. მე მაშინ ცხრა თვის ორსული ვიყავი. სანდრო გაჩნდა და გოგაც დაქორწინდა. მერე დაიწყო ახალი ცხოვრება, დაიწყო ალექსანდრეს სახით და მალე მივხვდი, რომ არაფერზე ნერვიულობა აღარ ღირდა. დღეს მე მყავს ალექსანდრე და ჩვენ ერთად მშვენივრად ვცხოვრობთ. სანდრომ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ცოტა გაართულა, ცოტა გაახალისა და გაალამაზა.

– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს სანდროს მამასთან, გოგა გრიგალაშვილთან?

– ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, უცნაურია, მაგრამ არც ერთხელ არ შევხვედრივართ ერთმანეთს, მიტინგებზეც კი (იცინის). ხელაღებით ვერ გეტყვით, რომ ეს იყო მისი არჩევანი კარიერასა და შვილს შორის. ამაზე არაფერი მიკითხავს. მე ძალიან ბევრი ახლობელი მყავს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის მაღალჩინოსნებიც, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მე და გოგამ ყველაფერი დავასრულეთ საქმის გარჩევების, შეთანხმებების გარეშე. მის ამბებსაც ახლა უკვე შორიდან ვიგებ, პრესის მეშვეობით. ასე შევიტყვე, რომ ის სასწავლებლად წავიდა (იცინის). მე საერთოდ არ გამომიჩენია ინიციატივა, რომ გოგას და ალექსანდრეს ურთიერთობა ჰქონდეთ. ბავშვი გაიზრდება და თავად გააკეთებს არჩევანს, თვითონ გადაწყვეტს მამასთან თავის ურთიერთობას. ჯერ ორწლინახევრისა, 7-8 წლის ასაკში, ალბათ მოიკითხავს მამას. სანდრო მას ჯერ ვერ ცნობს, ვერც ტელევიზიით, მაგრამ გენეტიკას და დნმ-ს ხომ ვერ შეცვლი – სანდრო უკვე პატრულია, დარბის თოფებით, მანქანებით. სახლში თუ ვინმე რამეს აშავებს, პატრულით „ვემუქრებით“ და როცა ქუჩაში გამყავს, საპატრულო მანქანებში ხტება (იცინის).

– მარტოს არ გიჭირს პატარა ალექსანდრეს გაზრდა?

– არა, არ მიჭირს. შეიძლება არ გამიმართლა პირად ცხოვრებაში, მაგრამ მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებმაც არც ერთი წუთით არ მაგრძნობინეს მარტოხელა დედობის სიმძიმე. დილის ხუთ საათზე რომ დამჭირდეს ვინმეს დახმარება, 6-7 ადამიანი უცებ გაჩნდება ჩემს გვერდით, არის ადამიანთა წრე, რომლებიც სანდროს არ აგრძნობინებენ, რომ მარტო ნათიას შვილია. სანდრო ხშირად მიმყავს სამსახურში. იქ ყველა გიჟდება ბავშვზე, ანებივრებენ, ეფერებიან, თანადგომითა და ყურადღებით ძალიან ბედნიერი ვარ.

– ახალი ურთიერთობებისა და სიყვარულისთვის მზად ხარ?

– არ ვარ მზად. დრო არ მაქვს ამისთვის. ეს შეიძლება ბელეტრისტიკაა, მაგრამ მართლა ისე ვარ დაკავებული საქმეებით, არაფრისთვის არ მცალია. პატარ-პატარა ფლირტები და გატაცებები დროდადრო არის, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობას და სიყვარულს ვერ დავარქმევ ამას. ამისთვის არც მზად ვარ და არც მინდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ის ახდენს გავლენას, რაც ჩემს ცხოვრებაში სამი წლის წინ იყო. მამაკაცებზე მაღალი წარმოდგენის არც ადრე ვყოფილვარ. თუმცა, გოგას ნობელის პრემია ნამდვილად ეკუთვნის მშვიდობის დარგში (იცინის). მე არც ისე მარტივი ხასიათი მაქვს, ჩემი ატანა არ არის იოლი. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს არ აგიხსნის, რატომაა დილის ხუთ საათამდე სადღაც, შემიძლია, გამოვრთო ტელეფონი და ორი დღის განმავლობაში აღარ ჩავრთო, შემიძლია, დავკრა ფეხი და მეგობრებთან ერთად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წავიდე სადღაც. ალბათ, ოჯახი რომ მქონოდა, მაშინაც გავაკეთებდი ამ ყველაფერს. ერთხელ დასასვენებლად ისე წავედი, გოგას არ ვუთხარი და უკვე საზღვარს რომ გადავდიოდით, მაშინ დავურეკე. ეს რომ ჩემს გვერდით მყოფმა მამაკაცმა გააკეთოს, შეიძლება, მძიმე შედეგამდე მივიდეთ. მიმაჩნია, რომ ურთიერთობაში მე ყველაფრის უფლება მაქვს, ისინი კი უუფლებოდ რჩებიან. საერთოდ ძალიან პრეტენზიული ადამიანი ვარ, ბევრს გავცემ და იგივეს მოვითხოვ უკან, რასაც ახლა უკვე რაღა შეცვლის? (იცინის). ახლა მთელი ჩემი ცხოვრება სახლი და სამსახურია. თუმცა, სულ ასე იყო. ახლა ყველაზე მეტად სანდროს ვჭირდები და მეც სულ მინდა, მის გვერდით ვიყო. ჩვენ სულ ერთად დავდივართ ყველგან, მათ შორის ლაშქრობებზე. მე ძალიან მიყვარს ბუნება, ბუნების გარეშე ვერ ვარსებობ. ცოტა ხნის წინ ისიც კი გადავწყვიტე, თბილისში სახლი გამეყიდა და საცხოვრებლად სადმე ახლოს, სოფელში გადავსულიყავი. მაგრამ, არ გამომივა – უკვე სანდროსაც ხომ უნდა ვკითხო, უნდა სოფელში ცხოვრება თუ არა? (იცინის).


скачать dle 11.3