კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაართვა ძალით „ფეოლას“ სცენარი ბაადურ წულაძემ რეზო გაბრიაძეს და რატომ აეწყო ცუდად მისი შემოქმედება და პირადი ცხოვრება

„ქართველებს უცნაური ჩვევა გვაქვს – სულ წარსულს მივტირით. დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო. მინდოდა, თუ არ მინდოდა, ასე მოხდა. ყველას თავისი ბიოგრაფია აქვს. თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული. მაგრამ არავისთვის არაფერი დამიბრალებია, პირიქით, ჩემზე მეტი და მხიარული მეგობარი თბილისში არავის ჰყავდა“, – ამბობს ბაადურ წულაძე, რომლის ცხოვრებაში წარმატება და წარუმატებლობა ერთ ზღვარზე გადიოდა. მისი ბედის ბორბალი სულ წაღმა-უკუღმა ტრიალებდა, ბოლოს კი, არაჩვეულებრივი სამყაროს, კინოს კართან გაჩერდა, საიდანაც მისი შემოქმედება, თავისებურად საინტერესო კინოკადრებად დავინახეთ.

ბაადურ წულაძე: დავიბადე 1935 წლის 5 მარტს ქალაქ ბათუმში. ორი წლის ვიყავი, მამაჩემი რომ გადაასახლეს. ჩემი და ჯერ დაბადებულიც არ იყო, გამოძიების დროს გაჩნდა. გამომძიებელმა მიულოცა – გოგონა შეგეძინათ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ვერასდროს ნახავთო. მანამდე, საქართველოში აჯანყება რომ იყო, მისმა უფროსმა ძმამ, ბაგრატმა საზღვარზე გადასვლა მოასწრო და პარიზში ამოყო თავი. მამაჩემმაც დააპირა, მაგრამ ვინც ბიძაჩემი გადაიყვანა, მან ჩაუშვა და საზღვარზევე დაიჭირეს. მაშინ ოცდაერთი წლის იყო. მთელი ახალგაზრდობა ციმბირში გაატარა. ბაბუაჩემი მღვდელი გახლდათ, ფოთის გიმნაზიაში ქართულ, რუსულ ლიტერატურასა და ენას ასწავლიდა. ძალიან კარგად იცნობდა ვაჟა-ფშაველას. მე მაქვს შენახული ვაჟას ნაჩუქარი სათუთუნე, რომელიც მან ბაბუაჩემს აჩუქა. ბაბუაზე წიგნებია გამოცემული და საეკლესიო წიგნშიც არის შეტანილი, როგორც მოწამე. ანაფორა რომ არ გაიხადა, ღამე დახვდნენ და მოკლეს. მეორე ბაბუა – დედის მხრიდან, სოფელში ასევე ძალიან პატივსაცემი კაცი გახლდათ. დედაჩემი ბუღალტერი იყო. ოცდაოთხი საათი მუშაობდა. ამიტომ, მთელი დღე კატო მამიდასთან ვიყავით, რომელიც ჩვენს გამო არ გათხოვდა. მთელი თავისი ცხოვრება ჩვენ მოგვახმარა. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში, რომელიც მთებშია, ბაბუაჩემს სახლში უშველებელი ბიბლიოთეკა ჰქონდა. თურმე, პეტერბურგიდან იწერდა წიგნებს და ჟურნალებს. გადმოცემით ვიცი, რომ ერთხელ, შვიდი თუ რვა ურემი შეიყვანეს ეზოში, წიგნებით დატვირთეს და სად წაიღეს, ღმერთმა იცის. სახლს პატარა სხვენივით ჰქონდა. მახსოვს, იქ ავიპარებოდი, ერთი დიდი სკივრი იდგა, რომელშიც წიგნები იყო შემორჩენილი, ვკითხულობდი და ვკითხულობდი. იმ წიგნებით აღვიზარდე.

– ყველაზე დიდი გაჭირვება სწორედ თქვენ და თქვენზე უფროს თაობას აქვს გამოვლილი. რას გაიხსენებდით იმ პერიოდიდან?

– მანდარინის სეზონი რომ მოვიდოდა, მთელი ოჯახი ვისხედით, შიგნიდან თეთრი კანი რომ აქვს, იმას ვაცლიდით და ციტრუსის გადამმუშავებელ კომბინატში ვაბარებდით. იქ მანდარინის კანისგან ჯემები მზადდებოდა. ერთ-ორ კაპიკს ვიღებდით. როგორც დამთავრდებოდა სკოლა, მაშინვე ბებიასთან, სოფელში გვიშვებდნენ (დედაჩემის დედასთან), რადგან, ქალაქში შიმშილი იყო. სოფელში კი, სიმინდის ფქვილი, მჭადი, რძე, ყველი, ხორცი ყველაფერი იყო. დილიდან ძროხას გამატანდნენ ხოლმე საბალახოდ, თან, წიგნს წავიღებდი, შებინდებამდე მინდორში ვიჯექი და ვკითხულობდი. მერე დოქით წყაროზე გამაგზავნიდნენ. ჭა გვქონდა, მაგრამ ჭის წყალს არ გვასმევდნენ. მოკლედ, სოფელმა გადაგვარჩინა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ბებია ყველაფერს გვატანდა. კიდევ უფრო დიდი გაჭირვება ომის შემდეგ დადგა. მართლა არაფერი იყო. პურის წიგნაკები გვქონდა, მაგრამ რად გინდათ – პური იყო ტალახივით. მერე დედაჩემმა იმდენი გააკეთა, რომ თეთრი პურის ტალონი მოგვცეს. მოსატანად რომ წავედი, გზაში შემომეჭამა. ძალიან ადრე, სკოლაში წასვლამდე, უნდა ავმდგარიყავი და პურის რიგი დამეკავებინა, თორემ აღარ შეგვხვდებოდა. მერე, ბათუმში გახსნეს დიდი მაღაზია „ოსობტორგი”, ანუ განსაკუთრებული სავაჭრო ცენტრი. მთელ ქალაქში ერთადერთი მაღაზია იყო, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი ეწყო, მაგრამ საოცრად დიდი ფასები ჰქონდა. სკოლისკენ გზად მიმავალი შევივლიდი იმ მაღაზიაში დახლებს ჩამოვუვლიდი და დავყნოსავდი, რადგან ვიცოდი, ვერასოდეს ვეღირსებოდი იმის ყიდვას, რაც იქ იყო. ბიძაჩემი, დედას უფროსი ძმა, ცოტა უფრო შეძლებული გახლდათ. ერთხელ, ჩამოვიდა და მე და ჩემი და იმ მაღაზიაში წაგვიყვანა. ჩაისთან მისაყოლებელი ძეხვი და ორი ნაჭერი ნამცხვარი გვიყიდა. ის გემო ახლაც მახსოვს. იმაზე გემრიელი არაფერი გვიჭამია.

– გაიხსენეთ, სკოლის პერიოდიც. ეს არის ადგილი, სადაც შენი ცხოვრების ნაწილს ატარებ და საიდანაც ყველაზე დიდ გამოცდილებას იძენ.

– კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ძალიან ცელქი ვიყავი. ის მოსაზრება, რომ ხუთოსნები ჭკვიანები არიან და ოროსნები ამკლებნი – ტყუილია. თუ რამე მოხდებოდა, ყველაფერი მე მბრალდებოდა. შეიძლება, საერთოდ, არ ვყოფილიყავი იმ დღეს სკოლაში, მაგრამ მაინც. (ბატონ ბაადურს ბათუმის რუსული სკოლა აქვს დამთავრებული – ავტორი) მაშინ ასეთი ბინები არ იყო, როგორიც დღესაა. ბანაკისებურ ბინებში ვცხოვრობდით. ერთი დიდი დერეფანი იყო გადატიხრული, ყველას თითო ოთახი ჰქონდა ერთმანეთში გამავალი კარით, რომელიც გაუქმებული გახლდათ. ტუალეტი კი, ეზოში იყო. მეგობარს ვერ დაპატიჟებდი, ამიტომ სულ ქუჩაში ვეგდე, სანამ არ დაბნელდებოდა. თუმცა, ქუჩას ჩემთვის კარგის მეტი არაფერი უსწავლებია – მასწავლა, რომ სუსტი არ უნდა სცემო, ორი ერთს არ უნდა დაესხას თავს... სახლში მხოლოდ ვკითხულობდი ან კლასიკურ მუსიკას, ჯაზს ვუსმენდი. დედაჩემი ჩვენ გამო რას არ აკეთებდა. ყველაფერს ახერხებდა. სულ გაპიწკინებულები დავყავდით მე და ჩემი და. ყოველ კვირას დავდიოდით კინოში. ეს ჩემთვის დიდი ზეიმი იყო. მერე რადიოლა მიყიდა. ჩვენს გარდა არავის ჰქონდა. სახლის სახურავზე ავძვერი, მიკვირს, როგორ არ გადმოვვარდი და უშველებელი ანტენა დავაყენე. საღამოობით ჩავრთავდი და ვუსმენდი. არასოდეს მიოცნებია მსახიობობაზე ან რეჟისორობაზე, არასოდეს მივლია თვითშემოქმედებით წრეებზე. ჩემი და, კი ბატონო, ბალეტზეც დადიოდა და დრამატულ წრეზეც და გვეგონა, ის გამოვიდოდა მსახიობი, მაგრამ არქიტექტურის განხრით წავიდა. ჩვენი სკოლა ბათუმის ბულვარის წინ იყო. იქ რომ შესულიყავი, ვერავინ გიპოვიდა, ტყესავით იყო. პედაგოგები არ შედიოდნენ, რადგან იცოდნენ, მაინც ვერავის იპოვიდნენ. „თხუთმეტი წლის კაპიტანი” სწორედ იქ გადაიღეს. ღია პავილიონი გააკეთს, დეკორაციები, მახსოვს, ჯუნგლების კოსტიუმში გადაცმული მსახიობები როგორ დარბოდნენ. მივდიოდით და ვუყურებდით გადაღების პროცესს. მერე, სადგურში წავიდოდით, „ელექტრიჩკას“ შევასხდებოდით, მწვანე კონცხზე ჩამოვდიოდით და მთელ დღეს ბოტანიკურ ბაღში ვატარებდით. საღამოსკენ სახლში ვბრუნდებოდით. სტადიონიც გვქონდა და ვთამაშობდით. აი, ასე დავდიოდით შატალოზე. ყველაფერს ვასწრებდით. ერთი მეზობელი გვყავდა, ჟორაია – კინომექანიკოსი. საღამოობით, მასთან მივდიოდი შეგირდად. აი, მაშინ ვნახე, რაც ვნახე, მაგრამ არც მაშინ გამჩენია რეჟისორობისა და მსახიობობის სურვილი.

– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ?

– დედაჩემი რაღაცას რომ იტყოდა, საბოლოოდ, არჩევანს მაინც შენ გიტოვებდა. ჩვენს დროს, ვინც სკოლას ოქროს მედალზე ამთავრებდა, უგამოცდოდ ირიცხებოდნენ ინსტიტუტში. ძალიან უნდოდა, ინჟინერი ვყოფილიყავი, რაც მაშინ, ყველაზე პრესტიჟული იყო. მეც აღარ შევეწინააღმდეგე. გადაწყდა, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სადაც ყველაზე მაგარი ინსტიტუტია, იქ ჩამებარებინა. ასეთი იყო მოსკოვის ბაუმანის სახელობის სასწავლებელი. ბევრს მშობელი გაჰყვა. დედას არც ამის თავი ჰქონდა და არც საშუალება. ჩემს მეგობარს მიჰყვებოდა დედამისი და მას ჩააბარა ჩემი თავი. ხუთი ადამიანი ნაქირავებ პატარა ოთახში ვცხოვრობდით. ბინის პატრონი მილიციაში საპასპორტო განყოფილებაში მუშაობდა. ინსტიტუტში საბუთებით რომ მივედი, დახედეს, ყველაფერი რიგზეაო, – მითხრეს, მაგრამ ერთი პრობლემაა, საერთო საცხოვრებელი არ გვაქვს. ამიტომ, ცნობა მოიტანეთ, რომ მოსკოვში ჩაგწერონო. ვიცოდი, რომ ეს პრობლემა არ იყო. ჩვენი დიასახლისი ჩამწერდა. მომეცით საბუთები და ბარემ იმ ცნობასთან ერთად მოგიტანთ-მეთქი. წამოვედი, ჩავედი მეტროში, თავი ამოვყავი მეტრო-სადგურ „პლოშად რევოლუციი-ზე”. იქვე, პატარა ჯიხური იდგა – ცნობათა ბიურო. ისე, უბრალოდ, ვიკითხე – აქ, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი სად არის-მეთქი. აგერ, ცხრა ნომერ ტროლეიბუსს გაყევით და ბოლო გაჩერებაზე ჩამოდითო. მივედი, ვხედავ, გამოკრულია მისაღები გამოცდების პირობები და ფაკულტეტები. რატომღაც გადავწყვიტე, ყველაზე ადვილი ფაკულტეტი, სარეჟისორო ამერჩია. ვიფიქრე, გამოცდები აგვისტოშია, ჩავაბარებ – ჩავაბარებ, არ ჩავაბარებ და ისევ იმ „ბაუმანში” მივალ-მეთქი. რა ვიცოდი, თურმე, სად შევყავი თავი. დაიწყო ტურები. ერთ ადგილზე ორასი კაცია. გავიარე პირველი, მეორე, მესამე. დავრჩით ოცდაათი კაცი. აი, აქ, უკვე უპირატესობა ეძლეოდა მას, ვისაც რაღაც მაინც ჰქონდა გაკეთებული ამ დარგში და ასე თუ ისე, ცხოვრება გავლილი ჰქონდა. ვერ გავედი. მეც გავჯიუტდი. არაფერი არ მინდა ამის გარდა-მეთქი. ბათუმში გულნატკენი, მაგრამ იმ იმედით დავბრუნდი, რომ მომავალ წელს, აუცილებლად ჩავაბარებდი. ჩემმა დამაც მოსკოვში, არქიტექტურულზე ჩააბარა. მარტში, თბილისში ჩამოვედი. სიკო დოლიძე „ეთერის სიმღერას” იღებდა. კინოსტუდიაში მივდიოდი და ვუყურებდი. ვიღაცამ სთხოვა ჩემზე, ცნობა დაეწერა, ვითომ მასთან ასისტენტად ვმუშაობდი. რას ვმუშაობდი, ტყუილად დავდიოდი. სიკომაც დაწერა წერილი ჩვენი კურსის ხელმძღვანელის, დორჟენკოს სახელზე: წულაძე, ჩემთან ერთად მუშაობდა ფილმზე. მის გარეშე ამ ფილმს ვერ გადავიღებდიო. ასე ჩამრიცხეს ინსტიტუტში. ფილმი რომ გამოდიოდა ეკრანებზე, არ ვიცოდით, ვინ რეჟისორი იყო, ვინ ოპერატორი, ვინ მხატვარი. ეს არავის აინტერესებდა. მე ბრწყინვალედ ვიცოდი კლასიკური მუსიკა და ჯაზი, მაგრამ ჯაზზე ლექციებს იქ არავინ კითხულობდა. ჩემთან ერთად აბარებდნენ – ოთარ იოსელიანი და გიორგი შენგელაია. გარდა იმისა, რომ გიორგი ნიჭიერი ბიჭი იყო, ყველამ იცოდა, ვისი შვილიც გახლდათ და გასაგები იყო, რომ მას მიიღებდნენ. ვიფიქრე, მესამე ქართველს ვინ მიიღებს-მეთქი და მე მიმიღეს. არც ერთ კურსზე არ იყო სამი ქართველი. სხვათა შორის, კარგი სახელით ვსარგებლობდით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე არეული ცხოვრება ჩვენ გვქონდა. ინსტიტუტში თითით საჩვენებლები ვიყავით, ესენი არიან, რაც არიანო.

– თქვენი კინოკარიერა მოკლემეტრაჟიანი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ფილმებით დაიწყო და გაგრძელდა. მე ვიცი, რომ თავიდან მუშაობის საშუალებას არ გაძლევდნენ. რატომ?

– თბილისში რომ ჩამოვედი, ვიღებდი მოკლემეტრაჟიან ფილმს – „სამნი ზღვის პირას”, რომელიც ჩემი სადიპლომო სურათი უნდა ყოფილიყო. ვიღაცამ რაღაც გადაიღო. ხრუშჩოვს არ მოეწონა და ამბები ატყდა – მთელი ცეკას დადგენილება ამ ფილმზე იყო. გავჩერდი, ვიყავი ასე უსაქმოდ, ტრამვაის ფულიც არ მქონდა. მერე, მიშა კობახიძე ჩამოვიდა. სადიპლომო ფილმს ვიღებ და მინდა, ჩემთან ითამაშო, ოღონდ ფული არ მაქვსო. თანხმობა მივეცი. გადაიღო, მაგრამ არ მოეწონა. ახალი სცენარი დაწერა და გადაიღო „ქორწილი”. აქედან დაიწყო ჩემი მსახიობობა, ასე ვთქვათ, უსაქმურობამ გამხადა მსახიობი. მას მერე, ხან სად მეძახდნენ, ხან – სად. მაგრამ, ეს რას მიშველიდა. დიპლომს თუ არ დაიცავდი, ისე ვინ მოგცემდა დიპლომს? საგონებელში ჩავვარდი. ამ დროს, შენგელაია ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” მთავარ როლს თამაშობდა. პარალელურად, მოკლემეტრაჟიან ფილმს – „ჯილდოს” იღებდა. მე სულ დაკავებული ვიქნები, მოდი, ჩემთან მეორე რეჟისორად იმუშავე და სადიპლომოში ჩაგეთვლება, თორემ ისე, შენ ფილმს არავინ მოგცემს, გამორიცხულიაო. ვმუშაობდი, მაგრამ დამდგმელი რეჟისორი მაინც გიორგი იყო. ვინაიდან „ვგიკში“ უკვე კარგად მიცნობდნენ და პატივსაც მცემდნენ, დიპლომი მომცეს. ჩამოვედი, მაგრამ მაინც არ მაძლევენ ფილმს. რეზო გაბრიაძე უკვე ცნობილი სცენარისტი იყო. მივედი და ვთხოვე, რამე ჩემთვისაც დაეწერა, რომ გადამეღო. „ფეოლას” მოკლე შინაარსი მომიყვა. ვუთხარი, დაწერე-მეთქი. რეზო რომ დასვა და დააწერინო, დიდი პრობლემაა. ასე, მიყვებოდა და მიყვებოდა. რაღაც პერიოდი კინოსტუდიას გაუჭირდა, გეგმას ვერ ასრულებდა. რეზოს ვუთხარი – აი, ახლა მაქვს შანსი, რომ გავძვრე და უნდა მიშველო-მეთქი. როგორც იქნა, დაწერა „ფეოლას” სცენარი. მიიღეს, მაგრამ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი საქმე. პირველ მასალას რომ გადაიღებ, თუ მოგვეწონა, მაშინ გააგრძელეო. გადავიღე პირველი ეპიზოდი, მოეწონათ. გავაგრძელე. ასე გავხდი რეჟისორი. („მოცურავე”, „პეპელა”...) მერე გია დანელია ჩამოვიდა და „არ დაიდარდოში” გადამიღო.

– რეჟისორი ასე თუ ისე გახდით, მაგრამ არ აეწყო თქვენი პირადი ცხოვრება. ერთხელ, თქვით კიდეც, რჩევა-რჩევაში მეზღაპრე მოლა ნასრედინის გმირის, ბურიდანის ვირივით დავრჩიო.

– საბჭოთა სისტემა საოცარი იყო – ბინას არ მოგცემდნენ, თუ თბილისში ჩაწერილი არ იყავი, მაგრამ არ ჩაგწერდნენ თუ აქ ბინა არ გქონდა. ასე ვიყავი ცაში გამოკიდებული, მერე, ჩემმა დამ ინსტიტუტი რომ დაამთავრა, ბინას ვქირაობდით. 1976 წელს, როგორც იქნა, ერთი ჩვენი ნათესავის ნათესავთან ჩამწერეს. მანამდე – თხუთმეტი წელი სად, როგორ ვცხოვრობდი, კაციშვილმა არ იცის. ასეთ პირობებში როგორ უნდა შემერთო ცოლი? მერე ეს ბინა ავიშენე, მაგრამ პატარა ფართობია. რაღაცნაირად წავიდა ჩემი ცხოვრება. ახლა კი ვნანობ, მაგრამ რა ვქნა, ასე აეწყო, ვეღარაფერს შევცვლი.


скачать dle 11.3