კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შესთავაზეს ლაშა თორდიას სამსახური ცირკში და როგორ წერს ის კანონებს

რამდენიმე თვეა, რაც პარლამენტარი ლაშა თორდია ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს, თუმცა კანონების მთავარი „მწერლის“ იარლიყი იურდიულ კომიტეტში მუშაობის დროს მოირგო, სწორედ მის ანგარიშზეა იმ კანონების უმეტესობა, რომლებიც პარლამენტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიიღო. როგორ იწერება კანონები, ეს ლაშა თორდიამ ყველაზე უკეთ იცის. როგორც თავად ამბობს, ამაზე ფიქრობს ყველგან: სამსახურშიც, ქუჩაშიც და სახლშიც, სადაც ის მეუღლის უფლებებზეც ისე ზრუნავს, როგორც ეს უფლებათა დამცველის სტატუსს შეჰფერის.

ლაშა თორდია: იურიდიული კომიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამუშაო პროცესებით, ვინაიდან, ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ეხება ძირითად თემებს, სხვადასხვა ინსტიტუციების კონკრეტულ მოქმედებებს და ადამიანის უფლებებს, რეალურად ამ კომიტეტში იქმნება. ჩვენ გვქონდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო თემებს განიხილავდა, ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ მიღებული იქნა ისეთი კანონპროექტები, რომელთა შედეგადაც დღეს ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი უფრო მოქნილი და ხალხზე მორგებულია. სანამ პარლამენტში დავიწყებდი მუშაობას, მე ვმუშაობდი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის შედეგადაც მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ უძრავი ქონების რეგისტრაციის სიმარტივის თვალსაზრისით. ამ თემაზე იმდენი ვიმუშავე, დღეს პატარა პრობლემა რომ შეიქმნას, მაშველი ძალის როლში ვარ ხოლმე (იცინის).

სტატისტიკაზე საუბარი ახლა არ მინდა, მაგრამ, ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით ასამდე კანონის შექმნის უშუალო მონაწილე ვარ, ყოველი კანონპროექტის განხილვასა და გატანაზე ძალიან ვნერვიულობ, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველა საკითხს.

– ამ ას კანონს შორის ბევრი ისეთი კანონის ავტორიც ხართ, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღები არ იყო.

– გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ გვიწევს რთული ნაბიჯების გადადგმა: ერთი შეხედვით, ისინი თითქოს სოციალური მოთხოვნების საწინააღმდეგოა, მაგრამ, ეს იმ კონკრეტულ შემთხვევებში ჩანს ასე, თუმცა, სამომავლო პერსპექტივაში ეს კანონები აუცილებლად ეფექტური იქნება ქვეყნისთვის. ზოგს, შეიძლება, ჰგონია, რომ ჩვენ უცბად-უცბად ვქმნით კანონპროექტებს, გაგვაქვს და არანაირ ყურადღებას აღარ ვაქცევთ, რაც ნამდვილად არაა ასე. თითოეულ კანონპროექტზე ძალიან ვნერვიულობ, ბოლომდე ვადევნებ ხოლმე თვალს პრესას, საზოგადოების დამოკიდებულებას, მის ინპლემენტაციას რეალურ ცხოვრებაში. ეს კანონები იწერება ჩემს სამუშაო კაბინეტში, თუმცა მასზე ვფიქრობ ყველგან – სახლშიც, ქუჩაშიც. ვხედავ, რა და როგორ სჭირდებათ ადამიანებს, რაც მაფიქრებს იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ კანონპროექტმა. ყოველთვის ვისმენ საზოგადოების მხრიდან წამოსულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს.

– სამი წელია, პოლიტელიტის წევრი ხართ, თუმცა, არც ცნობილი სახე გახდით და არც თავდასხმების ობიექტი. როგორ მოახერხეთ ეს?

– არ ვიცი, ეს როგორ გამომდის, თუმცა მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ხალხის რისხვის ეპიცენტრში. მე არასდროს ვარიდებ თავს დებატებს და ყოველთვის ვცდილობ, ავხსნა ის, რასაც ვაკეთებ და, დარწმუნებული ვარ, რომ ვაკეთებ კარგ საქმეს. არასდროს არ ვიკეტები, რაც პარლამენტის წევრი გავხდი, ვცხოვრობ იმავე ცხოვრებით როგორც ვცხოვრობდი ადრე, ისევ ისეთი ურთიერთობები მაქვს საზოგადოებასთან, ჩვეულებრივად დავდივარ მაღაზიებში, ვიხდი გადასახადებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ცნობილობას, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის გაფიარებაზე ბევრს ფიქრობს და ცნობადობისთვის იღვწის. ჩემთვის მთავარია, ჩემი ქვეყნისთვის მინიმალურად მაინც გავაკეთო ის, რაც მე შემიძლია. იქ, სადაც არ მცნობენ, არასდროს ვამბობ, რომ პარლამენტის წევრი ვარ, ჩემს სტატუსს არასდროს ვაფიქსირებ. უფრო მეტიც, პატარ-პატარა „მასკიროვკებსაც“ ვიყენებ, მაგალითად, ქუდს (იცინის). არ მინდა, ვინმეს უხერხულობა შევუქმნა, ვცდილობ, ისე მომექცნენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რადგან, როცა იციან, რომ პარლამენტის წევრი ხარ, გარკვეულ დისტანციას იჭერენ და თავისუფლად აღარ გესაუბრებიან. მე მირჩევნია, ყველა ადამიანი გახსნილი იყოს, რადგან თავად ძალიან თავისუფალ გარემოში ვარ გაზრდილი და ამას ძალიან ვაფასებ. ერთ ისტორიას მოგიყვებით: კოჯორში თითქმის ყოველდღე ამოდიოდა ხოლმე ადამიანი, რომელსაც გასაყიდად ამოჰქონდა ხოლმე სოფლის მეურნეობის პროდუქტები. რამდენჯერმე რომ შევხვდით ერთმანეთს, ერთ დღესაც, მკითხა: საიდანღაც მეცნობიო. საიდან-მეთქი? – ვკითხე. ადრე პომიდვრის ქარხანაში ვმუშაობდი და, ალბათ, იქიდანო. კი, მეც იქ ვმუშაობდი-მეთქი, – დავეთანხმე (იცინის).

– ასეთი სამსახური თქვენს შრომით წიგნაკში ნამდვილად არ არის?

– არა, მუშაობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე, ძალიან ბევრ ადგილას ვმუშაობდი, უფრო მძიმე სამუშაო რეჟიმითაც კი, ვიდრე დღეს მაქვს, მაგრამ პომიდვრის ქარხანა რაღაც არ მახსენდება (იცინის). პარლამენტში ასე პირდაპირ, „ერთ მშვენიერ დღეს,“ არ მოვხვედრილვარ, ჩემი პირველი სამსახური იყო თბილავიამშენი, სადაც ვიყავი რიგითი იურისტი. „დიდ ავიაციამდე“ ვერ მივედი და არც მქონდა ამის პრეტენზია, ამის შემდეგ მუშაობა დავიწყე პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად და მაშინაც ვმუშაობდი კანონპროექტებზე, მერე გადავედი „იუესაიდის“ პროექტში, შემდეგ ვიყავი საჯარო რეესტრის იურისტი და, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ახლო კონტაქტები მქონდა პარლამენტთან.

– მშობლიურ კომიტეტს იოლად შეელიეთ? თუ, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს უფრო მეტი ხიბლი აქვს?

– ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოდნავ დიდი კაბინეტი მექნება თუ პატარა, მთავარია, ვაკეთო საქმე და აქტიურად ვიყო ჩართული პროცესებში. სიმართლე გითხრათ, ეს ორი კომიტეტი პროფილის მიხედვით ძალიან განსხვავებული არაა, უფრო მეტი საქმე დამემატა პენიტენციალური მიმართულებით და ძალიან ბევრ ისეთ საკითხს წავაწყდი, რომელიც, გამორიცხულია, ადამიანმა გულთან ახლოს არ მიიტანოს, დარდი ნამდვილად მომემატა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად მიწევს სიარული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამას წინათ ვიყავი ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ვნახე დედა, რომელიც იხდის სასჯელს და იქვე ჰყავს სამი თვის შვილი. იმის მიუხედავად, რომ მას იქ იმდენად კარგი პირობები აქვს, რაც შეიძლება გარეთ არ ჰქონდეს ბევრ ადამიანს, ჩემთვის ადამიანურად ძალიან მძიმე გადასატანი იყო. გარეთ რომ გამოვედი, სამი-ოთხი დღე არ მავიწყდებოდა ის ბავშვი. ასეთივე განცდა მქონდა გრძელვადიან პაემანზე, სადაც შვილი ჰყავდათ მიყვანილი ერთ-ერთ პატიმართან. რა დააშავა იმ ბავშვმა, რომელიც ასე პატარა ასაკში ციხეში დადის?! მეც მყავს მცირეწლოვანი შვილი და, შესაბამისად, ეს სცენა ჩემთვის მძიმე იყო. ასე რომ, ჩემს სამსახურს ხიბლები კი არა, დარდები აქვს.

– ამ დარდების გასაქარვებლად ძველ გატაცებებს არ უბრუნდებით ხოლმე? თქვენზე ამბობენ, წარსულში დიდი მომავლის მქონე ცხენოსანი იყოო.

– ეჰ, დარდებს რომ ცხენი და ცხენოსნობა შველოდეს, ბევრი პრობლემა მოუგვარდებოდათ ადამიანებს (იცინის). ცხენოსნობაზე საკმაოდ პატარა მიმიყვანეს, იპოდრომზე სპორტსკოლაში დავდიოდი, ჩემი ცხენიც მყავდა. ჩემი საკუთრება არ იყო, მაგრამ, იმ ცხენზე ჩემ გარდა არავინ ჯდებოდა. წარმატებულ სპორტსმენად ვითვლებოდი, მოუხერხებელი არ ვყოფილვარ, უნაგირზე ფეხზე დამდგარსაც კი შემეძლო ცხენის ტარება, ამის გამო ცირკიდანაც მქონდა შემოთავაზება სხვადასხვა ნომრის შესასრულებლად, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი, ასე რომ, ცირკმა ჩემი სახით დიდი ტალანტი დაკარგა (იცინის). იმ პერიოდში ძალიან ბევრ შეჯიბრებაზე გამოვდიოდი. მერე, როცა ამ ქვეყანაში ყველაფერი აირია და ცხენოსნობისთვის აღარავის ეცალა, მეც შეველიე ამ სპორტს, ჩემი საცხენოსნო კარიერა წარსულს ჩავაბარე, თუმცა, ჩემი აღჭურვილობა დღემდე ინახება სახლში, როგორც ძველი ცხოვრების რელიკვია. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ცხენი ისე მიყვარს, როგორც კი ცხენს გადავეყრები, მოვახტები და ძველ დროს ვიხსენებ. უნაგირზე ფეხით ვეღარ დავდგები და ტრიუკებს ვეღარ ჩავატარებ, მაგრამ, ცოტა რომ ვივარჯიშო, შეიძლება, ეგეც გამომივიდეს.

– თქვით, რომ კანონებზე სახლშიც კი მუშაობთ. ამ ამბებში ოჯახის წევრებიც ხომ არ გყავთ ჩართული?

– არა, ჩემი ოჯახის წევრებს კანონებთან კავშირი არ აქვთ, ჩემი შექმნილი კანონებით ცხოვრებაც ეყოფათ (იცინის). მათ თავიანთი საქმე აქვთ: ჩემი მეუღლე მუშაობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში და თავისი საქმეც საკმაოდ ბევრი აქვს. მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის ჩემი მეუღლის საქმიანობაში, თვითონ ძალიან მიზანდასახული ადამიანია, უფრო მეტიც, ხანდახან მსაყვედურობს კიდეც, რომ შენი გარემოება ხშირად მიშლის ხელსო. ამ მხრივ საჩივრის წიგნი იზრდება და იზრდება (იცინის). სამაგიეროდ, ვცდილობ, კარგი მეოჯახე ვიყო, დასვენების დღეები მივუძღვნა შვილებს, მათთან ერთად წავიდე პარკში. თუმცა, როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, მე ვარ ადამიანი, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება საქმის გარეშე. ერთხელ ვიყავი მეუღლესთან ერთად უცხოეთში და ერთი სული მქონდა ხოლმე, სასტუმროში მისული, კომპიუტერს მივჯდომოდი და აქაური ამბები გამეგო. მეექვსე დღეს მბეზრდება ხოლმე დასვენება და ისევ მინდება ამ საშინელ რიტმში ჩართვა, ამის გამო მეუღლე მეხუმრება: ისე ხარ მიჯაჭვული საქმეს, აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვსო. ზოგადად ოჯახური საზრუნავებისგან გათავისუფლებული ნამდვილად არ ვარ, ყოველდღიური საყიდლები და გადასახადების გადახდა ძირითადად მაინც მე მევალება, სახლში სამეურნეო ნაწილშიც მარჯვე ვარ, ოღონდ მაშინ ვჩხირკედელაობ, როცა მარტივ პრობლემასთან მაქვს საქმე, რთულ ტექნიკას არ ვეჭიდები. გლობალურ ოჯახურ საკითხებში მე და ჩემს მეუღლეს ფუნქციები გადანაწილებული და დაბალანსებული გვაქვს ისე, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარეს შეეფერება – ორივე ვცდილობთ დავიცვათ ერთმანეთის უფლებები...




скачать dle 11.3