„ხუთწლედი – სამ წელში!“
„მზე-კომუნიზმის კარებთან ვდგავართ“
გასულ კვირას ჩვენს ქვეყანას ქარიშხალმაც გადაუარა (მართალია, იაპონური მიწისძვრებ-ცუნამების შემდეგ, ჩვენ რაც დაგვემართა, ბავშვური თამაშია, თუმცა, ისიცაა, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი სამრეკლო გვაქვს) და ყინვამაც მოგვიჭირა. შესაბამისად, ახლად აყვავილებულ მცენარეებს საფრთხე შეექმნათ და, წინასწარი ინფორმაციით, ნარგავების ნაწილიც დაზიანდა. ვერ ვიტყვით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თადარიგი წინასწარ დაიჭირა (ან, თუნდაც, ნარგავების პატრონებს დააჭერინა), მაგრამ, სამაგიეროდ, მინისტრმა კვეზერელმა ყინვაგამოვლილი ნარგავები პირადად მოინახულა. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბ-ნი კვეზერელი ჩვეულებრივი მოკვდავია, ბუნებრივია, რომ მოყინულ მცენარეებს მისი თვალის შევლება ვერ გააცოცხლებდა, მაგრამ, რაკი მინისტრისა და ნარგავების შეხვედრას კამერები აშუქებდა, ის მაინც მოხერხდა, რომ ბ-ნი კვეზერელი სოფლის მეურნეობის ამაგდარის როლში დაგვენახვა. ხოლო, რაკი დავინახეთ, „დეჟავუც“ დაგვემართა, იმ მარტივი მიზეზით, რომ მსგავს გასვლებს პარტიული მუშაკებიც დიდად სწყალობდნენ (აი, მაშინ, რომ ამბობდნენ: „არც ერთი ჩამორჩენილი ჩვენ გვერდით,“ ან, თუნდაც, „ხუთწლედი – სამ წელშიო“).
შესაძლოა, იმიტომაც, რომ „თხა თხაზე ნაკლებიო“, ან, სულ სხვა მოტივებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს „დეჟავუში“ კონკურენტი გამოუჩნდა (განათლების სამინისტროს სახით). კერძოდ, საჯარო სკოლებში შაბათობა გაიმართა (ოფიციალურად – მასების მოთხოვნით, რეალურად – ზემოდან მითითებით).
ხოლო, რაკი, როგორც ჩანს, წარსულის მარწუხები რჯულზე უმტკიცესია, თუ ამ ტემპებით გავაგრძელეთ (ჩვენ რა, ჩვენმა მინისტრებმა გააგრძელეს), იმასაც მოვესწრებით, როდესაც სიამაყით ვიტყვით: „ამ ვიწრო ქუჩაში კომუნიზმი ვერ შემოეტევა“, ან, თუნდაც, „მზე-კომუნიზმის კარებთან ვდგავართ“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი მოკრძალებული აზრით, „კომუნიზმში“ ნატო ან ევროკავშირი, ერთი სიტყვით, დასავლური ინტეგრაცია უნდა ვიგულისხმოთ)!