ხვაშიადის ტყვეობაში
ანუ, „შაძლებ თავმჯდომარეობას“?!
უდავოა, რომ ქართული საერთო მაუწყებლები, შეიძლება, ითქვას, გადაჭარბებულ ყურადღებას იჩენენ „ქართული პარტიის“ საქმიანობისადმი; მეტიც, გასული ლამის ორი კვირის განმავლობაში ძალისხმევა არ დაუკლიათ, გაერკვიათ, დაარტყა თუ არა ხელი ლევან გაჩეჩილაძემ ბადრი ბიწაძეს; მეტიც, უხსენა თუ არა სხვადასხვა ბრუნვაში ქ-ნი ბურჯანაძის საცხოვრებელი სახლის წინ ოჯახის წევრები თუ უახლოესი ნათესავები და, ბოლოს და ბოლოს, ჰქონდა თუ არა შემოწყობილი ფეხები თვითმფრინავით მგზავრობისას წინა სავარძელზე. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული ინფორმაციის მონაწილეები ხან ზოგად კომენტარებს იძლეოდნენ, ხან დუმდნენ და ხანაც ყოველივეს უარყოფდნენ, ჩვენმა თანამემამულე ელჟურნალისტებმა მაინც ვერ შეძლეს სრული სურათის აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ ოფლიც ბევრი დაღვარეს და მიკროფონ-კამერებიც წინ და უკან უმოწყალოდ ატრიალეს.
ასეა თუ ისე, ამ ძალისხმევას იოტისოდენადაც არ უმოქმედია არც „ქართული პარტიის“ და არც „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიულ-სიტყვიერ აქტივობაზე (მე ვიტყოდი, უფრო შეაგულიანა). მეტიც, „ქართული პარტია“ ენერგიულად აფუძნებს რაიონულ ორგანიზაციას ორგანიზაციაზე; მისი ლიდერები არც ნათელი მომავლის დაპირებებს იშურებენ და არც იმას გვიმალავენ, რომ ქვეყნის მართვის ძალუმ სურვილს გრძნობენ.
ამიტომაც, სავსებით ბუნებრივია, რომ ხსენებული ხვაშიადი არც გასულ კვირას გამართულ, კერძოდ, ყვარლის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე მიუჩქმალავთ. სახელდობრ, ბ-ნმა ლევან გაჩეჩილაძემ ბრძანა, რომ „სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მალე გაიქცევიან და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას „ქართული პარტია“ აიღებს.“
სულ მცირე, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მმართველმა ძალამ საგარეო ვალის ნაწილის მომსახურება 2021 წლამდე გადაივადა, გვაფიქრებინებს, რომ იმ პერიოდამდე გაქცევა გუმანშიც კი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა, თუ ზემოხსენებულ „ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას“ გავიხსენებთ, კახური ანეკდოტისა არ იყოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ქართული პარტიის“ პათოსი გამოწვევაზე: „შაძლებ თავმჯდომარეობას“? დაახლოებით, ასეთია: „ბორჯომის“ დალევასაც „შავძლებ“!