ბენდუქიძემ დაგვიბარა
თუ შევსებაა, შევსება იყოს!
რაკი ბენდუქიძემ დაგვიბარა (ბუნებრივია, მანამ, სანამ საგანმანათლებლო საქმიანობას მიჰყოფდა ხელს), ყველაფერი იყიდება, გარდა სინდისისაო და იმასაც დავამატებთ, რომ ვერც საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაიკვეხნის მაინცდამაინც, ერის სინდისი ვარო, შესაძლოა, ხმები საქართველოს პარლამენტის შენობის პრივატიზაციის შესახებ სრულ ჭეშმარიტებას ასახავდეს.
მოარულ წყაროთა ცნობით, ის უკვე დაათვალიერეს ბერძენმა და არაბმა ინვესტორებმა. ჯერჯერობით არაფერი ვიცით, რად გადაგვიკეთებენ ამ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა, მაგალითად, ჩვენი მთავრობის საპარლამენტო მდივანს (ბ-ნი ხუროშვილი) ზემოხსენებული ინფორმაციის არ გაჰკვირვებია, რადგან შენიშნავს, რომ „თუ პარლამენტი ქუთაისში გადავა, პარლამენტს ორ შენობა აღარ დასჭირდება.“ თუმცა ისიცაა, რომ მმართველი გუნდიდან არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ცნობას საკანონმდებლო ორგანოს შენობის გაყიდვის შესახებ, ოღონდ, გვარწმუნებენ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.
ჯერჯერობით, კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლად თბილისი და ქუთაისია განსაზღვრული, თუმცა, თუ თბილისში შენობა აღარ ექნათ, ან ახალს აუშენებენ, ან, სულაც, კონსტიტუციას გამოცვლიან და ჩვენს რჩეულებს საკანონმდებლო სავანედ მხოლოდ ქუთაისს მიუჩენენ.
ბუნებრივია, არაფერი ვუწყით, რად შემოუწყრა თბილისს მმართველი ძალა (ორი მოწვევაა, საკონსტიტუციო უმრავლესობით ფლობენ ამ შენობას), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ პარლამენტარებს ქუთაისში არა მხოლოდ პარლამენტის შენობას, ყოველმხრივ შემკულ მოსასვენებელ ადგილებსაც უმზადებენ, ვფიქრობ, ლოგიკურია, პარლამენტის თბილისურ შენობას დეპუტატების ბინა-სახლების პრივატიზაციაც მიაყოლონ.
თუ ბიუჯეტის შევსებაა, შევსება იყოს!