რა უნდა გაითვალისწინოთ ქორწინების დროს და რომელ წლებში დაბადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება
ნიშანდობლივია, რომ ქორწინებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი ვექტორული წრის სტრუქტურა, რადგან ის აყალიბებს თანასწორობას ნიშანთა თორმეტივე წყვილს შორის. თითოეულ ასეთ წყვილში არის ეგრეთ წოდებული „ბატონი“ და „მსახური“. ვექტორული ურთიერთობა არ არის დამოკიდებული ნიშნის ბუნებაზე, ის არ ექვემდებარება გონების კონტროლს. ეს ურთიერთობები ვითარდება გაუთვითცნობიერებლად. ვექტორული ქორწინების წყვილთა რიცხვი კი ასეთია: ბატონი – „ვირთხა“, მსახური – „ცხენი“; ბატონი – „ცხენი“, მსახური – „ტახი“; ბატონი – „ტახი“, მსახური – „გველეშაპი“; ბატონი – „გველეშაპი“, მსახური – „კატა“; ბატონი – „კატა“, მსახური – „მამალი“; ბატონი – „მამალი“, მსახური – „ძაღლი“; ბატონი – „ძაღლი“, მსახური – „ხარი“; ბატონი – „ხარი“, მსახური – „ვეფხვი“; ბატონი – „ვეფხვი“, მსახური – „თხა“; ბატონი – „თხა“, მსახური – „გველი“; ბატონი – „გველი“, მსახური – „მაიმუნი“; ბატონი – „მაიმუნი“ და მსახური – „ვირთხა“.
თუ გსურთ ვექტორული წრის კანონებში გარკვევა, დროებით დაივიწყეთ ნიშნებს შორის განსხვავებები, რადგან ამ შემთხვევაში ერთადერთი ურთიერთმოქმედება ბატონისა და მსახურის ვექტორული ურთიერთობაა. ამ წყვილთა საქორწინო კავშირში ურთიერთობის განვითარება ხდება მისტიკური, გრიგალისებური სტრუქტურის მიხედვით, რომელშიც ნათლად ჩანს მოქმედების მიმართულება, მაგრამ არ ჩანს მოქმედების ხასიათი. ნიშანდობლივია, რომ სხვა წყვილთა ქორწინებისას ადამიანებს არ ძალუძთ ისეთი მწვერვალების დაპყრობა, როგორც ამგვარ ვექტორულ ურთიერთობებშია შესაძლებელი, მაგრამ ამ აღმაფრენისთვის რაღაც საზღაურის გაღებაა საჭირო, რომელთა შორის უმრავლესი – ურთიერთობისა და სტაბილურობის შეუძლებლობაა.
ვექტორული ქორწინების ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ წყვილს არ შეუძლია ცხოვრება არც უერთმანეთოდ და არც ერთად. წრიული ურთიერთობები ოჯახური ცხოვრებისთვის დიდად რეკომენდებული არ არის, თუმცა შემოქმედებით სფეროში მისი არსებობა გამართლებულია. ცხადია, ყველა საბედისწერო სიყვარული არ არის ბატონისა და მსახურის ურთიერთობა, მაგრამ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში შესაძლებელია ასეთი ურთიერთობა.
ვექტორული ურთიერთობა იმაში ვლინდება, რომ, დიდი უპირატესობის შემთხვევაშიც კი, მსახური მაინც მხოლოდ ბატონის კვარცხლბეკია და, რაც მთავარია, მსახური ამ როლს ნებაყოფლობით, სიყვარულითა და პატივისცემით ასრულებს. შესაძლოა, ვექტორულ კავშირში ცხოვრება შეამსუბუქოს ცოლ-ქმარს შორის დიდმა ასაკობრივმა სხვაობამ ან მოწიფულობის ასაკში დაქორწინებამ.
ასეთი ქორწინების დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ბატონი ყოველთვის მართალია. ნურც ბედისწერის შემობრუნებას და მსახურისთვის პირველობის მინიჭებას შეეცდებით, ჯობია, იუმორი მოიშველიოთ. თუ სურვილი გაგიჩნდათ, აიღეთ ტაიმ-აუტი, ცოტა ხნით განმარტოვდით, მაგრამ თუ ურთიერთობა დასაშვებ ნორმებს სცილდება, გირჩევთ, სიტუაციის გამოსწორებას არ დაელოდოთ. თუ თქვენ მსახური ხართ და ბატონთან განშორება გადაწყვიტეთ, ნურასდროს შეეცდებით შურისძიებას.
ხშირია შემთხვევა, როცა განქორწინების შემდეგ ეს წყვილები კვლავ ერთმანეთს უკავშირებენ ბედს და ერთად იწყებენ ახალ ცხოვრებას. გარედან ისე ჩანს, თითქოს ურთიერთობა ჰუმანურია, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. ხშირ შემთხვევაში ვექტორული წყვილი ერთად მთელ ცხოვრებას ჰარმონიაში ატარებს. ამისთვის აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ ბედნიერებისთვის საზღაურების გაცემაც აუცილებელია და, თუ ურთიერთობა აუტანელი ხდება, ჯობია, დროულად შეწყვიტოთ ის.