„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საჩუქარი ახალგაზრდა სპორტსმენებს
„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ 1 აპრილს ახალგაზრდებს მორიგი საჩუქარი უძღვნა. შეგახსენებთ, რომ ეს კომპანია აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას და ეხმარება როგორც სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას – პენსიონერებს, ლტოლვილებსა თუ სხვებს, ასევე ხშირად ზრუნავს მომავალ თაობაზე, ახალგაზრდობაზე, რომელიც მხარდაჭერასა და წახალისებას ნამდვილად საჭიროებს – ლატარიის კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხომ სპორტისა და კულტურის ხელშეწყობაა!
ტრადიციისამებრ, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, ლალი კრიხელი, მარკეტინგის დირექტორი გია ბარკალაია და მედიის წარმომადგენლები, ერთად შევიკრიბეთ და საჩუქრებით დატვირთულები გავეშურეთ ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე, 174-ე სკოლისკენ, რომლის ბაზაზეც საფეხბურთო სკოლა არსებობს და რომელთა აღსაზრდელებისთვისაც იყო განკუთვნილი ლატარიის კომპანიის არაჩვეულებრივი საჩუქრები. დიდ სტადიონზე შეკრებილი ბავშვებიც და მწვრთნელიც, ცნობისმოყვარედ ადევნებდნენ თვალყურს ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ბავშვებს საფეხბურთო ფორმები, ახალი ბურთები და სტრატეგიების დაფა გადასცეს. როგორც შემდგომში გაირკვა, სკოლა ინვენტარსა და აღჭურვილობას ნამდვილად საჭიროებდა და საჩუქრებმა ძალიან გაახარა როგორც ბავშვები, ასევე, მათი მწვრთნელი, მიშა მოსიაშვილი.
გახარებულმა ბავშვებმა ნაჩუქარი ფორმები მაშინვე ჩაიცვეს და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სამახსოვრო სურათიც გადაიღეს. რადგან ამინდიც თბილი და მზიანი იყო, ჟურნალისტებმაც არ დაიზარეს და ახალი ბურთებით თამაში მოსინჯეს.
მიშა მოსიაშვილი (სპორტსკოლის აღსაზრდელთა გუნდის მწვრთნელი): „ძალიან გახარებულები ვართ ჩვენც და ბავშვებიც. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდით. ათი წელია, რაც აქ მწვრთნელად ვმუშაობ. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ხელმოკლე ოჯახის შვილია. ინვენტარი, აღჭურვილობა, ფორმები ძველი გვქონდა და ახლის შეძენის საშუალება სკოლას ამ ეტაპზე არ გააჩნდა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ლატარიის კომპანიას, რომელმაც ასეთი კარგი საჩუქრები უძღვნა ჩვენს სკოლას.
გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის დირექტორი): „საქართველოს ლატარიის კომპანია“ საქველმოქმედო აქციებს კვლავაც განაგრძობს და ეხმარება როგორც მოხუცებსა და შეჭირვებულ ფენას, ასევე ახალგაზრდებსა და სპორტსმენებს. დღეს ჩვენ 174-ე სკოლის ბაზაზე არსებული სპორტსკოლის მოსწავლეებს გადავეცით სპორტული ამუნიცია: ბურთები, ფორმები და სტრატეგიების დაფა, რაც მათ სამომავლოდ გამოადგებათ. სპორტის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ლალი კრიხელი (ლატარიის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი): ქველმოქმედება, სოციალური პასუხისმგებლობა და სპორტის განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პრიორიტეტია. ამჯერად ჩვენ ვესტუმრეთ მუხიანში, 174-ე სკოლის ბაზაზე არსებულ საფეხბურთო სკოლას და საჩუქრები მივუტანეთ ნორჩ ფეხბურთელებს. მინდა მათ წარმატება და გამარჯვება ვუსურვო, თქვენ კი დაგპირდეთ, რომ უახლოეს მომავალში „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მორიგ საქველმოქმედო აქციას განახორციელებს.