კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: დღის რომელ მონაკვეთშია სასურველი თმის ძირების მასაჟის გაკეთება და როგორი სავარცხლით?
პასუხი: თმის ძირების მასაჟის გაკეთება სასურველია ძილის წინ (ეს მოგიწესრიგებთ ძილს და ხელს შეუწყობს თმის სწრაფ ზრდას), ბრტყელი სავარცხლით, რომლის ღერებიც მრგვალი თავებით ბოლოვდება. მასაჟი უნდა გაიკეთოთ მსუბუქი დაჭერით, წრიული მოძრაობით, 5 წუთის განმავლობაში.
კითხვა: მაქვს ხორბლისფერი კანი და ქერად შეღებილი თმა. როგორ უნდა გავიკეთო ეგრეთ წოდებული გლამურული მაკიაჟი?
პასუხი: ღაწვებზე და წარბების ქვეშ წაისვით მოოქროსფრო პუდრი, ზედა ქუთუთოზე თხლად გადაისვით კაკაოსფერში გადასული ვარდისფერი რუჟი ოქროსფერი ნაწილაკებით; ლაინერით ზედა ქუთუთოებზე დაიხატეთ მოგრძო „ისრები” და ორმაგად დაიტუშეთ წამწამები. ტუჩებზე კი წაისვით მუქი ჟოლოსფერი ან ჩამქრალი წითელი ფერის საცხი.
კითხვა: აქვს თუ არა შენახვის ვადა ეთერზეთებს?
პასუხი: ეთერზეთებს შენახვის ვადა აქვს და ის არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი სასარგებლო თვისებები თანდათან მცირდება. გამონაკლისია ჟასმინის, ვარდის, ვარდის ხის ზეთები, რომელთა თვისებებიც წლების განმავლობაში უფრო იზრდება და მტკიცდება, ისევე, როგორც კარგ ღვინოს ემართება.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე, რომ პომადა ტუჩებზე არ „ამეჭრას”?
პასუხი: ამისთვის საჭიროა, ყოველთვის, პომადის წასმის შემდეგ, ძალიან მარტივი ხერხით მოიშოროთ ტუჩებიდან ზედმეტი საცხი: აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი, მოაქციეთ მისი ნაპირი ტუჩებს შორის და მკვეთრი დაჭერით „აკოცეთ”.
კითხვა: რა ფერის თმას რა ფერის ტუჩის საცხი უხდება?
პასუხი: რაც შეეხება პომადის ფერის მოხდენას, თმის გარდა, სახის კანის ფერიც უნდა გაითვალისწინოთ და ტანსაცმლის შეფერილობაც. ზოგადად კი, შეგვიძლია, გირჩიოთ: შავ თმას მუქი წითელი პომადა მოუხდება – ეს თვალებსა და სახის ნაკვთებს უფრო მეტყველს ხდის; ქერა ან წითურ ქალბატონებს უფრო მშვიდი ტონის ტუჩის საცხი მოუხდებათ – ძალიან მკვეთრი ფერები მათ ვულგარულ იერს მისცემს. თუ თქვენ ბუნებრივთან მიახლოებული მაკიაჟი მოგწონთ, ღია და მკრთალი ფერის პომადა შეარჩიეთ.
კითხვა: ძალიან ხშირად მემუხტება თმა. რა უნდა იყოს ამისი მიზეზი?
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენს თმას აკლია ტენიანობა. ამიტომ, უნდა შეიძინოთ შამპუნი დამატენიანებელი ეფექტით და თავის დაბანის შემდეგ გამოიყენოთ კონდიციონერი, რომელიც „დაამშვიდებს” თქვენს თმას და მოხსნის მას სტატიკურ ელექტრობას.
კითხვა: რისგან შედგება თვალის კრემისებური კონსისტენციის „ჩრდილები”?
პასუხი: ასეთი „ჩრდილი” მზადდება ნატურალური ზეთების ფუძეზე, რომლის წყალობითაც იღებს ის ნაზ კონსისტენციას. თუ ასეთი „ჩრდილი” მაღალი ხარისხისაა, ანუ, ცნობილი ბრენდის პროდუქტია, ის არ აშრობს და არ ჭიმავს კანს და არ გროვდება კანის ნაკეცებში.
მოამზადა