რატომ არ ცნო კანონიერად მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიხაი ზიჩის ქორწინება და შვილები და ვინ არიან აღბეჭდილნი მის ყბადაღებულ ეროტიკულ ნახატებზე
უნგრელ მხატვარს, მიხაი ზიჩს დიდი ადგილი უკავია ქართულ კულტურაში – იმდენად დიდი, რომ ბევრს იგი ქართველიც კი ჰგონია. თუ როგორ მოხვდა, თავდაპირველად, რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი – მიხაი ზიჩი საქართველოში, რის სანაცვლოდ დათანხმდა იგი „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებას და ვისი სურვილებით იქმნებოდა მისი ეროტიკული გრაფიკა, ამას დღევანდელ ინტერვიუში გვიამბობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი.
– ზიჩის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ნაშრომი გამოცემული აქვთ – ბენო გორდეზიანს და გურამ შარაძეს. მიხაი ზიჩი ქართული კულტურის ნაწილი გახდა, იმდენადაც კი, რომ ბევრმა არც კი იცის, რომ ის უნგრელი გახლდათ. ზოგი ქართველად მიიჩნევს, იმდენად ორგანულად შეერწყა ის ქართულ კულტურას. რეალურად, მიხაი ზიჩი საქართველოში შემთხვევით მოხვდა.
– კიდევ რას გვიამბობთ, მიხაი ზიჩის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის უნგრელია?
– მიხაი ზიჩი დაიბადა უნგრეთში, ზალასში, 1827 წელს, დიდგვაროვანთა ოჯახში. იქვე, ახლოს ყოფილა მათი საგვარეულო სოფელი – ზიჩ, რომლის სახელწოდებიდან მოდის გვარი ზიჩ. ბუდაპეშტის უნივერსიტეტში მიიღო იურიდიული განათლება. ხატვას და ფერწერას სწავლობდა ჯერ ბუდაპეშტში, იტალიელ მხატვარ მაროსტონთან, ხოლო შემდეგ ვენის სამხატვრო აკადემიაში – ვალდმიულერთან. 1847 წელს იგი ტოვებს ვენას და სამეფო კარზე ფერწერის მასწავლებლად რუსეთში მიემგზავრება.
– ამის შემდეგ, როგორ გრძელდება მისი ცხოვრება რუსეთში?
– 1858 წელს ზიჩი გახდა რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი. საერთოდ, ეს კაცი არ გახლდათ ცხოვრებისგან განებივრებული – მეფის რუსეთის კარიდან ერთხელ წამოვიდა, შემდეგ ისევ დაბრუნდა. ზიჩმა ყველას წინ ქედი მოიხარა. მოგეხსენებათ, სამეფო კარი ცნობილი იყო თავისი ინტრიგებით. სასახლეში ტრიალებენ მეფის კარის წარმომადგენლები, მეფის ძმები, ბიძები... რომელთაც ჰყავთ საეჭვო ყოფაქცევის ქალები. ზიჩმა მოვალეობა ამ საზოგადოების წინაშეც მოიხადა და შექმნა ყბადაღებული ილუსტრაციები.
– ზიჩის შემოქმედებას კიდევ ერთ საინტერესო მხარეს, მის ეროტიკულ გრაფიკას გულისხმობთ ალბათ, ყბადაღებულ ილუსტრაციებში?
– ეს, ილუსტრაციები, რომელსაც ეროტიკულს უწოდებენ, ძალიან ლამაზია. ჩანს, რომ ასეთი ნიჭიერი კაცი მეფის კარის ამგვარ შეკვეთებს ასრულებდა და, რა თქმა უნდა, ამაში თანხას უხდიდნენ.
– რაც შეეხება მხატვრის ოჯახურ მდგომარეობას, მის შესახებ რა არის ცნობილი?
– ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში ზიჩმა ცოლად შეირთო უბრალო წრიდან გამოსული რუსი ქალბატონი – ალექსანდრა ერშოვა. მათ შეეძინათ სამი ქალი და ერთი ვაჟი. ზიჩმა კათოლიკური სარწმუნოება არ შეიცვალა, ამიტომ რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მისი ქორწინება და შვილები კანონიერად არ ცნო. მხატვარი იძულებული შეიქნა ცოლ-შვილი სამუდამოდ უნგრეთში დაეტოვებინა, სადაც კათოლიკურმა ეკლესიამ ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მათი ქორწინება შეიწყნარა.
– როდის და რა მიზეზით მოხვდა მიხაი ზიჩი საქართველოში?
– როდესაც ზიჩი საქართველოს ეწვია იგი 54 წლის იყო. ის ლერმონტოვის „დემონის” ილუსტრაციის გამო ჩამოვიდა კავკასიაში და თბილისშიც მოხვდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში გადაწყვიტეს მდიდრული „ვეფხისტყაოსნის” გამოცემა. ამ იდეის ხორცშესასხმელად მუშაობდა ტექსტის დამდგენი კომისია, რომელშიც ჩართული იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი... ყოველივეს აფინანსებდა ცნობილი ქართველი ქველმოქმედი და ვაჭარი – გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ხე-ტყითა და თევზით ვაჭრობდა.
1888 წელს გამოიცა ქართველიშვილისეული „ვეფხისტყაოსანი”. ეს გამოცემა იმდენად მდიდრული და ძვირფასი აღმოჩნდა, რომ კომისია დაივიწყეს და ის გამომცემლის სახელითაა ცნობილი.
– რატომ დააფინანსა ეს გამოცემა მაინცდამაინც ქართველიშვილმა?
– ქართველიშვილი რომ არ ყოფილიყო, ზიჩთან ვერც მივიდოდნენ თხოვნით, რომ „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები დაეხატა. მხატვრისთვის ამ სამუშაოს საფასური უნდა გადაეხადათ. მართალია, ბოლოს ზიჩმა უარი თქვა ჰონორარზე, მაგრამ, თავდაპირველად, ანაზღაურებაზე იყო საუბარი და გიორგი ქართველიშვილი იხდიდა ამ თანხას.
– დიდ თანხაზე იყო საუბარი?
– რა თქმა უნდა, იმდენად დიდ თანხაზე, რომ ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა მისწერა კიდეც რუსეთში, რომ ერთი ვაჭარი დაიჭირეს ქართველებმა და გაატყავეს ამ წიგნის გამოცემის გამოო.
– მაგრამ, სანამ ამგვარად განვითარდებოდა მოვლენები, რატომ დაინტერესდა ქართველიშვილი „ვეფხისტყაოსნის” გამოცემით?
– ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ვერსიით, ივანე მაჩაბელმა დაარწმუნა ის, რომ თუ ამ წიგნის გამოცემაში ჩადებ თანხას, ეს იქნება ყველაზე დიდი საქმე. წიგნიც გაიყიდება, ქართული საქმეც გაკეთდება და შემოსავალიც გექნებაო. მეორე ვერსიით, რომელსაც მეც ვუჭერ მხარს, გიორგი ქართველიშვილმა თავისი ქალიშვილი მოანათვლინა ილია ჭავჭავაძეს და სწორედ ამ ნათლობის აღსანიშნავ სუფრაზე სთხოვა ქართველი საზოგადოების ძვირფას წარმომადგენლებს – რა არის საჭირო, რით შემიძლია, გვერდში დაგიდგეთო. სწორედ ამ სუფრაზე გადაწყდა „ვეფხისტყაოსნის” გამოცემის საკითხი. სტუდენტობისას მე მოვიძიე ამ ნათლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„ვეფხისტყაოსანი” გამოიცა 2 700 ცალამდე და არ გაიყიდა. რაც არ გაიყიდა, ის უყდოდ დარიგდა. გიორგი ქართველიშვილმა უარი თქვა წიგნიდან შემოსულ თანხაზე და ისიც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. გიორგი ქართველიშვილი დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში და, რატომღაც, არავის შეაქვს ამ პიროვნების სახელი დიდუბის პანთეონში დამარხულთა სიაში. არადა, ამ პანთეონის ტერიტორიაშიც თანხა აქვს გადახდილი.
– დავუბრუნდეთ ზიჩს. როგორ მიმდინარეობდა „ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა?
– „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობის დაწყებამდე ზიჩი ბევრს მოგზაურობდა საქართველოში. ტიპების შესარჩევად აწყობდა ცოცხალ სურათებს პოემის ცალკეული ეპიზოდებიდან. მასში მონაწილეობდნენ სილამაზითა და მოხდენილობით განთქმული ქართველი მანდილოსნები და ვაჟკაცები, ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. „პოემის მირთმევის” ცნობილ სცენაში თამარ მეფეს ასახიერებდა ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილისა, რომლის მშვენიერებას პოეტმა გიორგი შარვაშიძემ ლექსი უძღვნა; შოთა რუსთაველს კი – პოეტი მამია გურიელი, ხოლო „ვეფხისტყაოსნის” გმირებიდან: ტარიელს – პოეტი გიორგი შარვაშიძე, ნესტან-დარეჯანს – დესპინე ფაღავა, თინათინს – ნინო წერეთელი, ფატმანს – მარიამ მირიანაშვილი, როსტევანს – რუსეთ-თურქეთის ომის გმირი, გურიის ლაშქრის უფროსი, ქაიხოსრო ქაჯაია. ამათ გარდა, ცოცხალ სურათებში მონაწილეობდნენ: დიმიტრი წერეთელი, მარო მაჩაბელი, ანტონ წულაძე, ჯაბა გურიელი, დადეშქელიანი და სხვები.
– რატომ დაინტერესდა იგი „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების შექმნით და შემდეგ რატომ თქვა თანხაზე უარი?
– როგორც ჩანს, თავდაპირველად, ზიჩი თანხით დაინტერესდა, ხოლო შემდეგ, როდესაც გაიცნო ქართველი საზოგადოება, უარი თქვა გაწეული სამუშაოს საფასურის აღებაზე. მას იმდენად შეუყვარდა საქართველო, რომ როდესაც უნგრეთში ჩავიდა, იქ დაუკავშირდა იქაურ საზოგადო მოღვაწეს ბელა ვიკარს და თავს მოახვია ეს სიყვარული. სწორედ ამ სიყვარულის გამო თარგმნა ბელა ვიკარმა „ვეფხისტყაოსანი” და 1917 წელს გამოსცა უნგრეთში. ეს ევროპულ ენაზე და საერთოდ, მსოფლიოში რუსთაველის ქმნილების სრულად თარგმნის ერთ-ერთი პირველი ცდა გახლდათ.
მინდა გითხრათ, რომ მიხაი ზიჩი საქართველოში უფრო აღიარებულია, ვიდრე სამშობლოში, ისევე, როგორც არტურ ლაისტი. არტურ ლაისტს არ იცნობენ გერმანიაში. არის ინფორმაცია, რომ წმიდა ნინოს საფლავი საბინინმა ზიჩს მოახატინა.
– სად გაატარა, მიხაი ზიჩმა ცხოვრების უკანასკნელი წლები?
– რუსეთში და იქვე გარდაიცვალა, რის შემდეგაც სამშობლოში გადაასვენეს და დაკრძალეს ბუდაპეშტში. ეს მოხდა 1906 წელს. სიკვდილის წინ მიხაი ზიჩმა თქვა: „თავს არ ვიქებ, მაგრამ, მგონია, რომ იქ, კავკასიაში დავტოვე კეთილი ხსოვნა ჩემს ხალხზე, ჩემს ერზე”. ეს მართლაც ასეა.