რატომ არ უნდა დატოვოთ გაურეცხავი ჭურჭელი სამზარეულოში და რა იზიდავს ბინაში უარყოფით ენერგიას
თუ თვალს მივადევნებთ ცხოვრებას, მივხვდებით, რომ ჩვენს გარშემო უამრავი უცნაური ფაქტი ხდება. ზოგს ახსნას ვუძებნით, ზოგიც ამოუხსნელი რჩება. თუნდაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნივთი – სარკე, რომელიც ყველა ოჯახშია და რომელთანაც ხშირად გოგონები საათობითაც კი იპრანჭებიან, შესაძლოა, იმდენად ნეგატიურად მოქმედებდეს თქვენზე, რომ ვერც კი გააცნობიეროთ, რატომ შეიცვალა სამყარო თქვენს ირგვლივ ცუდის მხრივ. ასევე, არსებობს უხილავი სტუმრები ბინაში, რომლებიც ჩვენივე დაუდევრობით სარგებლობენ და სწორედ იმ დროს გვეწვევიან უჩინარად საცხოვრებელში, როცა მათ არ ველით. ამ თემებზე ინფორმაცია მოგვაწოდა პარაფსიქოლოგმა, ქალბატონმა დალიმ, რომელიც წლების განმავლობაში ეზოთერიკულ ცოდნას მოსკოვის ერთ-ერთ ცნობილ პარაფსიქოლოგიურ ცენტრში იღებდა.
დალი: თავისი გამოსახულების დანახვა ადამიანს ყოველთვის ხიბლავდა, სარკის გამოგონების შემდეგ ეს სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა. თავად სარკეს კი, თანდათანობით მიენიჭა რაღაც მისტიკური ძალა. სხვათა შორის, მეცნიერებამ არცთუ დიდი ხნის წინ დაიწყო ამრეკლავი ზედაპირების თვისებათა შესწავლა და არაერთი ცდაც ჩაატარა, რომლის შედეგებიც გამაოგნებელი და დასაფიქრებელი აღმოჩნდა.
– კონკრეტულად რა დადგინდა კვლევის შედეგად?
– დადგინდა ის, რომ ადამიანის ანარეკლს შეუძლია მასზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ჩვენი წინაპრები ხშირად ამბობდნენ – „ვინც დიდხანს ზის სარკის წინ, მის სილამაზეს სარკე შეჭამსო“. ამაში სიმართლის მარცვალი მართლაც დევს. ასევე, არ შეიძლება პირდაუბანელი სარკეში ჩახედვა. ამბობენ, ამას ადამიანის სილამაზის უარესობისკენ შეცვლა შეუძლიაო. საერთოდ, სარკესთან ძალიან ბევრი ეზოთერიკული სიბრძნეა დაკავშირებული. მაგალითად, სპეციალისტების აზრით, არ არის სასურველი სახლში ბევრი სარკე გქონდეთ, რადგან შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს ადამიანის ცუდი გუნება-განწყობის მიზეზი. დაახლოებით, ათი წუთით სარკესთან დგომა და მასში ცქერა, ანუ სარკეში არეკლილი ადამიანის გამოსახულება ძალიან მძლავრ გავლენას ახდენს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე. აქედან გამომდინარე კი, კონტროლს დაუქვემდებარებელი სარკის ეფექტი სასურველი არ არის – უკუშედეგს იძლევა. დღეს, ბევრი აკეთებს სააბაზანოში ჭერზე სარკეს. ესეც არ ვარგა. არც, საძინებელშია სასურველი ერთ სარკეზე მეტის დაკიდება კედელზე. თუმცა, კვლევით ისიც დადგინდა, რომ თუ უგუნებოდ ხართ ან რამე გტკივათ, ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და იფიქრეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სარკე ამას აღიქვამს და პოზიტიურ სხივებს გამოაფრქვევს, რაც თქვენზე დადებითად აისახება. პირადად მე, სანამ გარეთ გავალ, სარკესთან ვდგები და ვამბობ – „დღეს ყველაფერი კარგად იქნება, მე ყველაზე ბედნიერი და წარმატებული ადამიანი ვარ“. ამის შემდეგ, დამიჯერეთ ქუჩაში გასული ძალიან ამაყი ვარ და მართლაც მგონია, ყველა პრობლემას ადვილად გადავჭრი. ხომ იცით, რწმენას რამხელა მნიშვნელობა აქვს და, მით უმეტეს, თუ ამას მისტიკურ ნივთთან ამხელთ. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ პარალელური სამყაროს უხილავი არსებები, სწორედ სარკეების მეშვეობით ახერხებენ ჩვენთან კონტაქტს.
– ქალბატონო დალი, პარაფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვები პარალელურ სამყაროსთან ადვილად ამყარებენ კონტაქტს და ხედავენ კიდეც იმქვეყნიურ არსებებს. რეალურია ეს თუ არა და შეგიძლიათ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ?
– მართალია, ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ და ზოგჯერ ხედავენ კიდეც პარალელურ სამყაროს. ამის შესახებ ინფორმაცია, სწორედ რუსეთში, იმ პარაფსიქოლოგიურ სკოლაში მივიღე, სადაც ცნობილი პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები მიკითხავდნენ ლექციების კურსს. მაგალითად, ბევრი დედა თავის შვილს სიბნელეში, კერძოდ, ჩაბნელებულ ოთახში ან სარდაფში კეტავს და ასე სჯის, ცელქობის გამო. ბავშვი კი ტირის და იხვეწება, მეტს აღარ ვიზამ ოღონდ აქედან გამომიშვიო. მერწმუნეთ, თუ ბავშვს სიბნელის ეშინია ან სიბნელეში ყვირილს იწყებს, ეს მისი სიმხდალის ნიშანი ყოველთვის როდია. შესაძლოა, ის ამ სიბნელეში რაიმე ნეგატიური ენერგიის არსებობას შეიგრძნობს. პატარა ბავშვების ღამეული კოშმარები და შიშებიც სწორედ პარალელური, სხვა სამყაროს უმდაბლესი ფენიდან თავდასხმითაა განპირობებული. ეს კი იმიტომ ხდება რომ, ბავშვის ორგანიზმი, უფროსებისგან განსხვავებით, ნაკლებად დაცულია და ეს მას სხვა სამყაროს ეგრეთ წოდებული ვამპირებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. თუმცა პატარებს, თავისი მფარველი ანგელოზებიც ხომ ჰყავთ? ჰოდა, ისინი მათ ხშირად იცავენ.
– ესე იგი, პატარებისგან განსხვავებით, მოზრდილი ადამიანები ამ უხილავი, პარალელური სამყაროს სტუმრების ავი ზრახვებისგან დაცულები არიან?
– ასეც არ არის საქმე. მოზრდილი ადამიანები, მართალია პატარებზე დაცულები არიან, მაგრამ ისინი თავად იზიდავენ პარალელური სამყაროდან უხილავ სტუმრებს. ეს იცით როგორ ხდება? ძალიან მარტივად. კერძოდ, მთელი ღამის განმავლობაში სამზარეულო ოთახში დატოვებული ჭუჭყიანი ჭურჭელი, სააბაზანო ოთახში დაყრილი ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ თეთრეული, დიდხანს ვაზაში დატოვებული ყვავილების დამპალი ღეროები, საკვები ნარჩენებით გადავსებული ნაგვის ყუთი და ასე შემდეგ ჩვენს ბინაში დაუპატიჟებელი უცხო სტუმრების მოზიდვას და „მობრძანებას“ უწყობს ხელს. ასევე, გეტყვით, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებსა და პარალელურ სამყაროს შორის საზღვარი ძალიან პირობითია. სხვა სამყაროთა არსებებს, რომლებიც უხილავად იმყოფებიან ჩვენს სახლებში და ფიზიკურ ყოფიერებაში, ადვილად შეუძლიათ საცხოვრებლად ის კუთხე აირჩიონ, რომელიც მათ განსაკუთრებით ხიბლავთ და მოსწონთ. ისინი იმ ბინებს ირჩევენ ყველაზე ხშირად, სადაც მათთვის საყვარელი ენერგიათა წყაროებია.
– გამოდის, რომ ისინი უსუფთაო ბინებს ირჩევენ დასაბინავებლად?
– პრობლემა რომ მხოლოდ უსუფთაობა იყოს... მათი კვების მთავარი წყარო ენერგიაა, რომელიც სივრცეში ჩვენი უარყოფითი ფსიქოლოგიური გამოხდომების დროს გამოიყოფა ჩვენს ირგვლივ. ეს ცუდი და მათთვის კარგი ენერგია ჩვენ ირგვლივ იფრქვევა ცუდი ფიქრებისა და ზრახვების დროს. ამიტომ, როცა ბრაზობთ, განრისხებული ხართ, სხვისი გშურთ, ან სიხარბე გიპყრობთ თქვენ ირგვლივ ცუდი ენერგია ტრიალებს, პარალელური სამყაროს წარმომადგენლები ამით სარგებლობენ. ფიზიკურ ჭუჭყზე მეტად უცხო განზომილების ვამპირებს ფსიქიკური აფეთქების ენერგია უფრო იზიდავთ. ერთი სიტყვით, გაბრაზებული და გაბოროტებული ადამიანი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, იგივეა, რაც ენერგოშადრევანი. მისი აურიდან სწორედ ის ენერგია გამოიფრქვევა, რაც უცხო განზომილების ვამპირებს იზიდავთ და მოსწონთ. ასტრალურ ვამპირებს ეს ენერგია წყალივით სჭირდებათ. ნეგატიური ემოციის შედეგად, როგორც გითხარით, ადამიანი სასიცოცხლო ენერგიის გარკვეულ ნაწილს კარგავს, ეს მის აურაში უამრავ ბზარს და დაზიანებულ ადგილს ტოვებს. ეს ყველაფერი ერთად კი არღვევს მის ბუნებრივ ენერგეტიკულ თავდაცვას ფიზიკური და სხვა სამყაროების უარყოფითი ზეგავლენისგან. სტრესს ადამიანი არა მარტო ფიზიკურ დაავადებამდე მიჰყავს, არამედ, ამ დროს ადამიანში არსებულ ენერგეტიკულ კომპლექსში იწყება დარღვევები. კერძოდ, მთლიანობა დარღვეული, ენერგეტიკულად გამოფიტული აურა ორგანიზმს დაუცველს ხდის გარე მავნე ზემოქმედებისგან.
– ამ ყველაფრისგან თავდაცვის მეთოდები არ არსებობს?
– რასაკვირველია, არსებობს და ახლავე მოგახსენებთ. აუცილებელია ჩვენი საცხოვრებელი ბინა თვეში ერთხელ მაინც არომატული სანთლის კვამლით გავწმინდოთ. სხვა სამყაროს არსებები ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებენ არომათერაპიის მიმართ. ამ მიზნით გამოგადგებათ პიტნის და ევკალიპტის არომატული ჩხირები ან სანთლები. მათი სურნელება ადამიანს აწყნარებს, ასევე, განაქარვებს დაგროვილ ცუდ განწყობას, აზრებს და ემოციებს, ხოლო უცხო არსებებს კი აფრთხობს. ამ მეთოდს ეზოთერიკოსები სახლის კვამლით „ჩამორეცხვას“ უწოდებენ და ის ძალიან ეფექტურია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ და ამას მაშინ შეიგრძნობთ, როცა სახლში შედიხართ, კვამლით ცუდი ენერგიის „ჩამორეცხვის“ მეთოდი ძალიან დაგეხმარებათ.
ნონა დათეშიძე