როგორ დავიცვათ ძაღლი კბილის ქვებისგან და რა საფრთხეს უქმნის ეს მის სიცოცხლეს
შეიძლება, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ცხოველის კბილების ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია მისი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ამ საინტერესო თემის შესახებ კი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: განსაკუთრებით ხშირად მიჰყავთ ვეტერინართან პატარა შინაური ცხოველები ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში, ნერწყვის დენა, პირის ღრუს ქავილი, გულისრევა, ხშირად მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის ნესტოებიდან. ეს ყველაფერი კი, მეტყველებს პირის ღრუს დაავადებაზე.
– ყველაზე ხშირად ეს დაავადებები რა ჯიშის ძაღლებს ემართებათ?
– აღნიშნული სიმპტომებით ყვლაზე ხშირად ავადდებიან კოკერსპანიელები, პატარა პუდელები, პეკინესები, ბალონკები, ასევე, ტაქსას ჯიშის ძაღლები, იშვიათად მიტელ შნაუცერები, ელდერტერიერები და სხვები.
– რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი?
– აღნიშნულის გამომწვევი გარემოებაა, პირველ ყოვლისა, წვრილად დისპერსიული საკვები, მაგალითად: ფაფები, ორცხობილები, ხაჭო და რამდენიმე სახის მშრალი საკვები. ასევე, მუდმივად პატარ-პატარა ულუფებად საკვების მიღება. აღნიშნული რეჟიმი იწვევს პირის ღრუს მუდმივ დაბინძურებას საკვების ნაწილაკებით. ამ ნამცეცებით აქტიურად იკვებებიან ბაქტერიები, ხდება ნადების წარმოქმნა, რაც იწვევს შემდგომში კბილის ქვების წარმოქმნას, ეს ყველაფერი კი – ღრძილების ანთებასა და სტომატიტებს. ბაქტერიული ინფექციის კოლონიებმა შეიძლება შეაღწიოს უფრო ღრმა ქსოვილებსა და ძვლოვან სტრუქტურებში.
აგრესიული ჯიშის ძაღლებში, რომელთა პირის ღრუს დათვალიერება ძნელია, ხშირად პატრონის მიერ შეუმჩნეველი რჩება პირის ღრუს მწვავე ინფექციური პროცესები, რამაც, შეიძლება ჩაითრიოს ორგანიზმის სხვა ორგანოები და სისტემები. უნდა გვახსოვდეს, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება დამოკიდებულია პირის ღრუს, კერძოდ კი – კბილების ჯანმრთელობაზე.
– რა ასაკის ცხოველებში ხდება, ძირითადად, კბილის ქვების წარმოქმნა?
– კბილის ქვების წარმოქმნა ძირითადად ხდება ცხოველის სიცოცხლის მეორე ნახევარში. კბილის ქვები ვითარდება მხოლოდ კბილის მინანქარზე, რადგან ლორწოვანი გარსი აქტიურად გამოყოფს სეკრეტს და სწრაფად ხდება მისი დაზიანებული ზედაპირის აღდგენა. ყველაზე ხშირად კბილის ქვები წარმოიქმნება კბილის წინა და უკანა ზედაპირზე, რაც განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ზედაპირები ნაკლებ მექანიკურ დატვირთვას განიცდის. ის ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ კბილების ზედაპირზე, მეტაბოლიზმის პროცესში გამოყოფენ მინერალურ და არაგაწოვად ნაერთებს, რომლებიც ფიქსირდება ცილოვან მატრიცებზე და იძენს მყარ სტრუქტურას. რაც უფრო ხშირად და ბევრს ჭამს ცხოველი, მით უფრო მალე ვითარდება კბილის ქვები.
ხშირად არის შემთხვევები, რომ ცხოველს საერთოდ არ უჩანს კბილის ქსოვილი და მათი ზედაპირი მთლიანად დაფარულია კბილის ნადებით, ანუ ქვებით, რასაც, შესაძლოა, დრამატული დასასრული მოჰყვეს, რადგან აღნიშნულ დროს ინფექციური პროცესი მიდის ღრძილების ქვეშ, რაც იწვევს პარადონტიტის განვითარებას. ამ დროსაც ვითარდება ქსოვილების გრანულაცია, აბცესები და კბილის ფესვების დაშლა. ასევე ვითარდება ფისტულები. ბაქტერიები აპროდუცირებენ სხვადასხვა სახის ტოქსინებს, რომლებიც, ხვდებიან რა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვემოთ მდებარე განყოფილებებში, იწვევენ გასტრიტებს, წყლულებს, ჰეპატოპათიებსა და სიმსივნურ პროცესებსაც კი. ხდება იმუნური სიტემის გადატვირთვა, უარესდება საჭმლის მონელება-გადამუშავება და შეთვისება. აღნიშნული პროცესები იწვევენ ღრძილებიდან სისხლდენის პროვოცირებას, რაც იწვევს შემდგომში ანემიას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი აუარესებს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
– როგორ უნდა ვუმკურნალოთ ცხოველს, თუ ეს პრობლემა აქვს?
– კბილის ქვების მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა მივმართოთ გამოცდილ ვეტერინარს, რომელიც მოაშორებს კბილის ნადებს სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით და ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად დანიშნავს შესაფერის მკურნალობას.
აღნიშნული პათოლოგიის პროფილაქტიკისთვის გავითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები: უნდა შევეცადოთ, არ გამოვიყენოთ ცხოველის საკვებად წვრილდისპერსიული საკვები; ასევე, ცხოველს საკვები უნდა მივცეთ ულუფებად; საჭმლის მიცემის შემდეგ, პერიოდულად უნდა მივცეთ სპეციალური კბილების გამწმენდი ძვლები; ისეთი ჯიშებისათვის, რომლებსაც აქვთ აღნიშნული პათოლოგიისკენ მიდრეკილება, გამოვიყენოთ სპეციალური საკვები, რომლებიც დამზადებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ; უწრუნველვყოთ ცხოველის მოვლისა და შენახვის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება; ასევე, რეგულარულად უნდა მივაქციოთ ყურადღება ცხოველის პირის ღრუს მდგომარეობას და პერიოდულად, წელიწადში ორჯერ მაინც, მივიყვანოთ ცხოველი ვეტერინართან კბილების მდგომარეობის შესამოწმებლად.