რისთვის სჭირდება ბრაჰეას ნახშირი და შესაძლებელია თუ არა მანდევილასთვის კომპაქტური ფორმის მიცემა
„ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად, ორ ულამაზეს მცენარეზე ვისაუბრებთ. როგორც ჩანს, ორივე მათგანი განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ზაფხულში და ამიტომ გირჩევთ, გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები და ბინაში ბრაჰეა და მანდევილა გაახაროთ.
– ძირითადად, სად გვხვდება ბრაჰეა და როგორი მცენარეა ის?
– ბრაჰეას სამშობლო ტროპიკებია. ის გვხვდება, როგორც მადაგასკარის კუნძულებზე, ასევე მალაიზიასა და ინდოეთშიც. ეს მცენარე ყველგანაა, სადაც ტროპიკული სიცხეებია. თავის სამშობლოში ბრაჰეასგან ამზადებენ ფქვილს და მცენარის ღეროსგან – თოკებს. ამ მცენარის ბოჭკო ძალიან გამძლეა, იოლად არ ლპება და არც იფიტება. მისი ტანი მსხვილია და როგორც კასრში, ისე იმარაგებს მასში წყლის რეზერვს.
– უპრეტენზიო თუა ბრაჰეა?
– ბრაჰეა სიცხის მოყვარული და ძალიან გამძლე მცენარეა. გამხმარი პალმისგანაც კი შეიძლება ახალი სიცოცხლე დაიწყოს. ასე რომ, მისი გაზრდის ნუ შეგეშინდებათ.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ეს მცენარე?
– ზაფხულში მისთვის სასურველი ტემპერატურა 25-30 გრადუსია, ხოლო ზამთარში – მინიმუმ 10-15 გრადუსი მაინც, რომ ბრაჰეამ კარგად დაისვენოს. გახსოვდეთ, რომ ფოთლები არავითარ შემთხვევაში არ შემოაცალოთ. ის დამატებით ბევრ ფოთოლს გამოიღებს.
– რას გვირჩევთ, როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე?
– მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: ორი წილი ნაკელი, ოთხი წილი მიწა, ერთი წილი ტორფი – ფოთლის მიწა და სამი წილი ქვიშა.
– ბრაჰეას გადარგვას თუ გვირჩევთ?
– ამ მცენარეს აქვს ძალიან მგრძნობიარე ფესვთა სისტემა, ამიტომ გადარგვისას, ეცადეთ, მცენარეს ფრთხილად შემოაცალოთ ძველი ნიადაგი, რომ ახალი სიცოცხლის დაწყება იგრძნოს. ძალიან ხშირად ნუ გადარგავთ ხოლმე მცენარეს. მისთვის საკმარისი იქნება სამ წელიწადში ერთხელ ნიადაგის შეცვლა და გადარგვა უფრო მოზრდილ ჭურჭელში. მინერალების მიცემა საჭიროა, წელიწადში ორჯერ, რათა მიწა არ გამოიფიტოს. ასევე, სასურველია, ნიადაგში წუნწუხის შეტანაც.
– რა სიხშირით მოვრწყოთ მცენარე?
– ბრაჰეა ზამთარში 20 დღეში ერთხელ მორწყეთ, ისიც მცირე რაოდენობით წყლით. ზაფხულში კი, მას რეგულარული მორწყვა სჭირდება.
– ანუ, ახლა უკვე უნდა მოვუმატოთ მორწყვას?
– დიახ, ტემპერატურა უკვე იმატებს, მცენარე დასვენების პერიოდში აღარაა და ამიტომ, გირჩევთ, უკვე რეგულარულად დაიწყოთ მისი მორწყვა.
– კიდევ რას გვირჩევთ, როგორ მოვუაროთ ბრაჰეას ახლა და ძირითადად, რა პირობების გათვალისწინებაა ამ დროს აუცილებელი?
– ამ მცენარეს არ აქვს განშტოებები. მას ამოაქვს საყვავილე ღეროები, რომლებიც დაყვავილების შემდეგ, მალევე კვდება. ეს მთავარი ღეროები თქვენვე შეაცალეთ და შეცლილ ადგილას ნახშირი მოაყარეთ, რომ პარაზიტმა არ დაიბუდოს. გამხმარი მცენარის ფოთოლსა და საყვავილე ტოტზე შეგიძლიათ, გააკეთოთ ჰერბარიუმი. ასე, დიდი ხნის განმავლობაში ძლებს მცენარე და არ ფუჭდება.
გირჩევთ, მცენარე ახლა უკვე აივანზე გაიტანოთ, ან ეზოს პირობებში ამყოფოთ. სასურველია, თუ ახლა ხშირად დანამავთ. ასე მცენარე უკეთ იგრძნობს თავს და ზაფხულშიც ლამაზი იქნება.
– რაც შეეხება მავნებლებს?
– მავნებლები ამ მცენარეს არ ემტერება. ამიტომ, მოერიდეთ ქიმიური საშუალებების გამოყენებას. შესაძლებელია, მათ მთლიანად დააზიანონ მცენარე და შემდეგ ვეღარ გადაარჩინოთ.
– რას გვეტყვით მანდევილას შესახებ?
– მანდევილა ამ სეზონის მცენარეა, ის ულამაზესია, განსაკუთრებით ყვავილობის დროს. ამიტომ, თუ გსურთ, ზაფხულში დატკბეთ მანდევილას სილამაზით, აუცილებლად შეიძინეთ. პრეტენზიული მოსავლელი არ არის და ბინას კი ნამდვილად გაალამაზებს.
– ამ მცენარის რამდენიმე სახეობა არსებობს, ხომ არ განსხვავდება ისინი მოვლის პირობებით?
– მანდევილას მართლაც რამდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა ყველას, მეტ-ნაკლებად, ერთნაირი პირობები სჭირდება და საოცარი ყვავილები აქვს თითოეულს. მისი ერთ-ერთი სახეობა – ლაქსა კი ძალიან კარგად იტანს სიცივეს და მისი ყვავილები სურნელოვანია.
– როგორ მოვუაროთ მცენარეს, რომ კარგად იყვავილოს?
– გაითვალისწინეთ, რომ ყვავილობისთვის მანდევილას კარგი განათება სჭირდება, მაგრამ მცხუნვარე მზეს მოარიდეთ. ამიტომ გირჩევთ, ზაფხულში განათებულ ადგილას დადგათ – აივანზე ან ფანჯარაზე. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მწველი მზე სახიფათოა. ეს ცუდად აისახება მის ყვავილობაზეც და ფოთლების სიჯანსაღეზეც.
– როგორ ტემპერატურას გვირჩევთ ამ მცენარისთვის?
– ზამთარში მინიმუმ 15-16 გრადუსი მაინც უნდა იყოს, ხოლო წელიწადის სხვა სეზონებზე, მაგალითად, ახლა, კარგი იქნება ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი იყოს.
– რაც შეეხება მის მორწყვას?
– მცენარის ზრდის პერიოდში მორწყეთ რეგულარულად. ამ სეზონიდან ის უკვე იწყებს ზრდას. ზამთარში იშვიათად მორწყეთ, ოღონდ ნიადაგს ძალიან ნუ გამოუშრობთ. მანდევილას მარადმწვანე ფოთლების შესანარჩუნებლად ტენი სჭირდება და ზამთარშიც კი აუცილებელია მიწისთვის ცოტაოდენი ტენი. ზაფხულში პატარა ქოთანში ჩარგულ დიდ მცენარეს მიწა ყოველდღე უნდა შეუმოწმოთ, რომ არ გამოშრეს. მოსინჯეთ ხელით ნიადაგი, თუ მშრალია, მაშინვე მიაწოდეთ წყალი.
– შეიძლება თუ არა მანდევილას გასხვლა და ჩვენთვის სასურველი ფორმის მიცემა?
– ამ მცენარეს მცოცავი ღერო აქვს. ამიტომ, მთელი მშვენებით რომ გამოჩნდეს, ბადეზე ან მავთულზე ააყოლეთ. თუმცა, შეგიძლიათ, კომპაქტურადაც დატოვოთ ქოთანში. საამისოდ დაყვავილების შემდეგ გასხალით და ტოტები კარკასს შემოახვიეთ.
ყვავილები ზრდის პერიოდში ამოდის. ამიტომ გირჩევთ, დაყვავილების შემდეგ გადაჭრათ, რითაც ხელს შეუწყობთ მომავალ სეზონზე მის უხვად აყვავებას.
– და ბოლოს, რა ზომის შეიძლება გაიზარდოს მანდევილა და რომელია მისთვის ყველაზე სასურველი ადგილი?
– მანდევილა დაახლოებით 50 სანტიმეტრი სიმაღლის იზრდება და მისთვის საუკეთესო ადგილი ზამთრის ბაღია.