მწვანე კუთხე
კითხვა: რატომ არის აზოტი მცენარისთვის აუცილებელი?
პასუხი: აზოტი აუცილებელია ქლოროფილის წარმოსაქმნელად. როდესაც მიწაში აზოტის ნაკლებობაა, ამ დროს მცენარე ქლოროფილს ვერ წარმოქმნის და ის მზის ენერგიას ვერ აითვისებს. ასეთ მცენარეს ფოთლებიც მალე დაუჭკნება.
კითხვა: რატომ არ შეიძლება ლანგარზე წყლის დატოვება?
პასუხი: ამ დროს მცენარის ფესვები წყლით იჟღინთება და მცენარისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს ვეღარ აწვდის, ეს კი ფოთლების გაყვითლებას გამოიწვევს. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ წყალი ლამბაქზე არ დაგრჩეთ.
კითხვა: როგორ დავაბუჩქო აბუტილონი?
პასუხი: როდესაც ეს მცენარე თქვენთვის სასურველ სიმაღლეს მიაღწევს, შეგიძლიათ, მთავარი წვერი მოაჭრათ და მცენარე აუცილებლად გაიბუჩქება. არ დაგავიწყდეთ, რომ ყვავილს მოაცილოთ შიშველ ღეროზე ამოსული ყლორტებიც.
კითხვა: როდის და რამდენ ხანს ყვავის კალა?
პასუხი: კალა ცოტა ხანს ყვავის. მისი ყვავილობის სეზონი მხოლოდ ზაფხულია, რის შემდეგაც ეს მცენარე ზამთრამდე „იძინებს.” მართალია, მისი ყვავილობა ხანმოკლეა, მაგრამ იმდენად მომხიბლავი ყვავილები აქვს, რომ მცირე დროითაც შეგიძლიათ, მისი ცქერით დიდი სიამოვნება მიიღოთ.
კითხვა: როგორ მოქმედებს მცენარეზე ტემპერატურის ვარდნა?
პასუხი: თითქმის ყველა მცენარეზე ეს ცუდად მოქმედებს. სითბოს მოყვარულ მცენარეს, ამ დროს, შეიძლება, ფოთლები გაუყვითლდეს და ყავისფერი ლაქები გაუჩნდეს. თუ ასეთი რამ დაემართება თქვენს მცენარეს, მაშინვე თბილ ადგილას გადაიტანეთ.
კითხვა: რა როლს ასრულებს განათება მცენარეების გახარებაში?
პასუხი: ყველა მცენარეს სხვადასხვა განათება სჭირდება. ეს შეიძლება იყოს: პირდაპირი, კაშკაშა, გაბნეული, ან ზომიერი. ცალმხრივი განათების დროს, თუ მცენარეს არ შეატრიალებთ ხოლმე, შეიძლება ის ასიმეტრიულად გაიზარდოს. ზოგიერთ მცენარეს კაშკაშა მზე მოსწონს, ზოგს კი შეიძლება ამან ფოთლები დაუჭკნოს. მაგალითად, ქლოროფიტუმი თავს კარგად გრძნობს ზომიერ განათებაში, ანუ ოთახის სიღრმეში. სენპოლია მთელი დღე რომ მზეზე იდგას, არაფერი მოუვა, სხვა მცენარეს კი შეიძლება, ამან ავნოს. დიდი და მუქ მწვანეფოთლებიან მცენარეს სუსტი განათება უფრო მოსწონს. ამიტომ, უპირველესად, გაარკვიეთ, თქვენს მცენარეს როგორი განათება უხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ეს მათთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.