იაპონური კოსტიუმი ადამიანს ღორის გრიპისგან დაიცავს
იაპონურმა კომპანიამ გამოიგონა სპეციალური „ანტიგრიპოზული“ კოსტიუმი, რომელიც მის მფლობელს ღორის გრიპის ვირუსისგან იცავს. ახლად შექმნილი ტანსაცმელი ტიტანის დიოქსიდის ფენითაა დაფარული.
„ამ შენაერთს, რომელსაც ჩვეულებრივ კბილის პასტას და კოსმეტიკას უმატებენ, აქვს თვისება, დაიშალოს სინათლეზე. ამ დროს კი ის ღორის გრიპის ვირუსს ანადგურებს“, – განაცხადა მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი იაპონური კომპანიის დირექტორის მოადგილემ, სინტო ხიროტამ. მან აღნიშნა, რომ კოსტიუმს სამი საათის განმავლობაში შეუძლია, ღორის გრიპის ბაქტერიების 40 პროცენტი გაანადგუროს. ამავე დროს, დამცავ თვისებებს არ კარგავს რამდენჯერმე გარეცხვის შემდეგაც კი.
ტანსაცმელი სხვადასხვა მოდელით იკერება და სულ ოთხი ფერისაა. მიუხედავად თავისი ღირსებებისა, „ანტივირუსულ“ კოსტიუმს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი – საკმარისად მაღალი ფასი: 590 ამერიკული დოლარი.