რა შემთხვევის წყალობით გახდა ანა გოგავა გასაოცარი პიანისტი და რა შედეგით დასრულდა მისი გათამამების მცდელობა
უნატიფესი პიანისტი, – ასე მოიხსენიებენ ახალგაზრდა, ნიჭიერ ანა გოგავას. ანა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მისი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებათა ჩამონათვალი უკვე ძალიან ვრცელი და შთამბეჭდავია – იუნესკოს ჯილდო, ფესტივალი „მსოფლიოს უნიჭიერესი ბავშვები” გერმანიაში და ასე შემდეგ... იგი ბავშვური და ძალიან საინტერესო მოსაუბრეა, მაგრამ, ვიდრე მის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ბოლო ტრიუმფალურ გამარჯვებაზე მინდა, შევჩერდეთ.
2001 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჰოლანდიაში ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ტარდება. წელს კონკურსში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, სამუსიკო სასწავლებლის (ნიჭიერთა ათწლედის) მოსწავლე, ანა გოგავაც (რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის დოდო ცინცაძის კლასი) მონაწილეობდა. ვინაიდან ანა გოგავა საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის სიმპათიაა, იგი კონკურსზე სანდრა რულოვსის მატერიალური მხარდაჭერით გაემგზავრა... კონკურსს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წესები აქვს. პირველ ტურში თუნდაც ასი შემსრულებელი მონაწილეობდეს, მეორე ტურში მხოლოდ 9 პიანისტი გადადის. მეორე ტურიდან ირჩევენ პრიზიორებს – 4 ან 5 კანდიდატს, მაგრამ მესამე ფინალურ ტურამდე უცნობია, ვინ რა პრიზს აიღებს. ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებია... ანა გოგავამ დამსახურებულად მოიპოვა გამარჯვება და პირველი ადგილი, მიენიჭა ჟიურის სიმპათია, პუბლიკისა და პრესის პრიზები. დარბაზში მსხდომი მსმენელი დიდი ოვაციებით შეხვდა ჟიურის ამ გადაწყვეტილებას...
ანა გოგავა: დავიბადე თბილისში 1992 წელს. 90-იან წლებს ძალიან მძიმედ მოიხსენიებენ ჩემი მშობლები, საბედნიეროდ, მე არაფერი მახსოვს. სამი წლის ვიყავი, ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად ოდესაში რომ გადავიდა. მამას იქ ჰქონდა დამთავრებული სამშენებლო ფაკულტეტი და ბევრი მეგობარი ჰყავდა. ოდესაში ცხოვრობდა ჩემი ბიძაც თავის ოჯახით. პირველ კლასში უკრაინულ სკოლაში შემიყვანეს. მახსოვს, ტელევიზია მოვიდა სკოლაში და სამაგალითოდ მე გადამიღეს, თუ რა კარგად ვსწავლობდი უცხოელი ბავშვი უკრაინულს და ვამბობდი ლექსებს. 8 წლის რომ გავხდი, ჩემმა ოჯახმა ისევ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ძალიან მშვიდი და ზედმეტად მორიდებული ვიყავი. ამიტომ ოჯახში გადაწყვიტეს უფრო თამამი გავმხდარიყავი. ამის საუკეთესო საშუალებად კი ხელოვნება, კერძოდ კი, მუსიკა მიიჩნიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, აგვისტოში მიღება ყველგან დამთავრებული იყო. სექტემბერში ქართულ სკოლაში წავედი. რასაკვირველია, ქართული წერა-კითხვა არ ვიცოდი. ოქტომბერში თბილისში ისრაელიდან ჩამოვიდა, ქალბატონი დოდო ცინცაძის ყოფილი მოსწავლის პროფესორი, ზოჰარი მასტერ-კლასების ჩასატარებლად. შემთხვევით მას მამიდაჩემი შეხვდა. ქალბატონ დოდო ცინცაძეს სთხოვეს, ჩემი მუსიკალური მონაცემების შემოწმება, მაგრამ დიდად ვერ მოვხიბლე. საბედნიეროდ, საცდელი ვადით დაგვთანხმდა მეცადინეობაზე და მამიდას ოცნებაც ახდა. ქალბატონი დოდოს კლასში ყოფნა ყოველთვის დიდი პატივია. ის თავისი პროფესიონალიზმის წყალობით, ბავშვს საშუალებას აძლევს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიოს და ამის გამო, მისი კლასი ყოველთვის გადატვირთულია. მეც ვცდილობდი, მოუმზადებელი არ მივსულიყავი გაკვეთილზე. თუ გავახარებდი, ახალი ლამაზი ნაწარმოებით მასაჩუქრებდა. ამ დროს ქალბატონ დოდოსთან ნიჭიერ ბავშვთა მთელი არმია სწავლობდა, – ქეთი შარუმაშვილი, თამუნა შეყილაძე, დები ბერაიები... ამას მოჰყვა დახურული თუ ღია კონცერტი, რაც ძალიან მომწონდა. აი, ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში მუსიკა, კერძოდ კი, ფორტეპიანო...
– თუმცა, მცდელობა თქვენ გასათამამებლად სხვა კუთხითაც გაგრძელდა...
– ამ პერიოდში დავდიოდი ოპერასთან არსებულ საბალეტო სტუდიაში, რომელსაც ქალბატონი მარინა ალექსიძე და მანანა გოგოლაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ეს წლები ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან იდგმებოდა საბალეტო სპექტაკლების გამარტივებული ვარიანტები: „გედების ტბა”, „მძინარე მზეთუნახავი”, „კონკია”, „თოჯინების სახლი”, „მაკნატუნა”... თითქმის ოთხი წელი დავდიოდი სტუდიაში, რამაც თანდათან მომიხსნა შებოჭილობა და სცენაზე თავისუფლად სუნთქვა დავიწყე. ცეკვის გარეშე არ შემეძლო, ცოტა ხნით მოსწავლეთა სასახლეში თენგიზ სანაძის ანსამბლშიც ვიყავი... რაც დრო გადიოდა, მუსიკაში პროგრამა იზრდებოდა და ცეკვის დრო აღარ მრჩებოდა. ჩემი ინტერესი უფრო მუსიკისკენ გადაიხარა. დოდო ცინცაძის მონდომებით, 2003 წელს ბაირონის სახელობის სკოლაში ჩავაბარე, რომელსაც პროფესორი ინესა მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმ წლებს. ქალბატონი ინესას დამსახურებაა, რომ საფუძველი მაქვს ინგლისურში. ვიყავი ბაირონის სახელობის სტიპენდიანტი, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას ბაირონის სკოლაში მოწყობილ კონცერტებსა და საახალწლო კარნავალებში.
– ოჯახიდან მოგდევთ მუსიკალური ტრადიციები?
– ჩემს ოჯახში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, – ქიმიკოსი, ექიმი-ფიზიოლოგი, ინჟინერი, ფილოლოგი... მიუხედავად სხვადასხვა პროფესიისა, მათ მუსიკის სიყვარული აერთიანებთ. მუსიკალური სწავლების, პირველი საფეხური, ანუ შვიდწლედი, ყველას დამთავრებული აქვს. ჩემი შორეული წინაპრებიც თურმე ძალიან კარგად მღეროდნენ და უკრავდნენ გიტარაზე... თუმცა, ყველაფერი ქალბატონი დოდოს დამსახურებაა (რამდენიმე წელი ჩემი ძმა გიგიც მისი მოწაფე იყო). ქალბატონი დოდო ცინცაძე ჩემი ფორტეპიანოს პედაგოგია, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემთვის მხოლოდ პედაგოგია და მუსიკა მასწავლა-მეთქი. დოდო დეიდა არაჩვეულებრივი პიროვნებაა – უნიჭიერესი პედაგოგი, შეუპოვარი, სამართლიანი და პირდაპირი. ხშირად ვცდილობ, მივბაძო, მაგრამ ეს ადვილი არ არის. იგი ყოველთვის გვასწავლის, როგორ გადავლახოთ პრობლემები და გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე. ერთად სადმე კონკურსზე თუ ვართ, განსაკუთრებით მზრუნველია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მომთხოვნიც, მკაცრიც და შეუვალიც, როცა საქმეს ეხება. 2002 წელს ნოდარ გაბუნიას სახელობის მეორე რესპუბლიკურ კონკურსზე, როცა პირველი ადგილი გავიყავი გიმნაზიის ვარსკვლავთან, ასევე ქალბატონი დოდოს მოწაფესთან, თამარ ბერაიასთან, არასოდეს დამავიწყდება დოდო დეიდას სიხარული. ჩემთვის ეს ყველა გრან-პრიზე უკეთესი იყო. აქ უკვე ვიგრძენი ჩემი შესაძლებლობები, მივხვდი, რომ უნდა მივყოლოდი ჩემს პედაგოგს და შრომა არ უნდა დამზარებოდა. მას ძალიან უყვარს დასაჩუქრება – მაქვს უამრავი ნოტები, სამკაული და სხვა აქსესუარი და მგონი, სულ იმას ფიქრობს, როგორ გამზარდოს უკეთესი და გამახაროს. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თავის კლასში არა მარტო სოლო პროგრამის მომზადებას, არამედ ანსამბლებს, საფორტეპიანო კონცერტებს, რომელსაც დიდი სიყვარულით დირიჟორობს პროფესორი რეზო ტაკიძე. ამ წლების განმავლობაში მე ორ როიალზე შესრულებული მაქვს მთელი რიგი ნაწარმოებები, მარინა აჩბასთან, დათუნა ალადაშვილთან, ანი გიგაურთან ერთად.
– ბოლო კონცერტზე ვისაუბროთ, სადაც აღფრთოვანებულმა მსმენელმა სცენაზე ოთხჯერ მოგიხმოთ...
– ათი დღით ადრე, დოდო დეიდას დაურეკეს და შესთავაზეს კონცერტი ჯან ლუკა მარჩიანოსთან. მე მთხოვეს ლისტის პირველი კონცერტი მომემზადებინა, რომელიც მეშვიდე კლასში მქონდა შესრულებული. სხვა კონცერტი გვქონდა დაგეგმილი და არ მინდოდა ლისტით შეცვლილიყო. ამიტომ, ახალ შემოთავაზებას ცივად შევხვდი. ახლა მინდა, ბოდიში მოვუხადო დოდო დეიდას ჩემი ბავშვური კაპრიზის გამო. ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთ დიდ მუსიკოსთან, ჯან ლუკა მარჩიანოსთან შეხვედრა და კიდევ ერთხელ ლისტის შემოქმედებასთან შეხება... წელს ვამთავრებ სკოლას და ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ალბათ, წინ საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება მელის. ძალიან მრავალფეროვანია მუსიკალური სამყარო. რომელ ნაწარმოებსაც ვსწავლობ, იმ პერიოდში ის კომპოზიტორი მიყვარს, ვეცნობი მის ბუნებას და ვითავისებ როგორც შემიძლია. მიყვარდა: ბახი, ლისტი, ბეთჰოვენი, შოპენი, შუმანი, რაველი, პროკოფიევი, ახლა რახმანინოვი... ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხარკოვში ორჯერ გამარჯვებას. ეს იყო ვლადიმირ კრაინევის კონკურსზე, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ამას მოჰყვა კონცერტები კიევსა და მოსკოვში. და შემდეგ, თბილისის რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვება. მე კონკურსგარეშე ვმონაწილეობდი, გავიმარჯვე აგრეთვე პარიზის რუბინშტეინის კონკურსზე. მქონდა კონცერტები ესპანეთის ქალაქებში. ავსტრიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, ქეთი სეფაშვილი დიდ მზრუნველობას იჩენს ნიჭიერთა ათწლედის მიმართ. მასაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული. იგი ხშირად ატარებს თბილისში კონკურსებს და ამ კონკურსში გამარჯვების გამო, მიწვეული ვიყავი კონცერტებით ვენასა და ჰამბურგში... დოდო ცინცაძის კლასის კონცერტები ყველაზე საზეიმო და დაუვიწყარია ჩემთვის. მთელ კლასს ერთი მიზანი აქვს, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ერთმანეთის სატკივარი გვტკივა. ყველას გვსურს, რომ კონცერტი ძალიან კარგი გამოვიდეს და ეს ერთმანეთთან ძალიან გვაახლოებს. პატარა მუსიკოსების საუკეთესო თაობა მოდის – მარიკა კუხიანიძე, დათუნა ხრიკული, გიორგი გრძელიძე, ლენკა ზვიადაძე, სოფო ჩხეიძე... მსურს გზა დავულოცო მათ.