კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30–14(536)

– აბა, ჩემო კარგო, მომიყევი, სინამდვილეში რა მოხდა?

– ბატონო მინისტრო, ხომ არ აჯობებდა, მამა სერაფიმეს დაველოდოთ? – თქვა ჯაბამ.

– კეთილი, ასე იყოს, – გაეღიმა მინისტრს, შემდეგ დაცვა დაითხოვა და შორენას მიუბრუნდა:

– ბოდიშს გიხდით, ჩემო კარგო, თუ არ შეწუხდებით, თქვენი მშობლების მოსვლამდე იქნებ ყავით გაგვიმასპინძლდეთ? მით უმეტეს, ვიცი, რომ ჩინებულად ამზადებთ.

– რა თქმა უნდა, – ღიმილითვე უპასუხა შორენამ, – ახლავე მოგართმევთ, მაგრამ, საიდან იცით, როგორ ყავას ვამზადებ?

– ასეთი რამეების ცოდნა ჩემი მოვალეობაა – ეშმაკურად მიუგო მინისტრმა.

შორენა სამზარეულოსკენ გაემართა, მინისტრმა „მარლბორო” გააბოლა და ჯაბას უთხრა:

– ბედნიერი კაცი ხარ, ჩემო ჯაბა, რომ ასეთი მშვენიერი საცოლე გყავს.

– გმადლობთ, ბატონო მინისტრო, – მიუგო ჯაბამ.

– საქორწინო მოგზაურობის ადგილი უკვე შეარჩიეთ?

– საბოლოოდ არა.

– ოკეანეში მშვენიერი კუნძულებია, თუმცა, მე ავსტრალია მიზიდავს ყველაზე მეტად.

მინისტრის სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო ჯაბასთვის, რომ მას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ჯაბა მართლაც ავსტრალიაში აპირებდა გამგზავრებას, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდა და მინისტრის სიტყვებმა იმიტომ გააოცა. ბოლოს კი ეს უბრალო დამთხვევად მიიღო და მიუგო:



– ავსტრალია დიდი კუნძულია, მე კი ოკეანის პატარ-პატარა კუნძულები უფრო მიზიდავს.

– სამაგიეროდ, ავსტრალიაში უფრო კარგად დაიმალება კაცი.

– დაიმალება? – გაიმეორა ჯაბამ.

– დიახ, თუნდაც სიდედრისგან, – ღიმილით თქვა მინისტრმა და ჯაბას მეორედ გააჟრჟოლა, რადგან მინისტრის სიტყვები უკვე მეორედ დაემთხვა ჯაბას ძველ აზრებს, რამაც ყმაწვილი ძალიან გააოცა, თუმცა, მაქსიმალურად შეიკავა თავი და მინისტრს უთხრა:

– დამალვა ყველგან შეიძლება, მაგრამ ჩემი სიდედრი მშვენიერი ქალია და მე მგონი, არ დამჭირდება.

– მეც ასე ვფიქრობ, ჩემო კარგო. ელენე და სერაფიმე მრავალჭირგამოვლილები არიან და მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ერთმანეთიც იპოვეს და შვილიც.

– თქვენ ძალიან ინფორმირებული ბრძანდებით.

– თქვენ ეს გიკვირთ?

– არა, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენ ჩვეულებრივ ინფორმაციაზე გაცილებით მეტი იცით.

– მხოლოდ საქმის ირგვლივ, ჩემო ჯაბა. ნუ იფიქრებ, რომ ვინმეს პირადი ცხოვრება მაინტერესებს. მე არც ჭორიკანა ვარ და არც სამაგისო დრო მაქვს, ხოლო, თუკი რამე ვიცი, ეს მხოლოდ საქმიდან გამომდინარეობს.

ოთახში შორენა შემოვიდა და სასმელებით და ტკბილეულით სავსე გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა, მინისტრს გაუღიმა და უთხრა:

– მიირთვით, ბატონო მინისტრო, – შორენამ სამი ჭიქა კონიაკით შეავსო, ერთ-ერთი ასწია და თქვა:

– კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ ოჯახში, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!

– გმადლობთ, – თქვა მინისტრმა და, სანამ კონიაკს დალევდა, დაილოცა: – დალოცვილი იყოს ეს ოჯახი, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სახლში და მადლობას მოგახსენებთ კეთილი სურვილებისთვის.

კონიაკი შესვა ჯაბამაც და თქვა:

– ელენე და მამა სერაფიმე იგვიანებენ.

– მალე მოვლენ, – მიუგო მინისტრმა და ყავა მოსვა, თან შორენას უთხრა:

– ბევრად უკეთესი ყავის მომზადება გცოდნიათ, ვიდრე მე მეგონა.

– გმადლობთ, ბატონო მინისტრო, მაგრამ, ყავაა მაღალი ხარისხის, – მიუგო შორენამ.

– ყავა მართლაც შესანიშნავია, მაგრამ, მომზადება თუ არ იცი, გემო უნახევრდება, – თქვა მინისტრმა, სიგარეტს მოუკიდა და ზოგადად იკითხა:

– სად და როდის აპირებთ ჯვრისწერას?

– ალბათ, მალე, – მიუგო ჯაბამ, – მაგრამ, სად, ჯერ არ ვიცით. თუმცა, ის გადაწყვეტილია, რომ ჯვარს მამა სერაფიმე დაგვწერს.

– სიმამრი? – გაეღიმა მინისტრს – მერე, შეიძლება?

– ალბათ კი, – თქვა ჯაბამ, – მან ეს თვითონ შემომთავაზა.

– მე დამპატიჟებთ?

– თუ გვიკადრებთ, – მიუგო ჯაბამ, შორენამ კი დაამატა:

– რა თქმა უნდა, ბატონო მინისტრო, აუცილებლად დაგპატიჟებთ.

– აუცილებლად მოვალ.

კარზე ზარის ხმა გაისმა, შორენა გასაღებად გაემართა და ნახევარ წუთში დედ-მამასთან ერთად დაბრუნდა უკან.

მინისტრი სავარძლიდან წამოდგა და ჯერ ელენეს ემთხვია ხელზე და მხარზე, შემდეგ სერაფიმეს ემთხვია ხელზე, რომელმაც მას პირჯვარი გადასახა, დალოცა და უთხრა:

– როგორ ხარ, შვილო?

– კარგად, მამაო, თქვენ?

– ვცოცხლობ, დიდება უფალს, – მიუგო მამა სერაფიმემ მინისტრს და ქალებს ანიშნა, რომ იქაურობა დაეტოვებინათ, შემდეგ მინისტრს და ჯაბას მიუბრუნდა:

– რა მოხდა?

– შეიძლება, ვთქვა? – ჰკითხა მინისტრმა ჯაბას და დასტური რომ მიიღო:

– ერთი „ვისკაჩკა” ხელქვეითი მყავს და ტარიელის დავალებით, ჩემთან შეუთანხმებლად, ჯაბას ასაყვანად იყო მოსული. კიდევ კარგი, დროზე მოვასწარი მოსვლა და პრესაში არ გაუჟონავს ინფორმაციას.

მამა სერაფიმეს გაეცინა და მინისტრს უთხრა:

– ერთი განახა, რა ამბავია გარეთ.

– ჟურნალისტები არიან?

– სავსეა იქაურობა ჟურნალისტებით.

– აქედან გასვლა არ გინდა? – გაეცინა მინისტრს, – კიდევ კარგი, ჩემი მანქანით არ ვარ მოსული, თორემ, მაგათ რა მოიშორებდა თავიდან. თუმცა, კიდევ კარგა ხანს მომიწევს აქ ყურყუტი, როგორც ვატყობ.

– იყავი, რა გეჩქარება.

მინისტრმა ნებართვა ითხოვა, სიგარეტი გააბოლა და სერაფიმეს უთხრა:

– ჯაბას ვკითხე რა, მოხდა-მეთქი, მან კი, მამა სერაფიმეს დაველოდოთო.

– რა მოხდა და, შენმა მოადგილემ გვიღალატა, მკვლელობების ინსცენირება მოაწყო და სავარაუდოდ, გაქცევა მოინდომა.

– მაგას უკვე მივხვდი, – თქვა მინისტრმა, – წყნეთში რა მოხდა?

– მე გითხრა, თუ ჯაბამ?

– მგონი, ჯობია, რომ ჯაბამ მიამბოს.

– რა მოხდა, ბატონო მინისტრო, და ის, რომ ტარიელი ყველას კლავდა, კონსპირაციულ აგარაკზე გოგირდმჟავით სავსე აუზი აქვს, მოკლულებს მასში ყრის და კვალს შლის.

– მე კი მეუბნებოდა, ეს აგარაკი განსაკუთრებული საჭიროებისთვის მაქვს დაკონსერვებულიო, – სინანულით თავი გააქნია მინისტრმა – სამწუხაროა, რომ ტარიელი ისეთი ვერაგი დანაძირალა აღმოჩნდა, არადა, დიდი ძალა იყო.

– სიხარბემ და ამპარტავნებამ დაღუპა, – თქვა მამა სერაფიმემ, – მოკლედ, ასე ჩემო კარგო, ალბათ, იცი, ვინაა ჯაბა.

– რა თქმა უნდა, ვიცი, – მიუგო მინისტრმა, ჯაბას გაუღიმა და დაამატა, – ვიცი და ვემორჩილები. ნებისმიერ დროს შეუძლია, დამირეკოს იმ ტელეფონით, რომელიც მას ტარიელმა მისცა.

– აი, აქ მაქვს ეს ტელეფონი, – თქვა ჯაბამ და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

– ძალიან კარგი. ახლა კი უნდა წავიდე, – თქვა მინისტრმა და წამოდგა. მან ჯერ ჯაბას დაუკრა თავი და ხელი ჩამოართვა, შემდეგ მამა სერაფიმეს ეამბორა ხელზე, დაცვა იხმო და წავიდა.

– ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, მინისტრიც თუ ჩვენიანი იყო, – თქვა ჯაბამ.

სერაფიმეს გაეცინა და მიუგო:

– შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი, მაგრამ, დროთა განმავლობაში, შეიტყობ.

– ეგეც თქვენი გაქაჩულია?

– მინისტრი?

– დიახ.

– შეიძლება ითქვას, რომ ასეა, მაგრამ, მას საკმაოდ მაღალი ჩინი ჰქონდა, როდესაც ჩვენ შესახებ შეიტყო. სხვათა შორის, მინისტრი ტარიელმა გადაიბირა.

– ტარიელმა?

– ჰო, მაგან. ტარიელი საკმაოდ დიდი ძალა იყო და მინისტრმაც აღნიშნა ეს.

– გავოცდი, რომ ასეთი პატივისცემით გეპყრობოდათ მინისტრი, – უთხრა ჯაბამ მამა სერაფიმეს.

– ეს არცაა გასაკვირი. მე ხომ საძმოში მასზე დიდი რანგი მიკავია და ვალდებულია, პატივი მცეს, ისევე, როგორც შენ უნდა გცეს პატივი და, მგონი, შენ ეს იგრძენი მისგან.

– კი, ნამდვილად ვიგრძენი, – თქვა ჯაბამ, – შეიძლება გკითხოთ?

– რა თქმა უნდა.

– მამაო, თქვენ ჩემზე მაღლა დგახართ საძმოს იერარქიაში თუ არა?

– რა თქმა უნდა, არა. შენ განძის მცველი ხარ, პირდაპირ ხელდასხმული და საძმოში ყველაზე მაღლა დგახარ. შენ, ერთადერთმა იცი, საგანძურის მდებარეობა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

– კი მაგრამ, მე ხომ თითქმის არაფერი ვიცი საძმოს შესახებ და ხელქვეითებსაც არ ვიცნობ.

– ეს არცაა საჭირო. თუკი რამე ან ვინმე დაგჭირდება, მაშინ მაგ ტელეფონით იხმობ და მოვლენ, გამოცდილება და ცოდნა კი დროთა განმავლობაში მოვა. თუკი, რამე საჩქარო იქნა, შენ აუცილებლად შეიტყობ ამის შესახებ. ახლა, მთავარია, საგანძური მოინახულო და იქიდან გასაღები წამოიღო. შემდეგ კი შეგიძლია, შორენაზე დაქორწინდე და აქედან გაემგზავრო. ხოლო, თუ საჭირო გახდი, აუცილებლად დაგიკავშირდებით და ჩამოგიყვანთ.

– თქვენ, მამაო?

– რა – მე?

– აქ რჩებით თუ რუსეთში უნდა დაბრუნდეთ?

– აქ ვრჩები, ამ სახლში, ჩემს ოჯახში, – თქვა მამა სერაფიმემ. მერე ჯაბა გამომცდელად შეათვალიერა და დაამატა: – ოღონდ, სხვანაირად ნუ იფიქრებ. მართალია, მე და ელენე ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა არ გვექნება და გამუდმებით ვილოცებთ, ვიმარხულებთ და საერო საქმეებს გავაკეთებთ.

– ელენემ თუ იცის ჩვენი საძმოს შესახებ?

– მე არაფერი მითქვამს, მაგრამ, როგორც ვხედავ, ყველაფერს ხვდები.

– ჩვენთან მისი გაწევრიანება არ შეიძლება?

– არა და ეს საძმოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. კიდევ გაინტერესებს რამე?

– ჯერჯერობით არაფერი.

– მაშინ, შეგიძლია, სახლში წახვიდე და შენიანები მოინახულო, დღეიდან შენზე ძებნა შეწყდა.

– მართლა?

– დიახ, ეს საკითხი თვითონ მინისტრმა მოაგვარა.

ჯაბა ძალიან გახარებული იყო, მაგრამ თავი შეიკავა ემოციებისგან და დინჯად თქვა:

– ჯერ ჯამბულ ბიძიას ვნახავ და სახლში მერე წავალ.

– სახლში თუ არ წახვედი, ჯამბულს ისე ვერ ნახავ.

– ეგ როგორ?

– როგორ და, გუშინ ის სახლში გაწერეს.

– ესე იგი, ყველაფერი კარგადაა! – წამოიძახა ჯაბამ, ემოციები ვეღარ შეიკავა და თვალები აუცლემლიანდა.

– მოკლედ, ასე, შვილო, – უთხრა ჯაბას სერაფიმემ, – ზეგ დილით საგანძურისკენ მიმავალ გზას უნდა დაადგე, ეს ორი დღე კი, შეგიძლია, შინაურებში გაატარო.

ჯაბა შორენას და ელენეს გამოემშვიდობა და წავიდა. ის მამა სერაფიმემ ჩააცილა კიბეებზე და გამომშვიდობების წინ უთხრა:

– გახსოვდეს, ვინ ხარ. არასდროს არაფერზე დაკარგო კონტროლი და, რაც მთავარია, საკუთარი თავი აკონტროლე. შენ უდიდესი მისია გაკისრია და შენზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

– კარგი, მამა სერაფიმე, ყველაფერი კარგად იქნება, – მიუგო ჯაბამ სერაფიმეს, მხარზე ეამბორა და წავიდა.

ჯაბას წასვლის გამო მოწყენილ შორენას ელენე მოეფერა და უთხრა:

– ახლა რაღა გადარდებს, შვილო, ყველაფერი კარგადაა, ჯაბას აღარ ეძებენ და თავისუფალია, მორჩება თავის საქმეებს, დაბრუნდება და მთელი ცხოვრება ერთად და ბედნიერად იქნებით.

– არ ვდარდობ, დედიკო, ისე, უბრალოდ, მოვიწყინე, – მიუგო შორენამ ელენეს.

– გაიცინე და დაგიჯერებ.

შორენამ გაიცინა, ელენემ გულში ჩაიკრა ქალიშვილი და უთხრა:

– ძალიან გიყვარს ჯაბა?

– ძალიან – მიუგო შორენამ და იქვე დაამატა, – თუმცა, თქვენზე ძალიან არა. მთელი ცხოვრება გნატრობდით და ღმერთმა თქვენი თავი დამიბრუნა.

– რას ამბობ, მამა? – ჰკითხა სერაფიმემ შორენას, რომელიც ოთახში შევიდა.

– რას და, დედიკოს ვეუბნებოდი, რომ მთელი ცხოვრება დედ-მამაზე ვოცნებობდი და ოცნება ამიხდა-მეთქი.

– დიდება უფალს! – სერაფიმემ ცისკენ აღაპყრო ხელები, შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და ქალიშვილს უთხრა:

– რას აპირებ?

– რას გულისხმობ?

– ხომ თხოვდები?

– კი.

– მერე ხომ მიემგზავრებით?

– კი.

– სამსახურიდან წამოსვლას არ აპირებ? შენ ხომ ფორმალურად ჯერ კიდევ ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომელი ხარ და შტატში ირიცხები, ხელფასი გეწერება, შენს ადგილს კი, ვინ იცის, რამდენი ადამიანი ელოდება. ხომ არ აჯობებდა, რომ წასულიყავი და გათავისუფლების შესახებ განცხადება დაგეწერა?

– ჰოდა, ასეც ვიზამ, – თქვა შორენამ და საათს შეხედა, 2 საათია. მაინც არაფერი მაქვს საქმე და ახლავე წავალ.

– კარგი, – მიუგო ქალიშვილს სერაფიმემ და შუბლზე აკოცა.

შორენა მალევე გამოეწყო, ძალიან სადად და მოკრძალებულად ჩაიცვა და ფსიქიატრიული საავადმყოფოსკენ გაემართა, რომ სამსახურიდან წამოსვლის განცხადება დაეწერა. გოგონა თითქმის ერთი თვე არ ყოფილა ფსიქიატრიულში და იქ დატრიალებული ამბების გამო არც არავის მოუკითხავს. თუმცა, კლინიკა ნელ-ნელა უბრუნდებოდა ჩვეულ რიტმს და დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, პროფესორი გედეონ ხოშტარია თანდათან ალაგებდა სიტუაციას. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ რაჟდენ რაჟდენოვიჩის ადგილზე დანიშნავდნენ და საამისოდ ძალისხმევას არ იშურებდა. მან რომ სადად და მოკრძალებულად ჩაცმული შორენა დაინახა, რომელიც მის კაბინეტში ძალიან მორიდებულად შევიდა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა და გოგონა ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ გამოერკვა და უთხრა:

– მობრძანდი, შორენა, სად ხარ, სად დამეკარგე?

– შეიძლება, ბატონო გედეონ? – მორიდებით ჰკითხა შორენამ.

– მოდი, მოდი, გენაცვალე, აი, აქ, სავარძელში დაბრძანდი და მითხარი, როგორ ხარ და, საერთოდ, რა ხდება ახალი შენს ცხოვრებაში, სამსახურში გამოსვლას როდის გეგმავ?

– სწორედ ამიტომ მოვედი, ბატონო გედეონ.

– ჰოდა, ძალიან კარგი, – სიტყვა შეაწყვეტინა პროფესორმა გოგონას, – რაც აქ მოხდა, იმის მერე ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლება. ჩვენი უწყების რეორგანიზაციის გენერალური გეგმა მაქვს – ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრები მჭირდება და, რა თქმა უნდა, შენც მათ შორის მოიაზრები.

– არა, ბატონო გედეონ.

– რა – არა? – კვლავ შეაწყვეტინა სიტყვა პროფესორმა შორენას.

– სამსახურში დაბრუნებას აღარ ვაპირებ.

– ეს რა მითხარი? – ვითომ ეწყინა პროფესორს, რომელმაც უკვე დანამდვილებით იცოდა, ვისაც დანიშნავდა შორენას ადგილზე, – კი, მაგრამ რატომ, რა მიზეზით არ მოგწონს აქაურობა?

– უბრალოდ, ვთხოვდები, – გაიღიმა შორენამ.

– მერე რა, ვინ არ გათხოვილა, მაგრამ სამსახურიდან ამის გამო არავინ წასულა, თუ, რა თქმა უნდა, ძალით არ გააგდეს. გათხოვდი, ერთთვიან შვებულებას მოგცემ, რომ თაფლობის თვე ტკბილად გაატარო. შემდეგ კი დაგვიბრუნდები და მუშაობას გააგრძელებ.

– გმადლობთ, ბატონო გედეონ, მაგრამ, არ გამოვა.

– რატომ?

– უცხოეთში მივემგზავრებით.

– უცხოელზე თხოვდები?

– არა, აქაურზე.

– დიპლომატზე, ხომ?

– არა, უბრალოდ, აქედან მივემგზავრებით, ასე გადავწყვიტეთ.

– მდიდარია?

– არა, ჩვეულებრივად ცხოვრობს.

– ესე იგი, გიყვარს.

– კი, ძალიან.

– „სიყვარულო, ძალსა შენსა“... – აღარ დაამთავრა პროფესორმა და შორენას მიუბრუნდა, – რა გაეწყობა, სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს. გილოცავ გაბედნიერებას და ყოველივე კარგს გისურვებ. მე რა უნდა გავაკეთო, რით შემიძლია, დაგეხმარო?

– აი, ამ განცხადებაზე მომიწერეთ ხელი, ბატონო გედეონ, – შორენამ პროფესორს გათავისუფლების შესახებ დაწერილი განცხადება დაუდო წინ.

– დიდი სიამოვნებით, დიდი სიამოვნებით, მოგიწერ ხელს – წამოსცდა პროფესორს, მაგრამ მაშინვე გამოასწორა შეცდომა და დაამატა – რა თქმა უნდა, ძალიან მწყდება გული, რომ გვტოვებ, მაგრამ, ის მსიამოვნებს, რომ ბედნიერი ხარ და ამას ვგულისხმობდი. აი, ჩემო კარგო, ინებე ჩემი ხელმოწერიანი განცხადება და დალოცვილი იყავი.

– გმადლობთ, ბატონო გედეონ, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს.

– ბრძანე, გისმენ.

– ბატონო გედეონ, თუ შეიძლება, უკანასკნელად შევალ ჩემს განყოფილებაში და ავადმყოფებს მოვინახულებ.

– კი, რა თქმა უნდა, მიდი, – უთხრა პროფესორმა შორენას, გამოემშვიდობა და კარამდე მიაცილა.

შორენა ნაცნობი დერეფნით გაემართა ეგრეთ წოდებული „ბუინების” განყოფილებისკენ და უზარმაზარ რკინის კარზე დააბრახუნა.

– ჰო, ჰო, რა ჩამოიღე აქაურობა! – მოესმა შორენას დარაჯ მურთაზის ნამძინარევი ხმა, რომელსაც თითქმის ყოველთვის ეძინა. „კარმუშკა” რომ გააღო და შორენა დაინახა, წამოიძახა:

– ვაა, შორენ, დაბრუნდი?

– მურთაზ, როგორ ხარ?

– შორენას გაუმარჯოს, ჩვენს თვალის ჩინს! – წამოიძახა მურთაზმა, კარი გააღო და გოგონას ხელი ჩამოართვა, – როგორ ხარ, როგორ?

– შენ როგორ ხარ, მურთაზ?

– რა მიჭირს. დაბრუნდი, შორენ?

– არა, წავედი და გამოსამშვიდობებლად ვარ მოსული.

– რას ამბობ, გოგო, რატომ წახვედი?

– ვთხოვდები და იმიტომ.

– თხოვდები? – წამოიძახა მურთაზმა, – შენი გულისა! რა ბედნიერი იქნება შენი ქმარი, შენ რომ ჩაგეხუტება!

– ჰო, მართალი ხარ, – გაეცინა შორენას და განყოფილებისკენ გაემართა.

გოგონას ყველა გულთბილად ხვდებოდა, უღიმოდნენ და კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ, თან გაოცებული უყურებდნენ, რადგან ძალიან სადად და უბრალოდ ეცვა. შორენა პალატა ლუქსში შევიდა და მის მობინადრეებს მიესალმა, სადაც სამი ადამიანი იყო დარჩენილი და სამხრობდნენ.

– გამარჯობა, ძვირფასებო! – მიესალმა გოგონა პანტელეიმონ ჯაშს, სპირიდონ ჯაყელსა და ჯემალ ჯიოშვილს.

– შორენა, შენ ხარ? – პირველი ჯემალ ჯიოშვილი გამოეპასუხა გოგონას, მიუახლოვდა და ჩაეხუტა.

– შენ როგორ ხარ, ჩემო კარგო? – შორენამ ჯემალს გაუღიმა და გენერალ ჯაყელს რევერანსი გაუკეთა, რომელიც გოგონას ხელზე ეამბორა და ჰკითხა:

– როგორ გიკითხო, ჩემო მშვენიერო?

– გმადლობთ, გენერალო, კარგად ვარ, თქვენ როგორ ბრძანდებით?

– მოწყენილი ვარ, შვილო, ძალიან მოწყენილი და ყოველგვარი იმედი გადამეწურა. სანამ მეუფე გაბრიელი, დიტო და ბატონი ედუარდი იყვნენ აქ, რა გვიჭირდა, მიზანი გვქონდა. ახლა კი ხომ ხედავ, რა დღეში ვართ!

– როგორ ხარ, შორენა, ჩემო ლამაზო? ჰკითხა გოგონას პროფესორმა პანტელეიმონ ჯაშმა და შორენა გადაკოცნა.

– თქვენ როგორ ხართ, პროფესორო?

– ეჰ, შვილო, როგორც გენერალმა თქვა, ისე – მიზანი დავკარგეთ და აღარც 30 თებერვლის დადგომის გვჯერა.

– კარგი, ხალხნო, რა დაგემართათ! გოგონა ამდენი ხანი არ გვინახავს და თავს ნუ მოაბეზრებთ. აი, გამოვა სამსახურში და გავხალისდებით, – უთხრა თანაპალატელებს პოლკოვნიკმა ჯემალ ჯიოშვილმა და შორენას ჰკითხა:

– როდის გამოდიხარ სამსახურში?

– სამწუხაროდ, უკვე აქ აღარ ვმუშაობ და თქვენს სანახავად მოვედი, რომ გამოგემშვიდობოთ.

ლუქსის მობინადრეებმა შორენას სიტყვებზე თავები ჩაღუნეს და იატაკს დააცქერდნენ, გოგონამ კი უთხრა:

– ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ.

– ეჰ, შორენ, ჩვენთან კარგს რა უნდა, – თქვა ჯემალმა, რომელიც ათიოდე წამის წინ დანარჩენებს მხნეობისკენ მოუწოდებდა.

– მომისმინეთ და გაიგებთ, – გაიღიმა გოგონამ.

– უბედურები ვართ, უბედურები, – ხელი ჩაიქნია პროფესორმა, გენერალმა კი დაამატა:

– ყოველგვარი რესურსების და მაშველი ძალის გარეშე დავრჩით ამ უკიდეგანო ბრძოლის ველზე და ალბათ, არც სიკვდილი დააყოვნებს მოსვლას.

შორენას გული დაეწვა და მიხვდა, რომ ამ უბედურებს დიდი გულისტკივილი მიაყენა, ამიტომ მდგომარეობის გამოსწორება სცადა, ძალები მოიკრიბა და გენერალს რიხიანად უთხრა:

– თქვენი არ გამკვირვებია, გენერალო? უამრავი ბრძოლა გაქვთ გადატანილი, ბევრი მტერი შეგიმუსრავთ და პესიმიზმს უნდა მოაკვლევინოთ თავი?

– ჰო, მართალი ხარ, ჩემო კარგო, მაგრამ... – დაიწყო გენერალმა, მაგრამ შორენამ სიტყვა გააწყვეტინა:

– არავითარი „მაგრამ“, გენერალო, თქვენ, უბრალოდ, უფლება არ გაქვთ, ასე მოიქცეთ და საქმეს უღალატოთ. 30 თებერვალი კარსაა მომდგარი და ახლა ყრით ფარ-ხმალს?

– არა, მაგრამ... – თქვა გენერალმა.

– არაფრის გაგონება არ მინდა, ბატონო ჩემო, – თქვა შორენამ, – თქვენ ისევ მწყობრში ხართ და ძლევამოსილი ქართული ლეგიონები თქვენს წინამძღოლობას ელოდებიან.

გოგონას სიტყვებზე გენერალი აენთო, თვალები აუელვარდა, მხედრულად გაიჭიმა და თქვა:

– ვემსახურები საქართველოს! მზად ვარ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.

– აი, ასე, ჩემო გენერალო! – უთხრა ჯაყელს გოგონამ და პროფესორს მიმართა:

– გრცხვენოდეთ, ბატონო პანტე, გრცხვენოდეთ! იმის მაგივრად, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით იყოთ დაკავებულები, თავად იავადებთ თავს.

– ბოდიში, ჩემო გოგონა. მეტად აღარ განმეორდება მსგავსი რამ, – დაიმორცხვა ჯაშმა.

– შენ, შენ, ჯემალ, რას სჩადიხარ? – უთხრა შორენამ თავჩაქინდრულ პოლკოვნიკს, – წესრიგის დამყარება გაქვს დავალებული და საკუთარ თავს ვერ აწესრიგებ?

– მაპატიე, შორენა, მეტს აღარ ვიზამ, – პირობა დადო ჯიოშვილმა და თანაპალატელებს ამოუდგა გვერდით, რომლებსაც შორენამ კვლავ დაუბრუნა 30 თებერვლის დადგომის იმედი.

– ახლა კი, მთავარი ცნობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგახარებთ, – უთხრა შორენამ ლუქსელებს და მცირე პაუზის შემდეგ, განაგრძო: – მე და ჯაბა, ანუ ედუარდი, დავქორწინდით.

– მართლა? ედუარდი ცოცხალია? – ერთხმად წამოიძახეს ლუქსელებმა და ჟრიამული ატეხეს.

– აბა, თქვენ, რა გეგონათ? – იკითხა შორენამ.

– ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მას ტერაქტი მოუწყვეს და მოკლეს, – თქვა გენერალმა.

– მე კი მეგონა, გაქცევისას ჩაცხრილეს მტრებმა, – დაამატა პოლკოვნიკმა, პროფესორმა კი თქვა:

– მე კი ვფიქრობდი, რომ ის მოწამლეს.

– არა, ჩემო მეგობრებო, ის ცოცხალია, საღ-სალამათი, უახლოეს პერიოდში მოგინახულებთ და თვითონ გეტყვით დანარჩენს.

– ესე იგი, აქედან ნამდვილად გავდივართ 30 თებერვალს? – წამოიძახა ჯიოშვილმა, – ახლა ყველაფერს მივხვდი: ბატონი ედუარდი იმიტომ გაიქცა, რომ იქ, გარეთ ჩვენთვის რაღაც-რაღაცეები მოამზადოს და მზამზარეულად ჩაგვაბაროს ხელისუფლება.

– არა, ჩემო მეგობრებო, მთლად ასე არ იქნება საქმე, – შეუსწორა პოლკოვნიკს გენერალმა, – მზამზარეული არავინ ჩაგაბარებს ძალაუფლებას, ის უნდა მოიპოვო. თუმცა, ბატონი ედუარდი რომ კვლავ საქმეში ჩაგვრთავს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

– ამაში არც მე მეპარება ეჭვი, – თქვა პროფესორმა, – გენიოსია, ბატონი ედუარდი, გენიოსი და შენ სწორად იქცევი, რომ მასზე თხოვდები.

– მოკლედ, ასე, ჩემო კარგებო! – უთხრა შორენამ გახარებულ და იმედმიცემულ ავადმყოფებს, – 30 თებერვლის დადგომამდე ცოტა დარჩა და გამხნევდით, გამაგრდით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას ედუარდი შეგპირდათ. თუმცა, ამის შესახებ თავად ის გეტყვით უახლოეს დღეებში.

– შორენა, შვილო, – უთხრა გოგონას გენერალმა, – ბატონი ედუარდი მალე მოგვინახულებს?

– ერთ კვირას არ გადააცილებს, ჩემო გენერალო, – მიუგო შორენამ.

– ჩვენი იმედი კიდევ აქვს ბატონ ედუარდს, ხომ? – თქვა ჯაშმა.

– რა თქმა უნდა, პროფესორო, ედუარდს თქვენი იმედი არასდროს დაუკარგავს.

– ვაშა ედუარდს, ვაშა ედუარდს, ვაშა ედუარდს! – დასჭექა ჯიოშვილმა და შორენას უთხრა: – ჩემო კარგო, ჩვენს ძვირფას ბატონ ედუარდს გადაეცი, რომ მოუთმენლად ველით მას და მის მზეს ვფიცულობთ.

– აუცილებლად გადავცემ, ჯემალ, – თქვა შორენამ, ავადმყოფებს გაუცინა და დაამატა: – ახლა კი, ჩემო ძვირფასებო, ნახვამდის. იმედია, რომ ერთმანეთს კვლავ მალე შევხვდებით და 30 თებერვალი რომ დადგება, უკვე გარეთ, თავისუფალ გარემოში გვექნება ურთიერთობა, ახლა კი ნახვამდის!

– ნახვამდის, ნახვამდის, შორენა! – გამოემშვიდობნენ გოგონას ლუქსელები და კარი რომ მიიხურა, სამხრობა განაგრძეს.

შორენა დერეფანში გავიდა და დარბაზისკენ გაემართა, მაგრამ უცებ ქალის ხმა მოესმა:

– შორენ, გოგო, ვერ მიცანი?

შორენა შებრუნდა და საგიჟეთის პაციენტის სამოსში გამოწყობილი ჟუჟუნა სანიტარი დაინახა, რომელიც მარტოდმარტო იჯდა ტაბურეტზე და ჩამქრალი თვალებით იყურებოდა.

– ჟუჟუნა ექთანო, გამარჯობა! – მიესალმა გოგონა ყოფილ კოლეგას.

– როგორ ხარ გოგო, დაბრუნდი?

– არა, ჟუჟუნა, გამოსამშვიდობებლად მოვედი, სამსახურიდან მივდივარ.

– რატომ, გოგო, აქედან წასვლა იქნება?

– ვთხოვდები, ჟუჟუნა, და იმიტომ.

– თხოვდები?

– კი, ვთხოვდები.

– ვის მიჰყვები, გოგო?

– ვის და ჯაბას.

– ვის, ბატონ ედუარდს?

– ჰო.

– ეჰ, შორენ, შორენ, თავიდანვე მივხვდი, რომ ეგ ბიჭი რაღაცას აფერისტობდა და გიჟი არ იყო, მაგრამ, ვინ დამიჯერა. მე ახლა აქ ვარ გიჟად, გიჟები კი – გარეთ.

– რას იზამ ჟუჟუნა, ასეთია ეს ცხოვრება, – მიუგო შორენამ და დაამატა: – მშვიდობით, კარგად მეყოლე!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3