იღბლიანი, რომელიც ცუნამის დარტყმებს ორ სხვადასხვა ქვეყანაში გადაურჩა
ინდონეზიის პროვინცია აჩეხის მცხოვრებმა ზახრულ ფუადიმ, ორი მომაკვდინებელი ცუნამი გადაიტანა: თავდაპირველად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარი ცუნამი – 2004 წელს, ხოლო შემდეგ ცუნამი, რომლისგანაც დაზარალდა იაპონია 2011 წლის თებერვალში.
აჩეხაში იგი და მისი ოჯახი იმ მოტოციკლის წყალობით გადარჩნენ, რომლითაც მან ოჯახის წევრები მთებში წაიყვანა. ახლა ეს მოტოციკლი ქალაქ აჩეხაში, ზახრულის სახლის წინ დგას. „ღმერთმა მოტოციკლეტთან ერთად გადამარჩინა და მე მას მთელი ცხოვრების განმავლობაში შევინახავ”, – ამბობს ზახრული.
აჩეხის კატასტროფის შემდეგ, 39 წლის ფუადი წავიდა იაპონიაში, რათა იქ, სენდაის უნივერსიტეტში, სადოქტორო დისერტაცია დაეწერა. ის აღიარებს, რომ იაპონიაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისწრაფება, დაეტოვებინა კატასტროფის ადგილი. მაგრამ, უბედურება იმ ქვეყანასაც დაატყდა თავს, რომელმაც იგი „შეიფარა“.
„როდესაც მიწისძვრა დაიწყო, შენობის მესამე სართულზე, სემინარზე ვიყავი. მოულოდნელად, ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, შემდეგ – კიდევ და კიდევ. მაშინვე გამახსენდა 2004 წლის მიწისძვრა – მაშინაც დიდხანს გრძელდებოდა ბიძგები და გავიფიქრე, რომ, შეიძლება, თავს დაგვტყდომოდა ცუნამი”, – მოგვითხრობს ფუადი. უნივერსიტეტის შენობა საკმაოდ შორსაა ზღვის სანაპიროდან, ამიტომ, ამ შემთხვევაში მას არ მოუხდა ტალღისგან გაქცევა. მაგრამ იგი სენდაიში აღარ გაჩერდა. ძალზე ძნელია ცხოვრება თოთო ბავშვით ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ ჩამოდის. ცოლითა და სამი ბავშვით იგი საევაკუაციო ცენტრში მივიდა, საიდანაც მალე გააგზავნეს აჩეხაში.
ზახრულ ფუადი ცუნამის შემდეგ პირველად ჩავიდა სამშობლოში და გაიხსენა, როგორ გამოიყურებოდა მისი მშობლიური ადგილები ექვსი წლის წინ: „იყო სრული ქაოსი, ყველგან ეყარა დაღუპულთა გვამები. ამ გზის სიგანე 12 მეტრია, მაგრამ მაშინ, ნამსხვრევებისა და ნაგვის გამო, აქ მხოლოდ ერთ მანქანას შეეძლო გავლა. დაღუპულთა სხეულები კი ყოველი 3-4 მეტრის მანძილზე ეყარა”, – ამბობს ფუადი. ახლა ეს გზა კარგ მდგომარეობაშია, მის ორივე მხარეს კი სოფლებია განლაგებული, რომლებიც მთლიანად რეკონსტრუირებულია, ძირითადად საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით, დაყენებულია სპეციალური მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებენ, სად უნდა გაიქცე ცუნამის შემთხვევაში.
ჯერჯერობით ფუადი იმის მადლობელია, რომ ცოცხალი გადარჩა: „მე გადავიტანე ორი კოლოსალური კატასტროფა. ბევრმა ეს ვერ მოახერხა“.