ვინ არის პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი „ფორბსის“ ვერსიით და რომელი „ფეისბუქელია“ 2011 წლის მილიარდერების რეიტინგის დებიუტანტი
სოციალური ქსელი „ფეისბუქი” არა მარტო ყოველი ჩვენგანის ცხოვრების ნაწილი გახდა, არამედ ინტერნეტის მოყვარულთა საყვარელმა ვებ-გვერდმა, თავისი ნიშა დაიკავა მსოფლიო ბიზნესში. დღეს ფულის დაბანდება სოციალურ ქსელში, წარმატების ერთ-ერთ ფორმულად შეიძლება, ჩაითვალოს. „ფორბსის” 2011 წლის მილიარდერთა რეიტინგში ცხრა ისეთი მილიარდერია, რომელთაც გარკვეული კავშირი აქვთ „ფეისბუქთან” და ზოგადად, სოციალურ ქსელებთან, სოციალურ მომსახურებასთან. სწორედ ამ მილიარდერებს გაგაცნობთ ამ ნომერში. მათ „ფორბსში” „სოციალურ მილიარდერებს” უწოდებენ.
მარკ ცუკერბერგი – ამერიკის შეერთებული შტატები – 13,5 მილიარდი დოლარი – „ფეისბუქი”
გასულ წელთან შედარებით ცუკერბერგის კაპიტალი გასამმაგდა. ახლახან „გოლდმან საქსმა” „ფეისბუქში” 50 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა სოციალური ქსელების არსებობის ისტორიაში. მარკ ცუკერბერგი ჟურნალ „თაიმსის” ვერსიით, 2010 წლის ადამიანი გახდა, ხოლო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მისი კომპანიის შესახებ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნა. 2010 წლის განმავლობაში ცუკერბერგმა ას მილიონამდე დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაზე და მასზე მხატვრული ფილმიც გადაიღეს, რომელმაც სამი „ოსკარი“ მიიღო. ამბობენ, რომ „ფეისბუქმა” აფრიკის ჩრდილოეთში მომხდარი და მიმდინარე რევოლუციები გამოიწვია.
დასტინ მოსკოვიცი – ამერიკის შეერთებული შტატები – 2,7 მილიარდი დოლარი – „ფეისბუქი”
პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი „ფორბსის” ვერსიით, სულ რაღაც, რვა დღით უმცროსია თავის მეგობარსა და პარტნიორზე, მარკ ცუკერბერგზე. მათ ერთად მიატოვეს სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში და ერთად დაიწყეს მუშაობა „ფეისბუქის” შექმნაზე. მოსკოვიცი „ფეისბუქის” მესამე თანამშრომელი იყო, რომელსაც სხვადასხვა დროს კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტები ეკავა. 2008 წელს იგი წამოვიდა „ფეისბუქიდან” და პროგრამული უზრუნველყოფის საკუთარი კომპანია „ასანა” დააარსა, რომელიც, მისი თქმით, რევოლუციურ პროექტებზე მუშაობს. მისი წილი „ფეისბუქში” 2,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
იოშიკაცუ ტანაკა – იაპონია – 2,2 მილიარდი დოლარი – „გრი”
„გრის” – ტანაკას შექმნილი სოციალური ქსელის აქციებმა წლის განმავლობაში 35-პროცენტიანი ზრდა განიცადა. „გრი” – მობილური მოწყობილობებისთვის სოციალური თამაშების დაპროექტებით არის დაკავებული, რომლის აუდიტორია 2010 წლის დეკემბრისთვის 23 მილიონ ადამიანს შეადგენდა. 2011 წელს ტანაკამ ხელშეკრულება გააფორმა ჩინური მობილური შეტყობინებების კომპანია „ტანცენტთან” და სან-ფრანცისკოს ოფისის გახსნით, ამერიკის ბაზრის ექსპანსია დაიწყო. იოშიკაცუ ტანაკა ერთ დროს „სონიში” მუშაობდა. 2004 წელს საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ზარალი განიცადა მისმა კომპანიამ იაპონიაში მიმდინარე მოვლენების დროს.
ერიკ ლეფკოფსკი – ამერიკის შეერთებული შტატები – 1,6 მილიარდი დოლარი – „გრუპონი”
ჩიკაგოელი ინვესტორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კომპანიის „გრუპონის” დამფუძნებელი და აქციათა 30 პროცენტის მფლობელია. „გრუპონი” მომსახურებაზე ფასდაკლებას ყიდის, თუმცა ეს სერვისი სოციალურია, რადგან ფასდაკლება მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც გარკვეული რაოდენობის ადამიანთა ჯგუფი შეიკრიბება. ლეფკოფსკის თავდაპირველი კაპიტალი „გრუპონში” ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ბიზნესის გარდა ის ლექციებს კითხულობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში და დაწერილი აქვს წიგნი ინოვაციებზე.
შონ პარკერი – ამერიკის შეერთებული შტატები – 1,6 მილიარდი დოლარი – „ფეისბუქი”
პარკერი „ფორბსის” რეიტინგის დებიუტანტია და მისი წილი „ფეისბუქში” 3 პროცენტს შეადგენს. ის იმით არის ცნობილი, რომ პირინგის სისტემა „ნეპსტერის” ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება. 2004 წელს პარკერი „ფეისბუქს” შეუერთდა და პირველი პოტენციური ინვესტორი მიიყვანა კომპანიაში.
ედუარდო სავერინი – ამერიკის შეერთებული შტატები – 1,6 მილიარდი დოლარი – „ფეისბუქი”
ედუარდომ ცუკერბერგთან ერთად დაიწყო მუშაობა „ფეისბუქზე”, თუმცა შემდგომ უარი განაცხადა ჰარვარდის მიტოვებასა და კალიფორნიაში გადასვლაზე. იგი აღმოსავლეთ სანაპიროზე დარჩა და მხოლოდ სასამართლოს საშუალებით მიიღო კუთვნილი 5 პროცენტი ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში. სავერინი სინგაპურში ცხოვრობს და სულ ახლახან კომპანია „ქვიკში” განახორციელა სერიოზული ინვესტიცია.
პიტერ ტილი – ამერიკის შეერთებული შტატები – 1,5 მილიარდი დოლარი – „ფეისბუქი”
პიტერ ტილმა დააფუძნა „ფეიფალი” და 2002 წელს ის „იბეის” 1,5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა, რის შემდეგაც მისი აქტიური ინვესტორი გახდა. 2004 წელს მან 500 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა მაშინ ჯერაც უცნობ კომპანია „ფეისბუქში”. და ამჟამად მისი წილი კომპანიაში მილიარდნახევრიან ქონებას შეადგენს. „ფეისბუქის” გარდა ტილს განხორციელებული აქვს ინვესტიციები კოსმოსური ხომალდების დაპროექტების, სიბერის საწინააღმდეგო წამლის გამოგონებისა და მხატვრული ფილმების საპროდიუსერო საქმეში.
მარკ პინკუსი – ამერიკის შეერთებული შტატები – 1 მილიარდი დოლარი – „ზინგა”
კომპანია „ზინგა” პინკუსმა 2007 წელს დააარსა და გარდაცვლილი ძაღლის – ბულდოგის თიკუნი უწოდა. ამჟამად სოციალური თამაშების შემქმნელი კომპანიის საბაზრო ღირებულება 7-10 მილიარდი დოლარია. „ზინგას” ფენომენური წარმატება კი პირდაპირ კავშირშია „ფეისბუქთან”. კომპანიის მთავარი ჰიტები: „ფარმვილი”, „სითივილი”, „მაფია უორსი” „ფეისბუქის” საშუალებით გახდა პოპულარული. ამბობენ, პინკუსს მცირე წილი ცუკერბერგის კომპანიაშიც აქვსო.
იური მილნერი – რუსეთი – ერთი მილიარდი დოლარი – „ფეისბუქი”, „გრუპონი”, „ზინგა”
იური მილნერის ინვესტიციათა უმეტესობა, ასე თუ ისე, სოციალურ ქსელებთან არის დაკავშირებული. მისი კუთვნილი „მეილ. რუ გრუფი” ფლობს აქციებს „ოდნოკლასნიკებში”, „მოი კრუგში”, „ვკონტაქტე.რუში”, ასევე მას აქვს ინტერესები „ფეისბუქში”, „ზინგაში” და „გრუპონში”. სწორედ ამ ამერიკულ კომპანიებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა განაპირობეს მისი მოხვედრა „ფორბსის” რეიტინგში. ცნობისთვის, სულ ახლახან მილნერმა 75 მილიონ დოლარად კალიფორნიაში, ლოს ალტოს ჰილში უზარმაზარი ფეშენებელური სასახლე შეიძინა. როგორც ჩანს, მილნერს სერიოზულად აქვს ჩაფიქრებული ამერიკული ბაზრის ათვისება.