რა უნდა შევცვალოთ ავტომობილში მის დაზიანებამდე
ჩვენს რუბრიკაში ხშირად გვისაუბრია ავტომობილის სხვადასხვა სახის პრობლემაზე, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ისინი, მაგრამ, არსებობს ისეთი სერვისები, რომელიც ავტომობილს სისტემატურად სჭირდება და მის გაფუჭებას არ უნდა დაველოდოთ.
მევლუდ მელაძე: ყველა ცდილობს, შეიძინოს ისეთი ავტომობილი, რომელსაც სერვისი ნაკლებად დასჭირდება. განსაკუთრებით მოსწონთ ახალი ჩამოყვანილი ავტომობილი, რადგან ფიქრობენ, რომ იქ ყველაფერი გამოცვლილი ექნება და ცოტა ხანს არაფერი დასჭირდება. ყველა ავტომობილს აქვს თავისი ისტორია და, იმის მიხედვით, თუ რამდენი აქვს გავლილი, უნდა მივხვდეთ, რა არის შესაცვლელი. არსებობს სტანდარტული სერვისები, რომელსაც, ვერ გავექცევით, როგორი მოვლილიც არ უნდა იყოს ავტომობილი. მართალია, ყველა მწარმოებელს თავისი გრაფიკი აქვს, როდის რისი გამოცვლა სჭირდება, მაგრამ, მაინც არსებობს რაღაც „შაბლონები”, რომ ინტერნეტში არ ვიქექოთ და არ ვეძებოთ, რა მახასიათებლები აქვს ამ მხრივ ჩვენს მანქანას, პირდაპირ ავიღოთ და ამ „შაბლონით” ვიხელმძღვანელოთ.
– მით უმეტეს, საქართველოს პირობებში, ევროპული, იაპონური ან ამერიკული მახასიათებლები იცვლება.
– რა თქმა უნდა. შეიძლება, ჩვენ მოვიხმარდეთ სხვადასხვა სახის ზეთს, იქნება ეს სინთეტიკა, ნახევრად სინთეტიკა ან მინერალი, ამას, პლუს, დამატებითი მინარევები, რომელთა წყალობითაც ავტომობილი უფრო მეტს გაივლის. საქართველოს პირობებში როგორი კარგი ხარისხის ზეთიც არ უნდა გვესხას, არ არის რეკომენდებული 10-12 ათას კილომეტრზე მეტის გავლა. ჩვენთან ქუჩებზე არის ძალიან ბევრი მტვერი, თან, სულ დაბალ სიჩქარეზე გვიწევს მოძრაობა და სისტემაში მტვრის მოხვედრა საშიშია. როგორც მიხვდით, ვგულისხმობ სინთეტიკურ ზეთს. რაც შეეხება ნახევრადსინთეტიკურს, ოპტიმალური იქნება მისი 7-დან 9 ათას კილომეტრამდე შეცვლა. მინერალური ზეთის შემთხვევაში კი კარგი იქნება თუ 5-7 კილომეტრის დეტალების ფარგლებში შევცვლით.
– ზეთის გარდა, კიდევ რა უნდა შევცვალოთ სისტემატურად?
– კბილებიანი ღვედი, ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი რემენი”. ეს არის დეტალი, რომელიც არ მიგვანიშნებს თავის ხანდაზმულობაზე, არადა, აუცილებლად შესაცვლელია რაღაც კონკრეტულ დროს. წესი პირველი: როდესაც ავტომობილს შეიძენთ, უპირველესად ცვლით ზეთსა და კბილებიან ღვედს. არ ვგულისხმობ იმ ავტომობილებს, რომლებსაც რეზინის ღვედის ნაცვლად ჯაჭვი აქვს, ანუ, ბრუნები ჯაჭვით მოდის მოქმედებაში და, შესაბამისად, მას შეცვლა არ სჭირდება. თუ რეზინის ღვედი გვაქვს, მას ვცვლით ავტომობილის შეძენისთანავე და შემდეგ უკვე ყოველ გავლილ ორმოცდაათი ათას კილომეტრზე. ეს წესი აუცილებლად უნდა დაიცვათ, რადგან, გაწყვეტის შემთხვევაში, იმდენ რამეს დააზიანებს და იმხელა ზარალს ნახავთ, რომ, უმჯობესია, არ გამოგეპაროთ. თან, ეს არის ის დეტალი, რომელიც აუცილებლად მაქსიმალურად კარგი ხარისხის უნდა შეიძინოთ, ვინაიდან, მისი გაწყვეტის შემთხვევაში, ძრავა, შესაძლოა, გადასაგდები გახდეს. უკეთეს შემთხვევაში კი, ძრავას რაღაც დეტალებს გავღუნავთ ან გავტეხავთ. „ზუბჩატი რემენი” კარგ სერვისში მოიკითხეთ და, თან უთხარით, რომ აუცილებლად ყველაზე საუკეთესო ხარისხის მოგცენ. უნდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო ხარისხის ძრავას ღვედები „ბოშს” აქვს.
– ძრავას ღვედთან ერთად სხვა ღვედებიც უნდა შეიცვალოს?
– რა თქმა უნდა, მაგრამ, შეგვიძლია, ის მაინცდამაინც რეკომენდაციის მიხედვით არ შევცვალოთ, რადგან, გაწყვეტის შემთხვევაშიც კი სერიოზულად არაფერს დააზიანებს. თუ გაწყდა რომელიმე ხელსაწყო, აინთება ან ხმას გავიგებთ და ამით მივხვდებით, რომ პრობლემაა: აკუმულატორის ხელსაწყო აინთება, საჭე გამაგრდება ან რაღაც მსგავსი მიგვახვედრებს პრობლემას. მაგრამ, თუ გვინდა, რომ ეს არ დაგვემართოს და ავტომობილი ავარიულ რეჟიმში არ ვამუშაოთ, უმჯობესია, კბილებიან ღვედთან ერთად გამოიცვალოს ყველა დანარჩენი ღვედი, მიუხედავად იმისა, ეტყობა თუ არა მას დაზიანება. ეს არის ღვედები, რომლებსაც საჭის გამაძლიერებელი მოჰყავს მოქმედებაში, რომელზეც წყლის ბრუნვა და აკუმულატორის დამუხტვაა დამოკიდებული.
– ანუ, სულ რამდენი ღვედია?
– გააჩნია მოდელს. მაგალითად, „მერსედესს” ერთი და ძალიან გრძელი ღვედი აქვს. კბილებიანი ღვედის ნაცვლად აქვს ჯაჭვი და მთელი დანარჩენი მექანიზმები ერთ გრძელ ღვედს მოჰყავს მოქმედებაში. შეიძლება კონდიციონერის ერთი დამატებითი ღვედი იყოს.
– რომელსაც ყველა ღვედი ცალ-ცალკე აქვს, რა ეღირება ყველას შეძენა?
– ჯამში ძალიან ბევრი არ გამოდის. თვითონ ღვედები და პლუს სერვისი, დაახლოებით 100 ლარი დაჯდება. ოღონდ, ეს არაკბილებიანი ღვედის შემთხვევაში. თვითონ კბილებიანი ღვედი მინიმუმ 50 ლარი ღირს, ზოგი ავტომობილის შემთხვევაში კი მისი შეცვლა რთულია და, შესაბამისად, ძვირიც ჯდება.