რამ მოწამლა ნოე სულაბერიძე და სად მოაწყობს ის ნანკა კალატოზიშვილთან ერთად „ბეზაბრაზიეს“
ჩემთვის უკვე წარმოუდგენელია „იმედის” რომელიმე გადაცემა, ნოე სულაბერიძის პროდიუსერობით, რომლის წამყვანიც ნანკა კალატოზიშვილი არ იქნება. „სიმართლის დრო”, „ინტუიცია”, „მუსიკალური ლიგა”, „ფეის კონტროლი” – აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის გადაცემებში ნანკამ ნოეს იმედი გაამართლა და ყველა სირთულეს თავი იოლად გაართვა. კარგ მეგობრებს კიდევ ბევრი რამ დარჩენიათ ერთმანეთისთვის საკითხავი.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნანკა კალატოზიშვილი
– ნოე, დღეს როგორ ხასიათზე ხარ?
– აზარტულზე.
– როგორც ყოველთვის. მოწოდების სიმაღლეზე ხარ, ესე იგი. ძალიან გიშლი ხოლმე ნერვებს?
– არც ისე (იცინიან). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ერთმანეთს ნერვებს ხშირად ვუშლით, მაგრამ ეს უკვე ჩვეულებრივი მომენტია. ეს აღარ არის უკვე ჩვეულებრივი, ადამიანური ნერვების მოშლა, სულ სხვა ფაზაა, რომელსაც, ამ შემთხვევაში, პოზიტივი მოაქვს. ანუ, ნერვების მოშლას, ნერვების მოშლას ვერ დავარქმევ, სადაც კომპრომისი არ მიიღწევა. ჩვენ შემთხვევაში, როცა რაღაცაზე ვკამათობთ, საბოლოო ჯამში, ერთ აზრამდე მივდივართ, რომელიც ამ ურთიერთობაში ყველაზე საჭირო და სასარგებლოა.
– ხშირად ისე მივდივარ კომპრომისზე, რომ ვერც ხვდები. ჯერ ერთი, ამას ძალიან სერიოზული საფუძველი აქვს. მეგობრობა ცალკე თემაა, მაგრამ ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ამიტომ, ვალდებული ვარ, კომპრომისზე წავიდე. უფლება არ მაქვს, სხვანაირად მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს ჩემი უფროსი ხარ. „დრუჟბა დრუჟბაი, ა სლუჟბა სლუჟბაი” (იცინიან). საქართველოს ფარგლებს გარეთ ოჯახებით როდის უნდა წავიდეთ?
– ამ იდეის განხორციელება უკვე დიდი ხანია, გეგმაშია. პირობას ვიძლევი, რომ ამ ყველაფერს უახლოეს ერთ თვეში, ორგანიზებას გავუკეთებ.
– სად გინდა, რომ წავიდეთ? ევროპა თუ აზია?
– „ბეზაბრაზიე”.
– „ბეზაბრაზიე” გვექნება ევროპაში, ჩემი აზრით.
– კი, აუცილებლად, ევროპაში. ჩვენს თავს ევროპაში ვხედავ. ბერლინში უნდა წავიდეთ, რადგან იქ „ნაით ლაიფი” ყველაზე მაღალ დონეზეა მთელ ევროპაში. გართობის ის სტილი, რომელიც ჩვენ მოგვწონს, აქვს ბერლინს. ამიტომაც, მინდა, წავიდეთ და იქ გავერთოთ.
– ამის ენერგია რომ გვრჩება, ამაზე არ გეცინება ხოლმე?
– პირიქით, ეს მაძლევს სტიმულს, რომ მეორე დღეს უფრო მეტი გავაკეთო.
– როგორია შენი სამუშაო დღე? როცა ვერ გხედავ, რას აკეთებ?
– ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ის მომენტია, რომ დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი და კვირაში შვიდი დღე არ მყოფნის.
– ეს ყველა საქმიანი ადამიანის პრობლემაა...
– ამის ხაზგასმა არ მინდოდა, მაგრამ რეალობაა – არ მყოფნის, ფიზიკურად. მაგალითად, დღევანდელი დღე იყო, როდესად სულ ორი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი და მეგონა, დღის რაღაც ნაწილი თავისუფალი მექნებოდა – ცოტა განტვირთვასაც მოვახერხებდი. მაგრამ, ისე მოხდა, დილით, თერთმეტ საათზე რომ შევედი ჩემს სამუშაო ოთახში, რვა საათზე მოვაღწიე „იმედამდე”. გამახსენდა, რომ არც მიჭამია. გზაში, მანქანაში წახემსება მოვახერხე. აქ მეჩქარებოდა, რადგან ნინის „ქრონიკაში” ჩართვა უნდა ჰქონოდა და ახლა უკვე მზადებაა პირდაპირი ეთერისთვის. თუმცა, როგორც ხედავ, დაღლილობა, მიუხედავად იმისა, რომ თორმეტი საათი ხდება, ჯერ არ მეტყობა.
– რამდენი პროექტის პროდიუსერი ხარ ახლა?
– ამჟამად ეთერში არსებული ორი პროექტის და სამი – პოტენციურის. ანუ, სამ გადაცემას კიდევ ვამზადებთ.
– როგორი იქნება, დაახლოებით?
– ძალიან მაგარი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი.
– ტელევიზიაში შენი კარიერა როგორ დაიწყო, ეს მართლა არ ვიცი.
– აბსოლუტური შემთხვევითობით. ტელევიზიაში ჩემი კარიერა „სარკე სტუდიას” უკავშირდება. პირველ ჩემს სატელევიზიო ნაბიჯებში წვლილი კობა დავარაშვილს მიუძღვის, რომელიც „რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორად დაინიშნა, ნდობა გამომიცხადა და წამომიყვანა. მის ამ ნაბიჯს დღემდე ძალიან ვაფასებ. პირველი ჩემი სატელევიზიო სამსახური მარკეტინგის მენეჯერი იყო და მაშინვე მივხვდი, რომ ტელევიზიამ უცებ მომწამლა. ისეთი მოწამვლა იცის, რომ მერე იქიდან წამოსვლა თითქმის შეუძლებელია.
– წარმოგიდგენია შენი თავი ტელევიზიის გარეშე?
– უკვე ვეღარ. თუმცა, არ ვიცი, შეიძლება, ჩემს ცხოვრებაშიც დადგეს ეტაპი, როცა მე და შენ ერთად მოვიფიქრებთ სადმე გადასახლებას...
– მაგალითად, გოაზე (იცინიან).
– როდესაც რაღაც არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეს მოვკიდებთ ხელს, ყველა სფერო გადაკვეთს ტელევიზიას. ტელევიზიის გარდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს, მაგრამ დომინანტი, დღესდღეობით, ესაა, სადაც ახლა ვართ შეკრებილები. არ გამოვრიცხავ, რომ დადგეს დღე და სრულიად ახალი პრიორიტეტი გაჩნდეს ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩვეულებრივი მომენტია ნებისმიერი ადამიანისთვის. შენ თუ წარმოგიდგენია ამის გარეშე ცხოვრება? სცენა, კინო, ტელევიზია – ავსებს თუ უშლის ერთმანეთს?
– ძალიან გამიმართლა გუნდთან, როგორც ტელევიზიაში, ისე თეატრში. ორივე მხარე ცდილობს, ერთმანეთი ისე არ გადაკვეთონ, რომ არჩევნის გაკეთება მომიწიოს. ჯერჯერობით, ამას ჰარმონიულად ვახერხებ. თუმცა, ძალიან ვარ იმ ადამიანებზე დამოკიდებული, ვისთანაც მუშაობა მიწევს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად ვარ. ჩვენ ერთად ვართ, ვმუშაობთ და მომწონს ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ინტერესიანი ხალხი ვართ – ვეპოტინებით ყველაფერს, რაზეც ხელი მიგვიწვდება თუ არ მიგვიწვდება.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნოე სულაბერიძე
– ბოლოს ვინ გაგაბრაზა?
– ბოლოს ერთ ფაქტზე გავბრაზდი საშინლად. „ფეისბუქში” ფსევდოადამიანმა, ირეალურმა ტიპმა გამაბრაზა, რომელიც ჩემი მეგობრის ფოტოთი სისულელეებს აკეთებდა. საბედნიეროდ, გაქრა.
– რომ არა მსახიობობა, შენი აზრით, ტელევიზიაში მოხვდებოდი?
– არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. შენ თუ შემხვდებოდი, ალბათ, კი (იცინიან). სადღაც, სურვილს მაინც გამიჩენდი ტელევიზიაში ყოფნის.
– რომ არა საქართველო, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?
– ესპანეთში. ჩემი ტემპერამენტი ესპანეთს მოუხდებოდა...
– შენც მოგიხდებოდა ესპანეთი. გარეგნულადაც ზუსტად ჩაჯდებოდი მათ ტიპაჟში.
– პირიქით, უცხო და ამოვარდნილი ყოფნა კარგი იქნებოდა, მაგრამ მაშინ გერმანიაში უნდა წავიდე. არ მინდა გერმანიაში, მინდა ესპანეთში.
– შენ რომ გათხოვდები და მოვა ის ნანატრი დღე...
– რატომ არის ნანატრი?
– ერთი წუთით რაა, ჩემთვის არის ნანატრი. მოვა დღე და გათხოვდები. როგორი წარმოგიდგენია შენი ქორწილი, როგორი შეიძლება, იყოს?
– აუცილებლად უნდა იყოს სითბო, ძალიან დიდი დინამიკები. ეს ყველაფერი კი – გარეთ, ღია ცის ქვეშ, დიდ და ლამაზ მინდორზე...
– მინდორს სად ნახავ?
– მაცადე, მაოცნებე. „ჩილ აუთი” უნდა იყოს – ძალიან ბევრი, დიდი პუფი და ბალიშები ეყაროს. ახლოს უნდა იყოს წყალიც, რომ ვისაც სურვილი ექნება, ადგეს და პირდაპირ წყალში ჩახტეს. ასევე, უნდა იყოს ძალიან მაგარი დიჯეი, რომ ყველას უხაროდეს იქ ყოფნა. ქორწილმა გრძელი სადღეგრძელოების გარეშე უნდა ჩაიაროს.
– თამადა ეყოლება ქორწილს?
– მხოლოდ შენ (იცინიან). შენი მოადგილე იქნება მალხაზ ქვრივიშვილი.
– ნინი ბადურაშვილთან ერთად მუშაობა კომფორტულია შენთვის?
– საოცრად კომფორტული. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ვთქვი ეს ინტერვიუში, რომ ძალიან მომწონს მასთან მუშაობა, კარგად ავეწყვეთ. პილოტიდანვე გადავწყვიტეთ თუ როგორ გვეკეთებინა ერთად საქმე კარგად. მართალია, პირველი ორი გადაცემა საშინლად ვინერვიულეთ და მე „ჰიპერაქტიურობა“ დამემართა. მერე ნელ-ნელა დავლაგდით, დამაბალანსა ნინიმ.
– მე რომ ხვალ „სამოთხის ვაშლების” პროდიუსერი გავხდე და გადაცემის წამყვანობა გთხოვო, რას იზამ?
– ნოე, ზუსტად ვიცი, რომ სადაც წახვალ, იქ მოვდივარ. თუ გინდა, „სამოთხის ჩიტად” მოგევლინები. რა გავაკეთო მეტი?! შენთან ერთად მუშაობა მინდა და გინდა ვაშლი ვიქნები, გინდა – ჩიტი. რაც გინდა, ის ვიქნები.
– ასე მარტივია ჩემთან მუშაობა?
– არა, საქმე სიმარტივეში არ არის. გენდობი. ადამიანს ვენდობი. ძალიან ცოტა ადამიანია ტელევიზიაში ისეთი, ვისაც შეგიძლია, ენდო – იქნება ეს გემოვნებაში, თუ მეგობრობაში. ამ ადამიანს ვენდობი და გინდა ჩიტი ვიქნები სამოთხის კართან, გინდა „სიმართლის დროში“ – ბოლო „სწერვა”. შენიშვნები, კრიტიკა მხოლოდ მზრდის. იზრდება ამ დროს ადამიანი.
– ვეღარაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ თვალზე ცრემლი მომადგა.
– ჩვენს დუეტს „ტვიქსი” დავარქვი. ოჯახებით დავმეგობრდით უკვე. ყველგან ოთხნი დავდივართ.
– ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, როდესაც რაღაც საკითხია გადასაწყვეტი და ვიწყებთ კამათს. ყველაფერი კი ბოლოს იმით მთავრდება, რომ თურმე ერთი და იგივე აზრზე ვართ ორივე. უბრალოდ, სხვადასხვა სიტყვებით გამოვთქვამთ.
– ხშირად ყოფილა შემთხვევა ქალაქის სხვადასხვა ბოლოში ვართ, რაღაც იდეა მომსვლია, დამირეკავს მისთვის და უთქვამს, რომ ზუსტად ამ წამს ვთქვი ეგ ამბავიო. ფიქრიც ერთნაირად დავიწყეთ. ასე რომ, ნუ ჩაგვაფიქრებენ ძალიანაც, თორემ უამრავი იდეა მოგვდის თავში, ერთად განსაკუთრებით.
– მინდა დავამატო, რომ ნინო (გულისხმობს ნინი ბადურაშვილს – ავტორი) ძალიან მნიშვნელოვანია. დინამიკურად ჩაჯდა პროექტში, რაც, ხშირ შემთხვევაში, ჭირს ხოლმე, გინდა პროდიუსერებს, წამყვანებსა თუ კოლეგებს შორის. მიხარია, რომ მან მოახერხა ეს ყველაფერი. ამას ძალიან ვაფასებ. ყოველთვის სასარგებლო რჩევებს იძლევა, სულ საინტერესო წინადადებები აქვს. როდესაც შენ ნდობაზე საუბრობდი, რაც ჩემსა და შენ შორის უკვე კარგა ხანია, ჩამჯდარია და ეს თემა აღარც განიხილება, ნინომაც ძალიან მოკლე დროში მოახერხა ნდობის მოპოვება.