რატომ ვერ დაესწრება გიორგი შერმადინი მეუღლის მშობიარობას და რა ემოცია ვერ დამალა ანი ამაშუკელმა
ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის მეუღლე, ანი ამაშუკელი, მალე დედა გახდება ის ფეხმძიმობის მერვე თვეშია და სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში. ანიმ მეუღლე ლუბლიანაში დატოვა და მშობიარობაც მის გარეშე მოუწევს. რას იზამ, საქმე საქმეა და ამას გვერდს ვერ აუვლი. ანი კი, როგორც ყოველთვის, გულახდილი და სასურველი რესპონდენტია.
ანი ამაშუკელი: ახალი წლის შემდეგ ლუბლიანაში, გიორგისთან ჩავედი და იქ ვიყავი მასთან ერთად. რამდენიმე დღის წინ კი თბილისში დავბრუნდი.
– ვხედავ, მალე დედა გახდები. რამდენი თვის ფეხმძიმე ხარ?
– მესამე ტრიმესტრში ვარ, ფაქტობრივად, უკვე ბოლოსკენ მივდივარ.
– ბავშვის სქესი, ალბათ, უკვე გეცოდინება.
– გოგოს ველოდებით. უნდა გენახა, გიორგი რა სახით უყურებდა ექიმს – გოგოაო, რომ გვითხრა, ეხვეწებოდა, კარგად შეამოწმე, ხომ არ გეშლებაო.
– გიორგის ბიჭი უნდოდა?
– სიმართლე გითხრა, გიო გოგოთიც ძალიან ბედნიერია, მაგრამ, კალათბურთის ინტერესი აქვს და ჰგონია, რომ, ბავშვი გაჩნდება თუ არა, მაშინვე კალათბურთს ათამაშებს. მოკლედ თავის სტიქიაშია. ისე, გოგოთიც ძალიან აჟიტირებულია და ელოდება.
– სახელი თუ შეურჩიეთ?
– ჯერ ვფიქრობთ და რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ერთი კი ნამდვილად ვიცი – მინდა, ჩვენს შვილს ქართული სახელი ერქვას და აუცილებლად წმიდანის. გიოს რომ ვეკითხები, ბავშვს რა დავარქვათ-მეთქი, შენ მოიფიქრეო, მეუბნება. მერე მე ჩემს ვარიანტებს რომ ვამბობ, არ მოსწონს. ვნახოთ. ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც მე მომანდობს მაგ საქმეს.
– თბილისში უნდა იმშობიარო?
– კი, ასე გადავწყვიტეთ. რეზუსუარყოფითი ვარ და მეოთხე სამშობიაროში ვარ აღრიცხვაზე. მეც იქ დავიბადე და ბავშვსაც იქ გავაჩენ.
– ამდენ დადებითში ერთი უარყოფითი მაინც გქონია...
– ჰო, რეზუსი (იცინის).
– შენს მშობიარობას გიორგი, ალბათ, ვერ დაესწრება რადგან საქართველოში არ იქნება.
– სამწუხაროდ, ვერ დაესწრება. იმ დღეს ვეუბნებოდი, სანამ შენ სეზონი დაგიმთავრდება, მგონი, მე ჩამოვალ აქ ბავშვთან ერთად და ხელს დაგიქნევთ-მეთქი. გუნდს ძალიან ბევრი გეგმა აქვს ზაფხულთან დაკავშირებით და ამიტომ, არ მგონია, ივლისის შუა რიცხვებამდე სეზონი დამთავრდეს.
– გული არ გწყდება?
– გული ორივეს ძალიან გვწყდება, თუმცა იმის საშუალებაც არის, რომ ორი დღით ჩამოვიდეს. მაგრამ, იმდენად რთულია გადაადგილება, რომ ორი დღე მარტო გზაში დაეკარგება, რამდენიმე დღეს კი, ალბათ, არ მისცემენ.
– ძალიან წარმატებული პერიოდი აქვს გიორგის.
– დიახ, განსაკუთრებით ევროლიგაზე.
– შენ თუ ესწრებოდი მის თამაშებს?
– გიორგის არც ერთი მატჩი არ გამომიტოვებია, რომელიც ლუბლიანაში ჩატარდა. გასვლით თამაშებზე მხოლოდ გუნდი მიდის, ოჯახის წევრებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად იმოქმედონ, ჩემს მდგომარეობაში კი ამას მარტო ვერ მოვახერხებდი.
– გამახსენდა ძალიან სახალისო ამბავი: რამდენიმე თვის წინ „ფეისბუქზე“ სტატუსად გქონდა დაყენებული – კარგად დავცადე ეს ჩექმაო...
– (იცინის) ერთ-ორ თამაშზე უგებით წავედი და წააგეს, მერე ისე მოხდა, რომ ახალი ჩექმა ვიყიდე და იმით წავედი თამაშზე. ისეთი დიდი განსხვავებით მოიგეს ის თამაში, რომ ჩემი ემოცია ვერ დავმალე და „ფეისბუქში” სტატუსად დავწერე. მოკლედ, დიდი ოვაციები და გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ჩექმებს. ისე, რამე რომ იყოს, სხვა კალათბურთელების ცოლებსაც ვათხოვებდი ამ „ფეხბედნიერ“ ჩექმას (იცინის).
– ემოციური გულშემატკივარი ხარ?
– ძალიან ემოციური მაყურებელი ვარ, ძალიან განვიცდი და ყველანაირად ჩართული ვარ თამაშში. ინდიფერენტულად ჯდომა არ შემიძლია. პროტესტი მიჩნდება, როცა არასწორად დაუსტვენენ ჯარიმას და ასე შემდეგ. ახლა კი, რაშია, იცი, საქმე? ჩემზე მეტად, მგონი, ბავშვი აქტიურობდა მუცელში. ალბათ, ვერ იგებდა, რა ხდებოდა და რატომ იყო ასეთ ხმაურში. უნდა გენახათ, როგორ მირტყამდა წიხლებს, ძალიან სასაცილო იყო. ასე რომ, უკვე ერთობლივად ვგულშემატკივრობდით.
– როგორი გულშემატკივარი ჰყავს „ოლიმპიას,” ისეთივე, როგორიც „პანათინაიკოსს?”
– ევროლიგის წარმატებული თამაშების შემდეგ გიორგიმ განსაკუთრებულად დაიმსახურა გულშემატკივრების სიყვარული. ქუჩაში რომ გვხვდებიან, ყვირიან: „შერმადინი დი ბესტ!”, ავტოგრაფებს სთხოვენ და ასე შემდეგ. ჟურნალისტებისგანაც მეტი ინტერესი წამოვიდა. პირველი წელია, რაც გიორგი „ოლიმპიაში” თამაშობს და დიდად არ იცნობდნენ. შესაბამისად, როცა კალათბურთელი თავს გამოიჩენს და კარგი სეზონი ექნება, მის მიმართ ყველას ინტერესი იმატებს.
– ერთწლიანია კონტრაქტი?
– დიახ, ეს კონტრაქტი ერთწლიანი იყო, მაგრამ, როგორც ვიცი, დიდი დაინტერესებაა გუნდის გენერალური მენეჯერის მხრიდან და არის შემოთავაზება, რომ გიორგი მათთან დარჩეს. მაგრამ რა იქნება, ჯერჯერობით არ ვიცი. ეს გიორგის, მისი აგენტის და „პანათინაიკოსის” გადასაწყვეტია, საიდანც გიორგი გადასცეს „ოლიმპიას“.
– ანუ, გიორგი „ოლიმპიაში” იჯარით არის?
– დიახ, შემდეგი სეზონის კონტრაქტი კი „პანათინაიკოსში” აქვს გაფორმებული.
– გუნდს ემოციური გულშემატკივრები ჰყავს?
– არანაკლები „პანათინაიკოსზე“. ემოციურები აღარ ჰქვიათ, ესენი კარგი გაგებით არანორმალური გულშემატკივრები არიან. საოცარი გამხნევება იციან, რასაც კალათბურთელები ყოველთვის დადებით შედეგამდე მიჰყავს ხოლმე.
– ანი, რამდენია შენი სიმაღლე?
– 184 სანტიმეტრი ვარ ქუსლების გარეშე.
– გიორგი?
– 216 სანტიმეტრი. ფეხმძიმობის პერიოდში ქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ვიცვამ და გიორგის გვერდით ძალიან პატარა ვჩანვარ.
– ალბათ, ლუბლიანაში ხშირად გიწევდა სახლში მარტო ყოფნა, რადგან გიორგის ან ვარჯიში ჰქონდა, ან გასვლითი თამაში.
– მარტო არც ერთი დღე არ დავრჩენილვარ, რადგან ლუბლიანაში დედაჩემი წამომყვა და ჩემთან ერთად იყო თითქმის ორი თვე. ძალიან კომფორტულად ვიყავი, რადგან საერთოდ არაფერზე არ მიწევდა ხელის განძრევა. დედაჩემი რომ წამოვიდა თბილისში, გიორგის აგენტი ჩამოვიდა ორი კვირით. ასე რომ, მარტო კი არა, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი.
– ფეხმძიმობა შენს წონაზეც აისახებოდა. ბევრი გაქვს მომატებული?
– იმდენად კარგად ვარ შევსებული, რომ ჩემი ქმარი „სპილუკას“ მეძახის. ამას ხმამაღლა ბევრი ქალი არ იტყოდა, მაგრამ, რა ვქნა, გულახდილი გოგო ვარ და ვამბობ. მართალია, მაღალი ვარ და ჩემი ტანი იტანს წონას, მაგრამ, სასურველია, მეტი აღარ მოვიმატო.
– მშობიარობის შემდეგ ლუბლიანაში წასვლას რამდენ ხანში გეგმავ?
– გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ ვიცით, გიორგი მომავალ სეზონს სად ჩაატარებს, არ ვიცით, როდის, როგორ და სად მოგვიწევს წასვლა. სავარაუდოდ, მე და ბავშვი შემოდგომამდე აქ ვიქნებით.
– მართალია, საყვარელი ადამიანის გვერდით იყავი, მაგრამ, იქ ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტად რა გენატრებოდა?
– ბაჟე და ღომი მენატრებოდა ძალიან (იცინის). დედაჩემს ვთხოვე ძალიან, ჩვენი ოჯახის ახლობლისთვის, ჩემი დიზაინერისთვის, ნანა მელქაძისთვის მიენდო ეს საქმე, რადგან მათ ოჯახში განსაკუთრებით გემრიელ ბაჟესა და ღომს აკეთებენ. თბილისში დილის 5 საათზე ჩამოვფრინდი და ზუსტად ამ დროს მომიტანეს სახლში ბაჟე და ღომი.
– საკმაოდ აქტიური ფეხმძიმე ხარ.
– ნამდვილად. ერთი წუთით არ ვჯდები. ლუბლიანაში არ დამიტოვებია არც ერთი ადგილი, ფეხით რომ არ შემომევლო. განსაკუთრებით ძალიან ლამაზი ცენტრი აქვთ, სადაც ძველებური კოშკი დგას. 7 თვის ორსული იმ კოშკზე ფეხით ავედი. რაც მეტად აქტიურად ვარ, მით მეტად მიადვილდება მოძრაობა და, საერთოდ, ყველაფერი.
– გიორგის გულშემატკივარს რას ეტყვი?
– ჩვენ უკვე სლოგანივით გვაქვს: „გიყვარდეთ კალათბურთი!”