რის გამო დატოვა „ბარსელონის“ რიგები ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და რომელ ფეხბურთელს უკავშირდება ზლატანის „ცისფერი სკანდალი“
ზლატანი ტიპიური იუგოსლავიელია, პანბალკანიზმის ნამდვილი შვილი. მამამისი ისლამის მიმდევარი ბოსნიელი სლავია, ხოლო დედა – ბოსნიელი ხორვატი კათოლიკური რწმენით. სამშობლოში სამოქალაქო ომის გამო, ზლატანის მშობლებს შორის ნამდვილი კედელი აიგებოდა განსხვავებული რელიგიის და აზროვნების გამო, მაგრამ ცხოვრებამ ისე ინება, რომ ერთმანეთი მათ შორეულ შვედეთში გაიცნეს, სადაც დაქორწინდნენ კიდეც.
იბრაჰიმოვიჩების მრავალშვილიანი ოჯახი მალმეს რუსენგორდის უბანში ცხოვრობდა, სადაც უამრავი ბალკანელი ემიგრანტი იყო ოჯახებით დასახლებული. მათ საკუთარი საფეხბურთო კლუბიც კი ჰქონდათ ჩამოყალიბებული, სახელწოდებით – „ბალკანი“ და სწორედ იქ დაიწყო პატარა ზლატანის საფეხბურთო კარიერა. თუმცა, სიტყვა „პატარა“, ზლატანთან მიმართებაში უადგილოა, რადგან 8 წლის ასაკში ის გოლიათური აღნაგობით გამოირჩეოდა და ორი-სამი წლით უფროსი ასაკის თანაკლუბელებთან ერთად ვარჯიშობდა. გარდა ამისა, ფეხბურთის პარალელურად, ზლატანი კორეული საბრძოლო ხელოვნებით, კერძოდ, ტაიკვანდოთი იყო გატაცებული, რაშიც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ამ ხელოვნებამ მის საფეხბურთო ფილოსოფიაზეც იქონია დიდი გავლენა.
12 წლის ასაკში ზლატანით მალმეს მთავარი გუნდი, იმავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი „მალმე” დაინტერესდა და 1999 წელს იბრაჰიმოვიჩის პროფესიონალური დებიუტი შედგა დიდ ფეხბურთში. საინტერესოა, რომ პირველმა, ვინც თვალი დაადგა ნიჭიერ ყმაწვილს, ლონდონის „არსენალის” მწვრთნელი არსენ ვენგერი იყო, რომელიც პირადად არაერთხელ ესაუბრა 18 წლის ზლატანს, თუმცა მისგან თანხმობა არ მიიღო, რადგან იმ დროს ზლატანს მიაჩნდა, რომ „არსენალში” გადასვლა მხოლოდ მისთვის იქნებოდა სასიკეთო და არა მშობლიური კლუბისთვის, სადაც ის განაგრძობდა გამოსვლას და მნიშვნელოვანი გოლების გატანას. 2000-2001 წლების სეზონის ბოლომდე, „იბრაკადაბრა“, როგორც მას ქომაგები უწოდებენ „მალმეს” რიგებში ირიცხებოდა და კლუბის მთავარ ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა, ახალი სეზონის დაწყებამდე, „მალმეს” ხელმძღვანელობამ „აიაქსის” შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვა და ნიჭიერი ფეხბურთელი, შვედური საზომებით აბსოლუტურად რეკორდული თანხის სანაცვლოდ (7,8 მილიონი ევრო), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამსტერდამულ კლუბში გაუშვა.
„აიაქსში” გატარებულმა სამმა წელმა იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონის ორი ტიტული, ერთი თასი და მსოფლიო დონის გოლეადორის ტიტული მოუტანა; გარდა ამისა, ზლატანის ტალანტი სამშობლოშიც დააფასეს და იგი ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი გახდა. საფეხბურთო ექსპერტების აზრით, ამსტერდამის საფეხბურთო სკოლაში ზლატანი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად დაიხვეწა და ფეხბურთის ნამდვილ ოსტატად გადაიქცა, რომელზეც ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული ევროპული ფეხბურთის გრანდებს. ასევე, აღსანიშნავი იყო მისი ფიზიკური მონაცემები: თითქმის ორმეტრიანი და ასკილოგრამიანი „გულივერი” ზლატანი, გასაოცრად პლასტიკური იყო, ტაიკვანდოს ილეთები კი, მის საფეხბურთო ხედვასა და შესაძლებლობებს დამატებით ალამაზებდა. ასევე, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სწორედ ამსტერდამში გაიცნო ზლატანმა შვედი მოდელი ჰელენა სეგერი, რომელმაც ზლატანს ორი ვაჟი აჩუქა და რომელზეც იქორწინა ფეხბურთის ვარსკვლავმა. სხვათა შორის, ჭკვიანმა ჰელენამ ზლატანის ცეცხლოვანი ტემპერამენტის დაოკება მოახერხა და ერთ დროს წვეულებებისა და ღრეობების მოყვარული ზლატანი სამაგალითო მეოჯახედ და მოსიყვარულე მეუღლედ აქცია.
2004 წელს ცხადი გახდა, რომ ზლატანმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები „აიაქსში” და იმავე წლის ზაფხულში, 25 მილიონად ტურინის „იუვენტუსის” რიგებში აღმოჩნდა, სადაც პირველივე სეზონში მოიგო აპენინური კლუბის ქომაგების გული. „იუვენტუსის” იმდროინდელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო, თავდაპირველად ზლატანს შეცვლებზე ათამაშებდა, რასაც ზლატანი აპროტესტებდა, თუმცა, მწვრთნელის დავალებას მაინც ასრულებდა, პირველი სეზონის დასრულებამდე კი მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში: ამოაგდო ტურინელების კერპი დევიდ ტრეზეგე ძირითადიდან და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მომდევნო სეზონში ზლატანის ამბიციებმა კლუბში მნიშვნელოვნად იკლო. მისთვის არადამახასიათებელი პასიურობის გამო მან დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, რითაც უმალ ისარგებლა ტრეზეგემ და „იუვენტუსის” ნომერ პირველი ფორვარდის ტიტულს დაეუფლა. იმ სეზონში ზლატანმა მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანა, რაც მისი დონის ფეხბურთელისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო; ამას დაემატა კორუფციული სკანდალი, რომელშიც გახვეული იყო ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა, რაც გუნდს ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევად და პირველი დივიზიონიდან, სერია A-დან სერია B-ში დაქვეითებად დაუჯდა. ზლატანმა აღარ მოისურვა ქვედა დივიზიონში გამოსვლა და რამდენიმე თანაკლუბელთან ერთად მილანის „ინტერნაციონალეს” რიგებში ჩაირიცხა, სადაც პირველივე მატჩებში დაანახვა მსოფლიოს, რომ მისი ჩამოწერა ჯერ კიდევ ნაადრევია. „ინტერთან” ერთად ზლატანი ზედიზედ სამჯერ გახდა „სკუდეტოს” მფლობელი, საუკეთესო ბომბარდირი და „ოქროს ბურთის” ნომინანტი. ზლატანი მილანური კლუბის ნამდვილ ლიდერად იქცა და მისთვის გოლების გატანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა მილანურ წარმატებას მეორე მხარეც ჰქონდა – კლუბი ვერ ახერხებდა წარმატების მიღწევას ევროპულ სარბიელზე. სხვა ევროპული კლუბების მცველები იოლად ახერხებდნენ ზლატანის შეჩერებას და, საბოლოოდ, „ინტერის” იმჟამინდელმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ ერთი შეხედვით სარისკო გადაწყვეტილება მიიღო: მან ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ბარსელონას” მიჰყიდა, სანაცვლოდ კი სამუელ ეტოო და დამატებით კიდევ 40 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ზლატანის გაყიდვიდან პირველ წელს „ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო ზლატანი, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონის” ძირითადის წევრი გახდა და გოლებიც რეგულარულად გაჰქონდა, უფრო სკანდალებით გახდა ცნობილი. საუბარია მასა და ჰერარდ პიკეს შორის არსებულ ურთიერთობაზე, რაც, ჟურნალისტების აზრით, სასიყვარულო ურიერთობას უფრო წააგავდა და მათ კავშირს „ცისფერ” იარლიყს აკრავდა. ამბობენ, რომ ამ ჭორების გამო, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მომდევნო სეზონშივე გადაწყვიტა „ბარსელონის” დატოვება და, პირველი, ვინც მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, მეორე მილანური კლუბი „მილანი” აღმოჩნდა, სადაც ზლატანმა მყარად მოიკიდა ფეხი და, სავარაუდოდ, ის ამ სეზონის დასრულების შემდეგ, თავისი მორიგი „სკუდეტოს” გამარჯვებას აღნიშნავს.
P.S. საფეხბურთო ოსტატობის გარდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სხეულზე არსებული 11 ტატუირებითაც არის ცნობილი, რომელთა უმეტესობა მის ოჯახთან არის დაკავშირებული: მშობლებისა და მეუღლის, დების, ძმებისა და შვილების სახელები და დაბადების თარიღები, რომელთაც „იბრაჰიმოვიჩის კოდს” უწოდებენ; ასევე: „წითელი დრაკონის” ტატუირება მარჯვენა მხარზე, გვარი „იბრაჰიმოვიჩი” არაბული ასოებით, ორი „ტუზი” – მარჯვენა მხარეს, დრაკონის ქვევით და წარწერა: „მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩემი განსჯა” – ლათინურ ენაზე. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული ვარსკვლავია მოქმედ ფეხბურთელებს შორის.