რა სიმპტომებით ვლინდება სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტი და როგორ ვებრძოლოთ ავიტამინოზს
კვების არასწორი რეჟიმიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თანამედროვე ადამიანის ორგანიზმი განიცდის აუცილებელი ვიტამინების ნაკლებობას. ჰიპოვიტამინოზი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ორგანიზმის ცხოველქმედების მრავალი დარღვევის მიზეზს, უმრავლეს შემთხვევაში კი, ვიღებთ რთულად სამკურნალო დაავადებას. პათოლოგიის აღმოფხვრა არ არის სირთულე, მაგრამ, გართულებული ავიტამინოზის გამო, შესაძლებელია, ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები წარიმართოს, ამიტომ, ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. პრობლემის შესახებ ვესაუბრეთ ენდოკრინოლოგ რატი კილაძეს.
– ვიტამინის ნაკლებობის რა ფორმები არსებობს?
– ტერმინი ჰიპოვიტამინოზი გულისხმობს ორგანიზმში ვიტამინის ან ვიტამინების შედარებით ნაკლებობას, ხოლო ტერმინი ავიტამინოზი ორგანიზმში ვიტამინების სრულ არარსებობას. აქედან გამომდინარე ავიტამინოზი ვიტამინების უკმარისობის უფრო რთული ფორმაა. ჰიპოვიტამინოზთან შედარებით, ჭეშმარიტი ავიტამინოზი გაცილებით იშვიათად გვხვდება, განვითარებულ ქვეყნებში კი პრაქტიკულად აღარ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, ეს ტერმინი ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში და ხშირად გამოიყენება როგორც ჰიპოვიტამინოზის – ვიტამინების ნაწილობრივი უკმარისობის სინონიმი. გარდა ჰიპო და ავიტამინოზებისა, განარჩევენ ვიტამინების სუბნორმალურ უკმარისობას, რაც ჰიპოვიტამინოზის განვითარების პრეკლინიკური სტადიაა. ამ დროს ჯერ კიდევ არ ვლინდება ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ, აღინიშნება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების დარღვევები.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინების ნაკლებობა?
– ვიტამინების ნაკლებობის განვითარება შესაძლებელია უკავშირდებოდეს რამდენიმე მიზეზს: პირველი მათგანი არის ვიტამინების ნაკლებობა დღიურ რაციონში. ძველ დროში ავიტამინოზი ხშირად აღენიშნებოდათ მოგზაურებსა და მეზღვაურებს, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არასრულფასოვან კვებას უკავშირდება. დღესდღეობით ჰიპოვიტამინების ძირითადი მიზეზი სწორედ არაბალანსირებული კვება, ერთფეროვანი საკვები და ზოგიერთი ქვეყნის განსაკუთრებული კულინარიული ტრადიციებია. ჰიპოვიტამინოზების გამომწვევი კიდევ ერთი ხშირი მიზეზია ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა. ეგრეთ წოდებული „მალაბსორბციის სინდრომის” დროს ირღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან საკვები ნივთიერებებისა და, მათ შორის, ვიტამინების შეწოვა, რაც მათი უკმარისობის მიზეზი ხდება. იმავე კლინიკური სურათით ხასიათდება ნაწლავური დისბაქტერიოზი, რაც ხშირად ვითარდება ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. ვიტამინების უკმარისობა, შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანიზმში ისეთი ნივთიერებების მოხვედრამ, რომლებსაც მათი საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებთ და ბლოკირებას უკეთებენ მათ ბიოლოგიურ ეფექტს.
– როგორ ვლინდება ვიტამინის ნაკლებობა?
– ავიტამინოზი ვლინდება სპეციფიკური სიმპტომებით, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული ვიტამინის ნაკლებობისთვის. ავიტამინოზის დროს ეს სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული, ხოლო ჰიპოვიტამინოზის შემთხვევაში შედარებით მსუბუქად. იზოლირებული ჰიპოვიტამინოზი, ანუ მხოლოდ ერთი ვიტამინის ნაკლებობა, იშვიათად გვხვდება, უფრო ხშირია ჰიპოპოლივიტამინოზი. ასეთ დროს, სპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად, აღინიშნება ზოგადი ნიშნებიც: თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის შემცირება, ადვილად დაღლა, უმადობა და ასე შემდეგ, სპეციფიკური სიმპტომები უკავშირდება იმ ბიოქიმიური პროცესების რღვევას, რომლებშიც ესა თუ ის ვიტამინი კოფერმენტის სახით მონაწილეობს. C ვიტამინის დეფიციტის მიზეზი ძირითადად არის ახალი ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისად მიღება და, ასევე, საკვები პროდუქტების ხანგრძლივი თერმული დამუშავება. C ვიტამინის აბსოლუტურ უკმარისობას „ცინგა“ ეწოდება. მას ახასიათებს ორგანიზმში კოლაგენის ბიოსინთეზის დარღვევა და, შედეგად, სისხლძარღვების კედლების სიმყიფის მომატება, რაც ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლჩაქცევებით მთავრდება. სისხლჩაქცევები ხშირად აღინიშნება ღრძილებისა და სახსრების არეში. თუ დეფიციტი განვითარდა ბავშვთა ასაკში, ირღვევა ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა და განვითარება. B1 ვიტამინის დეფიციტი, ანუ ბერი-ბერის დაავადება, ხასიათდება ცენტრალური და ნერვული სისტემის ღრმა დარღვევებით, გულისა და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლით. B1 ვიტამინს ორგანიზმის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში ცენტრალური ადგილი უკავია, ამიტომ მის უკმარისობას თან ახლავს უჯრედების ენერგეტიკული შიმშილი. ნერვული სისტემისა და გულის უჯრედები კი მეტად მგრძნობიარენი არიან B1-ის დეფიციტის მიმართ. B1 ავიტამინოზის მიზეზი არის არასწორი კვება ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც დარღვეულია ამ ვიტამინის შეწოვა. ეს ავიტამინოზი ხშირია ალკოჰოლიზმით დაავადებულებში. B2 ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს ტუჩების კანისა და ლორწოვანი გარსის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (სტომატიტი) და სხვა. ამ ვიტამინის ნაკლებობის ძირითადი მიზეზია რძის პროდუქტების არასაკმარისი გამოყენება. PP ვიტამინის დეფიციტი, პელაგრა, ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსის მასობრივი დაზიანებით, ასევე, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების დარღვევებით. პელაგრას დროს კანსა და ლორწოვან გარსზე ჩნდება ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები, ნერვული სისტემის მხრივ აღინიშნება ქრონიკული დაღლილობა, ჰალუცინაციები, დეპრესია. მცირე ასაკის ბავშვებში PP ვიტამინის დეფიციტის ფონზე, შესაძლოა, განვითარდეს გონებრივი დარღვევები. B6 ვიტამინის ნაკლებობას თან ახლავს კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა სახის დაზიანება. ამ ავიტამინოზმა შესაძლოა, ანემიამდეც მიგვიყვანოს. ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვლინდება ანემიით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის განლევითა და პერიფერიული ნერვების დაზიანებით. ამ ავიტამინოზის ყველაზე ხშირი მიზეზია B12 ვიტამინის არასაკმარისი მიღება საკვებთან ერთად ან კუჭის ქრონიკული დაავადებები. ამ ვიტამინის ნაკლებობას ასევე, იწვევს ჭიების ზოგიერთი ტიპი. არსებობს B12 ავიტამინოზის მემკვიდრული ფორმაც. ფოლიუმის მჟავის დეფიციტს იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც B12 ავიტამინოზს. ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა, შესაძლოა, შეაფერხოს ნაყოფის განვითარება. A ვიტამინის დეფიციტი ვლინდება მხედველობის დარღვევით, კერძოდ, „ქათმის სიბრმავით“, რაც ღამით მხედველობის გაუარესებას გულისხმობს. აგრეთვე, კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით, რადგან A ვიტამინი მონაწილეობს რეგენერაციულ პროცესებში. ავიტამინოზი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არასაკმარისად იღებს ცხოველურ პროდუქტებს ან იმ ბოსტნეულს, რომლებიც ბეტა-კაროტინს – A ვიტამინის წინამორბედს შეიცავს. D ვიტამინის დეფიციტი – რაქიტი – მძიმე დაავადებაა, რომელიც ვლინდება ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნის შეფერხებით და ნერვული სისტემის სხვადასხვა დარღვევით. ორგანიზმში D ვიტამინი მონაწილეობს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვისა და ძვლებში ჩალაგების პროცესში. D ვიტამინის ნაკლებობას თან ახლავს სისხლში კალციუმის კონცენტრაციის შემცირება და ძვლების დეფორმაცია. E ვიტამინის დეფიციტი იწვევს ორგანიზმში აღდგენითი პროცესების რღვევასა და ნაადრევ სიბერეს. K ვიტამინის დეფიციტი ვლინდება ჰემორაგიული სინდრომით – სისხლდენით ორგანოებსა და ქსოვილებში.
– როგორ უნდა მოიქცეს ვიტამინების ნაკლებობის მქონე ადამიანი?
– აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. როგორც გაირკვა, ჰიპო და ავიტამინოზების უმრავლესობა ვითარდება არასწორი კვების გამო. იზოლირებულად რომელიმე ვიტამინის უკმარისობა იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, კვების დარღვევის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს ვითარდება ერთბაშად რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობა. ვიტამინების ნაკლებობის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება სიმპტომებზე დაყრდნობით, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ სპეციფიკურია. ვიტამინების დეფიციტის უსიმპტომო ფორმების შემთხვევაში ადგენენ ვიტამინების კონცენტრაციას ორგანიზმში სხვადასხვა ტესტის მეშვეობით. ავიტამინოზის დროული აღმოჩენა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.