მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორც ამბობენ, მეორედ მოსვლის დროს, მკვდრები აღდგებიან. ეს როგორ მოხდება და სად უნდა დაეტიოს ამდენი ადამიანი?
პასუხი: ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია და უფლის სწამს, მაშინ, იმასაც ირწმუნებს, რომ მკვდრები აღდგებიან და ეს ღვთის სასწაული იქნება. ხოლო თუ როგორ მოხდება ეს, ჩვენს გონებას ამის განსჯა არ შეუძლია. ღვთის სასწაულებს ჩვენ ყოველთვის ვხვდებით, მაგრამ ამას მივეჩვიეთ და აღარ მიგვაჩნია სასწაულად. თქვენი აზრით, ადამიანის ჩასახვა და ხორცის შესხმა ნაკლები სასწაულია? ასე რომ, ვის ხელშიცაა ყოველივე, ის აღასრულებს ყველაფერს – მიცვალებულებსაც აღადგენს და დაასახლებს კიდეც მათ.
კითხვა: ვარ მორწმუნე ადამიანი. ბოლო დროს, უცნაური რამ შევნიშნე ჩემს თავს. როდესაც სანთელს ვანთებ, ვლოცულობ ან თუნდაც ეკლესიას ჩავუვლი და პირჯვარს ვიწერ, მთქნარება მეწყება, ან ცრემლები მდის. რას უნდა მივაწერო ეს?
პასუხი: თქვენი მთქნარების მიზეზად შეიძლება ის მივიჩნიოთ, რომ ბოროტ ძალას სურს ადამიანი ღმერთს განაშოროს, გონება გაუფანტოს ლოცვის დროს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ცრემლებს, შესაძლოა, ეს თქვენი ემოციური მდგომარეობის შედეგია. მშვიდად იყავით და განაგრძეთ ეკლესიური ცხოვრება.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ როდის ტარდება შვიდგზის ზეთისცხება ტაძარში და რა მნიშვნელობა აქვს მას მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის?
პასუხი: შვიდგზის ზეთისცხება, ანუ, ზეთის კურთხევის საიდუმლო, ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოა. წმიდა წერილი გვამცნობს, რომ, როდესაც ადამიანს აქვს სულიერი და ხორციელი უძლურება, მას ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობა განკურნავს. დიდმარხვაში ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საგანგებოდ ხდება ამ საიდუმლოს აღსრულება. დროს ყოველი ტაძარი თვითონ ადგენს. თუ ერთხელ მაინც გაქვთ აღსარება ნათქვამი, შეგიძლიათ, მიიღოთ ამ საიდუმლოში მონაწილეობა.
კითხვა: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ამა თუ იმ საქმეს ვასრულებთ?
პასუხი: როდესაც რამე საქმით ხართ დაკავებული, ყურადღება მიაპყარით თუ როგორია ამ დროს თქვენი სულიერი მდგომარეობა. თუ საქმეს ბუზღუნით, მრისხანებითა და უკმაყოფილებით აკეთებთ, ამით თავს ცოდვაში იგდებთ და განერიდეთ მას. ხოლო თუ საქმეს, რომელსაც ემსახურებით თქვენთვის სიმშვიდე და ღვთივსათნოება მოაქვს, მაშინ განაგრძეთ ეს საქმიანობა.