როდის ჰქონდათ ყველაზე რთული პერიოდი მატილდა მიურატს და მის მეუღლეს, ლევან მესროფაშვილს და რატომ მოუწია მატილდას შვილთან ერთად მეუღლის გარეშე საფრანგეთში ცხოვრება
მატილდა მიურატისა და ლევან მესროფაშვილის სიყვარული რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დღეს კი მათ ძალიან კარგი, ქართულ და ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებული ოჯახი აქვთ. მატილდასა და ლევანს სამი შვილი ჰყავთ, უფროსი – 4 წლის თინათინი, ორწლინახევრის – დემეტრე და ნაბოლარა – ცოტნე (როდესაც მატილდასთან ინტერვიუ ჩავწერე, ის იმ დროს, ჯერ კიდევ ფეხმძიმედ იყო), რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიბადა.
მატილდა: ცოტა რთულია ამდენი ბავშვის გაზრდა, მაგრამ, ჯობია, ახალგაზრდამ გაზარდო შვილები, რადგან მათ აღზრდას დიდი ენერგია და ძალა სჭირდება.
ლევანი: დღეს, ჩვენს ქვეყანაში ისეთი დემოგრაფიული სიტუაციაა, ბევრი ბავშვის ყოლა თითქმის ეროვნული მოვალეობაა. მეც და მატილდაც, ორივე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვართ. მატილდას მამას 8 დედმამიშვილი ჰყავდა, დედას კი – 10. ეს ძველი, ფრანგული არისტოკრატული ტრადიციაა. თუ ბევრი შვილი არ გყავს, ესე იგი, არაფერი გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის. როდესაც საფრანგეთში ჩავედი, ამიხსნეს, რომ მათმა წინაპრებმა ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს, იბრძოდნენ, ჰქონდათ ძლიერი იმპერია, აშენებდნენ და ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ყველაფერი ფრანგებს დარჩენოდათ, ამიტომ, თუ ფრანგი ხარ, შენც ბევრი შვილი უნდა გყავდეს, რომ ეს ყველაფერი მათ დაუტოვო. დღესაც, საფრანგეთში ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახები არისტოკრატებს ჰყავთ და მატილდაც ამ ტრადიციას აგრძელებს. მატილდა საქართველოში ცხოვრობს, მისი და-ძმანი კი – საფრანგეთში. უკვე ტრადიციად გვაქვს, რომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ან ორჯერ მე და მატილდა საფრანგეთში მივდივართ. მთელი ოჯახი, ნათესავები ერთად ვიკრიბებით და იმართება ოჯახური საღამო. სხვათა შორის, 2005 წელს, სანამ მათი სიძე გავხდებოდი, სასიდედრომ ერთი საინტერესო შეხვედრა მომიწყო, რომელიც უძველესი არისტოკრატული ტრადიციაა და ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს. როდესაც ოჯახში ახალი რძალი, ან სიძე, შემოდიოდა, მას ყველა სისხლით ნათესავს აცნობდნენ. შემდეგ იმის მიხედვით აფასებდნენ, ვის რა შთაბეჭდილება დარჩებოდა, მისაღები იყო თუ არა ის ოჯახისთვის. მე მომიწია ამ ყველაფრის გავლა, თუმცა, წინასწარ გამაფრთხილეს. წარმოიდგინეთ, 2005 წელია, 20 წლის ბიჭი ვარ, ჩავედი საფრანგეთში, უკვე ოფიციალური საქმრო კი ვარ, მაგრამ ჯერ არ დავქორწინებულვართ და მოვხვდი, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო სამყაროში. მოგეხსენებათ, მათი ოჯახი მაღალი ფენის არისტოკრატიას მიეკუთვნება, მატილდას დედა ლუდოვიკო მეთოთხმეტის შთამომავალია, ხოლო მამა – სიცილიის, სარდინიისა და ნეაპოლის მეფის შთამომავალი – პრინცი ალენი. მათ ოჯახში ძალიან საინტერესო ტრადიციები აქვთ დამკვიდრებული: სუფრასთან მოქცევის წესები, სადილისა და სასმლის მიღების რიტუალი. იქ ვისწავლე, რომ წითელ ღვინოს მხოლოდ ხორცთან ერთად მიირთმევენ, ხოლო ფრინველის ხორცთან – თეთრ ღვინოს. ტკბილეულს მოტკბო, თეთრი ღვინო უხდება და ასე შემდეგ. ფრანგებს ტრადიციად აქვთ – აპერატივი, შესავალი ნაწილი სადილამდე. სანამ სადილობას დაიწყებენ, გამოაქვთ პურზე დადებული ძეხვი, მარილიანი ჩხირები, თევზი, ხორცი და კონიაკი, ან შამპანური, ნესვი, პორტვეინი, – ასე იწყებენ და შემდეგ გადაინაცვლებენ სუფრასთან, სადაც უკვე სადილობენ. როდესაც სტუმრები გვყავს, პრინცესა ვერონიკა სულ ცდილობს, ეს ტრადიცია დაიცვას. წარმოიდგინეთ, მატილდას დედის მხრიდან თერთმეტნი არიან, თითოს 8 შვილი ჰყავს, მამის მხრიდან კი ცხრანი არიან და თითოს 8-9 შვილი ჰყავს. ყველას წარუდგინეს ჩემი თავი, როგორც მატილდას საქმრო. ამ რიტუალს, ასევე, იმას, თუ როგორ ერკვევი საფრანგეთის ისტორიაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მამაჩემი ბონაპარტისტი იყო. მატილდას დიდ პაპას, სიცილიის მეფეს, ცოლად ჰყავდა ნაპოლეონის და კაროლინე ბონაპარტე. ასე რომ, წასვლამდე კარგად ვიცოდი ეს ისტორია, ისევე, როგორც მიურატების. დანარჩენ ზოგად ისტორიაში კი წასვლამდე მოვემზადე. ჩემმა სიდედრმა მითხრა, რომ ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვე. შემდეგ ბებიასა და პაპასთან, ჩრდილოეთ საფრანგეთის ვიკონტებთან ვიყავით სასახლეში ერთი კვირა. მერე დეიდის, ბიძის სასახლეში, რომ ტრადიციების ადაპტაცია გამევლო.
– მატილდა, ლევანი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, რომ არ მოსწონებოდათ, ეს შენს გადაწყვეტილებაზე იმოქმედებდა?
მატილდა: არ ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ მოეწონებოდათ. სერიოზული არგუმენტი უნდა ყოფილიყო, რომ ამას ემოქმედა.
– მატილდა, შენი დედ-მამიშვილები საფრანგეთში ცხოვრობენ, არ გაგიჭირდა, მათ გარეშე ყოფნა?
– პატარა ვიყავი, 11 წლის, როდესაც საქართველოში ჩამოვედი. აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ხანდახან მიჭირს, მენატრებიან ჩემი ნათესავები, მივდივარ მათთან, ან ისინი ჩამოდიან. მე მაინც საქართველოში მირჩევნია ყოფნა. ყველა გვეუბნება, რატომ არ მიდიხართ საფრანგეთშიო, მაგრამ არც ერთს არ გვაქვს იქ წასვლისა და ცხოვრების სურვილი.
ლევანი: აგვისტოს ომის დროს, საფრანგეთმა საქართველოში თავისი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. 9 აგვისტოს მატილდა ბავშვთან ერთად საგანგებო რეისით გააფრინეს. მე ერთი დღე არ დამიტოვებია საქართველო, პირიქით, კასპში წავედი, რომ ჩემი სახლისთვის მიმექცია ყურადღება და ადგილზე გამეგო, რა ხდებოდა.
მატილდა: ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დიდი ნერვიულობა გადავიტანე. მაგრამ, იმიტომ წავედი, რომ მეორე შვილს ველოდებოდი და მეშინოდა, ნაადრევად არ დაბადებულიყო. 24 საათის განმავლობაში ტელევიზორის წინ ვიჯექი. ერთ თვეში დავბრუნდი საქართველოში.
– მატილდა, სახლში ძალიან ბევრი ლამაზი ნივთი გაქვს. მათ შორის, ბავშვების სათამაშო გაზი, რომელიც, იმავდროულად, სარეცხი მანქანაცაა. როგორც გავიგე, ამ ყველაფერს თავად ამზადებ, თანაც მუყაოსგან.
– თავიდან ქაღალდისგან ვაკეთებდი ცხოველებს, სხვადასხვა რაღაცეებს, შემდეგ ინტერნეტში ვნახე, როგორ მზადდებოდა მუყაოსგან ავეჯი. ვისწავლე ტექნოლოგია, რომელიც ჯერჯერობით არ არის საქართველოში. ძალიან საინტერესო და ლამაზი ნივთები კეთდება ადვილად. თანაც, შეგიძლია, ეს ავეჯი თავისუფლად გამოიყენო, 10 წელი მაინც ძლებს. მომავალში მინდა, გამოფენა მოვაწყო. საკუთარი ფანტაზიით არაფრისგან ყველაფერს აკეთებ.
ლევანი: ყველაზე მეტად მომწონს კასპში, აგარაკზე მატილდას გაკეთებული დეკორატიული ბაღი. ეზო ნაკვეთებად დაყო, ერთ ადგილას არის ქართული ბაღი, თავისი ურმით, ქვევრით, ასევე, არის ინგლისური და ფრანგული ბაღებიც. ყვავილები საფრანგეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან ჩამოვიტანეთ. მატილდა ყველაფერს თავისი ხელით უვლის. მიწასთან მუშაობა ძალიან უყვართ არისტოკრატებს. ჩემი მეგობრების გაოცებული სახეები უნდა გენახათ, როდესაც დაინახეს კასპში, ეზოში, როგორ ეჭირა პრინც ალენ მიურატს ხელში ბარი, რგავდა ყვავილს, პრინცესა ვერონიკა კი ყვავილებს სათლიდან წყალს უსხამდა.
– მატილდა, რამდენიმე წლის წინ ქართულად ასე კარგად ვერ საუბრობდი.
მატილდა: კარგი მასწავლებელი მყავს ლევანის სახით, სულ მისწორებს ყველაფერს. საერთოდ, არ ვლაპარაკობ ბავშვებთან ფრანგულად, ერთხელ, ვცადე, მაგრამ 5 წუთის შემდეგ, ისევ ქართულად გავაგრძელე ლაპარაკი.
ლევანი: თუმცა, ორივე ბავშვმა ერთ დონეზე იცის ფრანგულიც და ქართული ენაც, მატილდას მშობლები ესაუბრებიან ფრანგულად. ჩემი სიმამრი ჟურნალისტია, გამართული ლიტერატურული ფრანგულით საუბრობს, სიდედრი კი – ისტორიკოსი, წიგნების ავტორი, მეცნიერი, შესაბამისად, ისინი ბავშვებს ლიტერატურულ ფრანგულს ასწავლიან. ფრანგი არისტოკრატები არასდროს ხმარობენ უცხოურიდან შემოსულ თანამედროვე ტერმინებს, ყოველთვის ცდილობენ, მისი შესაფერისი ფრანგული სიტყვა გამოიყენონ.
მატილდა: ჩემს მშობლებს თქვენობით ვესაუბრები, ისევე, როგორც და-ძმას. ასეთი რამ მხოლოდ არისტოკრატებში გვხვდება.
– ლევან, რთული არ არის ფრანგი არისტოკრატების სიძეობა?
ლევანი: სასიამოვნო, კარგი და საამაყოა, მაგრამ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სადაც მივდივარ, იმას კი არ იტყვიან, ლევან მესროფაშვილი მოვიდაო, მიურატების სიძე, მატილდას ქმარი მოვიდაო.
– მატილდა, რას ასწავლიან ბავშვობიდან თქვენს ოჯახში?
მატილდა: ჯერ კიდევ პატარაობაში გვასწავლიდნენ ბავშვების მოვლას. ასევე, კვირაში ერთხელ, მივდიოდით ბებიასთან ბიძაშვილები – დეიდაშვილები. ის აიღებდა ბიბლიას და ყველაფერს გვასწავლიდა. ლოცვას, ქრისტეს ცხოვრებას, რომ კარგი ქრისტიანები ვყოფილიყავით. ჩვენ ვცხოვრობდით ბელგიასთან ახლოს, სოფელში, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას პარიზში მივდიოდით, კინოში, თეატრში, დედას მუზეუმებში დავყავდით.
– ბავშვობიდან რამე გენატრება?
– დიდი ეზო, ბუნება მენატრება. ამიტომ, მიხარია კასპში წასვლა. იქ დიდი ეზო და სახლი გვაქვს, თბილისის ბინას ვერ შევეგუე. საფრანგეთში გარშემო სულ ტყე იყო, მერე იმას ბაბუას ტყე უერთდებოდა და ეს ძალიან მენატრება.
– ლევან, უყიდე ერთი ტყე.
ლევანი: ტყეს ვერ ვუყიდი, მაგრამ მაიძულებს, კასპში წავიდეთ და იქ ვიცხოვროთ.
მატილდა: საფრანგეთში იციან კედელზე ბევრი ნახატის დაკიდება, ამიტომ, მეც ყველა ნახატი ჩარჩოში ჩავსვი და დავკიდე კასპში სახლის კედელზე, პატარა საფრანგეთი მოვაწყვე.