რატომ სძულდა ზეინაბ ბოცვაძეს საკუთარი თავი და როგორ ჩაუვარდა ახალგაზრდა კაცი მატარებელს მის გამო
„გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი”... – ალბათ, ყველას გეცნოთ ფრაზა ფილმიდან „მონანიება”, რომელსაც ზეინაბ ბოცვაძის გმირი, საკანში გამომწყვდეული ქეთევან ბარათელი სევდანარევი ხმით, ჩურჩულით წარმოთქვამს. ზეიკო თბილისში, ზემელზე, პატარა, ლამაზ და მყუდრო სახლში სრულიად მარტო ცხოვრობდა. ცნობილი იურისტის, ჯაიდარ ბოცვაძის ოჯახში, უფროსი ქალ-ვაჟის შემდეგ იგი მესამე შვილი იყო. ნაბოლარა და ეშმაკობით სავსე გოგო მამას განსაკუთრებულად ჰყვარებია, ამიტომ, საკმაოდ განებივრებულიც ყოფილა. უფროსი ძმა, თეიმურაზ ბოცვაძე, პროფესიით ისტორიკოსი გახლდათ, და, ცისანა ბოცვაძე – ინგლისური ენის სპეციალისტია. მსახიობისთვის ცხოვრების ბოლო ათი წელი ტკივილით იყო სავსე. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც მას აღარც ფილმებში იღებდნენ, აღარც სპექტაკლებში ათამაშებდნენ. რუსთაველის თეატრის კარი მისთვის სამუდამოდ დაიხურა. მსახიობს უნდოდა, ქვეყანას გაეგო, თუ რამდენის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ის არავის სჭირდებოდა. თუმცა, ცხოვრების ეს მძიმე პერიოდი, ასე თუ ისე, მეგობრების წყალობით გადალახა. მეგობრები ზეიკოსთან ხშირად იკრიბებოდნენ. ის შეხვედრები, რომლებიც მასთან სახლში ეწყობოდა, სპექტაკლების დონეზე იყო. ქალბატონი ცისანა ამ სახლში დის გარდაცვალების შემდეგ დასახლდა. უვლის სახლს, ეზოს, დის ხელით დარგულ ყვავილებს და ხეხილს, სადაც დედმამიშვილებმა ბავშვობის ბედნიერი ხანა გაატარეს.
– ქალბატონი ზეიკო ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი იყო. რას განიცდიდა ასე ძლიერ?
– ერთხელ, მოხდა ისე, რომ მისი როლი სხვას მისცეს. მიუხედავად ამისა, პრემიერას მაინც დაესწრო. მართლაც ძალიან კარგი სპექტაკლი იყო. მაყურებელმა რაღაც იგრძნო, ზეინაბიც მიხვდა, რომ მას წაართვეს ეს დღესასწაული და მას შემდეგ თავს არიდებდა ყველას და ყველაფერს. მაინც არ კარგავდა იმედს, რომ ოდესმე ისევ ითამაშებდა. კინოშიც და სცენაზეც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. როგორიც „მონანიებაშია”, ცხოვრებაშიც ასეთი იყო.
– ქალბატონი ზეიკოს რუსთაველის თეატრიდან დათხოვნის მიზეზიც ეს ხომ არ იყო?
– ვერაფერს გეტყვით. მირჩევნია, ისევ მის თვისებებზე ვილაპარაკო. ერთხელ, შეგროვილი 500 მანეთი ტაძრის შენებისთვის გაიღო, რისთვისაც ილია მეორისგან დიდი მადლობა და კურთხევა მიიღო. ზოგჯერ კი ისე დაეხმარებოდა ვიღაცას, რომ იმ ადამიანმა საერთოდ არაფერი იცოდა ამის შესახებ. მთავარი ის კი არ არის, მადლობები მივიღო, მთავარია, რომ მე მსურს ასეო. ყველაფერი ლამაზ ფერებში დაგიხატეთ, მაგრამ, აქვე მინდა, გითხრათ, რომ საშინელი ჯიუტი იყო. ზოგჯერ ამ სიჯიუტით საკუთარ თავს ვნებდა. თეატრის გარეთ რომ დარჩა, ხომ შეეძლო, რაღაც გზები მოეძებნა, რათა ისევ აღედგინათ, მაგრამ, არა, რეჟისორს ან ვინმეს არ დაადანაშაულებდა, ისევ თავის თავს აბრალებდა ყველაფერს. სხვისთვის ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ თავისთვის არ იბრძოლებდა. არ იყო კონფლიქტური. სადაც ასეთი სიტუაცია იყო, იქაურობას მაშინვე გაეცლებოდა. „მონანიებაში” მისი როლი თურმე თენგიზ არჩვაძეს უნდა ეთამაშა. რეჟისორმა სიზმარში ნახა, ვიღაც კაცმა უთხრა, ბარათელი ქალმა უნდა ითამაშოს, თან, უთუოდ ზეინაბ ბოცვაძემო. ზეიკომ სცენარი რომ წაიკითხა, ძალიან გაუხარდა – ამ როლს აუცილებლად ვითამაშებ, ბარათელის სახეში ძალიან ბევრია ჩემი პიროვნულიო. თუ ვინმე რამეს აწყენინებდა, არაფერს ეტყოდა. თავად გრძნობდნენ თავიანთ დანაშაულს და მის წინაშე ინანიებდნენ. მამაჩემიც ასეთი იყო, ყველაფერში დისტანცია იცოდა.
ეზოს შესასვლელში პატარა ოთახია მიშენებული, რადაც, ქალბატონი ზეიკო ზამთარში მეგობრებთან ერთად ილხენდა. ახლა ეს ოთახი მისი სურათებითა და ნივთებით არის მოფენილი. იქვე პატარა ბუხარიცაა, რომელსაც თავისი ისტორია აქვს: თურმე, ქალბატონ ზეიკოს სიონის ეკლესიაში ერთი ბერისთვის მიუკითხავს, რომელიც ადრე მებუხრე ყოფილა. როდესაც თავისი სათხოვარი უთქვამს, უარით გამოუსტუმრებია – ერისკაცებს არ ვემსახურებიო. ცოტა ხანში უკან დასდევნებია – კარგი, გაგიკეთებთ ბუხარს, რადგან უფლის ნებააო. საქმის დასრულების შემდეგ კი, ფულიც არ გამოურთმევია – როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, პირიქით, თქვენი დიდი მადლობელი ვარ, რომ ღვთის ნება შემასრულებინეთო.
– რა განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა ქალბატონ ზეინაბს?
– ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ყოველმხრივ. ცდილობდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ხედავდა. ის მამაჩემის ყველაზე საყვარელი შვილი იყო. მამა არა მხოლოდ იურისტი, მსახიობიც გახლდათ და, რაც თვითონ ვერ განახორციელა ხელოვნებაში, უნდოდა, მის შვილს გაეკეთებინა, მასში ხედავდა ამ ნიჭს, ამიტომ, მეტ თავისუფლებასაც აძლევდა, ვიდრე ჩვენ. ზეიკოს შეეძლო, სკოლაში გამოცდაზე არ წასულიყო. ამისთვის ისეთს მოიგონებდა, რომ გაგაოცებდათ. იმპროვიზაციის დიდი უნარი ჰქონდა. თუ რამეს დააშავებდა, მამა ამ შემთხვევაშიც არ უბრაზდებოდა.
– როგორ მოხვდა კინოში?
– ნანა მჭედლიძემ ქუჩაში ნახა, ტიპაჟი მოეწონა ფილმისთვის „ჩქარი მატარებელი”, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა – სამხატვრო საბჭო არ ამტკიცებდა როლზე, პატარა არისო. მაშინ მეცხრე კლასში იყო. ის ბიჭი, რომელიც ამ გოგოს გამო მატარებელს უვარდება, არ შეეფერებაო, მაგრამ, მაინც დაამტკიცეს როლზე. შემდეგ რეზო ჩხეიძემ მისცა მთავარი როლი ფილმში „განძი”.
– როგორც ვიცი, ქალბატონ ზეიკოს გემოვნებით ჩაცმა უყვარდა და ტანსაცმელსაც თვითონ იკერავდა.
– დიახ, თვითონ იკერავდა – არ ჰქონდა ყიდვის საშუალება. ვარცხნილობასაც თვითონვე იკეთებდა. როცა პატარა იყო, დედაჩემი ძველ ნაჭრებს რომ შეინახავდა, ზეიკო ამოიღებდა და ჭრიდა, რაღაცეებს კერავდა. ლამაზი ხედვა ჰქონდა. ისე შეუხამებდა ფერებს, გესიამოვნებოდათ. ძალიან მოწესრიგებული იყო. რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყო, მოუწესრიგებელი არ დაგენახებოდათ. ხშირად, გვეკარგებოდა. მერე აღმოჩნდებოდა, რომ ხან მთაში იყო და ყვავილებს კრეფდა, ხან სადღაც – სულ არ ფიქრობდა, რომ ძებნას დავუწყებდით. შინაგანი შარმი ჰქონდა. ქუჩაში რომ მიდიოდა, ყველა მას უყურებდა. შველს ჰგავდა. შეუძლებელი იყო, ყურადღება არ მიექცია. სადაც წავიდოდა, გასტროლებზეც კი, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ნანა ჯანელიძემ გაიხსენა: ის ბიჭები, ვინც მის ირგვლივ ტრიალებდნენ, ყველანი მისი მეგობრები ხდებოდნენო. ოჯახშიც ყურადღების ცენტრში იყო. ამდენი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და დღესაც ისეთივე განცდებითა და სევდით იხსენებენ, როგორც გარდაცვალების დღეს. ლია გუდაძემ თქვა, როცა ძალიან გამიჭირდება, მას ვახსენებ და მშველისო, – თითქოს, იქიდან მფარველობს თავის მეგობრებს.
არც პირად ცხოვრებაში იყო მებრძოლი და, ალბათ, ეს იყო მისი შეცდომა. ადამიანმა შენი ბედი თვითონ უნდა გამოჩარხო, ის კი ფორტუნას მიჰყვებოდა. არასოდეს გაამტყუნებდა ვინმეს – ეს მისი პრობლემაა, მთავარია, მე არ გავხდე ამისთანაო. უბრალოდ, დაგტუქსავდა. ცოტა გეწყინებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მიხვდებოდი, რომ მართალი იყო. ოთარაანთ ქვრივივით იყო.
– პირადი ცხოვრება რატომ არ აეწყო?
– პირადი ცხოვრება რომ არ აეწყო, ძალიან განიცდიდა. ყველა ქალს უნდა, რომ შვილი ჰყავდეს. ეს მისი დარდი იყო. მხოლოდ რამდენიმე თვე იყო გათხოვილი. ცხოვრებაში ბევრი გატაცება ჰქონდა. თუ უყვარდა – მართლა უყვარდა, თუ არ პატიობდა – ბოლომდე არ პატიობდა. ზეიკომ ისე გაუშვა აქედან, რომ მოსასვლელი პირი აღარ ჰქონდა. გასვენებაზე მოვიდა – თუ შეიძლებაო, – იკითხა.
– რამ განაპირობა მისი ავადმყოფობა?
– 23 წლიდან ჰქონდა დიაბეტი. მაინცდამაინც არ იცავდა რეჟიმს. საავადმყოფოში გვყავდა რამდენიმე დღე და იქ რომ ნახა, რა დღეშიც იყვნენ დიაბეტიანი ბავშვები, მაშინ თქვა, ამიტომაც არ გავაჩენ შვილსო. მამა რომ გარდაიცვალა, ზეიკო 14 წლის იყო. დედა რომ გარდაიცვალა – თეატრში აღარ თამაშობდა. ამ ყველაფერმა ძლიერ იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. მშობლები რომ გამოგეცლებიან ხელიდან, მაშინღა ხვდები, რა მძიმე ყოფილა ცხოვრება. ძალიან გაუჭირდა. არასდროს არავის არ მიმართავდა დასახმარებლად. საოჯახო საქმეები არ აინტერესებდა. მე მოვდიოდი ხოლმე და ყველაფერს ვუკეთებდი. როცა სტუმრები მოვიდოდნენ, მაშინ დატრიალდებოდა, ლამაზად გააწყობდა სუფრას. ვეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო. ძირითადად, სახლში იყო, არ უყვარდა სახლიდან გასვლა, ეზოს მოვლით იყო დაკავებული. ეს ხეხილი, ყვავილები სულ მისი დარგულია. ამ ყველაფერს თავისთვისაც აკეთებდა, მართალია, მაგრამ, უფრო მეტად სხვისთვის – რომ მოვლენ და ამ სილამაზეს ნახავენ, ესიამოვნებათო. ბოლო პერიოდში უფრო მოეძალა დაავადება, მაგრამ, არ იმჩნევდა. ერთხელ, ვუთხარი, რატომ იქცევი ასე, თავს უნდა გაუფრთხილდე-მეთქი. ამოვუტანდი საჭმელს და ისევ ისე ხელუხლებელი იდო მაცივარში. ბევრ სიგარეტს ეწეოდა. არ უყვარდა თავისი თავი. ნემსებს იკეთებდა. რომ არ გაეკეთებინა, კომაში ჩავარდებოდა. მოსკოვში ჩასვლის მეორე დღეს, ღამით ჩავარდა კომაში. თირკმელები აღარ მუშაობდა. როცა აქ იყო და ასეთი რამ ემართებოდა, დამირეკავდა და მაშინვე გამოვვარდებოდი. მოსკოვში რომ მიდიოდა, მითხრა, არ მინდა წასვლა, მაგრამ, რა ვქნა, საჭიროა. ძალიან გთხოვ, ჩემს ყვავილებს მიმიხედეო.