დიჯეი თინქერმა კლუბ “ნაით ფლაიტში„ მსოფლიო რეკორდი დაამყარა
5 აპრილს კლუბ „ნაით ფლაიტში“ ჩატარდა ღონისძიება, სადაც დიჯეი თინქერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მან 48 საათის განმავლობაში, ყოველგვარი შესვენების გარეშე, წაიყვანა მუსიკალური სეთი. საღამოს ორგანიზატორები იყვნენ კლუბი „რეკორდი“ და ორგანიზაცია „სმაილ-ფაქტორი“. სარეკორდო ასპარეზობა სპეციალურმა კომისიამ დააფიქსირა. საღამოს, ასევე, ესწრებოდნენ ტელევიზიებისა და ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლები. დიჯეი თინქერმა იქ მისული საზოგადოება ხარისხიანი და რიტმული მუსიკით გაახალისა.
დიჯეი თინქერი: „ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო რეკორდი დავამყარე. რეკორდის დამყარების იდეა ერთი შემთხვევის შემდეგ გამიჩნდა. ერთ საღამოს, როცა, ჩვეულებრივ, მუსიკალური სეთი მიმყავდა, აღმოჩნდა, რომ 24 საათი ისე გავიდა, ვერც კი შევამჩნიე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, დამემყარებინა რეკორდი და როგორც ხედავთ, გამომივიდა.
საგაზაფხულოდ ძალიან საინტერესო სიურპრიზი მაქვს ქართველი მსმენელისთვის, რომელსაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.“
ზურა ვასაძე („სმაილ-ფაქტორის“ დამფუძნებელი): „ძალიან მოხარული ვარ, რომ დიჯეი თინქერმა შეძლო ამ რეკორდის დამყარება. ორგანიზაცია „სმაილ-ფაქტორი“ მას ყველანაირად გვერდში ედგა. ეს არის ჩვენი პირველი და გრანდიოზული პროექტი. მსგავსი რეკორდი მსოფლიოში არ დამყარებულა. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. დაახლოებით, მაისში კიდევ ერთ გრანდიოზულ პროექტს ვგეგმავთ“.
შოთა ქელდიშვილი (კლუბ „რეკორდის“ ხელმძღვანელი): „პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საღამოთი. დიჯეი თინქერმა შეძლო, 48 საათის განმავლობაში შეუსვენებლად წაეყვანა მუსიკალური სეთი. მსგავსი რეკორდი დამყარებულია, ოღონდ შესვენებებით.“